ხილნაჭამები
გასახსნელი კიდევ ბევრია
ოპონენტები ქილიკობდნენ, პრეზიდენტი დაგვეკარგაო, თუმცა მათი გულის გასახეთქად, აშშ-ში სამკვირიანი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი სამშობლოშიც დაბრუნდა და ის ოპონენტებიც კი დატოვა პირში ჩალაგამოვლებულები, რომლებიც, გამჭვირვალეობაზე დაყრდნობით, ითხოვენ, ჯერ ერთი, გაგვაგებინეთ, რას ვიზიტობდა ამდენი ხნის განმავლობაში და, მეორეც, რა თანხა დაიხარჯა ამ გახანგრძლივებულ ვიზიტობაშიო (ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ქართული დემოკრატია ასეთ გამჭვირვალებას არ ცნობს და მისი დევიზია: „შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობ“). მეტიც, ჩამოვიდა თუ არა, ქუთაისში ახალი დაწესებულებაც გახსნა და მაისურიც მოირგო თბილისის აღმშენებლობასავით ძველი ლოზუნგით: „მე მიყვარს ქუთაისი“. თუმცა, მალევე დაგვტოვა (როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურმა გვაუწყა, რომის პაპთან ოფიციალური ვიზიტის მიზეზით) და, ვიდრე ოპონენტები ქილიკს მოასწრებდნენ და თეთრ-თეთრ დაითვლიდნენ დანახარჯებს, პრეზიდენტი დაბრუნდა და კვლავაც გახსნა, ამჯერად საცურაო კომპლექსი (თანაც წყალბურთელის ქუდიც მოირგო), – აუზიც ავაშენეთ, წყალიც ჩაგისხით და, აბა, თქვენ იცით, თავები არ დაიხეთქოთო. მაგალითად, კულტურის მინისტრმა ისიც კი ბრძანა, ამ საცურაო აუზის ბადალი არათუ მთელ საქართველოში, სრულიად ამიერკავკასიაშიც არ არისო (აბა, ბენდუქიძისად წოდებული აუზი, სადაც ქართული პოლიტ და შოუბომონდი ჭყუმპალაობს?!). პრეზიდენტს არც განათლების რეფორმა დავიწყებია. მოგეხსენებათ, გამორეფორმირებულობის ეგიდით, საჯარო სკოლების სასადილოების თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა იგეგმება. თუმცა რაღა იგეგმება, გეგმებს ხორციც შეესხა და 55-ე სკოლას ახლა უკვე მოდერნიზებული სასადილო აქვს, სადაც მოსწავლეები ჯანსაღ საკვებს შეიძენენ. ანგარიშსწორება კი ელექტრონული ბარათებით მოხდება („ტაოპრივატბანკმა“ უსასყიდლოდ გადასცაო, გადასცემდა, აბა, რას იზამდა, რეკლამირების ეს ხერხი „კოკა-კოკალასავით“ ძველია). მოკლედ, სკოლის ახალი, უფრო ზუსტად, გარემონტებული სასადილო პრეზიდენტმა და განათლების მინისტრმა გახსნეს. ჯერჯერობით, სასადილოები მხოლოდ ორ სკოლაში გარემონტდა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ თბილისში ასზე მეტი სკოლაა, პრეზიდენტსა და განათლების მინისტრს საქმე თავზე საყრელად აქვთ, ესე იგი, თავის მოსაფხანი დრო არ დარჩებათ, რადგან გასახსნელი კიდევ ბევრია!