კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ცოდვის ჩადენას შემთხვევითობამ გადამარჩინა

ალბათ, ყველას ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ბრაზილიური თუ ვენესუელური სერიალების თემაა, მაგრამ, მსგავსი რამ (ან, თითქმის მსგავსი) მე თავად გადამხდა თავს. მართალია, ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, მაგრამ, ხომ მოხდა და, რომ არა შემთხვევითობა, ალბათ, საშინელ ცოდვაში გავეხვეოდი მეც და ის გოგონაც, რომელიც მომწონდა და რომელიც ჩემი ნახევარდა აღმოჩნდა. იმ ჩემი ისტორიის შემდეგ ყველა ჩემს ახლობელს ვაფრთხილებ და ახლა საქვეყნოდაც ვაცხადებ, რომ, თუ კაცს (ქალსაც, მაგრამ, ასეთი რამ ძირითადად კაცებს „სჭირთ“ ხოლმე, მით უმეტეს – საქართველოში) ან წინა ქორწინებიდან (ან ქორწინებებიდან), ან – „ლევად“ შვილი ჰყავს და ამის შესახებ იცის, აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გააცნოს ერთმანეთს თავისი ოფიციალური (ანუ კანონიერი) თუ არაოფიციალური შვილები, რომ მერე რაიმე უბედურება არ მოხდეს.

მამაჩემისთვის დედაჩემი მესამე ცოლი იყო. პირველი ცოლ-შვილი რუსეთში ჰყავდა და, პრაქტიკულად, არც მამას, არც ჩვენ, მათთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა. უბრალოდ, ვიცოდით, რომ არსებობდნენ. ჩემს ნახევარძმას მამაჩემი წელიწადში რამდენჯერმე ფულს უგზავნიდა ხოლმე – ეგ იყო და ეგ. არც ჰქონდა მათთან ურთიერთობის დიდი სურვილი, იმ ქალის ხსენებაზე ხომ საერთოდ აჟრიალებდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი და, სიმართლე გითხრათ, არც მიკითხავს, რადგან არ სიამოვნებდა ამაზე ლაპარაკი. მეორე ცოლს, როგორც მე ვიცოდი, სულ რამდენიმე თვეში გაეყარა და მასთან საერთოდ არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა. ერთხელ მითხრა, სიმთვრალეში, ეს იყო შემთხვევითი ქალი ჩემს ცხოვრებაშიო. შვილი თუ ჰყავდა მასთან, მინიშნებითაც არასდროს უხსენებია. იმ ქალთან გაყრის შემდეგ რამდენიმე თვეში შეირთო დედაჩემი და, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, როგორც იქნა, ვიპოვე ჩემი ცხოვრების ქალიო.

ჩემს მშობლებს მართლაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. არ ვიცი, დედა ეჭვიანობდა თუ არა მამაჩემის ცოლებზე, მაგრამ ისინი ხუმრობითაც არასდროს უხსენებია.

მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, ჩემმა ძმაკაცმა ცოლი შეირთო და მეჯვარედ მე წამიყვანა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პატარძლის მეჯვარე მომეწონა და მთელი ქორწილის განმავლობაში ახლოს არავინ გავაკარე, სულ თავს დავტრიალებდი. მერე ჩემს ძმაკაცს ვუთხარი, ეს გოგო სერიოზულად მომეწონა და შენ უნდა დამეხმარო, რომ ეს საქმე მომიგვარო-მეთქი. ოთომ მითხრა, მე რა უნდა მოგიგვარო, დაუნიშნე პაემანი, ახლოს გაიცანით ერთმანეთი და მერე მეც „დავასველებ“ საშენოდ სიტყვასო. მისი რჩევა ჭკუაში დამიჯდა, იას მეორე დღისთვის დავუნიშნე პაემანი და ვარდების თაიგულით დავხვდი. გავისეირნეთ, გამოვისეირნეთ, სკვერში დავსხედით, კარგა ხანს ვისაუბრეთ, მერე კაფეშიც შევედით – ერთი სიტყვით, რამდენიმე საათი გავატარეთ ერთად. ახლოს გაცნობისას კიდევ უფრო მომეწონა და გადავწყვიტე, ხელიდან არ გამეშვა. სახლამდე რომ მივაცილე, გამომიტყდა, მეც მომეწონეო. მეორე დღისთვის ისევ დავთქვით შეხვედრა, მაგრამ ია არ მოვიდა. ტელეფონის ნომერიც არ ვიცოდი, რომ სახლში დამერეკა და გამეგო, რა მოუვიდა (მაშინ მობილურები არ იყო). მისამართი კი ვიცოდი, მაგრამ, ვერ გავბედე, ასე უცერემონიოდ მივდგომოდი კარზე. ჩემი ძმაკაცი და თავისი ცოლი საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ და ვერ დავუკავშირდებოდი. ისიც არ ვიცოდი ზუსტად, სად სწავლობდა, რომ ინსტიტუტში მიმეკითხა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. ბოლოს, გადავწყვიტე, სახლთან დავდარაჯებოდი, მაგრამ დილიდან შუაღამემდე იქ ხომ არ ვიდგებოდი? ვინმეს რომ შევენიშნე, რამე ცუდს იეჭვებდა და შარში გავებმებოდი. რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც მივდიოდი და „ვუსაფრდებოდი“, მაგრამ – უშედეგოდ. ერთხელ კი სრულიად შემთხვევით შემხვდა ქუჩაში – ტროლეიბუსიდან ჩამოდიოდა დაქალებთან ერთად, მე გაჩერებაზე ვიდექი. დავუძახე და მისკენ გავიქეცი, მან კი შიშით შემომხედა და გაქცევა დააპირა. ჯერ ისე გამიკვირდა, რომ, რაღაც მომენტში, ვიფიქრე, რა თავს იდებს, თუ არ მოვწონდი, რატომ შემხვდა ან რატომ მითხრა, მეც მომეწონეო. მერე გავბრაზდი და გადავწყვიტე, თავი დამენებებინა, მაგრამ, ბოლოს მაინც ცნობისმოყვარეობამ მძლია, გავეკიდე და გავაჩერე. აილეწა, დაიბნა, თვალები სად წაეღო, არ იცოდა. ერთადერთი, ის მითხრა, თავი დამანებე და ჩემი სახელი დაივიწყეო. მართლა მარტო სახელი ვიცოდი მისი, მეტი არაფერი. რატომ, რა შემეშალა ასეთი, რომ ჩემი დანახვა აღარ გინდა-მეთქი? შენ არაფერი შეგშლია, მაგრამ ჩვენი შეხვედრა არ შეიძლებაო, მითხრა და, რომ მიხვდა, ასე იოლად ვერ მომიშორებდა თავიდან, შემპირდა, რამდენიმე დღე მაცადე გონზე მოსასვლელად და მერე ყველაფერს მოგიყვებიო. სხვა რა გზა მქონდა, დავთანხმდი და ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი, რომ, როცა რამის თქმას გადაწყვეტდა, დაერეკა.

თითქმის მთელი კვირა ველოდი მის ზარს. რა არ ვიფიქრე: ხან წარმოვიდგინე, რომ ჩემამდე შეყვარებული ჰყავდა და იმისი ეშინოდა, ხან – ალბათ, ან განათხოვარია, შვილი ჰყავს და ვერ მეუბნება, ან, უბრალოდ, ქალიშვილი არ არის-მეთქი, – მოკლედ რას აღარ ვფიქრობდი, მაგრამ, რაც სინამდვილეში აღმოჩნდა, ამას, ალბათ, ჩემი კი არა, ასი კაცის ფანტაზიაც კი არ ეყოფოდა.

ერთი კვირის შემდეგ იამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, თან გამაფრთხილა, ძალიან სერიოზული და მძიმე სალაპარაკო მაქვს და ყველაფრისთვის მზად იყავიო.

