კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მზად ამერიკა, პირდაპირი ურთიერთობა დაამყაროს აფხაზეთთან და რატომ დათმო დასავლეთმა რუსეთის გარშემო დემოკრატიული სარტყლის შექმნის იდეა


შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის გავლენის სფეროების ახლებური გადანაწილების პროცესი დაიწყო. დავა კვლავაც ძველი მიმართულებებით გრძელდება: ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ეგრეთ წოდებულ „სანიტარულ კორდონში“ შემავალი ქვეყნებია, მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასია. ამ „კორდონის“ ხერხემალი – უკრაინა – უკვე რუსულ ორბიტაზეა, რაც გზას უხსნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ, საქართველო კი სრულიად მარტო დარჩა ნატოს ღია კართან. მსოფლიო გადანაწილების ახალ, ანუ კარგად დავიწყებულ ძველ პრინციპებზე „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი გვესაუბრება.


– უკრაინის საგარეო კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილება დააჩქარებს გადანაწილების პროცესს? ამჟამად რა სქემით მიდის ეს პროცესი – ვის რაზე აქვს პრეტენზია?

– რა თქმა უნდა, მიდის გადანაწილება და პუტინი ითხოვს იმას, რასაც მამა ბუში მალტაზე შეჰპირდა გორბაჩოვს. ზუსტად ასევე იყო იალტაში 1943 წელს: ისხდნენ სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი და ადგენდნენ, რომელი ქვეყანა ვისი იქნებოდა. სტალინს უთქვამს, ეს სქემა 50 წლის განმავლობაში იმუშავებსო და, მართლაც, იმუშავა. იგივე მოხდა მალტაზე: დასავლეთს უნდა წაეღო ყოფილი სოცბანაკის ქვეყნები, მაგრამ ბალტიის ქვეყნები არ უნდა შესულიყვნენ ნატოში, მეტიც, ნატო არ უნდა გადასულიყო აღმოსავლეთ გერმანიაშიც კი, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები კი რჩებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ. მაგრამ შემდეგ რუსეთი ისე მოიშალა, რომ დასავლეთმა იფიქრა, რატომაც არაო და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც წაეპოტინა, მათ შორის, ამ ჩვენს უკრაინასაც. მოლდოვის საკითხი მარტივადაა: თუ რუსეთი უკრაინას წაიღებს, მაშინ აზრი აქვს დნესტრისპირეთის მიერთებას და მოლდოვას რუმინეთში გაშვებას. დნესტრისპირეთი რუსეთს არ ესაზღვრება, მაგრამ, ესაზღვრება უკრაინას, ამიტომ, თუ უკრაინა რუსეთისაა, მაშინ მოლდოვა კარგავს დნესტრისპირეთს, შედის რუმინეთში და ხდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ამიტომაც მოეპოტინა დასავლეთი უკრაინას, როგორც კი რუსეთი დასუსტდა, მაგრამ, როგორც კი რუსეთმა სული მოითქვა, პირობის შესრულება მოითხოვა. თანაც, ისინი ერთმანეთს არც კი ეკამათებიან, ჩვენ გვაკამათებენ, ანუ ჩვენ უკვე ორი რამის შუაში ვართ: ამ გზას სამხედრო-ენერგეტიკული დანიშნულებაც აქვს და, მეორე, შეთანხმებისამებრ, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით რუსეთის გავლენის სფეროში. აი, ეს ხდება ახლა ჩვენ თვალწინ. ლაპარაკი იყო დემოკრატიული სარტყლის შექმნაზე რუსეთის გარშემო, რუსეთმა კი იფიქრა, ვითომ მე რატომ ვერ გავაკეთებ სარტყელსო და უკრაინით უკვე 800 კილომეტრი მოიგო რაკეტით ფრენა. თან, ბოლოს და ბოლოს, ისინი ერთი ხალხია, ჩვენი ზოგიერთი დიალექტი უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე რუსული და უკრაინული ენები. ერთი სიტყვით, ჩვენ ახლა უკვე მარტო დავრჩით. უკრაინაში იყო ხავერდოვანი გადასვლის საშუალება და მე ორი წელია, ვამბობდი, რომ უკრაინაზე სტრატეგიული ფსონის ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა მარტივი მიზეზით: უკრაინა ქვეყანაც კი არ არის. ჩვენ, შეიძლება, სახელმწიფოდ ვერ შევდექით, მაგრამ ქვეყანა ვართ: 4 სამეფოდ, 7 სამთავროდ და კიდევ საერისთავოებად დაშლილი, მაინც გურჯისტანი ვიყავით აღმოსავლეთისთვის. უკრაინაში კი ეს არ არის. მეტიც, ინგლისი დედამიწას აზანზარებდა და დღეს ამერიკის ავტონომიური რესპუბლიკაა. საფრანგეთსა და გერმანიას იმდენად აქვთ ძალა, რომ ერთმანეთს არიან ჩახუტებული და რუსეთს ეფერებიან და ჩვენ ვინ დაგვტოვებს ასე მარტო?! მე რომ ვიყავი, ის ხელისუფლება იმისთვის იბრძოდა, რომ პატარა ცივილიზაციის ნაწილი ყოფილიყო, სადაც დედამიწის ეს დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს შეხვდებოდნენ და დაელაპარაკებოდნენ, რომ ჩვენთვის დაენებებინათ თავი.

