როგორ დახოცა თბილისში 21 ადამიანი საყოველთაოდ ცნობილმა სტომატოლოგმა
თბილჰესთან მოთევზავე მამაკაცმა წყალში მოტივტივე ტომარა შენიშნა, რომელიც მტკვარში ჩაგდებული ბეტონის ფილის ჩაჟანგებულ არმატურაზე იყო გამოდებული და წითელი ფერი დაჰკრავდა. მეთევზეს ცნობისმოყვარეობამ სძლია, ნაპირზე დაეშვა, ტომარა გამოათრია, გახსნა და ელდა ეცა: ტომარაში შიშველი ადამიანის, დანაწევრებული ნაწილები ელაგა. აკანკალებულმა მეთევზემ მილიციას გამოუძახა, შემთხვევის ადგილზე მისულმა ძალოვნებმა ტომრის შიგთავსი დაათვალიერეს. აღმოჩნდა, რომ იქ მამაკაცის სხეულის ნაწილები ეწყო, თავის გარდა.
– პროფესიონალის ნამოქმედარია, – თქვა პათანატომმა ტიტე შარიამ, – ყველაფერი ისეა დანაწევრებული, რომ გამოცდილი ქირურგის ხელი ეტყობა.
– თავი სადღაა? – ჰკითხა შარიას მაიორმა ქვარცხავამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებული ოპერჯგუფის უფროსი იყო და, სავარაუდოდ, ამ საქმის გამოძიებას მას დაავალებდნენ.
– ალბათ, არ ჩაეტია ტომარაში, ამიტომ მკვლელმა ის ნაგავს გაატანა და ვფიქრობ, რომ ქალაქის ნაგავსაყრელზე მივაგნებთ, – იხუმრა შარიამ და გააბოლა.
– შენ გეხუმრება, მე კი ვგრძნობ, რომ ამ საქმის ძიებაში სიქა გამძვრება, – ხელი ჩაიქნია ქვარცხავამ და მეთევზის დაკითხვას შეუდგა.
დანაწევრებული ცხედარი პროზექტურაში წაიღეს და ტიტე შარია მუშაობას შეუდგა. მან დაადგინა, რომ უცნობი მამაკაცი ორი კვირის მოკლული იყო. ხოლო გაკვეთის შედეგად, კუჭში გამონასკვული ცელოფანი აღმოაჩინა. 3 სანტიმეტრის დიამეტრის ცელოფნის შავ ნასკვს ოვალური ფორმა ჰქონდა და ეტყობოდა, რომ ოცკაპიკიანი პარკის ნაგლეჯი იყო. შარიამ ნასკვი ჯერ ხსნარით დაამუშავა, შემდეგ გახსნა და შიგნით დაკეცილი შპალერის ქაღალდი აღმოაჩინა, რომელზეც შავი მელნით რაღაცა ეწერა. შარიამ ტექსტი წაიკითხა, შემდეგ ქვარცხავას დაურეკა და უთხრა:
– ჩქარა მოდი, თაზო, მოკლულის კუჭში ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინე და მე მგონი, საქმის გახსნაში დაგეხმარება!
მაიორი თაზო ქვარცხავა პროზექტურაში თხუთმეტ წუთში მივიდა, შარიას წერილი გამოართვა და წაიკითხა. წერილში ეწერა: „მე ვარ სიმონ წერეთელი. ჩემი მკვლელი სოსო ბილიხოძეა. გთხოვთ, შური იძიოთ. 15 მარტი“.
ქვარცხავამ წერილი სპეციალურ ცელოფანში შეინახა და თქვა:
– სასწაულია. ასეთ რამეს პირველად წავაწყდი.
