ვის შეეშინდა კობა ოთანაძის ძალის და მართლა ღუნავს თუ არა ის რკინის ლომს
2009 წლის 5 მაისს მუხროვანში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის სულისჩამდგმელად გადამდგარი გენერლები – ლევან ამირიძე, კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი დაასახელეს. მუხროვანის სამხედრო ამბოხი საქართველოს დამოუკიდებლობის 18 წლის განმავლობაში რიგით მეექვსეა. ალბათ, გვახსოვს 2001 წელს რაც მოხდა მუხროვანში. მაშინ პოლკოვნიკმა ოთანაძემ დაუმორჩილებლობის მიზეზად გაუსაძლისი პირობები დაასახელა, მაგრამ პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკების შემდეგ, თავის ქვეშევრდომებს ყაზარმებში დაბრუნება უბრძანა, თვითონ კი სამხედრო სამსახურში დარჩა. თუმცა, მოგვიანებით მას ამბოხის ორგანიზებისთვის მკაცრად გაუსწორდნენ. ვინ არის პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომლისთვისაც საქართველოს მასშტაბით მისი ადგილსამყოფლის მოსაძიებლად 200 000 ლარი გამოიყო? რატომ უტოლდებოდა მასზე ნადირობა ლეგენდარული აბრაგის დათა თუთაშხიას ისტორიას და რა პირობებში იმყოფება 29 წლით დაპატიმრებული ადამიანი, ამის შესახებ გვესაუბრება მისი ძმა ჯიმშერ ოთანაძე.
ჯიმშერ ოთანაძე: ჩემი ძმის დაკავება და მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე აბსურდია. სასამართლოს არაადეკვატური ქმედებით დამტკიცდა, რომ არავითარი მუხროვანის ამბოხი არ ყოფილა. სასამართლოზე 110 მოწმე იყო დაკითხული. ისინი იყვნენ მუხროვანის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებმაც ამბოხების ამბავი ტელევიზიით გაიგეს – ჩვენ გვიკვირდა, იმ დღეს წვიმა იყო, გარეთ სავარჯიშოდ ვერ გავედით და ამბოხის ამბავი რომ გავიგეთ, გაოცებას ვერ ვმალავდით, ნეტა, გვეჩვენება რამე თუ ჩვენთან ხდება ესო. წესით, ვისაც მონაწილეობა უნდა მიეღო ამბოხში, ისინი გულხელდაკრეფილი ისხდნენ და ვის უნდა მოეწყო ეგრეთ წოდებული ამბოხი, საინტერესოა.
– ეგრეთ წოდებული ამბოხის დროს სად იმყოფებოდა თქვენი ძმა?
– იმ დროს ოთანაძე იქ არავის უნახავს. სახმელეთო ჯარების სარდალმა მხოლოდ სავარაუდოდ განაცხადა, სალაპარაკოდ როცა ავედი, შტაბის უფროსის ოთახში შემიყვანეს და ვფიქრობ, იქ კობალაძე, ოთანაძე და ამირიძე იყვნენო. მხოლოდ ამ ვარაუდს ეყრდნობიან, მეტი ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ.
– რატომ მოხდა ამ სამ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა?
– არა მარტო სამ ადამიანზე იყო საუბარი. ამ საქმეში პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართულნი, ხოლო „ოქროს მოწმე” გახლდათ გიორგი ღვალაძე, რომელიც უშიშროების ყოფილი ოფიცერია. იგი 90-იან წლებში ელიტურ ქვედანაყოფს, „დელტას“ მეთაურობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, შეთქმულების ინიციატორები და ორგანიზატორები გადამდგარი გენერლები იყვნენ, რომლებიც თავიანთ წრეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. პოლკოვნიკ კობა ოთანაძესთან და ამირიძესთან ერთად შეთქმულების მესამე წევრად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასახელა ორთაჭალის სამხედრო ბაზის უფროსიც – ზაზა მუშკუდიანი. ღვალაძე ამტკიცებდა, რომ მუხროვანში ამბოხი მზადდებოდა და რუსეთიდან მილიონობით ფული შემოდიოდა ებრალიძისგან – შავი ფული ტრიალებდაო.
– კარგად მახსოვს, როცა მოხდა თქვენი ძმის დაპატიმრება, „კონსერვატორული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, რომ ოთანაძე აქტიურად ეხმარებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს. სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალციხესა და ასპინძაში, ის პოლიციის მანქანით დადიოდა და ხალხს ატერორებდა, რათა ხმა მიეცათ დღევანდელი ხელისუფლების სასარგებლოდ და ხსენებული ამბოხება ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლიაო.
