რაში პოულობს სიამოვნებას ზოგიერთი ყოფილი ცოლი და როგორ ახერხებენ ისინი ექსმეუღლეებისთვის ცხოვრების გამწარებას
კომპლექსი იმისა, რომ ცოლგაშვებული, ანუ ერთხელ უკვე დაოჯახებული მამაკაცი, შეიძლება, არასაიმედო პარტნიორი იყოს, ბევრ ქალში დღემდე არსებობს. თუ არჩევნის საშუალება იქნება, უმეტესობას ისეთი ქმარი ურჩევნია, რომელსაც „კუდი“ არ მოჰყვება, რადგან, არავინ იცის, როდის მოიქნევს ეს „კუდი“ კუდს...
მამაკაცები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დავყოთ. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, რომელთათვისაც ქორწინების ფიცი ბევრს არაფერს ნიშნავს და ადვილად გადადიან „ერთი ყვავილიდან მეორეზე“, ანუ, ეყრებიან ერთს, ირთავენ მეორეს, მერე – მესამეს... ეს მათთვის რთული არ არის, რადგან მათი გრძნობები დუმს. მეორე კატეგორია მამაკაცებისა ძალიან განიცდის ცხოვრების თანამგზავრთან ურთიერთობის დანგრევას და ძნელად თუ ახერხებს ახალი ურთიერთობის დაწყებას. ამ ტიპის მამაკაცების უმრავლესობა სამუდამოდ რჩება „მიწებებული“ ყოფილ ცოლს უხილავი ძაფებით და ეს რეალობა დიდ უსიამოვნებას უქმნის ხოლმე მის მეორე მეუღლეს.
ნანა (29 წლის): ყოველთვის ვერიდებოდი ისეთ მამაკაცებთან ურთიერთობას, რომლებსაც უკვე ჰყავდათ ცოლი და შვილი. ფსიქოლოგი მყავს და საკმაოდ კარგად ამიხსნა, რატომ არის არასასიამოვნო, გიყვარდეს მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა ოჯახი და ერთი უიღბლო ქორწინების გამოცდილებაც გაიარა. ეს ყველაფერი კვალს აუცილებლად ტოვებს, თანაც არცთუ სასიამოვნოს.
– არასასიამოვნოს – ვისთვის?
– იმ ქალისთვის, რომელიც მომავალში მის გვერდით იქნება. სხვათა შორის, კაციც ვერ გრძნობს თავს კომფორტულად. მით უმეტეს, თუკი ყოფილი ცოლი აქტიურია და ჩაფიქრებული აქვს, ექსმეუღლეს ცხოვრება გაუმწაროს. არიან ქალები, რომლებიც ვერ იტანენ, თუ მათ ახლოს ვინმე ბედნიერია.
– „ვინმე“, შეიძლება, ყოფილ ქმარზე ითქვას?
– რატომ არ შეიძლება, თუკი შენ მის ცხოვრებაში აღარ ხარ. ცოლ-ქმარი ხომ არ არის ერთმანეთის სისხლით ნათესავი, განქორწინების შემდეგაც ერთად ყოფნის ვალდებულება რომ ჰქონდეთ. მით უმეტეს, როცა ორივეს, ცოლსაც და ქმარსაც ნაპოვნი ჰყავს ცხოვრების ახალი თანამგზავრი. მე ვფიქრობ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როცა ერთ ურთიერთობას ამთავრებ, იმიტომ, რომ მეორე ურთიერთობა დაიწყო, პირველი საერთოდ უნდა წაშალო შენი მეხსიერებიდან. ასე, გაცილებით აჯობებს, ისევ შენთვის, თუ გინდა, რომ მეორე ურთიერთობა მაინც გქონდეს სრულფასოვანი და აღარ დაგენგრეს. ნამდვილად არ ვიცი, რა ამოძრავებს ქალს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ქმარს, რომელიც აღარაფერში სჭირდება და მასთან განშორების ინიციატორიც თავად იყო, არ მისცეს პირადი ცხოვრების მოწყობის საშუალება. ეს არ არის ბოროტება?!