საშინელებათა ოთახი
15 აპრილს, ანუ დანაწევრებული ცხედრის მტკვარში აღმოჩენის დღეს, თბილისის მილიციის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც მაიორი თამაზ ქვარცხავა უძღვებოდა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ქვარცხავას ოპერჯგუფმა დაადგინა, რომ დანაწევრებული სხეულის ნაწილები 36 წლის სიმონ წერეთელს ეკუთვნოდა, რომელიც 13 მარტს გაუჩინარდა. პროფესიით გამნათებელი სიმონ წერეთელი თბილისელი იყო, საბურთალოზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ თეატრში მუშაობდა. უცოლშვილო წერეთელს მოხუცი დედა ჰყავდა, რომელმაც შვილის დაკარგვის შესახებ მილიციაში განცხადება 16 მარტს – დაკარგვიდან სამი დღის მერე შეიტანა, რაც, თავის ჩვენებაში ასე ახსნა: „სიმონი ზოგჯერ ერთი-ორი ღამით არ მოდიოდა ხოლმე სახლში და ამის შესახებ წინასწარ მატყობინებდა, რომ არ მენერვიულა. სამი დღე კი ნამეტანი იყო, თანაც მას არაფერი უთქვამს და ამიტომაც განვაცხადე“. მოხუცის ჩვენებით, სიმონი მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა და არასოდეს არაფერ ცუდში არ ყოფილა შემჩნეული. ქალის თქმით, მის შვილს მეგობრები არ ჰყავდა და არც სოსო ბილიხოძეზე სმენოდა რამე.
მილიციამ სოსო ბილიხოძის ძებნა დაიწყო და ანალოგიური სახელისა და გვარის მქონე 40 თბილისელს შორის, 39 წლის იოსებ (სოსო) იოსების ძე ბილიხოძის კვალს მიაგნო, რომელიც სრულიად მარტოხელა იყო, ლოტკინის მთაზე ცხოვრობდა კერძო სახლში და სიმონ წერეთელთან ერთად მუშაობდა თეატრში გამნათებლად. ოპერჯგუფმა ბილიხოძის ბინას დაუწყო თვალთვალი, რადგან თეატრში შეიტყვეს, რომ ის 1 აპრილიდან სამსახურში აღარ გამოჩენილა. 36-საათიანი ფარული თვალთვალის შემდეგ, მილიცია ბილიხოძის სახლში შეიჭრა, რომელიც მათ ცარიელი დახვდათ. ორსართულიანი სახლის დათვალიერებისას მილიციამ იმ ოთახს მიაგნო, სადაც მოკლულმა წერეთელმა თავისი წერილი დაწერა და გადაყლაპა. ოპერებმა, უფანჯრო ოთახის რადიატორთან მოხეული ზუსტად ისეთი შპალერი იპოვეს, როგორზეც წერილი იყო დაწერილი. იქვე იდგა საწერი მაგიდა, რომელზეც იდო შავი ფერის კალამი – სწორედ ის, რომლითაც წერილი იყო დაწერილი. ცელოფნის პარკი კი, რომლის ნაგლეჯშიც წერეთელმა წერილი გაახვია და გადაყლაპა, იქვე, ქაღალდების სანაგვე კალათაში ეგდო.
ოთახის დათვალიერებისას, ქვარცხავამ ხელქვეითებს უთხრა:
– აშკარაა, როცა წერეთელი მიხვდა, რომ განწირული იყო, წერილის დაწერის იდეა მაშინ მოუვიდა. კალამი კი, ალბათ, ფეხით ჩამოაგდო მაგიდიდან.
თაზო ქვარცხავას ვარაუდი მოგვიანებით ექსპერტიზამ და საგამოძიებო ექსპერიმენტებმაც დაადასტურეს. ოპერებმა კი ჩხრეკა განაგრძეს და სარდაფში ჩასულებს იქ საშინელი სურათი დახვდათ: 40 კვადრატული მეტრი ოთახის შუაში ქირურგიული მაგიდა იდგა. იქვე ელაგა ყველა საჭირო ქირურგიული ინსტრუმენტი. ოთახში იყო ონკანი და რაც მთავარია, შუშის ნიშა, რომელშიც მილიციელებმა ადამიანის 8 ცალი თავის ქალა და დასპირტული, დასამუშავებლად გამზადებული სიმონ წერეთლის მოკვეთილი თავი ნახეს. გვერდით ოთახში, რომელსაც ეტყობოდა, რომ მარანი იყო, ოპერებმა წითელი ღვინით სავსე ასლიტრიანი კასრი აღმოაჩინეს. ღვინის ნიმუშს ექსპერტიზა ჩაუტარეს და შედეგმა ყველანი გააოგნა. ღვინო, ადამიანის სისხლით იყო გაზავებული...
4 მაისს მილიციამ სოსო ბილიხოძეზე საკავშირო ძებნა გამოაცხადა. თუმცა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ძებნილი, ვერავინ გაიგო. გამოძიება თითქმის ჩიხში იყო შესული, როდესაც მორიგი აღმოჩენა მოხდა...
