რამ მისცა უდიდესი სტიმული სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და რაში ეხმარება ევროპელ დიპლომატს ქართული ფესვები
რუბრიკის დღევანდელი „სტუმარია“ „საქართველოს გზის“ ლიდერი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. თავის დროზე, როცა ქალბატონი სალომე საფრანგეთის ელჩი გახლდათ საქართველოში და მისი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნით, პირველი პრეცედენტი შეიქმნა დიპლომატიის ისტორიაში. არავინ იფიქრებდა, ეს „ისტორიული“ მოვლენა დიპლომატიური სასწაულების მოწმედ თუ არ გაგვხდიდა. თუმცა, სხვათა ქვეყნების ხელისუფალთა მოხიბვლისა რა მოგახსენოთ, საკუთარ ხელისუფალთან გაუწყდა „დიპლომატიური კავშირი“ და „საქართველოს გზის“ ახალი კურსის ძიებაში შემდგომშიც არაერთხელ გაუცრუვდა იმედი. ამ ყველაფერს სხვადასხვა დროს პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალების ამონარიდებიდან შეიტყობთ.
„... საქართველოში ერთადერთი ადამიანი მეგულება, რომლის გაგზავნაც ჟენევაში შეიძლება, ეს გახლავთ სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონმა სალომემ თავის წყენა გვერდზე გადადო, ახლა სააკაშვილმაც უნდა გადადოს და პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსით გაუშვას იგი...“
პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი;
„ალია“, 11-12 სექტემბერი, 2008 წელი.
„... საქართველოში ყველანაირმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ღრმა კრიზისი გამოიწვიოს, ამიტომ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თანაც ხალხმა ნდობა გამომიცხადა. დიდ როლს თამაშობს ისიც, რომ მე საფრანგეთიდან ჩამოვედი, მარტო ქართული ფესვები კი არ მაქვს, არამედ ევროპასაც ვეკუთვნი. სჯერათ, რომ მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ უდიდესი სტიმულიც არის...“
„კვირის პალიტრა“, 3-9 იანვარი, 2005 წელი.
„... ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერი არც ადრე ვიყავი და არც დღეს ვიცავ. უნდა გამოჩნდეს, რეალურად რა მოხდა, თუმცა ეს ფორმა, ანუ დაკითხვის ტელევიზიით ჩვენება, მიუღებელია. ყველაფერი ეს იმ საბჭოთა სისტემაში გვაბრუნებს, საიდანაც, მეგონა, გამოვედით. ეს ჩემთვის ყველაზე დამთრგუნველია და ხალხში იმ აზრს ამკვიდრებს, რომ პოლიტიკა ბინძური და კონსპირაციულია. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ოპოზიციასთან გარკვეულ კავშირშია, ხელისუფლება იმწუთას ქვეყნის მტრად აცხადებს...
მოკლედ, ხელისუფლებამ და თვითონ ირაკლიმაც აუცილებლად უნდა გაგვარკვიოს, სინამდვილეში რა ხდებოდა და თუ მართლა გადატრიალება იყო, ვინ ამზადებდა? რა როლი ჰქონდა პატარკაციშვილს? ვინ ვის უღალატა – ირაკლიმ ბადრის თუ პირიქით?.. ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან ახლად გაერთიანებული ოპოზიციის დაშლის მცდელობად აღიქმება, თუმცა ეს საკმაოდ უნიჭო მცდელობაა. სხვათა შორის, ჩვენს გაერთიანებაში არშექმნილი პარტიის წევრებზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა. ჭორები ვრცელდება, თითქოს დაჭერების ახალი ტალღა იწყება... ხელისუფლების არასწორი გათვლა ისაა, რომ ამან ჩვენზე არ იმოქმედა. ჩვენ ისევ ერთად ვართ და არც გეზს ვიცვლით. ეს გეზი კი არჩევნებია და პრიმიტიული ქმედებით ნაჩქარევი ნაბიჯებისკენ ვერავინ გვიბიძგებს, ოღონდ ორ ნოემბერს ამ გამოსვლას უფრო მასშტაბურ სახეს მივცემთ...