როგორც იქნა, შევხვდით. ისევ სკვერში დავსხედით – არ უნდოდა, ვინმეს მოესმინა ჩვენი საუბარი. მე თვალებში მივაჩერდი – გისმენ და ყველაფრისთვის მზად ვარ-მეთქი. მეგონა, რაღაც ქალურ დრამებს მიამბობდა, მაგრამ, პირველივე ფრაზაზე პირი დამრჩა ღია – რა გვარი ხარო, მკითხა. ვუთხარი, რა გვარიც ვარ (აქ გვარს შეგნებულად არ მოვიხსენიებ). მეცო, – მითხრა. კინაღამ ყბა ჩამომივარდა, მაგრამ, მაინც ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, თუმცა, ეს ფაქტი აშკარად არ მესიამოვნა. მერე შემეკითხა, მამაშენს რა ჰქვიაო. ვუთხარი მამაჩემის სახელი. იამ თავი ჩაღუნა და აწითლებულმა მითხრა, მამაჩემსაცო. უცებ მივხვდი ყველაფერს და ისე ცუდად გავხდი, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. იამ ტირილი დაიწყო. გონს რომ მოვედი, ვკითხე, როდის გაიგე ეს ამბავი, ან ვინ გითხრა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პირველივე პაემნის შემდეგ, სახლამდე რომ მივაცილე, დედამისს დავუნახივარ ფანჯრიდან. თურმე, სახით მცნობდა, იცოდა, ვინც ვიყავი (ეტყობა, ქალური ინტერესის ამბავი იყო: ქმარი გაეყარა, სხვა ცოლ-შვილი ჰყავს და გარეგნობით მაინც ხომ უნდა იცოდეს, ვინ არიან?!) და, როგორც კი ია სახლში ასულა, მაშინვე უთქვამს, ეგ ბიჭი მამაშენის შვილი, ანუ შენი ძმა არისო.

აღარ მოგიყვებით, რა განცდები გვქონდა ორივეს და რამდენი ხანი დაგვჭირდა ამ ყველაფრის მოსანელებლად. რაღაც დონეზე რომ „გადავხარშე“, ჩემს მშობლებს ყველაფერი ვუამბე. ერთ დღეს კი, დედაჩემის თანხმობით, ია, ჩემი და, სახლში მივიყვანე. ვერ აგიწერ, იქ რა მოხდა, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და დღეს მე და იას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენს შვილებსაც ისე უყვართ ერთმანეთი, გულს გაუხარდება.

ამიტომ ვთქვი წერილის დასაწყისში, რომ შვილები აუცილებლად უნდა იცნობდნენ ერთმანეთს, მნიშვნელობა არ აქვს, კანონიერები არიან თუ უკანონოები, სისხლი ხომ ერთი აქვთ.

ზურაბი, 56 წლის.



ჩემი ლამაზი სიყვარულის ისტორია

ერთი, მე ვიტყოდი, მელოდრამული ისტორია უნდა გიამბოთ: მე და ზურა მეზობლები ვიყავით და სულ პატარაობიდან ერთად ვიზრდებოდით, მით უმეტეს, რომ ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ.

იმდენად ერთად გვზრდიდნენ, რომ სკოლაში შესვლამდე და-ძმა გვეგონა თავი. სათამაშოებსაც ერთნაირს და ორ-ორს ყიდულობდნენ, რომ არ გვეჩხუბა. რომ წამოვიზარდეთ, რა თქმა უნდა, გავარკვიეთ, რომ და-ძმა არ ვიყავით, მაგრამ, ჩვენი მეგობრობა სხვა კატეგორიაში გადაიზარდა, თუმცა, ხშირად ვჩხუბობდით და მერე მშობლები გვარიგებდნენ. იმდენად ყველგან ერთად დავდიოდით, რომ მეზობლებმა „სიამის ტყუპები“ შეგვარქვეს.

