„დემოკრატიის“ გაკვეთილები
„ლენინ ვსეგდა ს ნამი“
მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ჯერჯერობით ჩვენს საჯარო სკოლებში განათლების დონეს რამე ეშველა (თუმცა ისიცაა, პროფესიულ განათლებას ინტენსიურად ვეწაფებით, აბა, ამდენ სასტუმროს პერსონალი ხომ სჭირდება?!), მაგრამ, სამაგიეროდ, რეფორმა გრძელდება, პრინციპით, ძაღლები ყეფენ, ქარავანი მიდისო. ჰოდა, რაკი მიდის, ამ წლის ბოლომდე სწორედ რეფორმის ფარგლებში, მოსწავლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნება. განათლების სამინისტროს მესვეურები განმარტავენ, რომ „ამ სისტემის დანგრევა მოსწავლეთა რეგისტრაციას, აღრიცხვას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ელექტრონული ჟურნალების შემოღებას შეუწყობს ხელს“-ო. მეტიც, გაელექტრონულება მშობლებსაც დაასვენებს, უკვე სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეეძლებათ, ადევნონ თვალყური შვილის სწავლის ხარისხს (ისიცაა, თუ სწავლების ხარისხი არ გაიზარდა, რა აზრი აქვს დევნებას?!). ამას გარდა, სკოლებში ვიდეოკამერებიც დამონტაჟდება, რომლებიც მოსწავლეების სკოლაში ყოფნას გააკონტროლებენ. მშობლები, თურმე, ამ სავიდეოკონტროლო ნოვაციასაც მიესალმებიან, გასაგები მიზეზით: ჩვენი შვილების უსაფრთხოება უფრო დაცული იქნებაო. მშობლებისა და ქართველი განმანათლებლების ამ ერთსულოვნების მიუხედავად, ვიდეოკონტროლისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ფსიქოლოგთა ნაწილს მიაჩნია, რომ „ვიდეოთვალთვალი მომავალ თაობას სავალალო შედეგამდე მიიყვანს“. სახელდობრ, „ნაცვლად დისციპლინის ამაღლებისა, ახალგაზრდებში ქცევის მოშლასა და აგრესიას მივიღებთ“. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა განმანათლებლებმა ფსიქოლოგთა შენიშვნა გაითვალისწინონ, რადგან რეფორმის (და არც განათლების რეფორმაა გამონაკლისი) დევიზია: „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“. მეორე მხრივ, ძალიანაც მართებულად მოიქცევიან, რადგან, ქართული დემოკრატიის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც უფრო ადრეულ ასაკში შეეჩვევა ჩვენი მომავალი თაობა, რომ უსმენენ და უთვალთვალებენ, მით უფრო გაუადვილდება რეალობასთან შეგუება. ანუ, ეს უკვე იყო.
„– რატომ ამზადებდნენ საბჭოთა კავშირში მხოლოდ ორ და სამადგილიან საძინებლებს?
– იმიტომ რომ „ლენინ ვსეგდა სნამი.“
ვფიქრობ, ძველი თაობა არ საჭიროებს განმარტებას, რომ „ლენინი“ მხოლოდ პირობითი სახელია და ვიდეოთვალთვალის შემდეგ ეს განმარტება ახალი თაობისთვისაც ზედმეტი გახდება!