ქუჩაში გამოსვლის ერთადერთი მოტივი კონსტიტუციის ფარგლებში თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა და ხელისუფლების ბრალდებები, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს თითქოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს, სასაცილოა! ჩვენ აღარ გვინდა გადატრიალება, აღარ გვინდა რევოლუცია, გვინდა თავისუფალი არჩევნები და ამ ხელისუფლების შეცვლა, – ეს არის ხალხის დაკვეთა და ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ“...
„ვერსია“, 10-11 ოქტომბერი, 2007 წელი.
„... ლონდონში შევხვდი ბადრი პატარკაციშვილს და მხოლოდ იმიტომ, რომ გავიგე, კანდიდატობას აპირებდა და მისი მოსაზრებები მაინტერესებდა. რაც შეეხება დაფინანსებას, სიმართლე გითხრათ, მიტინგებზე არც ჩანდა, რომ ბადრი აქციებს აფინანსებდა. ყველამ ვნახეთ, რა დღეში იყვნენ მომიტინგეები...
ხელისუფლების მხრიდან ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა უშედეგოა. მათ იციან, რომ ჩემი პერსონალური რეიტინგი ძალიან მაღალია, რის გამოც ჩემი პერსონის კიდევ უფრო წინ წამოწევაზე ბუნებრივად აქვთ რეაქცია, რაც ძალიან კარგია“...
„ვერსია“, 7-9 დეკემბერი, 2007 წელი.
„... შესაძლოა, ისეთი ვითარება შეიქმნას, ევროპის როლი მართლაც საჭირო გახდეს, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა. ეს ჩვენი გეგმების ის ნაწილია, რომელიც არ უნდა გამჟღავნდეს. გეგმის მეორე ნაწილი უკვე ეხება იმას, დასავლეთს მერე რა მოვთხოვოთ. სააკაშვილის გადადგომის შემდეგ მომავალი 45 დღე როგორი უნდა იყოს, ამაზეც სერიოზულად ვმუშაობთ. მთავარია, ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდებოდეს. დანარჩენი უკვე ტაქტიკაა, რომლის შესახებაც არაფერს ვიტყვი. რატომ უნდა ვუთხრა მერაბიშვილს, რა ადგილას დავდგები, სად წავალ და რას გავაკეთებ? ამჟამად ჩამოყალიბების პროცესი მიდის. ვარიაციები უსასრულო არ არის, რაღაც მოსაზრებები ყველას გვაქვს, მაგრამ ამის საბოლოო ფორმაცია ახლა არ მოხდება, რადგან ჩვენ პოლიციურ რეჟიმში ვიმყოფებით და ეს ყველას უნდა გვქონდეს გათვალისწინებული...
პოლიტოლოგი გახლავართ და ბევრი სხვა ქვეყნის მოვლენა მინახავს, ახლა ამ ხელისუფლების ქმედებებშიც ვხედავ წარმავალი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ესეც პოლიტიკური კანონია – სადაც არსებობს ხალხის გამოკვეთილი ნება, მის წინააღმდეგ ვერავინ დადგება. აქ უკვე შემოდის ეგრეთ წოდებული დახამხამების პრინციპი. ანუ ორი ძალა ერთმანეთს ფსიქოლოგიურად ეტაკება, ხდება ორი ნების შეჯახება და ის, ვინც პირველი უკან დაიხევს, დამარცხებულია. იქ, სადაც ერთ მხარეს მოსახლეობა დადგება და მეორე მხარეს შესუსტებული, ფსიქოლოგიურად შერყეული პრეზიდენტი, ამ ბრძოლის შედეგში ეჭვი აღარ მეპარება...