მორიგი აღმოჩენა
15 მაისს დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მეთევზეებმა მორიგი ტომარა აღმოაჩინეს, რომელშიც დანაწევრებული მამაკაცის უთავო ცხედრის ნაწილები იყო. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციელებს უთხრეს მეთევზეებმა, ცხედარს მტკვარი ვერანაირად ვერ ჩამოიტანდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტომარა იქვე ჩააგდეს მტკვარში. შემთხვევის ადგილზე თაზო ქვარცხავაც იმყოფებოდა, რომელსაც ერთ-ერთმა მეთევზემ უთხრა:
– უფროსო, ეს ადგილი ჩვენ პატარა „სეტკებით“ გვაქვს შემოღობილი, რომ ზემოდან ჩამოსული თევზი უკან აღარ გავიდეს. სწორედ გუშინ საღამოს ჩავკეტეთ და ტომარა აქ ვერ შემოაღწევდა, გვერდზე ჩაივლიდა. ამიტომ, ეს ტომარა პირდაპირ აქ არის ჩაგდებული. ვინც ეს ქნა, ეგონა, რომ მტკვარი წაიღებდა, აბა, რა იცოდა, რომ იქ „სეტკები“ იყო...
მეთევზის სიტყვები ვინმე ფირუზ კოკორაშვილმაც დაადასტურა, რომელიც, როგორც გაირკვა, ცოლთან კონფლიქტის გამო მტკვრის პირას ათევდა ღამეს და მან ქვარცხავას უთხრა:
– დიდუბის სადგურზე ბიჭებთან ერთად დავლიე და აქეთ მოვდიოდი. ზუსტად ღამის 12 საათი იყო, როდესაც შორიახლო გაჩერებული „ვოლგა“ დავინახე. მთვრალი ვიყავი და ერთი სული მქონდა, დამეძინა. ამიტომ სწრაფად გავძვერი კამიშებში და დასაძინებლად დავწექი, მაგრამ, „ვოლგის“ ნომერი დავიმახსოვრე.
ცოლთან ნაჩხუბარი კოკორაშვილის სიტყვები მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერდა. თუმცა, მილიციამ მაინც დაიწყო „ვოლგის“ ძებნა აღნიშნული ნომრის მიხედვით და მეორე დღეს 41 წლის ანზორ გოლიაძეს მიადგნენ, რომელსაც ეს მანქანა ეკუთვნოდა. გოლიაძემ მილიციას უთხრა, რომ „ვოლგა“ მართლაც მისი იყო და თავის ბიძაშვილს, ცნობილ ექიმს, გაბრიელ ილურიძეს ათხოვა ერთი დღით...
თბილისელი მონსტრი
43 წლის თბილისელი ექიმი გაბრიელ ილურიძე საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო ქალაქში და ნახევარი დედაქალაქი მასთან დადიოდა კბილების სამკურნალოდ. ილურიძეს ფეშენებელური სახლი ჰქონდა და პაციენტებს სახლში იღებდა. ის ცოლს იყო გაშორებული და 20 წლის ვაჟი ჰყავდა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. ცოლი კი გაშორებიდან ერთი წლის შემდეგ დაიკარგა. მოგვიანებით, ქალი მდინარე იაშუზაში თავმოკვეთილი და დანაწევრებული იპოვეს. როდესაც ქვარცხავა ქალაქის პროკურორთან მივიდა ილურიძის დაპატიმრების სანქციის სათხოვნელად, პროკურორმა ხელები გაასავსავა და მაიორს უთხრა:
– შენ სრულ ჭკუაზე ხარ? იცი, რას მთხოვ?
– სრულ ჭკუაზე ვარ და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანის დაპატიმრების სანქციას გთხოვთ.
– რა მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რას ბოდავ? გაბრიელ ილურიძე ღვაწლმოსილი ადამიანია და სასაცილოა შენი სიტყვები.
– ღვაწლმოსილია თუ არა, ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და უნდა დავაპატიმრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გვიან იყოს: ის ან გაიქცევა, ან სამხილებს მოსპობს, ან კი ორივეს ერთად გააკეთებს.