– გააჩნია, მართლა აღარ სჭირდება ქალს ყოფილი ქმარი თუ იძულებით, თავისი სურვილის წინააღმდეგ მოუხდა მისი დათმობა.
– ვხვდები, რასაც გულისხმობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ მე დავანგრიე მათი ურთიერთობა. პრინციპში, ეს არ მიკვირს. იმიტომ, რომ, როცა ოჯახი ინგრევა, დამნაშავეს ძირითადად მის გარეთ ეძებენ ხოლმე. გაცილებით ადვილია, ვიღაც „მესამეს“ გადააბრალო ყველაფერი.
– ანუ, ეს „ვიღაც მესამე“ არაფერ შუაშია. ამისი თქმა გინდათ?
– არა, მაგისი თქმა არ მინდა. არის შემთხვევები, როცა სწორედ ის ვიღაც „მესამეა“ შუაშიც და თავშიც. მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, „მესამე“ არ იყო. უფრო სწორად იყო, მაგრამ ის მე არ ვიყავი.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმემ გამამართლოს. მე არც სინდისის ქენჯნა მაწუხებს და არც დანაშაულის განცდა. საამისო არაფერი ჩამიდენია. ჩემზე არ არის ოჯახის დანგრევის ცოდვა და მე ამას ხმამაღლა იმიტომ ვამბობ, რომ, როცა გიგი გავიცანი, ის ცოლს უკვე გაშორებული იყო. ის ქალბატონი კი, სხვა კაცზე – დანიშნული.
– თქვენ ფიქრობთ, რომ სწორედ ის კაცი იყო მესამე, რომელიც ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა?
– მე საერთოდ არაფერს არ ვფიქრობდი. მიმაჩნდა, რომ არ იყო ეს ჩემი საქმე. სულ ვამბობდი, არ მაინტერესებს, რა იყო გიგის ცხოვრებაში ჩემამდე, მთავარია ახლა რა იქნება-მეთქი, მაგრამ ვინ დაგაცადა.
– ანუ, თქვენ არ გამოგიკითხავთ მომავალი ქმრისთვის, რა იყო მისი პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– არა. არ გამომიკითხავს. ვხვდებოდი, რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი და რატომ მექექა მისი წარსული, რომელიც ალბათ, უსიამოვნო მოგონებებს უღვიძებდა. როცა გავიგე, რომ ცოლთან გაშორებული იყო და ოთხი წლის შვილიც ჰყავდა, ძალიან ვინერვიულე. ვუთხარი კიდეც, რომ არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო.
– რატომ?
– მეშინოდა იმის, რაც მერე მართლაც მოხდა. მეშინოდა, რომ მისი ცოლი არ მოგვცემდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას.
– თუ არ იყავით მათი დაშორების მაპროვოცირებელი, რაღატომ გქონდათ ამისი შიში?
– რა ვიცი. ინტუიცია და შინაგანი ხმა მკარნახობდა. ხომ არის, რომ შენი გული რაღაცას გელაპარაკება, გაფრთხილებს. სწორედ ასეთი განცდა მქონდა. მეშინოდა, იმისი კი არა, რომ გიგის არ ვუყვარდი. მის სიყვარულში დღესაც დარწმუნებული ვარ. არ მინდოდა, ყოფილ ცოლს ერბინა ჩვენს სახლში, როცა მოესურვებოდა.
– რატომ უნდა ერბინა?
– როცა ქალს და კაცს საერთო შვილი ჰყავს და კაცი ისეთი პიროვნებაა, როგორიც ჩემი ქმარია, ამისი უზარმაზარი შანსი არსებობს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მისი „იდეალურობა“ დამღუპავს. მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია. ამან გადამაწყვეტინა, გავყოლოდი ცოლად, თორემ როგორც უკვე გითხარით, მისი წარსული ძალიან არ მსიამოვნებდა. მართლა „იდეალური მამაკაცია“.