ყველას ვურჩევ, დავწყნარდეთ და ვიძლევი პირობას, რომ საარჩევნო კამპანია დაუნდობელი იქნება. მაშინ გამოჩნდება, ვინ ვისთან არის. არ არის საჭირო, ეს პროცესი დღეს დაიწყოს და მერაბიშვილმა თვალოს, ვინ ვისთან ჯგუფდება. დარწმუნებული ვარ, ახალი კანდიდატებიც გამოიკვეთება. შესაძლოა, ესენი ბიზნესიდან მოსული პირები იყვნენ ან თუნდაც, უცხოეთიდან დაბრუნებული ადამიანები... ოქრუაშვილიც დაბრუნდება და ერთ-ერთი მოთამაშე ისიც იქნება...
მაგრამ ევროპაში ყოფნისას შევხვდი და ვიცი, რომ 9 აპრილისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება. როგორ ჩამოვა, როდის და რა ფორმით, არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე, თუმცა ოქრუაშვილი რომ იქნება ამ პოლიტიკური პროცესების მონაწილე, თანაც პოზიტიური, ცხადია“...
„ვერსია“, 13-15 მარტი, 2009 წელი.
„... ის ყველაფერი, რაც ხდება, ვგულისხმობ სხვადასხვა ტაქტიკურ სვლებს, მოსაზრებებს, არის მისაღები. ეს არის ნაწილი ჩვენი ორგანიზაციის. ეს არსებობდა 9 აპრილამდე, მიუხედავად ამისა, 9 აპრილი შედგა. ეს არსებობდა 9 მაისამდე და 9 მაისი შედგა. ყველა მოვიდა. ეს იარსებებს მომავალშიც, რადგან პროტესტი არსებობს. პროტესტი არსებობს საზოგადოებაში. ძალიან მასშტაბური პროტესტია ხალხში, რომელიც არ არის დამოკიდებული ოპოზიციური პარტიების რაღაც ხელოვნურ ერთიანობაზე...
მე მზად ვარ ყველაფრისთვის, არა მხოლოდ ქუჩაში დგომისთვის, მაგრამ ამავდროულად მზად ვარ, ბოლომდე ვიდგე. ყველაფრისთვის ვარ მზად, თუ არის ამ ქვეყნისთვის გამოსავალი. ხომ იცით, რომ მე არ მაინტერესებს არც პრეზიდენტობა, არც პარლამენტარობა, რომელიც ჩემთვის კანონით არის აკრძალული. არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს. მე მინდა, რომ ქვეყანა გადარჩეს...“
„ახალი თაობა“, 7-13 ივნისი, 2009 წელი.
„... ვარ და ვიქნები ოპოზიციაში. არ შემიცვლია პოლიტიკური მრწამსი, არ შემიცვლია მთავარი ობიექტი, რომ დღეს თუ გვინდა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ, უნდა შედგეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის ბრძოლას ვაგრძელებ“...
„ახალი თაობა“, 16 ივნისი, 2009 წელი.
„... მე ვადასტურებ, რომ კახა თარგამაძესაც შევხვდები, ნოღაიდელსაც შევხვდი და შევხვდები ოქრუაშვილსაც და ყველა ადამიანს შევხვდები, ვინც ინფორმაციას მომაწვდის, რომელიც დაგვეხმარება სისხლიანი რეჟიმისგან გათავისუფლებაში“...
„ახალი თაობა“, 17 ივნისი, 2009 წელი.
