პოლიტიკური კალეიდოსკოპი
კიმ ჩენ ირი ოპერას დაუბრუნდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის პირადი ბრძანებით, ფხენიანის ოპერის თეატრში, მიხაილ გლინკას ოპერის – „ივან სუსანინის“ დადგმისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებმა ფხენიანის კონსერვატორიის პროფესორ პაკ ჩონ ნამისგან გაიგეს. პროფესორის თქმით, კიმ ჩენ ირი მოიხიბლა ოპერის პატრიოტული სულით, რომელიც ახლოს დგას ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობასთან. იგი აქტიურად არის ჩართული ოპერის მომზადებაში. მისი განკარგულებით, პრემიერა 2011 წელს უნდა შედგეს. აღსანიშნავია, რომ პირველად არ ხდება, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსული საოპერო ხელოვნებით დაინტერესდა – 2009 წელს ფხენიანში ოპერა „ევგენი ონეგინის“ პრემიერა შედგა.
პორნოგრაფიით გატაცებამ ოპოზიციის ლიდერს გადადგომა აიძულა
თურქეთში ინტერნეტში გამოქვეყნებულ პორნოგრაფიულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიტიკური სკანდალი აგორდა: ქვეყნის წამყვანი ოპოზიციური პარტიის – „სახალხო რესპუბლიკელების” ლიდერმა, 71 წლის დენიზ ბაიკალიმ, პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში გაჟონა ვიდეომ, სადაც ის სექსით იყო დაკავებული ქალთან, რომელიც საეჭვოდ ჰგავდა მის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად პარლამენტის წევრს, ნესრინ ბაიტოკს. თურქი ჟურნალისტების აზრით, ამ ვიდეომ სერიოზული დარტყმა მიაყენა თურქული ოპოზიციის რეიტინგს. ბაიკალიმ ყველაფერში პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ბაიკალიც და ბაიტოკიც კანონიერ ქორწინებაში ცხოვრობენ მეუღლეებთან ერთად.
ლიბიის ლიდერი ევროკავშირისგან 5 მილიარდ დოლარს ითხოვს
ყოველწლიურად
ლიბიის 67 წლის ლიდერმა, მუამარ ყადაფმა, „შპიგელთან“ მიცემულ ინტერვიუში დადებითად დაახასიათა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მისი პოლიტიკური კურსი მოიწონა. „ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა, მე ვიტყოდი, ის კაცი უფრო არის, ვიდრე ქალი,“ – განაცხადა ყადაფიმ და დაამატა, რომ პირადად მერკელს არასდროს შეხვედრია. გარდა ამისა, ყადაფმა ევროკავშირისგან ლიბიისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი დოლარის გადმოცემა მოითხოვა, რათა აფრიკიდან ევროპაში მიმავალმა არალეგალებმა ვერ მოახერხონ ლიბიის სანაპიროდან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა. ამასთან, ყადაფმა ირანის ლიდერი მაჰმუდ აჰმადინეჯადიც ახსენა და დასძინა, რომ იგი პრაგმატული და გაწონასწორებული პოლიტიკოსია და არ არის საჭირო მის მიერ ისრაელის ბირთვული იარაღით განადგურებასთან დაკავშირებული მუქარების პირდაპირ გაგება, რადგან ამ პრობლემის მოგვარების სხვა გზებიც არსებობს, მაგალითად, ისრაელის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს შექმნა.
ირანის პრეზიდენტმა ბინ ლადენი ვაშინგტონში იპოვა
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა, უარყო პრესაში გავრცელებული ვერსია, რომ „ტერორისტი ¹1“ და „ალ-ქაიდას“ ლიდერი, უსამა ბინ ლადენი, თეირანში იმალება. ირანელმა ლიდერმა არ დააკონკრეტა, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, თუმცა, დასძინა, რომ მან ყველაფერი იცის, რაც ვაშინგტონში ხდება. „იგი დიდი ხანია იქ არის, რადგან, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში, თბილი და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებდა თეთრი სახლის მაშინდელ ბინადართან, რომელთანაც ნავთობის ბიზნესის ინტერესები აკავშირებდა,“ – დასძინა ბინ ლადენმა და დაამატა, რომ თეირანს არაფერი საერთო არ აქვს ტერორისტებთან.
უგო ჩავესი ბლოგის გახსნას ფიდელ კასტროს მოუწოდებს
ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის მიკრობლოგმა ქვეყნის რეკორდი მოხსნა მკითხველების რაოდენობის მხრივ – 2010 წლის 10 მაისისთვის ბლოგის მკითხველთა საერთო რაოდენობამ 237 ათასი ადამიანი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ჩავესმა წინა რეკორდსმენს, ტელეარხ „გლობოვიჟიონის“ ბლოგს, 10 ათასით აჯობა. პრეზიდენტის მიკრობლოგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2010 წლის აპრილში გაიხსნა და პირველივე დღეს მისი მკითხველების რაოდენობამ 56 ათასი ადამიანი შეადგინა. ჩავესი თიკუნით – chavezcandanga-თი არის დარეგისტრირებული და მას 200 სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი ეხმარება შემოსული წერილებისთვის პასუხის გასაცემად. დღევანდელი მონაცემებით, უგო ჩავესის ბლოგის სტუმრების რიცხვი ყოველდღიურად 20 ათასი ადამიანით იზრდება. აღსანიშნავია, რომ ბლოგების გახსნა „ტვიტერზე“ ჩავესმა თავის იდეურ თანამებრძოლებს – ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესსა და კუბის გადამდგარ ლიდერს ფიდელ კასტროსაც მოუწოდა.