– არსებობენ იდეალური მამაკაცები?
– არსებობენ. ჩემი ქმარია ასეთი. როგორზეც მიოცნებია და მინატრია, ზუსტად ისეთია. შეიძლება სხვა ქალის გადმოსახედიდან არ იყოს იდეალური, ყველას თავისი შეფასების კრიტერიუმი აქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ კაცი, სწორედ გიგისნაირი უნდა იყოს. თუმცა, სუსტი მხარეც აქვს ეს თავისი სიკარგეა.
– რას ნიშნავს, რომ სიკარგე მისი სუსტი მხარეა?
– ძალიან დიდსულოვანია და დამთმობი. ამით კი ბოროტად სარგებლობენ ადამიანები. უპირველესად, მისი ყოფილი ცოლი. იცით, რას ვერ ვიგებ? რა უნდა ამ ქალს. თხოვდება, როგორც ვიცი, ის კაცი ფუფუნებაში აცხოვრებს. გიგიც ძალიან კარგად ზრუნავს ბავშვზე. რატომ გიჟდება იმაზე, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა საყვარელი ადამიანი იპოვა, მართლა არ ვიცი, რა დავარქვა ამას – ეგოიზმი, თუ ბოროტება. არადა, გიგია ჩემი ცხოვრების მამაკაცი. მთელი არსებით ვგრძნობ ამას. რატომ დავინგრიო ცხოვრება – იმიტომ, რომ ვერ ახერხებს ერთი ნამუსზე ხელაღებული ქალის გაჩერებას? რა ვქნა, ხომ არ ვცემო, მითხრა: ჩემი შვილის დედას ვერც აქ მოსვლას დავუშლი და ვერც გავებუტებიო. ჩემზე ეს ამბავი საშინლად მოქმედებს.
– ეჭვიანობთ?
– არც უმაგისობაა. დარწმუნებული ვარ, რომ გიგის მასთან შვილის მეტი მართლა არაფერი აკავშირებს. მაგრამ, გული მაინც მეგლიჯება, როცა დაშაქრული ხმით ელაპარაკება. არ მინდა, რომ ვხედავდე, თანაც ჩემს სახლში. არ მინდა, მაგრამ ხმა რომ ამოვიღე, დამაბრალა, ბავშვს ვერ იტანს და ამას იმიტომ აკეთებს. უნდა მამა-შვილი ერთმანეთს დააცილოსო. გეუბნებით, უბოროტესი არსებაა. პირიქით, მიშლის ხელს ბავშვთან დაახლოებაში. არ ვიცი, რას ელაპარაკება ჩემზე, მაგრამ ბავშვი აშკარა სიძულვილით მიყურებს. როგორ არ ვცდილობ მისი გულის მოგებას, მაგრამ არაფერი გამომდის. არაფერი უნდა ჩემგან. სულ მიბღვერის და როცა გიგის კინოში ან სასეირნოდ მიჰყავს, მოითხოვს, მათთან ერთად არ წავიდე. გეკითხებით, ადვილი მოსათმენია?
– ბავშვი ხშირად არის თქვენთან?
– ძალიან ხშირად. მამამისი ძალიან უყვარს და გიგიც გიჟდება მასზე. რომ ნახოთ, როგორ უვლის, გადაირევით. ჩემი მიხმარებაც არ სჭირდება. გასაგებია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მის ყოფილ ცოლს რა უფლება აქვს, შუაღამისას ან დილაუთენია დაგვადგეს თავზე, აქაოდა ვერ მოვისვენე, ბავშვს უნდა დავხედოო. თავიდან ვფიქრობდი, მართლა ბავშვის გარეშე ვერ ძლებს-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას ჩემს გასამწარებლად აკეთებს.
– რატომ, რა ინტერესი აქვს. მით უმეტეს, თუ თავისი პირადი ცხოვრება აწყობილი აქვს?