„... მე ვიყავი 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი და მივედი ნოღაიდელთან. ეს, ალბათ, თქვენც გახსოვთ. მაშინ ნოღაიდელმა გამოუცხადა დანარჩენ ოპოზიციას: მე თქვენთან რამე საქმე არ მაქვს, მე ჩემი გზა მაქვს და იმ გზით მივდივარო. ნოღაიდელმა არ მოაწერა ხელი 9 აპრილის მემორანდუმს. მაშინ ნოღაიდელი მოსკოვში ჯერ კიდევ არ იყო ნამყოფი და მოიაზრებოდა ოპოზიციის შესაძლო ნაწილად. შემდეგ, როგორც კი ჩავიდა ნოღაიდელი მოსკოვში, ის უკვე მიუღებელი გახდა ოპოზიციისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც ნოღაიდელთან მიდიან მოლაპარაკებაზე ან მასთან გაერთიანებაზე საუბრობენ, ის შემოჰყავთ ოპოზიციაში. ოპოზიციამ იცის, ვის ებრძვის, ის ებრძვის ურჩხულს, მაგრამ თუ არჩევნებზე უარს ვიტყვით, ეს დამარცხების ტოლფასია. მე რომ არჩევნებზე უარი ვთქვა და წავიდე აჯანყების გზით, ეს მიშას გზაა. მე ვრჩები 9 აპრილის გზაზე – ეს არ არის აჯანყების გზა, რადგან ის დაანგრევს ქვეყანას, არც გარიგების გზით წავალთ. რა თქმა უნდა, ეს გზა ბრძოლაა და ძალიან რთულია. თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ გზაზე ვივლით ბრძოლის გარეშე და რამეს მივაღწევთ, ძალიან ვცდებით“.
„რეზონანსი“, 5 მარტი, 2010 წელი.
„... ფაქტია, რომ, შედეგებიდან გამომდინარე, სააკაშვილი ემსახურება რუსეთის გეგმებს, ასევე, ნოღაიდელი ასრულებს მიხეილ სააკაშვილის გეგმებს. ნოღაიდელი ემსახურება ხელისუფლების გეგმებს და ასრულებს მათ ოცნებას, თუ ადრე რუსეთის აგენტობას აბრალებდნენ ოპოზიციის რამდენიმე პოლიტიკოსს, ეს იყო ბრალდება და დღეს რასაც ნოღაიდელი აკეთებს, ეს არის ფაქტი, რომელსაც არათუ უარყოფს ნოღაიდელი, პირიქით, მიდის და საჯაროდ ხელს აწერს რუსეთთან თანამშრომლობაზე...
დღემდე არ ვიცი, სხვა რეალური კანდიდატი, ალასანიას გარდა, ამიტომ, რატომ იყო საჭირო პრაიმერზე გაუთავებელი ხმაური, როცა სხვა რეალური კანდიდატი არ არის? ყველამ ვიცით, რომ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური არიან ვაჭრობის კანდიდატები, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ...
ისინი ხმების რაოდენობას აიღებენ და მერე მოხსნიან კანდიდატურას რაღაცის სანაცვლოდ. მე პოლიტიკის სხვა ფორმა ვიცი. ჯერ უნდა წახვიდე ბრძოლაში და მერე უნდა მიიჩნიო, რომ რაღაც როლი გექნება ერთიან ბრძოლაში. ჩემი აზრით, ეს იყო არასწორი პოლიტიკური თამაში და კიდევ უფრო არასწორია ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური თამაში, რომელიც არ აცხადებდა, რომ ის იყო კანდიდატი...
ამ დროს ყველამ ვიცოდით, რომ სინამდვილეში მიდიოდა კონსულტაციები, ვაჭრობა და ლევანის ერთ-ერთი სტრატეგია ამ გეგმაში იყო ის, რომ მედიატორად ჩართვის შემდეგ მას მოსთხოვდნენ, – სხვა კანდიდატი არ არის და ეს კანდიდატი, ლევან, შენ უნდა იყოო. ეს არის პოლიტიკური თამაში....