– რაც ახლა უკრაინამ შესთავაზა რუსეთსა და ამერიკას?

– დიახ, მაგრამ, ამას მაინც არ დაანებებენ უკრაინას და იქ რუსეთის ფედერაციას მოაწყობენ. ბოლოს და ბოლოს, თუ დასავლეთ უკრაინა დასავლეთისკენ გაიწევს, რუსებმა ის გარანტია მაინც შეიქმნეს, რომ აღმოსავლეთი უკრაინა, უბრალოდ რუსეთის იქნება: ის ოლქები პირდაპირ შევა რუსეთში, იმიტომ რომ, ის რუსეთია! ერთი სიტყვით, ისტორია თავიდან იწყება, ჩვენ, როგორც ყოველთვის, შუაში ვართ და ეს ამბავი ორ ათეულ წელს მაინც გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ ან უნდა გავითვალისწინოთ რეალობა და ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად, ან მე არ ვიცი, რა მოხდება. მალტაზეც ითქვა და შემდეგ კიევშიც გაიმეორა მამა ბუშმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არ იყო საჭიროო. ერთხელ სააკაშვილმა თქვა, დამთავრდა ბიზანტიური დიპლომატიის დროო და მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. ბიზანტიამ, აღმოსავლეთ რომისგან განსხვავებით, 1 000 წელს იმით გაძლო, რომ დიპლომატია ჰქონდა და ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბოლო 3 000 წელია, რამე შეიცვალა დედამიწაზე. წაიკითხეთ ეგვიპტისა და ხეთების მიერ დადებული ხელშეკრულებები. 3 500 წლის წინათ იომეს ეგვიპტელებმა და ხეთებმა, ამ ორმა იმპერიამ, ფრედ დაამთავრეს ეს ბრძოლა, თუმცა ორივემ გამოაცხადა, რომ მოიგო, ოღონდ, ორივეს ჯარმა იცოდა, რომ ვერც ერთმა ვერ მოიგო. იძულებული გახდნენ ეგვიპტელები და ხეთები და დადეს შეთანხმება, სადაც სიტყვასიტყვით წერია: ეს სოფელი – შენ, ეს – მე, ამას ვიზამ, ამას არ ვიზამ და ასე შემდეგ. ვიმეორებ, 3 500 წელია გასული მას შემდეგ და დღესაც იმდაგვარივე ხელშეკრულებები იდება. ამიტომაც, ცდება, ვისაც ჰგონია, რომ რაღაც მთავრდება. არაფერიც არ მთავრდება, იგივე ხდება, ოღონდ, მოდერნიზებულად და ჩვენ უნდა ავუბათ ამას მხარი. ცვლილებების ხანა იწყება, ბოლოს გასული საუკუნის 90-იან წლებშიც მოხდა ცვლილება, მაგრამ თვითონ შეერთებულმა შტატებმა ვერ გამოიყენა თავისი ჰეგემონობა, როგორც საჭირო იყო: ან უნდა დაემთავრებინა რუსეთი, ან მისთვის ანგარიშის გაწევა დაეწყო. 1991 წელს მითხრეს ამერიკელებმა, საბჭოთა კავშირის დაშლა არ გვინდოდა, სად გვაქვს 15 საელჩოს გახსნის თავიო. სხვა არგუმენტი მაინც მითხარით-მეთქი და მიპასუხეს, ოთხს ატომური იარაღი აქვსო. ვუთხარი, ყველანი რუსებს მისცემენ-მეთქი და ასეც მოხდა. მაგრამ, შემდეგ ჩათვალეს, რომ რუსეთი დასუსტდა და უფრო ბევრი მოინდომეს.

– მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სძინავს და, რუსეთმაც გაიღვიძა.

– თვითონ გააღვიძეს, მანამდე კი ძილიც აცალეს და ძილში გამოშუშებაც. ჰოდა, ახლა ნუ უკვირთ და, რაც მთავარია, ჩემს ხარჯზე ნუ ჭიდაობენ, პირდაპირ გვითხრან სათქმელი! 20 წელია, ნატოზეა ლაპარაკი, ვინმემ არ იცოდა, რომ არც ნატოში მიგვიღებდნენ და არც ევროკავშირში?!

– ეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა ეთქვა და დღესაც არ უნდა გვაგიჟებდეს ამ უპერსპექტივო პერსპექტივით.

– ხელისუფლება პროპაგანდას უწევდა, მაგრამ, როდესაც გვეუბნებიან, მიგიღებთ და კარი ღიააო, აქედან ხომ უნდა ეკითხა ვინმეს, როდის მიმიღებ და კარი სად არისო?! თუ მპატიჟებ და არ მეუბნები, ქორწილი სად და როდის ტარდება, ესე იგი, არ დაგიპატიჟებივარ, არა?! ან ჩვენ უნდა მივმხვდარიყავით, ან მას უნდა ეთქვა. ახლა კი გვაქვს, რაც გვაქვს – თავზე გვადგანან ჩრდილოეთიდან! იმიტომ კი არა, რომ გულს ვუკეთებ ვინმეს, მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ რთულ მდგომარეობებს ახასიათებს ერთი სპეციფიკა: ან ერთბაშად გააკეთებ გარღვევას წინ, ან უკან გადაიჩეხები და, საქმე იმაზეა, რომელს მოვახერხებთ. მაგალითად, 1917 წელს ფინეთი ერთბაშად წინ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან მარტომ იომა და წააგო, შემდეგ გერმანიის მოკავშირეობის გამოც წააგო, მაგრამ მაინც წინ წავიდა. ჩვენ კი რა ვქენით?!

– ჩვენი საზოგადოება უფრთხის ამაზე ლაპარაკს, მაგრამ ფინეთმა დაკარგა ტერიტორიის ნაწილი და დანარჩენი ფინეთი შეინარჩუნა, მართლაც ქვეყნად და სახელმწიფოდ. ფინეთის მაგალითს ხშირად იშველიებს ხელისუფლება, ოღონდ, არ ამატებს, რომ სწორედ ეს არის ფინური გზა.

