როგორ გახდა ლიზა ტრაპაიძე ერთი დღით გეიშა და რატომ უკრძალავს ის საკუთარ თავს გათხოვებას
ბოლო დროს სერიალ „შუა ქალაქში“ ახალი სახე გამოჩნდა: ბატონი საშას შვილიშვილი – ლიზა. ლიზა ტრაპაიძე თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, სწავლობს სამსახიობო ფაკულტეტზე, რეჟისორ გოგი მარგველაშვილის ჯგუფში. მართალია, ლიზა სერიალ „შუა ქალაქის“ აქტიური მაყურებელი არ არის, მაგრამ მასში მონაწილეობა სიამოვნებით მიიღო. ის გასულ წელს შვეიცარიიდან დაბრუნდა, სადაც გიმნაზიაში სწავლობდა.
– სერიალ „შუა ქალაქში“ როგორ მოხვდი?
– ქასთინგი იმდენად ადრე მქონდა გავლილი, რომ, არ მეგონა, ამდენი ხნის მერე თუ შემეხმიანებოდნენ. ძალიან გამიხარდა, რომ დამირეკეს და მეც მივედი. საერთოდ, პირველ კურსზე არ შეიძლება სერიალებში მონაწილეობის მიღება.
– რატომ?
– არ არის მსახიობისთვის კარგი.
– შენ კი, მაინც დასთანხმდი სერიალში გადაღებაზე. ამ ფაქტს ხომ არაფერი მოჰყვა?
– არა, ნებართვა მქონდა მიღებული.
– „შუა ქალაქმა“ როგორ მიგიღო?
– ძალიან კარგად, ასე მეგონა, „შუა ქალაქში“ უკვე დიდი ხნის მისული ვიყავი. ყველა ძალიან მეგობრულები, თბილები და კარგები არიან.
– ალბათ, ეს შენთვის პირველი გადაღება იყო. ხომ არ გაგიჭირდა?
– ეს ჩემთვის ერთ-ერთი პირველი გადაღება იყო, მაგრამ, ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვარ. „შუა ქალაქის“ ჩაწერას ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა. პრინციპში, არ გამჭირვებია, მაგრამ ძალიან ადვილიც არ ყოფილა. რაც მთავარია, ჩემს „საშა ბაბუას“ საერთოდ არ ვიცნობ.
– გარდა სახელისა, შენს გმირს რით ამსგავსებ საკუთარ თავს?
– ჯერ ისეთი დიდი როლი არ მაქვს, საკუთარ თავზე რომ ვილაპარაკო. იმდენად პატარა და ახალი როლია, რომ პარალელის გავლება გამიჭირდება.
– გადაღების პროცესი როგორი იყო შენთვის?
– ტექსტი მომცეს და რეპეტიცია მხოლოდ ერთი დღე მქონდა. მეგონა, მეორე დღეს რომ მივიდოდი, ჩემს სცენებს რამდენჯერმე გავივლიდი და ისე გადავიღებდით. ჩემდა გასაოცრად, ერთხელ გავიარეთ ყველაფერი და გადაღებაც დაიწყო. ტექსტი კარგად არ ვიცოდი და ცოტა მეშინოდა, სულ იმაზე ვფიქრობდი, არ შემშლოდა. რა ვიცი, რაც გამოვიდა, გამოვიდა.
– „შუა ქალაქის“ მაყურებელი თავიდანვე იყავი?
– არა. ფაქტობრივად, დილიდან საღამომდე თეატრალურში ვარ, სახლში რომ მოვდივარ, იმდენად დაღლილი ვარ, რომ მაშინვე ვიძინებ, ამიტომ ტელევიზორისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. „შუა ქალაქის“ რამდენიმე სერია მაქვს ნანახი, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას რომ ჩავუჯდე, ასე არ არის.
– მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ბევრი სერია გაქვს ნანახი, ყველაზე მეტად რომელ გმირზე ხალისობ?
– ქეთევან და თამარ ღლონტებზე და დათოზე.
– რომელიმე მსახიობს თუ იცნობდი „შუა ქალაქში“ მისვლამდე?
– არა, არც ერთს არ ვიცნობდი. ერთადერთი, რომელიც ახლოს გავიცანი ჯაბა კილაძეა, სხვა მსახიობებიდან ახლოს არც ერთთან არ ვარ.
– როგორც აღნიშნე, „შუა ქალაქის“ გადაღებები შენთვის ერთ-ერთი პირველი იყო. სხვა რა გადაღებებში გაქვს მონაწილეობა მიღებული?
– „ოცნების ქალაქში“ ეპიზოდურ როლში ვარ გადაღებული, სადაც ტანგოს ვცეკვავ.
– სპექტაკლებს რაც შეეხება?