მე არ ვიყავი მომხრე ფორმულის: „ყველა მინუს ერთი“, მაგრამ ახლა ვაცხადებ, რომ ნოღაიდელს თუ არ გაემიჯნებიან და არ გამოაცხადებენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ნოღაიდელთან, ჩემი აზრით, შეუძლებელია, ირაკლი ალასანიას ან ლევან გაჩეჩილაძის მხარდაჭერა. ალასანიას აქვს კიდევ დრო, რომ დაფიქრდეს, წარმოაჩინოს თავისი თავი, როგორც ერთი კანდიდატი და აღარ ეძებოს სხვაგან საკუთარი თავის გამაგრება... ეს არ არის ლიდერის პოზიცია, ლიდერმა უნდა თქვას, რომ ის არის კანდიდატი და მოუწოდოს ხალხს, მას გაჰყვეს...
მე მიმაჩნია, რომ ლევან გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება, იყოს მერობის კანდიდატი.
ლევან გაჩეჩილაძეს ბევრი შეცდომა თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, თუნდაც, ის, რომ ღამით პრეზიდენტთან მივიდა მოლაპარაკებაზე... ამ და სხვა მიზეზების გამო ხალხმა დაკარგა იმედი ოპოზიციის მიმართ... და რაც მთავარია, ლევან გაჩეჩილაძემ საჭიროდ არ მიიჩნია ამ ყველაფერზე პასუხი გაეცა და ხალხისთვის აეხსნა, თუ რა მოხდა. არასოდეს უთქვამს, მიშა სააკაშვილს ღამე რომ შეხვდა, რაზე იყო დეტალურად საუბარი. ისე იქცევა, ვითომ მას უფლება აქვს, მივიდეს სააკაშვილთან, რაზეც უნდა, იმაზე ილაპარაკოს და ამის შემდეგ ხალხს მაინც უნდა ჰქონდეს მისი ნდობა. ეს ნდობა გაჩეჩილაძემ დაკარგა, ნდობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული. ხალხმა იმ დროს ლევანი კი არ აირჩია, არამედ საპარლამენტო მოდელი. ეს იყო ჩვენი ლოზუნგი. ასე შემიძლია, მეც ვთქვა, რომ ხალხმა მეც ამირჩია, იმიტომ, რომ ამ ტანდემში პრემიერობის კანდიდატი ვიყავი...
ეს ნიშნავს, რომ ეს პრორუსული მიმართულება მას არ აწუხებს, ეს არის ძალიან სერიოზული... ნოღაიდელთან ერთად ქართულ პოლიტიკაში შემოდის ძალიან ცუდი ტენდენცია, ცუდი ფრაზები, რომ ფეხებს, ხელებს დაგამტვრევ და არჩევნების გაყალბებას მოჰყვება ჭექა-ქუხილი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მოსკოვთან და ხელისუფლების პრეტენზია, რომ ოპოზიცია რევოლუციას მოაწყობს, რაც აქამდე რეალობას იყო მოკლებული, ეს ყველაფერი დღეს შეკრულია ლევან გაჩეჩილაძის ხელით. ხვალ მე, რომელიც მართლა მივდივარ არჩევნებზე და მიმაჩნია, რომ არჩევნებში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ამის უფლება ამათ წამართვეს, უფრო სწორად, გამირთულეს თავისი განცხადებებით... კიდევ ერთხელ ვამბობ: მე არ ვიყავი მომხრე ამ პროცესებში ნოღაიდელის შემოყვანისა, მაგრამ რადგან ეს მოხდა, ახლა ოპოზიციაში უნდა დამთავრდეს აჯაფსანდალი...
ცხადია, არ მჯერა, რომ ეს არჩევნები არ გაყალბდება, თუმცა არც გამოცხადებული აჯანყების მომხრე ვარ. დროა, ხალხმა მიიღოს ის, რასაც ამდენი ხანია, ელოდება, კერძოდ, ოპოზიცია უნდა დაემსგავსოს რაღაცას, რომელიც არ იგინება, არ იფურთხება და რომელიც აჩვენებს, თუ როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო. ეს ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვინ მოვა მერად ხვალ.“
„ქრონიკა“, 1-7 მარტი, 2010 წელი.