ცოტა კიდევ რომ წამოვიზარდეთ (დაახლოებით მეექვსე-მეშვიდე კლასში), ზურა რაღაცნაირი გახდა – სულ მებუზღუნებოდა, მაკონტროლებდა; თუ რამეზე გაბრაზდებოდა, სათამაშოებს ან სხვა ნივთებს მიფუჭებდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა სახლში და მითხრა, ირაკლის და ივიკოს საქციელი არ მომწონს და, თუ რამე გაწყენინეს, მე მითხარიო. მე ცხვირი ავიბზუე – შენი დასაცავი რა მჭირს-მეთქი, იმანაც რაღაც მიპასუხა, მერე შევყევით ერთმანეთს და კარგა გვარიანი ჩხუბიც გამოგვივიდა. ზურა გაბრაზებული წავიდა, საღამოს კი, შერიგების ნიშნად, ულამაზესი თოჯინა მომიტანა და მაგიდაზე დამიდო. მე ჯერ ისევ ნაწყენი ვიყავი, ამიტომ, ვტაცე იმ თოჯინას ხელი, შემოვახიე ტანსაცმელი, დავაგლიჯე თმა და ფეხებში მივუყარე, – შენც ხომ მიფუჭებ სათამაშოებს, არ მინდა შენი საჩუქრები, მომწყდი თავიდან-მეთქი. ახლაც მახსოვს ზურას თვალებში ჩაწოლილი ტკივილი. ნაწყენმა აკრიფა თოჯინის ნაგლეჯები და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მშობლებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა, მაგრამ, ცდილობდნენ, ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარეულიყვნენ.

გავიდა დრო. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევრიგდით, მაგრამ, ამასობაში წამოვიზარდეთ და ჩვენი მეგობრობა დიდ და ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი დავქორწინდით.

საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ზურა მეუბნება, რაღაც უნდა გაჩვენო და ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეო. მე, საერთოდ, ძალიან მიყვარს სიურპრიზები და საიდუმლოებით მოცული ამბები და მოსასმენად მოვემზადე. ზურამ კარადიდან რაღაც ყუთი გამოიღო, წინ დამიდო და მითხრა, გახსენიო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, ყუთში ის დაგლეჯილი თოჯინა რომ დავინახე, ქმარს მოვეხვიე და ცრემლებით ვთხოვე პატიება – „მაშინ სულელი ბავშვი ვიყავი და, ვიცი, გული ძალიან გატკინე, რადგან შენი მაშინდელი გამოხედვა ახლაც მახსოვს; ვინ იცის, რამდენი იწვალე, რომ ეს თოჯინა მოგეტანა ჩემთვის-მეთქი. თოჯინა არაფერ შუაშია, მისი კაბის ჯიბეში პატარა ქაღალდი დევს და ნახეო. ეს იყო გულის ფორმის ბარათი, რომელსაც ფერადი ასოებით ეწერა: „ნათათო, მე შენ ძალიან მიყვარხარ. რომ გავიზრდებით, ცოლად მოგიყვან. ზურა“. თურმე, იმ საღამოს ზურა სიყვარულის ასახსნელად მოვიდა, მე კი რა ველური ქაჯივით მოვიქეცი, ახლაც მრცხვენია, რომ ვიხსენებ, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

დღეს ის თოჯინა, თავისი ბარათიანად, ჩვენი ოჯახის ყველაზე ძვირფასი რელიკვიაა და ჩვენი სიყვარულის ისტორიას ინახავს, რომელსაც აუცილებლად ვუამბობთ ჩვენს შვილებს.

ნათია, 31 წლის.