– შენ, მე მგონი, გაგიჟდი. ვიღაც მაწანწალა ლოთის ჩვენებაზე აგებ ბრალდებას და პატივცემულ ადამიანს ლაფში სვრი?! ერთი ხელმოსაჭიდი არგუმენტი დამისახელე და სანქციას მოგცემ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ეღირსები. არც თვითნებობას გირჩევ! – არ ცხრებოდა ქალაქის მთავარი პროკურორი, რომელიც გაბრიელ ილურიძესთან დადიოდა კბილების სამკურნალოდ და ძალიან კმაყოფილი იყო.
ქალაქის პროკურორის მუქარის მიუხედავად, ქვარცხავამ, გაბრიელ ილურიძე მისსავე სახლში დააკავა და სასწრაფოდ გადაიყვანა დასაკითხად მილიციის სამმართველოს შენობაში. მისმა ხელქვეითებმა კი პროკურორის სანქციის გარეშე დაიწყეს ილურიძის სახლის ჩხრეკა.
– აბა, ბიჭებო, თქვენ იცით, ყველაფერი გულდასმით გაჩხრიკეთ და არაფერი გამოგრჩეთ! – უთხრა ქვარცხავამ თავის ხელქვეითებს. შემდეგ კი, დაკავებულ სტომატოლოგთან ერთად მილიციის სამმართველოში გაემგზავრა.
გაბრიელ ილურიძის დაკითხვამ ქვარცხავას ახალი არაფერი მისცა. ცნობილ სტომატოლოგს საკმაოდ მხნედ ეჭირა თავი. ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, იღიმებოდა და ამბობდა, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ექიმის თქმით, ის მართლაც იმყოფებოდა ნათხოვარი „ვოლგით“ ღამის 12 საათზე მტკვრის პირას, მაგრამ ამას იმით ასაბუთებდა, რომ ის იქ მოსაშარდავად იყო. ერთი სიტყვით, ქვარცხავას წამოწყება ჩავარდნის პირას იყო. ამას ისიც დაერთო, რომ სამმართველოს შენობაში ქალაქის პროკურორი მოვარდა, რომელიც თაზო ქვარცხავას დაპატიმრებით დაემუქრა და ექიმის გაშვება მოსთხოვა, თუმცა დაკითხვის ოთახში ქვარცხავას ერთ-ერთი ხელქვეითი შემოვიდა და თაზოს სქელტანიანი შავი ტყავის ბუდეში ჩასმული რვეული გადასცა, თან უთხრა:
– აი, ამხანაგო მაიორო, სამხილი. აქ ამ ვაჟბატონის დღიურებია, სადაც დაწვრილებით აღწერს თავის საშინელ დანაშაულებს.
რვეულის დანახვაზე ილურიძე გაფითრდა და კბილებში გამოსცრა:
– რა გაეწყობა, თქვენ გაიმარჯვეთ. ვაღიარებ დანაშაულს და მზად ვარ, ჩვენება მოგცეთ.
გაბრიელ ილურიძე 21 ადამიანის მკვლელობაში გამოტყდა. მისი განმარტებით, ადამიანების უმრავლესობა მონადაა გაჩენილი, მხოლოდ შეზღუდული უმცირესობაა ამქვეყნად საბატონოდ მოვლენილი. საკუთარ თავს ის ბატონად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ უზენაესი არსებისგან მათი ბედის განმგებლობა ჰქონდა დავალებული. ილურიძემ ოთახში მყოფებს თვალი მოავლო, პათოლოგიურად გაიცინა და თქვა:
– ჩვენ, მბრძანებლები, ვალდებულები ვართ, თქვენი, ანუ მონების ძალა გამოვიყენოთ. ამისთვის კი თქვენი თავის ქალებით თქვენივე სისხლით გაჯერებული ღვინო უნდა მივირთვათ...
გაბრიელ ილურიძემ აღიარა, რომ კიდევ მრავალი მონის მოკვლას აპირებდა და თუკი ამას მოახერხებდა, მზად იყო, მთელი სამყარო გაეწყვიტა...
მანიაკი სტომატოლოგის საქმეს მთავრობამ ტაბუ დაადო, გამომძიებლებს გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს და თბილისელი მონსტრის საქმე მოსკოვს გადაეცა დამატებითი გამოძიებისთვის...
P.S. როგორც მოგვიანებით ვიწრო წრეებში გახდა ცნობილი, გაბრიელ ილურიძე მოსკოვის, სერბსკის ფსიქიატრიული კლინიკის საიდუმლო ბლოკში მოათავსეს და მას სხვადასხვა ექსპერიმენტისთვის იყენებდნენ...
ნიკა ლაშაური