– სპექტაკლები არა, მაგრამ, ახლახან ეტიუდების ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა მე და ჩემმა ორმა მეგობარმა – გეიშები განვასახიერეთ და გრან-პრი ავიღეთ.
– ანუ, გეიშას როლი კარგად მოირგე.
– დიახ.
– ოჯახში შენ გარდა თუ არის ვინმე მსახიობი?
– არა, მარტო მე ვარ. მიუხედავად ამისა, არავის დაუშლია ჩემთვის, ეს არჩევანი განმეხორციელებინა.
– შენს ოჯახზე რას გვეტყვი?
– ვცხოვრობ დედ-მამასთან, დასთან და დისშვილთან ერთად.
– საკუთარ თავს როგორ დაგვიხასიათებ?
– როგორიც ვარ, ყველგან ისეთი ვარ – ძალიან თავისუფალი და „გახსნილი“. სცენის გარდა არსად არ ვთამაშობ.
– „შუა ქალაქში“ ძალიან გაწონებდა თავს დათო. რეალურ ცხოვრებაში დათოსნაირ პიროვნებას თუ მიაქცევ ყურადღებას?
– არ ვიცი, თან, ასაკითაც განვსხვავდებით.
– შენ თუ ხარ შეყვარებული?
– არა.
– რაზე ოცნებობ?
– ისეთი მსახიობი გავხდე, რომელსაც ყოველთვის დააფასებენ.
– დამწყებ მსახიობებს ხშირად საოცნებო როლები აქვთ. შენ თუ გაქვს საოცნებო როლი?
– ჯულიეტა და მსგავსი როლები გასაგებია, მაგრამ, ჯერჯერობით არ მაქვს კონკრეტული საოცნებო როლი, უფრო განსხვავებული როლები მომწონს. ზოგჯერ კაცის როლის შესრულებაზეც კი ვფიქრობ.
– როგორ წარმოგიდგენია თავი მამაკაცის როლის განსახიერებისას?
– ეგ ჯერ არ ვიცი, ალბათ, კონკრეტულ სიტუაციაში უფრო შევავსებ და შევითვისებ როლს.
– რის უფლებას არ მისცემ არასდროს საკუთარ თავს?
– ამ ეტაპზე ჩემს თავს გათხოვების უფლებას არ მივცემ.
– რატომ?
– ჯერ მინდა, ჩემს პროფესიას დავუთმო დრო და ბოლომდე მასში დავიხარჯო.
– მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდი?
– არა, ამის სურვილი უცებ მომივიდა თავში. შვეიცარიაში ვსწავლობდი. რომ ჩამოვედი, უკვე უნდა ჩამებარებინა უმაღლესში, სულ სხვა პროფესიაზე ვფიქრობდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, უცებ მსახიობობა გადავწყვიტე და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ბავშვობიდან ნამდვილად არ ვყოფილვარ მსახიობობით გატაცებული.
– შვეიცარიაში რას აკეთებდი?
– შვეიცარიაში გიმნაზიაში ვსწავლობდი. მერე ჩამოვედი, აქ მეთორმეტე კლასი დავამთავრე და ჩავაბარე კიდეც.
– უცხოეთში ცხოვრება არ გაგიჭირდა?
– ძალიან ძნელი არ იყო, რადგან ჩემი უახლოესი მეგობარი ნინიც იქ ცხოვრობდა და ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით. თუმცა, თავიდან შვეიცარიასთან შეგუება ცოტა კი გამიჭირდა, რადგან ცოტა ცივი ხალხი ცხოვრობს. ზოგი საერთოდ ვერ ძლებს და უკან ბრუნდება. ყველაზე ცუდად ის მახსენდება, რომ ახალი წლის ღამეს, პირველის ნახევარზე, ყველას ეძინა. ამიტომ მეც არატრადიციულად გავატარე ახალი წლის ღამე.
– კიდევ ხომ არ გაქვს გეგმაში უცხოეთში გამგზავრება?
– თეატრალურს რომ დავამთავრებ, დიდი სურვილი მაქვს, სწავლა ჩემი პროფილით მოსკოვში განვაგრძო.
– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
– როგორც ყველა გოგოს.
– როგორია შენთვის მისაღები მამაკაცი?
– ჩემთვის მისაღები მამაკაცი ძალიან განათლებული, ჭკვიანი და მხიარული უნდა იყოს. ადამიანში უფრო სულიერებას ვაფასებ, ვიდრე გარეგნობას.
– როგორ ფიქრობ, ლიზა ტრაპაიძე იქნება წარმატებული მსახიობი?
– არ ვიცი, ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. თუ ისე გავაგრძელებ, როგორც დღემდე ვარ და ისევე დავიხარჯები, ალბათ წარმატებასაც მივაღწევ.