– რა თქმა უნდა, ფინური გზა ეს არის. მანერჰეიმი ჰიტლერის მოკავშირე იყო, მაგრამ, გერმანია რომ პეტერბურგს მიადგა, ფინელები გაჩერდნენ და არ იომეს. ერთი ტყვიაც არ ისროლეს პეტერბურგისკენ. გერმანელებმა უთხრეს, შეტევაზე თუ არ გადადიხართ, არტილერიით მაინც დაბომბეთო, მაგრამ მანერჰეიმმა უპასუხა, მაგ ქალაქში გავიზარდე, გვარდიის ოფიცერი ვიყავი და ჩემს ქალაქს ვერ ვესვრიო. დამთავრდა ომი, წააგო გერმანიასთან ერთად ფინეთმა და, წესით, უნდა დაენგრიათ იქაურობა და მანერჰეიმი ჩამოეხრჩოთ. მიუტანეს სტალინს სია, ვინ უნდა დასჯილიყო სამხედრო დანაშაულებების გამო ყველა ქვეყნიდან და ამ სიაში მანერჰეიმი პირველი ეწერა. ამხანაგმა სტალინმა აიღო წითელი ფანქარი და გადახაზა მანერჰეიმის გვარი. ეს დოკუმენტი არსებობს! მანერჰეიმი ცოცხალიც დარჩა, მემუარებიც დაწერა. მე ვაფასებ, ფინელები აფასებენ, სტალინმა დააფასა – აი, კაცი! შემდეგ ფინელებმა თქვეს, ეკონომიკა გვექნება კაპიტალისტური, წყობა – დემოკრატიული და არ შევალთ არც ერთ ბლოკშიო. ტყითაა დაფარული მთელი ფინეთი და თავიანთი ხე-ტყის მრეწველობისთვის 50 წლის განმავლობაში საბჭოთა ხეებს ჭრიდნენ. საბჭოთა ტყით მრეწველობა გაიკეთეს, არადა, თავიანთი რომ მოეჭრათ, მაინც არაფერი დააკლდებოდა მათ ტყეებს – აი, ეს არის ფინეთი!

– ჩვენც იმას არ ვდავობთ, თუ მაინც ომი იყო, ისე მაინც გვეომა, რომ შემდეგ მტერიც და მოყვარეც ცოტა პატივისცემით მოგვქცეოდა?!

– შეგვეძლო, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ ჩვენმა ჯარმა, ყოველ შემთხვევაში, დიდმა ნაწილმა, ვაჟკაცურად იომა. რეალურ სამხედრო ნაწილებს ფეხი არ მოუცვლია, სანამ უკან დახევის ბრძანება არ მოვიდა. ისტორიაში ერთ-ერთი გმირული ბრძოლა იყო. აბა, საფრანგეთის უცხოური ლეგიონი ტყვედ რომ ჩაბარდა ვიეტნამში და გმირებად გამოაცხადეს, ის იყო ბრძოლა?! ხალხმა იცის ეს და ამიტომაცაა არმია მეორე ადგილზე ეკლესიის შემდეგ.

– თქვით, ან მკვეთრად გავალთ წინ, ან გადავიჩეხებითო…

– საერთოდ, ნელი განვითარება ჯობია, მაგრამ, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ნელი განვითარების შესაძლებლობა 2008 წლის 8 აგვისტოს დამთავრდა.

– იმას ვამბობ, რომ უკან გვითრევს რუსული სამყარო. ეს საფრთხე რეალურია?

– რეალურიც რომ იყოს, არ უნდა დავუშვათ, მაგრამ, ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს საიმისოდ, რომ ეს მოხდეს. ამიტომაც, ჩვენი, შეგნებული პატრიოტების ვალია, რომ დავირაზმოთ და ამას წინ აღვუდგეთ. შემდეგ შეუგნებელი პატრიოტებიც შემოგვიერთდებიან, გული მაინც უკარნახებთ.

– და, როგორ?