– ახლა კი აქვს აწყობილი, მაგრამ ხვალ ხომ შეიძლება, ისევ გიგისთან დაბრუნება მოუნდეს. ამ შემთხვევაში, მე სრულიად ზედმეტი და ხელის შემშლელი ვარ. შეიძლება, იმასაც ფიქრობს, რომ, როცა ბავშვს გავაჩენ, გიგი ნაკლებად იზრუნებს უფროს შვილზე. ერთი სიტყვით, არ ვიცი. ფაქტია, რომ ბრძოლა გამომიცხადა. თანაც, დაუნდობელი ბრძოლა. დღეს არ ჩააგდებს, რომ არ მომშხამოს. ვხვდები, რომ ჩემი და გიგის ჩხუბის პროვოცირება უნდა, მაგრამ ვერ ეღირსება. ერთხელაც იქნება, თმით ვითრევ, იმ თავისი ფულიანი ქმარიკოს თვალწინ და უშველოს მერე.
– იქნებ, ეგ უნდა სწორედ.
– ალბათ. მაგრამ, ხომ გეუბნებით, ეგ იქნება ბოლო ზღვარი და იმედი მაქვს, იქამდე არ მივალ. მე არც ის მინდა, მეორე ქმართან გაუფუჭდეს ურთიერთობა. მერე ხომ საერთოდ დავიღუპები. მთლიანად გიგიზე გადმოერთვება და შეიძლება ქმარი დავკარგო.
– თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ ქმრის სიყვარულში?
– დარწმუნებული კი ვარ, მაგრამ მაინც მეშინია. ბავშვის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. მეც რომ მყავდეს შვილი, იქნებ ცოტა მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ თითქოს ჯიბრზე, არ ვფეხმძიმდები. მაგასაც მეტი რა უნდა. კოზირი აქვს და იყენებს.
– რამდენი ხანია გათხოვილი ხართ?
– წელიწად-ნახევარია. ვიცი, რომ ჯერ სანერვიულო დაფეხმძიმებასთან დაკავშირებით არ უნდა მქონდეს, მაგრამ რადგან ასეთი მძიმე სიტუაცია მაქვს და ერთადერთ გამოსავალს ბავშვის გაჩენაში ვხედავ, ამიტომ ვნერვიულობ.
– ალბათ, აჯობებდა გაგერკვიათ, თქვენი მეუღლის პირველ ცოლთან დაშორების მიზეზი. – ასე უფრო მიხვდებოდით, რა საფრთხე შეიძლება გემუქრებოდეთ მისგან.
– მე ხომ გითხარით, დაახლოებით ვიცი, რაც იყო მიზეზი-მეთქი. სულელი ნამდვილად არ ვარ და ვხედავ, ეგ ვინც არის. საყვარელი გაიჩინა, ფულიანი და ქმარი მის გამო მიატოვა. შეიძლება, არც აპირებდა მათ მიტოვებას, მაგრამ გიგიმ გაუგო ღალატი და არ აპატია.
– ეს სერიოზული ბრალდებაა.
– ვიცი. მაგრამ, ტყუილი ბრალდება არ არის. რაღაც-რაღაცეები გავიგე. სხვათა შორის, მე ისიც მითხრეს, რომ, სანამ გიგის ცხოვრებაში მე გამოვჩნდებოდი, საერთოდ არ მოდიოდა ქალბატონი ყოფილ ქმართან სახლში და ბავშვსაც ძალიან იშვიათად აჩვენებდა, ხოლო, როცა აჩვენებდა, მაშინაც ბებიამისს, ან მძღოლს მოჰყავდა. რატომ გაუსკდა „სიყვარულის ბუშტი“ მაინცდამაინც ახლა, როცა ხედავს, რომ მისი ყოფილი ქმარი ბედნიერია. როგორც კი მე და გიგიმ ერთად დავიწყეთ ცხოვრება და ამბავი მიუვიდა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა ცოლი მოიყვანა, მაშინვე გააქტიურდა. ესე იგი, რა გამოდის? თვითონ უნდა ჰქონდეს სხვა ოჯახი და ქმრები ხელთათმანებივით იცვალოს, გიგი კი იჯდეს და იგლოვოს, ვაი, რა ცოლი მყავდა და ვერ გავუფრთხილდიო? მე მგონი, ეს უნდა.