მშობლებმა ძალით გამათხოვეს

ჩემი მშობლების ნაგვიანები შვილი ვარ. სკოლას რომ ვამთავრებდი, დედაც და მამაც უკვე საკმაოდ ხნიერები იყვნენ. ეტყობა, იმის ეშინოდათ, ასაკის გამო რამე არ მოსვლოდათ და მე უპატრონოდ არ დავრჩენილიყავი და ამიტომ, მეათე კლასში რომ გადავედი, იმ დღიდან დაიწყეს ჩემთვის საქმროს ძებნა. დედაჩემმა ნათესავი ქალებიც ჩართო საქმეში და იყო ერთი გაკითხვა-გამოკითხვა, „შემთხვევითი“ გაცნობები და შეხვედრები, თან ისე, რომ ჩემი მშობლები არაფერ შუაში იყვნენ. ფიზიკურად კარგი გოგო ვიყავი, წესიერი, გონიერი, თანაც (უფრო სწორად, „თანაც“ კი არა, „რაც მთავარია“ უნდა მეთქვა), დედისერთა და ყველაფრამდე უზრუნველყოფილი. ამიტომ, ცხადია, ჩემი პატარა ასაკის მიუხედავად, მომწონებელიც ბევრი მყავდა და თუნდაც სკოლის მერხიდან ჩემი ცოლად შერთვის მსურველიც, მაგრამ მე საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე, არც ბიჭებთან ფლირტაობა მხიბლავდა. კარგად ვსწავლობდი და სკოლის შემდეგ სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება, რადგან ექიმობაზე ვოცნებობდი. მაგრამ მამაჩემს ამის გაგონებაც არ უნდოდა, „ქალის უმაღლესი ოჯახია“, – მეტყოდა ხოლმე. როცა მივხვდი, რომ სასწრაფო წესით მიპირებდნენ გათხოვებას, საშინელი პროტესტი გამოვთქვი, სახლიდან წასვლითაც დავემუქრე, მაგრამ ისე მოახერხეს, რომ თავიანთ მოწონებულ, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობსა და მიუღებელ ტიპაჟს ძალით გამაყოლეს ცოლად. რა თქმა უნდა, ჩემი ქმარი ზედსიძედ შემოიყვანეს და ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ თავს, რომ „დამაბინავეს და პატრონს ჩამაბარეს“. მაგრამ, ეს მათი მოწონებული „პატრონი“ ლოთი და ყომარბაზი აღმოჩნდა, თან ვალებით სავსე და ერთ წელიწადში მთელი ქონება გაზიდა სახლიდან. ბოლოს, სახლის დაგირავებაც რომ მოითხოვა, ხმა არ ამომიღია, ისე შევიტანე განცხადება გაყრაზე. შვილის გაზრდაში მაინც არ მეხმარება და რა აზრი აქვს ქმრის ყოლას, რომელიც მთლიანად შენს კისერზეა, თვითონ თითის გამტოკებელიც არ არის და კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები – ჩემს თავს ეს სახლი გირჩევნიათო. ბავშვს უმაგისოდ უკეთ გავზრდი. ამას მაინც არ დაინახავს, როგორ გდია მამამისი შემოსასვლელში გალეშილი, როგორ იპარავს სახლიდან ნივთებს და, როცა ფულს ვერ ვაძლევთ, როგორ გვაგინებს ყველას მკვდარსა და ცოცხალს, ან ასეთი მამისგან რა უნდა ისწავლოს მოზარდმა, „ზარის“ თამაში?! ასეთ „ქმრიანი ქალის“ სახელს მირჩევნია, მარტო ვიყო და ჩემს შვილს მაინც გავუკეთო ის, რაზეც მე ვოცნებობდი და ჩემმა მშობლებმა არ გამიკეთეს – კარგი განათლება მივცე, რომ მერე თავისი ოჯახი თვითონ არჩინოს და სხვისი დასაყვედრებელი არაფერი ჰქონდეს.

თამთა, 27 წლის.



კაცებს ვერაფერი გავუგე

19 წლის რომ ვიყავი, ჩემს შეყვარებულს გავყევი ცოლად, უფრო სწორად, გავიპარეთ, რადგან ჩემს მშობლებს არც ლევანი მოსწონდათ და არც ჩემი ასე ადრე გათხოვება უნდოდათ.

ლევანის არმოწონების მიზეზი ძირითადად მისი ეჭვიანი ხასიათი იყო. ჩემები იცნობდნენ, ჩვენთან ხშირად მოდიოდა სახლში და ჩემი მშობლების თანდასწრებითაც კი ვერ იკავებდა თავს, რომ შენიშვნები არ მოეცა და რამე არ აეკრძალა. ჩემზე რვა წლით უფროსი იყო და სულ იმას უსვამდა ხაზს, რომ მე პატარა ვარ, ამიტომ ჭკვიანურს ვერაფერს გავაკეთებ და ყველაფერი მას უნდა ვკითხო. ბავშვი ვიყავი და, სადღაც, მსიამოვნებდა კიდეც მისი სიმკაცრე და ამ ყველაფერს დიდ სიყვარულსა და ჩემდამი პატივისცემაში ვუთვლიდი. დედაჩემი მაფრთხილებდა, ასეთ ადამიანთან ცხოვრება გაგიჭირდებაო, მაგრამ, ვინ დაუჯერა – დავკარი ფეხი და გავიპარე.

