კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქარგა ნანა კაიშაურმა 15 წლის წინ „ვეფხისტყაოსნის“ ყდა და რამდენი ნიმუშია ამჟამად მის კოლექციაში


ნანა კაიშაურის კოლექცია განუმეორებელია თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით, მასში თავმოყრილია ოქრომკედით ნაქარგი და ნახევრად ძვირფასი ქვებით გაფორმებული საეკლესიო წიგნები. საერო წიგნებიდან ამ კოლექციაში მხოლოდ „ვეფხისტყაოსანს” შეხვდებით. სხვათა შორის, ქალბატონი ნანას კოლექცია უკვე 15 წლისაა და მისი პირველი ექსპონატი „ვეფხისტყაოსანი” იყო. თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ამჟამად რამდენი ნიმუშია თავმოყრილი ნანა კაიშაურის კოლექციაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქალბატონო ნანა, როგორ დაიწყო ამ კოლექციის შექმნა?

– ყველაფერი დაიწყო 15 წლის წინ, როცა პირველად, საქორწინო საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის” ყდა მოვქარგე.

– მაშინ უკვე ფლობდით ოქრომკედით ქარგვის ხელოვნებას?

– არა. არც არავისთვის მიმიმართავს შესასწავლად. თვითნასწავლი გახლავართ. თუმცა, ხელოვნება ჩემთვის ყოველთვის ახლობელი იყო – პროფესიით არქიტექტორი ვარ. რაც შეეხება იდეას, ამ კოლექციის ერთ-ერთი პირველი ნიმუშის შექმნის იდეას – საქმე ისაა, რომ, ორიგინალური საქორწინო საჩუქრის ძიების მიზნით, ვკითხულობდი, თუ რას ატანდნენ ძველად ქართველები მზითევში და იქ ამოვიკითხე ძვირფასყდიანი წიგნების შესახებ. ასე მოვიდა იდეა, შემექმნა ხელით ნაქარგი „ვეფხისტყაოსანი”, რითაც, გარდა იმისა, რომ ვიღაცას ვასიამოვნე, აღმოვაჩინე, რომ ოქრომკედით ქარგვა ჩემთვის არის ის, რაც მსიამოვნებს, მომწონს და მამშვიდებს. ნელ-ნელა ხელიც დავხვეწე და, დროთა განმავლობაში, გავბედე და საეკლესიო წიგნების ყდებიც მოვქარგე.

– ამჟამად რამდენი ნამუშევარია თქვენს კოლექციაში თავმოყრილი?

– მართალი გითხრათ, სათვალავიც ამერია. ის კი მახსოვს, რომ კარგა ხანია, ხუთასს გავცდი. ყოველი ჩემი ნამუშევარი განსხვავებულია ერთმანეთისგან როგორც ორნამენტით, ასევე ფერით.

– ძირითადად რა ფერებს იყენებთ ხოლმე?

– წინასწარ არასდროს მაქვს განსაზღვრული, თუ რომელი ფერით ვიმუშავებ – ამას მუშაობის პროცესი მიჩვენებს. ჯერ ვქარგავ, შემდეგ კი ამ ნაქარგს ძვირფასი ქვებით ვამკობ.

– გაჩუქება თუ შეგიძლიათ, ქალბატონო ნანა?

– გაჩუქება შემიძლია და ეს ძალიან ხშირადაც გამიკეთებია. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი ნახელავის გაჩუქება. თუმცა, როდესაც რაიმეს ვქმნი, მაშინვე მინაწერს ვუკეთებ, რომ კოლექციაში დაიმკვიდროს ადგილი. ბევრჯერ გამიჩუქებია ლოცვანი, ფსალმუნები. ვაკის სამების ეკლესიის მოძღვარს, მამა გიორგი მდორეულს, მოვუქარგე მთლიანი სამოსი, რომელზეც შვიდი თვე ვიმუშავე. მიხარია, რომ მამა გიორგი გიორგობის დღესასწაულებზე ამ სამოსით იმოსება. მამა გიორგისვე ხელით გავუგზავნე უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ჩემი მოქარგული ბიბლია – თვითონ რომ მიმერთმია, ვერ შევბედე...

– რა ხანი სჭირდება ამ კოლექციისთვის ერთი კონკრეტული ნამუშევრის დასრულებას?

– ეს დამოკიდებულია განწყობაზე, ზომასა და დროზე, რადგან, გარდა იმისა, რომ საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს, პარალელურად ვმუშაობ სკოლაში ხელოვნების პედაგოგად და აგრეთვე, სამრევლო სკოლაში ვასწავლი ქარგვის ხელოვნებას.

თითო ნამუშევრის დასრულებას ერთ თვეს ვანდომებ. თუ ქარგვა დავიწყე, თავს ვეღარ ვანებებ, სანამ არ დავასრულებ.

– თქვენი კოლექციის დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ ზარდახშებსაც ქმნით.

– დიახ, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ზარდახშის შექმნა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სულ 5 ზარდახშა მაქვს გაკეთებული. საერთოდ, რაც ხელით შეიძლება გაკეთდეს, ყველაფრის შექმნას ვცდილობ. ამ ბოლო პერიოდში გამიტაცა ჯვრისწერის სანთლების გაკეთება-გაფორმებამ. სამი შვილი მყავს, მათგან ორია დაოჯახებული. რა თქმა უნდა, ორივეს მივართვი ქორწილში ტრადიციული საჩუქრები, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ჯვრისწერის სანთლები კი ორივეს ჯვრისწერის ცერემონიალის ერთ-ერთი მშვენება იყო, რომლებიც ეკლესიაში შემოსული თითოეული ადამიანის ყურადღებას იპყრობდა.

გარდა ამისა, ძალიან მომწონს ატლასის ზონრებით ქარგვა. ისეთი ეფექტურია, ვერ წარმოიდგენთ. ამ მეთოდით უკვე მოვქარგე სადღესასწაულო სუფრები, ბალიშის პირები და ფარდები.

– მე პირველად რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი თქვენი კოლექციით, რომელიც „ცისფერ გალერეაში“ იყო გამოფენილი.

– მას შემდეგ კიდევ რამდენიმე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, ეს პროცესი მაინცდამაინც არ მხიბლავს.

– ძირითადად რა მასალით მუშაობთ ხოლმე?

– ვქარგავ ხავერდსა და აბრეშუმზე. საქარგავად ვიყენებ ოქრომკედის ძაფსა და ნახევრად ძვირფას ქვებს: მარგალიტს, მალაქიტს, ნეფრიტს, სერდოლიკს, ფირუზს, ძოწსა და სხვა. ძალიან იშვიათად ბისერებითაც ვქარგავ ხოლმე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– რაც უნდა დაღლილი ვიყო, შემიძლია, ღამეები გავათენო ქარგვაში. მით უმეტეს, დაღლილი სულ ვარ, ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. ეს კოლექცია არის ის, რაც მამშვიდებს, მასვენებს, მომწონს. გარდა ამისა, ის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.


скачать dle 11.3