– დაელაპარაკეთ თქვენს ქმარს და ეს ყველაფერი მას უთხარით.
– ყველაფერს ვერ ვეტყვი გიგის. ნერვიულობს თვითონაც. განიცდის. ერთხელ უკვე ველაპარაკე და მითხრა, შენ მაგას არ იცნობ, თუ გადაირია, ბავშვს აღარ გამაკარებს და მე მოვკვდები დარდითო. ისევ შენ უნდა მოითმინო, მოსწყინდება ჩვენს ცხოვრებაში ქექვა და დაგვანებებს თავსო. გამოდის, რომ გიგიც ხედავს, ის უნამუსო ჩვენს ცხოვრებაში რომ იქექება, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. „მოითმინე, მოსწყინდება“ – ვერაფერი ნუგეშია ჩემთვის. მე რა ვიცი, როდის მოსწყინდება. მაგას უნდა ველოდო და გავსკდე გულზე? ხომ ხვდებით, რა გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, მე კი ლამის, ყოველ მეორე ღამეს ბალიშს ცრემლებით ვასველებ. ვის ვუთხრა და ვის მოვუყვე, რა უბედურება მჭირს? უკვე იმისი მეშინია, რომ გიგიც დაიღლება ჩემი წუწუნ-ზლუქუნით და ურთიერთობა გაგვიფუჭდება.
– მაშინ საკუთარი თავის ხელში აყვანა უნდა შეძლოთ და მოწინააღმდეგეს სიმშვიდით აჯობოთ.
– მაგას მეც ვხვდები, მაგრამ მარტო სათქმელად არის ეს ადვილი. რკინის კი არ ვარ. მეტი აღარ შემიძლია. გიგის მოფერებაც ვეღარ შველის საქმეს. ზოგჯერ ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, მას რომ გავყევი ცოლად. მისი ექსმეუღლე ჩვენ მშვიდად ცხოვრების უფლებას არასოდეს მოგვცემს.
– და თუ ის თქვენი ოცნების მამაკაცია?
– დიახ არის. არ ვუარვყოფ, მაგრამ ეს კიდევ უფრო მიშლის ნერვებს. როგორია, გვერდით გყავდეს კაცი, რომლის მსგავს ქმარზეც ყოველთვის ოცნებობდი, მაგრამ უბედური იყო. დამიჯერეთ, ესეც არანაკლები საშინელებაა, ვიდრე ცუდი ქმრის გვერდით ცხოვრება. არა. კიდევ უფრო უარესია. ცუდი ქმარი რომ გყავს, იცი, რომ ის ცუდია და არჩევანსაც გააკეთებ. თუ აღარ გიღირს მასთან ცხოვრება, ადგები და წამოხვალ. იტყვი, ცუდი ქმარი მყავდა და იმიტომაც წამოვედიო, მაგრამ, მე რომ კარგი ქმარი მყავს, თანაც ძალიან კარგი, ამ შემთხვევაში რა ვქნა?
– რანაირად არის კარგი, როცა თქვენი დაცვა თავისი ყოფილი ცოლის შემოტევებისგანაც არ შეუძლია?
– ამას ნუ მეუბნებით. ძალიან განვიცდი. როგორ არ შეუძლია, უბრალოდ, მასთან ურთიერთობის გამწვავება არ უნდა, გასაგები მიზეზის გამო. მე მესმის მისი, მაგრამ მეც რა ვქნა?