ლევანთან ერთად სამი წელი გავძელი, მერე კი ბავშვიანად გამოვიქეცი ჩემს მშობლებთან. როგორი გაბრაზებულიც უნდა ვიყო, ტყუილს მაინც ვერ ვიტყვი: რომ არა ზედმეტი სიმკაცრე, ლევანზე კარგი ქმარი და მამა ვერც კი წარმომიდგენია, რომ არსებობდეს. ალბათ, ვინმე იფიქრებს, ყველა მხრივ თუ კარგი იყო, მარტო სიმკაცრეს როგორ ვერ გაუძელიო, მაგრამ, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძნელია, როცა ვინმე ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს გიკონტროლებს. ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, რომელიმე დაქალს რომ მონდომებოდა ჩემთან მოსვლა, წინასწარ უნდა დაერეკა, ნებართვა უნდა ამეღო ქმრისგან და მხოლოდ მის მერე გამოყოფილი დრო, ვთქვათ, ხვალ, საღამოს 6-დან 7 საათამდე, შემეძლო დამეთმო მეგობრებისთვის, თანაც, მხოლოდ იმათთვის, ვინც მას მოსწონდა. დედაჩემთან წასვლაც კი პრობლემა იყო. ერთი სიტყვით, მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი, თუმცა, იმას ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად კაცებზე ეჭვიანობდა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ვეღარ გავუძელი ასეთ მოპყრობას და გავეყარე. მართალი გითხრათ, არ უნდოდა გაყრა, მეხვეწებოდა, არ წახვიდე და შევიცვლებიო, მაგრამ ეს მისი ხასიათი იყო და ზუსტად ვიცოდი, არ შეიცვლებოდა.

გაყრის შემდეგაც არ აკლებდა ყურადღებას ბავშვს – არც მატერიალურად, არც ფიზიკურად, მაგრამ, იმ სამ წელიწადში ისე დამღალა და დამაკომპლექსა, რომ ნამდვილად აღარ მიყვარდა.

ლევანთან დაშორების შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ძალიან კარგი სამსახური ვიშოვე (ლევანის ხელში ჩემი მუშაობა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გამორიცხული იყო) და, ხალხში რომ გავერიე, სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი თავი. ეს იყო უცხოური ფირმის ფილიალი საქართველოში და, აქედან გამომდინარე, მეც მიწევდა მივლინებებით სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა, ჩამოსული სტუმრების დახვედრა და მასპინძლობაც მე დამავალეს, რადგან ქართულისა და რუსულის გარდა, ინგლისურსა და ფრანგულსაც კარგად ვფლობდი. ერთი სიტყვით, საქმიანი ქალი გავხდი.

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს წერილი, ამ მიღება-გასტუმრებაში ერთი ფრანგი გავიცანი, რომელსაც შევუყვარდი და გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ ცოლობა მთხოვა. მეც სიმპათიით ვიყავი განწყობილი და დავთანხმდი.

პირველად რომ წამიყვანა საფრანგეთში, ბავშვი დედაჩემთან დავტოვე, რადგან ლევანმა არ მომცა თანხმობა შვილის თან წაყვანაზე. თანაც, ვიფიქრე, ჯერ მე თვითონ შევეგუები იქაურობას და ბავშვის წაყვანაზეც მერე ვიზრუნებ-მეთქი.

თავიდან ჩემი მეორე ქმარი ძალიან მომწონდა. ლევანის ხელში გამოვლილი შეზღუდვების შემდეგ ლუის ყველაფრისადმი უკომპლექსო დამოკიდებულება ხსნად მომეჩვენა, მაგრამ, მერე და მერე ძალიან შევწუხდი ამდენი თავისუფლებით.

პარიზში ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, თბილისში რომ მომიწია საქმეზე დაბრუნება, ლუიმ სიცილით მითხრა, ალბათ, შენს ყოფილ ქმარსაც ნახავ და, იცოდე, მხოლოდ ერთხელ გაძლევ მასთან დაწოლის უფლებას, მეტად არა და, არ იეშმაკოო. ამ სიტყვებმა შემზარა. ჯერჯერობით ლუის არ გავყრივარ, მაგრამ ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვერ გამირკვევია, რომლის ხასიათი და ჩემდამი დამოკიდებულება უფრო მისაღებია ჩემთვის – პირველი ქმრის თუ მეორე ქმრის.

თამარი, 27 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3