„ნათელი ინდიკატორი“
უპატრონო მამისონს დაპატრონებული ეშმაკები
გასულ კვირას „მემარჯვენე“ საგანელიძემ კვლავ დაარისხა განგაშის ზარები, რომ ოკუპანტებმა მამისონის უღელტეხილი გადმოლახეს და იქ, სადაც ქართველი მესაზღვრეები უნდა იდგნენ, თურმე, რუსები და ოსები დგანან. თუ გავიხსენებთ, რომ რფ-ის სასაზღვრო თუ არასასაზღვრო შეიარაღებულ ნაწილებს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე ყველა სტრატეგიული პუნქტი მიზანში აქვთ ამოღებული და ფრიად ბუნდოვანი დარჩა, რატომ და ვინ ააფეთქა მამისონთან ნიკოლოზისად წოდებული ხიდი, ბ-ნი საგანელიძის მიერ განგაშის ზარების დარისხებას ლოგიკა, უდავოდ, აქვს, ოღონდ, ამ ლოგიკას ვერ ხედავს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სახელდობრ, ბ-ნი გივი თარგამაძის განმარტებით: მამისონი პოლიტიკური სპეკულაციის თემაა და საზღვრის ამ მონაკვეთზე განსაკუთრებული არაფერი ხდება (თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი თარგამაძე ზუსტად ასეთივე პათოსით ამტკიცებდა, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავს და მითი რფ-ს არმიის უძლეველობის შესახებ გადაჭარბებულიაო, შესაძლოა, „არაფერი“ რეალურად მეტად პირობითი შეფასებაც იყოს). ხოლო იმის დასტურად, რომ „არაფერი ხდება“, ბ-ნი თარგამაძე (გივი) დასძენს: „მამისონთან მიმართებაში ყველაზე ნათელი ინდიკატორი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ამჟამად მშვიდად გრძნობს თავს… მერწმუნეთ, მამისონზე გადაცდომებს რომ ჰქონდეს ადგილი, ადგილობრივი მოსახლეობა სერიოზულად იქნებოდა შეშფოთებული“-ო. მეორე მხრივ, ისიცაა, რომ ჩვენ არაფერი ვუწყით ადგილობრივი მოსახლეობის მამისონით შეშფოთება-კმაყოფილებაზე (მეტიც, არც იმაზე, რა მდგომარეობაშია ონში მომხდარი მიწისძვრით დაზიანებული სახლები, ან კი საიდან გვეცოდინება, როდესაც ბათუმში გრანდიოზული ვარსკვლავთცვენისთვის ვემზადებით?!).
ბ-ნი საგანელიძის შეშფოთებას არც რეინტეგრაციის მინისტრი ბ-ნი იაკობაშვილი იზიარებს. კერძოდ, ეს უკანასკნელი ბრძანებს, მამისონზე ახლა თოვლიაო და ასკვნის, რუსები სპეცტექნიკით ხომ არ ავიდოდნენ ან ალპინისტები ხომ არ არიანო (თუკი ჩვენ გვყავს კანონების მქმნელი ალპინისტი, ვითომ რუსები რატომ ვერ შეუთავსებდნენ მესაზღვრეობას ალპინიზმს?!). ერთი სიტყვით, ბ-ნი იაკობაშვილი საქმის არსში გარკვევას თოვლის დნობის შემდეგ დაგვპირდა. აი, თოვლი რომ დადნეს და აღმოჩნდეს, რომ უპატრონო მამისონს უკვე ეშმაკები დაჰპატრონებიან, ვის მოვკითხოთ პასუხი?!