მონდომებულები
„აქედან ვერ წაშლი“
რაკი რეფორმა ხალხის საკუთრებაა და მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ ხდება, გასულ კვირას თბილისის 117-ე საჯარო სკოლაში სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟდა (შესაძლოა, სხვაგანაც დამონტაჟდა, მაგრამ ამისთვის ტელესიუჟეტი არ მიუძღვნიათ). რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეს სათვალთვალო კამერები სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია ხსენებული საჯარო სკოლისთვის. როგორც მფლობელმა განმარტა, ჩვენც გვინდა, წვლილი შევიტანოთ საყოველთაო განათლებაშიო. რთული სათქმელია, გულწრფელად უნდა თუ მოანდომეს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ სათვალთვალო კამერები გვაქვს და, აწი, ბუნებრივია, რეფორმის განხორციელებას წინ ვეღარაფერი დაუდგება. მეორე მხრივ, ორიოდე კვირის წინათ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლას, სადაც ჯერჯერობით სათვალთვალო კამერები არ არის, ახალი ქართველი განმანათლებლები, ანუ განათლების სამინისტროს მესვეურები ესტუმრნენ, რათა საკუთარი ორთავ თვალით ენახათ, თუ რა ბეჯითად ეწაფება ცოდნას მომავალი საქართველოს მომავალი თაობა. ჰოდა, სპეციალურად საპატიო სტუმრობისთვის სასტუმრო კლასში (იმ ერთადერთ საკლასო ოთახში, რომელიც ახლახან გარემონტდა „ალუმნაის“ ფარგლებში, ანუ იმ სკოლადამთავრებული ჩინოვნიკის მიერ) მასწავლებლისთვის ახალი მაგიდა შეიტანეს (ძველს თავი ჰქონდა მორყეული და ხელის უხერხული მოძრაობისთანავე თავში მოგხვდებოდა), კედლებზე პლაკატები გააკრეს, ხოლო, რადგან დასწრება, მაინცდამაინც, სასურველი რაოდენობის არ იყო, პარალელური კლასებიდან მოსწავლეებიც დაამატეს. განმანათლებლებს ტელეკამერებიც მიჰყვნენ, სასწავლო პროცესის დინამიკაში გასაშუქებლად. რადგან სკოლის პედკოლექტივს საბჭოთა წრთობა გავლილი ჰქონდა, ვერც განმანათლებლებმა და ვერც ჟურნალისტებმა „ხალტურისა“ ვერაფერი შენიშნეს. სტუმრების წასვლის შემდეგ, ბუნებრივია, მაგიდაც გაიტანეს, პლაკატებიც ჩამოხსნეს და მოსწავლეებიც გარემონტებულიდან თავ-თავიანთ მინგრეულ-მონგრეულ საკლასო ოთახებში დააბრუნეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი შემთხვევები გამორეფორმირებული ქართული სკოლისთვის ნორმაა და არა გამონაკლისი, პირადად მე ფრიად მივესალმები სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას: იქნებ ამან მაინც ათქმევინოთ უარი საბჭოთა სკოლის მართვის ტრადიციაზე; თუმცა, ისიცაა, სათვალთვალო კამერა მათია და, როცა მოუნდებათ, მაშინ გათიშავენ.