– მინიმუმ, უნდა გავერთიანდეთ ის ადამიანები, რომლებსაც ეს საფრთხე ესმის და მზად არიან, თავიანთი ქვეყნის ინტერესებისთვის დაუპირისპირდნენ ყველას ამ დედამიწაზე! ოღონდ, არა ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, რომელიც ევროპას აგინებს, რატომ უთმობს რუსეთსო. ისინი კი არ უთმობენ, არამედ ანგარიშს უწევენ. კი მაგრამ, შეერთებული შტატები არ უწევს ანგარიშს რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ ომს მოუგებს?! მაგრამ, არ უნდა, რომ, თუნდაც 1 000 კაცი დაეღუპოს, თუნდაც ერთი ქალაქი დაებომბოს და, მე რატომ მინდა ეს ამბავი რუსეთის ყურის ძირში და ერთი ციდას?! რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, დღესაც მეორე სახელმწიფოა. ოცჯერაც რომ შეამციროს სტრატეგიული შეიარაღება, მაინც ეყოფა გალაქტიკას ასაფეთქებლად. ამიტომ, კეთილი ვინებოთ და, ვისაც გვესმის, რომ ასეთი პრობლემები გვაქვს, გავერთიანდეთ, რადგან, ეს პრობლემები სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა დაიშალოს და ყურმოჭრილ ყმად უნდა შევიდეს ახალ გაერთიანებაში. ვიღაცეებმა დაასკვნეს, რომ ან იქით უნდა იყო, ან აქეთო. მე კი მგონია, რომ ნამდვილი საქართველო აქ არის და ერთად ყველას მოვიგერიებთ. შეგნებული ერთობა მართალი საქმისა და სამშობლოსთვის ღვთის შეწევნით იმარჯვებს. ზუსტად ვიცი, რომ პირადად მე ამას არ შევეგუები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აღტაცებული ვიქნები, თუ აქ ქაოსი დამყარდება. ვიმეორებ: ან ხელისუფლება შეისმენს და იმ წუთშივე მასთან ვარ, ოღონდ, იმ პირობით, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდება, ან არადა, მოგერიებას შევეცდები. მე დავდგები იქ, სადაც ჩვენი ქვეყანაა და მოგების შანსიც აქვს – თუ ვერ მოვიგებ, მართალი კაცი მაინც ვიქნები. ამას მობილიზება და გამოვლენა უნდა, ეს მალე მოხდება და ვნახავთ ჩვენ, ყველა.

– ანუ, საით, ნეიტრალიტეტისკენ?

– ეს ვაჭრობის თემაა. ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა და ამერიკამ ივაჭრეს?!

– რატომ ივაჭრებს რუსეთი ჩვენთან? უკვე ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა!

– თუ ეს ხელისუფლება საბაბს მისცემს და ვიღაც ამას დაეთანხმება, რა თქმა უნდა, ვერ ვივაჭრებთ. მე მესმის, რთული ვითარება შეიქმნა; მესმის, რომ შეგვატოვეს და დეკლარაციებსაც კი არავინ აკეთებს, მაგრამ, ვკითხოთ იმას, ვისაც შეგვატოვეს, რა უნდა. ჩვენც ვეტყვით, რისი დათმობა შეგვიძლია და რას არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში. თუ არ დაემთხვევა ჩვენი ინტერესები, ვილაპარაკებთ, თუ ვერ დაემთხვევა, ვერ შევთანხმდებით და იქნება, რაც იქნება.

– ცნობილია, რომ ტერიტორიებს აღარ დაგვითმობს.

– ვინ თქვა?!

– ამბობენ პირდაპირი ტექსტით.

– ისინიც ბევრ რაიმეს ამბობენ და ჩვენც ვამბობთ.

– ამერიკაც ამბობს, არ ვაღიარებ არასდროსო.

– მაგრამ, იმასაც ამბობენ, მათ მაინც დაკარგეს აფხაზეთი და პირდაპირი ურთიერთობა დავამყაროთო. თუ ვინმემ არ იცის, წავაკითხებ! მე შემიძლია, გითხრათ, რომ სალაპარაკო თემა არის, მეტის თქმა არ მინდა. ვფიქრობ და ამ ფიქრის საფუძველიც მაქვს, რომ ამაზე ლაპარაკი შესაძლებელია, თუ სწორად და პრინციპულად დააყენებ საკითხს. მათაც აქვთ თავიანთი ამოცანები და, რაც გინდა დაგიპყრონ, იციან, რომ ქართველები ასე არ გაჩერდებიან. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ისტორიაც ჩვენკენაა.

– მხოლოდ ისტორიაა, სამწუხაროდ, ჩვენკენ.

– ჩვენც უნდა ვივარგოთ. ისტორია და ღმერთია ჩვენკენ და კიდევ, ჩვენი ხალხის ხასიათი. არ არის ეს პატარა საქმე!


скачать dle 11.3