– დიახ. მახსოვს ეგ ამბავი. 5 მაისს უნდა გასულიყვნენ ოპოზიციური პარტიები გომბორის „ტეკთან“ და ქუჩა უნდა გადაეკეტათ. ეს გამოაცხადეს კიდეც სახალხოდ. სწორედ ამ დროს დაამთხვია ხელისუფლებამ მუხროვანის ამბოხი და ოპოზიციასაც გეგმები ჩაეშალა, ამიტომ გაკეთდა ეს განცხადებაც. თუმცა, მერე მიხვდნენ, რომ ამგვარი სპექტაკლის დადგმა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.
– მუხროვანის ამბოხში სულ რამდენი კაცი ფიგურირებდა და სად არიან დანარჩენი ბრალდებულები?
– დაკავებული იყო 100-ზე მეტი ადამიანი, ამათგან ბრალი წაუყენეს 48-ს. 15 კაცზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ევაჭრებოდნენ, თუ ასე იტყვი, სახლში გაგიშვებთო. მათ მხოლოდ ის დაუტოვეს ბრალად, რომ იცოდნენ ამბოხის მოწყობის შესახებ და არ შეატყობინეს. ამისთვის მათ 2 წელი მიუსაჯეს. როცა ამბოხებულებზე ძებნა გამოცხადდა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე ინფორმაციის მიწოდებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯილდოდ 50 000 ლარი დააწესა, კობა ოთანაძე კი უფრო ძვირად შეაფასეს – 200 000 ლარად.
– საპროცესო გარიგება თუ შემოგთავაზეს?
– კი. შემოგვთავაზეს საპროცესო გარიგება, მაგრამ კობას არ უნდოდა არანაირი ჩვენების მიცემა. ცხადია, უარი განვაცხადეთ, დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვაპირებდით. როცა ჩემი ძმა დააკავეს, ჩვენს ოჯახებზე დაიწყეს რეპრესიების განხორციელება. ჯერ დააკავეს ჩვენი უმცროსი ძმა ნუგზარი, რომელსაც ღამის 4 საათზე სპეცნაზი შეუვარდა სახლში. მათ ნუგზარს დააბრალეს, ვითომ კარი არ გაუღო და იატაკის ჯოხით სცემა 8 სპეცრაზმელი. ეს ვერსიაც სასაცილოა, იმდენად დაუჯერებელია. ამის მერე ღამის ოთხ საათზე მეც შემომივარდა სპეცნაზი სახლში. მათ ახალი პნევმატური ჩაქუჩი ჰქონიათ და იმით დამილეწეს რკინის კარი. სასწრაფოც მოვიდა, ხოლო ზემოთ, სახურავზე „სნაიპერები“ აკონტროლებდნენ სიტუაციას. წამიყვანეს „სოდში“ და იქ დამკითხეს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, რომელიც ქერჩის ქუჩაზე ჩატარდა, მაშინ ჩემს ძმას 9 ტყვია მოხვდა, 8 ტყვია – ამირიძეს და 3 – კრიალაშვილს, აქედან ერთი სამწუხაროდ, გულში ჰქონდა მოხვედრილი.
– ალბათ, განაჩენს უკვე გაასაჩივრებდით სააპელაციო სასამართლოში?
– აბსურდული სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა, რომელსაც ჯემალ კოპალიანი აწარმოებდა. საკმარისი მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, მაინც, 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ახლა ველოდებით სააპელაციო სასამართლოსგან პასუხს. თუმცა, იმედი არ გვაქვს, რომ აქ სამართალს მივაღწევთ და ამიტომ, სტრასბურგში უნდა გადავგზავნოთ ეს საქმე. იმის გარდა, რომ კობა სახელმწიფო ამბოხში დაადანაშაულეს, კიდევ ბრალად ისიც დაუმატეს, რომ მას ვითომ 3 მობილური ტელეფონი ჰქონდა, რომლებშიც 2 ზონარი ასაფეთქებელი კაფსულები იყო ჩამონტაჟებული. თუ იმ ტელეფონების ზონრებს ზარის დარეკვისას მივაერთებდით, ეს აფეთქებას გამოიწვევსო. ვერც ის ამაფეთქებელი კაფსულები ამოიღეს, ვითომ მობილურში რომ იყო განთავსებული.
– ახლა რა პირობებში იმყოფება კობა ოთანაძე და სად იხდის ის სასჯელს?
– გლდანის ¹2 ციხეში იმყოფება. მანამდე კი ციხის საავადმყოფოში იწვა, „მასკიანები“ ადგნენ თავზე და ყარაულობდნენ მძიმედ დაჭრილ კაცს. თითქოს, რამის გაკეთება შეეძლო იმ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. ახლა ციხეში მარტოა, სხვა პატიმრებისგან იზოლირებული და მხოლოდ პრესის კითხვას და რადიოს მოსმენას თუ ახერხებს, თორემ, დამლაპარაკებელი არავინ ჰყავს.
