მწვანე კუთხე
კითხვა: სუკულენტს ღეროები უყვითლდება და უკვე ცვენაც დაეწყო. ზომიერად ვრწყავ და სინათლეც ნორმალურად აქვს. ახლა ყვავილობის პროცესშია. გთხოვთ, მირჩიოთ როგორ მოვუარო?
პასუხი: ამ მცენარეს არ უყვარს ბევრი წყალი, რადგან ის შედის კაქტუსების ოჯახში. მცენარე ირწყვება ორ კვირაში ერთხელ და მისი კვება მინერალური სასუქებით დასაშვებია თვეში ერთხელ. ფოთლების ცვენა გამოწვეულია უშუქობისა და უჟანგბადობის ან არასწორი მორწყვის გამო. ამიტომ, გაიტანეთ ზაფხულში გარეთ დღეში ორი-სამი საათით.
კითხვა: გაზაფხულზე რა სიხშირით უნდა მოვრწყა ბარაქის ხე?
პასუხი: ბარაქის ხე გაზაფხულზე ირწყვება კვირაში ორჯერ. მას ხშირი მორწყვა არ უყვარს და ეცადეთ, ბევრი წყლით ამ მცენარის ლპობა არ გამოიწვიოთ. ზაფხულში მცენარეს ნიადაგი რეგულარულად გაუნოყიერეთ. ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს. მისთვის კარგი განათება აუცილებელია, განსაკუთრებით – ზამთარში. არგებს რამდენიმე საათით მზეზე ყოფნაც. კარგად გრძნობს თავს 18-24 გრადუსზე. ზამთარში, როცა სინათლე ნაკლებია, სიგრილეში ამყოფეთ, ფოთლები რომ არ დაუწვრილდეს.
კითხვა: სად შეიძლება მონსტერას დადგმა?
პასუხი: მონსტერა უნდა იდგას დასავლეთის მხარეს და უნდა ხვდებოდეს კარგი სინათლე, თუმცა, მწველ მზეზე ცუდად რეაგირებს. ამიტომ ეცადეთ, მზის მწველი სხივები თავიდან აარიდოთ. მისთვის კარგია მინერალური კვება და თავს კარგად გრძნობს ოთახის ტემპერატურაზე. კარგია, თუ დიდ სააბაზანოში მოათავსებთ. გაზაფხულზე შეგიძლიათ, უშიშრად გადაჭრათ, რათა ძალიან დიდი ზომის არ გაიზარდოს. გადაჭრის შედეგად მას მალე გვერდითი ყლორტებიც ამოუვა.
კითხვა: როგორ მოვუარო ზეთისხილს და ზაფხულში რა სიხშირით შეიძლება მისი მორწყვა?
პასუხი: თუ ზეთისხილი ეზოში გიდგათ, მორწყვა კვირაში ერთხელ სჭირდება, ოთახის პირობებში კი – კვირაში ორჯერ. ზამთარში სასურველია წყლის დასხმა ათ დღეში ერთხელ. ბაღში ზამთარში საერთოდ არ მორწყათ. ოთახის პირობებში მცენარე ძალიან ნათელ ადგილას ამყოფეთ, ყვავილობის დროს კი გარეთ გაიტანეთ. ზამთარში მისთვის საჭიროა 18-20 გრადუსი სითბო. თუ ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბლა დაეცა, მცენარე მაინც ჩვეულებრივ გაიზრდება, რადგან ის ყინვაგამძლე და მარადმწვანეა. ყვავილობისთვის ზეთისხილს ორი თვის განმავლობაში მაინც სჭირდება 10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა. თუ გსურთ, რომ ფორმაც კარგი ჰქონდეს და არც მეტისმეტად გაიზარდოს, დაყვავილების შემდეგ ან შუა ზაფხულში გაკრიჭეთ. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ – ის კაგრად იტანს თაკარა მზეს.