– ცოტა უცნაური კრიტერიუმი გქონიათ კაცის „იდეალურობის“ განსასაზღვრად.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მე ცუდი არჩევანი გავაკეთე? ხომ გითხარით, ყველას თავისი კრიტერიუმი აქვს-მეთქი. ზოგისთვის იდეალურია მამაკაცი, რომელიც ბევრ ფულს შოულობს, სუფრასთან კარგ სადღეგრძელოებს ამბობს და მერე თავის მაგარ კაცობას, დედის გინებით ამტკიცებს. ჩემთვის იდეალური მამაკაცი ყოველთვის იყო ის, ვინც ქალის პატივისცემა და დაფასება იცოდა. გიგის შეუძლია ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად გიქციოს და ამისთვის სულაც არ სჭირდება ბევრი ფული. მაგალითად, შეუძლია, ადგეს და სანამ გაიღვიძებ, ისეთი საუზმე დაგახვედროს, ყოველგვარი ხვეწნისა და წინასწარი აჟიოტაჟის გარეშე, რომ გადაგრიოს. ან უსიტყვოდ აიფაროს წინსაფარი და დაგირეცხოს ჭურჭელი. უთქმელად ხვდება, რა გაწუხებს. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენს წინაშე პირნათელი იყოს. არც თამაში შეუძლია. რა უნდა იმის თქმას, რომ „კარგი, მე ახლა იმას სეირს ვუჩვენებ, ისე დაველაპარაკები, რომ ჩვენთან მოახლოების სურვილიც კი გაუქრეს“, – ხომ მოიგებდა ჩემს გულს ამით. ბევრი კაცი სწორედ ასე მოიქცეოდა, მაგრამ გიგი სხვანაირია. თავის ყოფილ ცოლსაც არ ლანძღავს. მაქსიმალურად ცდილობს, კორექტული იყოს. არ ვიცი, საიდან აქვს ამხელა მოთმინება. სხვა კაცი აქამდე აუცილებლად სცემდა. მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც მან გაუკეთა. ვერ ვიტყვი, რომ ღალატი აპატია, ასე რომ ყოფილიყო, დღეს მე გიგის ცოლი არ ვიქნებოდი. მაგრამ ის, რომ სახლში უშვებს, ადამიანურად ელაპარაკება და ითმენს მის უზნეო გამოხდომებს, ჩემი ქმრის დიდსულოვნებაზე მიუთითებს. იმიტომ ვთქვი, მგონი, გიგის სიკარგე მღუპავს-მეთქი.
– რომ არ მოსწყინდეს, თქვენი ქმრის ექსმეუღლეს, თქვენს ოჯახში „ქექვა“, რას აპირებთ ამ შემთხვევაში?
– ეგ რომ ვიცოდე, მაშინ პრობლემაც ხომ არ მექნებოდა. ალბათ, იქამდე მომიწევს ამ ყველაფრის ატანა, სანამ ბავშვი არ გაიზრდება და ჭკუაში არ ჩავარდება. თუ მანამდე, გული არ გამისკდა. ვფიქრობდი, მის ახლანდელ ქმარს ხომ არ დაველაპარაკო-მეთქი, მაგრამ ალბათ, აზრი არ აქვს. ფაქტია, რომ იტანს ამისთანა ცოლს. თან დარწმუნებული ვარ, ისიც კარგად ეყოლება გამოჭერილი. აბა, შუაღამისას ჩვენთან რომ მოდის „დასაწიოკებლად”, რატომ არ ეკითხება, რა უნდა, თავისი ყოფილი ქმრის ოჯახში.
– უპასუხებს, რომ ბავშვი.
– დიახ, მეც ვხვდები, რომ ბავშვს ძალიან წარმატებით იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. მაგრამ, ეს ჩემს პრობლემებს ვერ შველის. ნეტავი, ჩემს ქმართან რამე სხვა გაუგებრობა მქონდეს, რომ ვთქვა, ერთმანეთს ვერ ვეწყობით-მეთქი. ამ ქალმა როგორ უნდა დაანგრიოს ჩვენი ბედნიერება.