არსებობს თუ არა თამთა შედანიას ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი და რას შეჰპირდა ის რობერტო კავალის
წარმატებული მოდელი, თამთა შედანია, დიდი ხანია, რაც ჰონკონგში ცხოვრობს. უკვე მიეჩვია იქაური ცხოვრების სწრაფ და დატვირთულ რიტმს. რაც მთავარია, თამთამ ძალიან ბევრ „ფეშენ-შოუში“ მიიღო მონაწილეობა და ცნობილი დიზაინერების სამოსი წარადგინა პოდიუმზე საზოგადოების წინაშე. თამთა ჯერჯერობით არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და წინ კიდევ უფრო დიდი და საინტერესო გეგმები აქვს.
თამთა შედანია: დიდი ხანია, რაც ჰონკონგში ვცხოვრობ და ხშირად ვმოგზაურობ სხვადასხვა ქალაქში, თუმცა, ძირითადად, მაინც ჰონკონგში ვარ. ჩინეთის ბევრი ქალაქი მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს. საერთოდ, მიჩვეული ვარ მოგზაურობას, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებას, ამიტომ, არ გამჭირვებია მშობლიური ქვეყნიდან შორს ყოფნა. ჰონკონგი რაღაცით ჰგავს ნიუ-იორკს და ეს ქალაქი ხალხმა, კულტურამ ძალიან შემაყვარა. ამასთან, აზიის ქვეყნებში სამოდელო ბიზნესი ძალიან კარგად არის განვითარებული და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემს აქ ყოფნას, ცხოვრებას, მუშაობას.
– როგორი ცხოვრების რიტმი გაქვს? ალბათ, სულ გადარბენებზე ხარ.
– როგორც ყველა მოდელს, მეც ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. სამოდელო ბიზნესში ძალიან ბევრი და საინტერესო სეზონია, ხან „ფეშენ-ვიქებში“ გიწევს მონაწილეობა, ხან კატალოგის გადაღებები გაქვს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მთლიანად ჩავები სამოდელო სფეროს ქარცეცხლში, რადგან ჰონკონგში „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩავედი. გადარბენები მქონდა, რეპეტიციები, შოუები, მუშაობა სხვადასხვა დიზაინერთან. „ფეშენ-ვიქის“ შემდეგ მქონდა გადაღებები სხვადასხვა პოპულარული ჟურნალისთვის. ახლა სინგაპურში ვარ, აქ „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩამოვედი. ძალიან ცხელა და ამინდი მიქმნის დაღლილობის შეგრძნებას, თან, ამას ემატება გადარბენები, შოუები. „ფეშენ-ვიქზე“ რომელი დიზაინერიც იღებდა მონაწილეობას, ყველასთან ვიმუშავე, ბოლოს კი სინგაპურის „ფეშენ-ვიქი“ რობერტო კავალის გრანდიოზული შოუთი დამთავრდა.
– მომიყევი, როდის ჩახვედი სინგაპურში, რომელი დიზაინერების ჩვენებებში იღებდი მონაწილეობას?
– გადაღებების შემდეგ დაიწყო „ფეშენ-ვიქი“, მანამდე გვქონდა ძალიან ბევრი ქასთინგი და მერე „ფეშენ-ვიქის“ სხვადასხვა შოუში მივიღე მონაწილეობა. ესენი იყო: „კარენ მილენის“, „ვერსაჩეს“, „გუჩის“, „გუესის“, „არმანის“, „ლენვინისა“ და ასე შემდეგ შოუები. როგორც აღვნიშნე, „ფეშენ-ვიქი“ დასრულდა რობერტო კავალის გრანდიოზული შოუთი. თავად რობერტო კავალი იყო ჩამოსული სინგაპურში და ესწრებოდა შოუს. მე გავიცანი ის და სამახსოვრო ფოტოც გადავიღე.
– ისაუბრეთ კიდეც?
– რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, თავისი ახალი კოლექციის პრეზენტაციის წინ. კულისებში იყო შემოსული მოდელების გასამხნევებლად, მკითხა, საიდან ვიყავი, რომელი ქვეყნიდან და რამდენი წლის ვარ. ნამყოფი ვარ თუ არა იტალიაში. სექტემბერში „ფეშენ-შოუ“ იგეგმება და თუ მიიღებ მონაწილეობასო და შემდეგ იტალიაში მიმიწვია. მე ვუთხარი, მომავლის გეგმები ჯერჯერობით არ მაქვს გაწერილი, და, ალბათ, აუცილებლად ვესტუმრები იტალიას-მეთქი. კავალი რამდენიმე მოდელს გამოელაპარაკა, თუმცა, ყველასთან არ გადაუღია სამახსოვრო ფოტო. შოუს ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ, მაგრამ მათთან გასაუბრების დროც კი არ გვქონდა, სულ გადარბენებზე, მაკიაჟისა და ვარცხნილობის შეცვლაში ვიყავით. სტუმრების უმრავლესობა ევროპიდან იყო, ამერიკელებიც იყვნენ.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ მოდელებს ერთმანეთთან და რა ხდება „ფეშენ-ვიქის“ კულისებში?
– არაჩვეულებრივი მოდელები მუშაობენ, განსაკუთრებით „ფეშენ-ვიქის“ სეზონზე მოიყარეს თავი მშვენიერმა გოგონებმა. ამ დროს სინგაპურში დაახლოებით 300 მოდელი იმყოფებოდა და ერთ შოუში 125 მოდელი ვიღებდით მონაწილეობას ყოველდღიურად. ეს შოუ მთელ სინგაპურში ყველაზე დიდ შოუდ ითვლება. პოდიუმის მოცულობა არის 160 მეტრი და შოუს ესწრებოდა 20 000 ადამიანი. პოდიუმი ქუჩამდე აღწევდა და 125 მოდელი ერთად გამოდიოდა. არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. რაც შეეხება კულისებს, იქ ყოველთვის ფუსფუსია, არეულობა, გადარბენები, აურზაური და ყველა ნერვიულობს. აი, როდესაც შოუ მთავრდება, ყველა ტაშს უკრავს და გახარებულ სახეებზე, სიამაყის ღიმილი აქვთ აღბეჭდილი. შემდეგ შოუს დირექტორი, რომელიც გაფაციცებით ადევნებს თვალს დარბაზში მოდელების გამოსვლას, შოუს დამთავრებისთანავე შამპანურის ბოთლით ხელში შემოდის ჩვენთან და ყველას გვილოცავს კარგ გამოსვლას და მადლობას გვიხდის, რომ ასეთ დიდ შრომას ვდებთ ამ ყველაფერში.
– სულ გადარბენებზე ხარ, მუშაობ, გართობისთვის თუ გრჩება დრო?
– სინგაპურში უფრო დატვირთული ვარ, ვიდრე ჰონკონგში ვიყავი. აქ ულამაზესი პლაჟია, პალმები, კამკამა ალმასის ოკეანე და თეთრი ქვიშის სანაპირო. დასვენების დღეებში პლაჟზე ვერთობით და ხშირად იქ ვატარებ დროს მოდელებთან ერთად.
– ჯერჯერობით არ აპირებ თბილისში დაბრუნებას?
– სინგაპურიდან ჰონკონგში დაბრუნებას 27 მაისს ვაპირებ, შემდეგ კი დასასვენებლად გავფრინდები სადმე, ალბათ, 10 დღით და ივლისში „ფეშენ-ვიქისთვის“ ისევ ჰონკონგში დავბრუნდები.
– ახლა მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? როგორც ვიცი, არსებობს ადამიანი, უცხოელი, რომლის მიმართ გარკვეული სიმპათიები გაქვს.
– ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერია, ვტკბები იმ ურთიერთობით, რომელსაც ორი ადამიანის გაცნობის, შეჩვევის პერიოდს ეძახიან, ანუ ვეცნობით ერთმანეთს და თავს ბედნიერად ვგრძნობთ.
– როგორ ახერხებს შენს მოხიბვლას?
– ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის უცხოელსაც და, ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად. აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გული მოინადიროს, მაგრამ, „თბილისელების“ მკითხელს გავუმხელ, რომ ჯერ ჩემი გული ისევ მე მეკუთვნის და ვაკონტროლებ.