– სხვა თუ არაფერი, მას, ალბათ, ვარჯიშის საშუალებას მაინც აძლევენ. მსმენია, თურმე, ხელებით რკინის ლომს ღუნავდა, მართალია?
– კი. კობას არაერთხელ გაუღუნია რკინის ლომი. როგორც ჩანს, მისი ძალის შეეშინდა ხელისუფლებას და იმიტომაც დაუხვრიტეს ვენები. უფლის წყალობით, ძვლები არ აქვს დაზიანებული და გადარჩენილია. კობას მარჯვენა მხარის პრობლემები აქვს, ძვლები ცოტათი დამსხვრეული აქვს მარჯვენა სახსარში. 3 ტყვია ამოუღეს ორგანიზმიდან, შიგ იყო ჩარჩენილი. მიჯრით, ახლოდან ჰქონდა ნასროლი ტყვიები, თორემ შორიდან რომ მოხვედროდა, ვერც გადარჩებოდა ცოცხალი... ახლა ყავარჯნით დადის. ნაღვლის ბუშტი აქვს ამოჭრილი და ღვიძლიც – დაზიანებული. ასე რომ, ჯანმრთელობის მხრივ, არასახარბიელო მდგომარეობაშია. როცა თითქმის მომაკვდავი კობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, დაუდეს თურმე რკინის მანეთიანი და მიდი, ახლა კისერზე გადაიღუნეო, აშაყირებდნენ კიდეც. ისე, კობა სამი თითით მართლაც ღუნავდა რკინის მანეთიანს. კურსანტობის პერიოდიდან, ჩემსავით კობაც აფხაზეთის ომში იბრძოდა. მართლა მძიმე დღეები გადავიტანეთ ორივემ და როგორ გადავრჩით ცოცხლები, დღესაც მიკვირს. 12 კილომეტრი ტყე-ტყე ვიარე და ისე გამოვაღწიე აფხაზეთიდან. ხოლო იმ ბატალიონში, სადაც კობა იმყოფებოდა, ვიღაცას დაუძახია, ქართველები ხართ ბიჭებოო. ამანაც გასძახა, კიო და თურმე, ისინი აფხაზები ყოფილან. მახე დაუგეს ამათ და სროლებით გაუმასპინძლდნენ. მაშინ დაიჭრა ჩემი ძმაც. საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა. კობა სულ თანამდებობებზე იყო – 90-იანი წლების დასაწყისში მეთაურობდა სპეცრაზმის ნაწილს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს; მოგვიანებით, ის ეროვნული გვარდიის ბატალიონის უფროსი გახდა, ორ სატანკო ბატალიონს მეთაურობდა. უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული შევარდნაძის პერიოდში, სააკაშვილისგან არც ერთი ჯილდო არ მიუღია. 29 ჭრილობა მანამდეც ჰქონდა და სპეცოპერაციის დროს 9 კიდევ დაუმატეს.
– ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ის ამჟამად მკაცრი რეჟიმის ციხეშია, მისი ჰაერზე გამოყვანა და გასეირნება არ შეიძლება. მისი საკანი ერთი მეტრის სიგრძისაა, იზოლირებულია ყველასგან, ლევან ამირიძის მსგავსად. რაც შეეხება ზეწოლას, მანამდე ხორციელდებოდა მასზე, თორემ, იქ მეტი რაღა უნდა დაუშავონ.
– სულიერად როგორ გრძნობს თავს, 29 წლის მისჯა სამუდამო პატიმრობას უტოლდება და ამის გამო დეპრესიაში ხომ არ ჩავარდნილა?
– ყველაფრის მიუხედავად, ის სულიერად გატეხილი არაა. ძველი ქართული უსწავლია, ახლა ინგლისურსაც სწავლობს. თან, ხუმრობდა, ზოგი ჭირი მარგებელია, გარეთ რომ ვყოფილიყავი, სად მეცლებოდა სწავლისთვისო. ვარჯიშობს და თავს ირთობს, რითაც შეუძლია. კვებით ოჯახი თუ დაეხმარება, რომ ნორმალური საკვები მიიღოს, ან იქვე მდებარე მაღაზიაში იყიდოს პროდუქტი, თორემ, იქ „ბალანდას“ აჭმევენ. თვეში ერთხელ ვნახულობთ, კანონით, სამი ადამიანის შესვლა შეიძლება, აქედან ერთი არასრულწლოვანი უნდა იყოს. ეს პაემანი მხოლოდ 45 წუთს გრძელდება, ვერც ველაპარაკები ნორმალურად, რადგან ვიდეოკამერით გვიღებენ. ისედაც, ათი კაცი რომ გყავს გარშემორტყმული, მათი თანდასწრებით გიჭირს საუბარი. ამდენი ტანჯვის მიუხედავად, კობა კვლავ მხნედ არის და იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან ვერდიქტს გამოიტანს.