რა აკავშირებდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალს, „ცეერუს“ აგენტ დავით ჭავჭავაძეს სტალინის ქალიშვილთან და როგორ მოიყვანა მისმა ბაბუამ ცოლად დედოფლის ფრეილინა
ამერიკელ მწერალს, პავლე ჭავჭავაძეს, ქართველი მკითხველი ნაკლებად იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია და შემოქმედება აქვს. მის შესახებ გვესაუბრება ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი.
– პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალს, პავლე ჭავჭავაძეს, ძალიან საინტერესო საგვარეულო ნუსხა აქვს: ერთი მხრივ, ბაგრატიონები და მეორე მხრივ – ჭავჭავაძეები. პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟს, ნიჟეგოროდის ორმოცდამეოთხე დრაგუნთა პოლკის მეთაურს, წმიდა გიორგის ჯვრის კავალერს, გენერალ-მაიორ დავით ჭავჭავაძეს, ცოლად ჰყავდა ანა გრუზინსკაია (ბაგრატიონ-მუხრანელი) – გიორგი მეთორმეტისა და მარიამ ციციშვილის ვაჟის, ილია ბატონიშვილის ასული. ილია ბატონიშვილს ანასტასია ობოლენსკაიასთან 4 ვაჟი და 9 ქალიშვილი ჰყავდა, რომლებიც გრუზინსკების გვარს ატარებდნენ, დებში მესამე იყო ანა (1828-1905). მულების – ეკატერინე ჭავჭავაძის სამეგრელოს მთავარ დავით დადიანზე გათხოვებისა და ნინო ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ანა გახდა ჭავჭავაძეების სალონის დიასახლისი. სწორედ მან გაუწია მასპინძლობა ალექსანდრე დიუმას, რომელმაც მთელი თავი მიუძღვნა მას თავის „კავკასიაში“: „თავად ჭავჭავაძის მეუღლე საქართველოში, ამ ლამაზი თვალებით განთქმულ ქვეყანაში, ცნობილია, როგორც ულამაზესი თვალების მქონე მანდილოსანი. მაგრამ, შეხედვისთანავე გაგაოცებთ მისი წმინდა ბერძნული პროფილი, უკეთ რომ ვთქვათ, მისი წმინდა ქართული პროფილი. რაც გულისხმობს ბერძნულ სიწმინდეს, თუ მას სიცოცხლეს, მივუმატეთ. საბერძნეთი არის გალათეა, ოღონდ, მარმარილოსი, საქართველო კი სულჩადგმული და ქალად ქცეული გალათეაა. ამ საუცხოო პროფილიდან თავადის მეუღლის სახეს ღრმა სევდის იერი გადაჰკრავს. რა უნდა იყოს საწყისი ამ მელანქოლიისა? ის ხომ ბედნიერი ცოლი და მრავალი შვილის დედაა? იმიტომ ხომ არ არის სევდიანი, რომ ბუნებამ ისურვა, მეტისმეტად დიდი სილამაზით დაეჯილდოებინა, როგორც ზოგიერთ ყვავილს აჯილდოებს იმდენად დიდი სილამაზით, რომ მათ სურნელების გარეშე არსებობა აღარ შეუძლიათ? ან, იქნებ, დღემდე გრძელდება მოგონება იმ საშინელი შემთხვევისა, რომლის მიზეზითაც თითქმის ერთი წელიწადი იყო თავის ოჯახს მოშორებული? უცნაური ის არის, რომ ამ წარჩინებულმა ტყვე ქალმა შამილისადმი ნამდვილი აღტაცება შეინარჩუნა“, – წერდა ალექსანდრე დიუმა ანა ჭავჭავაძეზე. დავითსა და ანას 10 შვილი ჰყავდათ – 3 ვაჟი: ალექსანდრე, ილია, არჩილი და 7 ქალი: სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია, ნინო და ლიდა, რომელიც გზაში დაიღუპა, როცა 1853 წელს ლეკებმა წინანდლიდან გაიტაცეს დავითის ოჯახი სტუმრებთან და მსახურებთან ერთად. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ – 1954 წელს მოახერხა დავითმა ოჯახის ტყვეობიდან დახსნა.
დავითისა და ანას მეორე ქალიშვილი მარიამ ჭავჭავაძე, ასევე ჭავჭავაძეს, ცნობილი გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟს, ზაქარიას გაჰყვა ცოლად. უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, 1871 წელს შეეძინათ, რომელიც 1897 წელს პეტერბურგში დაქორწინდა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის – მიხეილ როძიანკოს ძმისშვილზე, დედოფლის ფრეილინა მარია პავლეს ასულ როძიანკოზე. რუსეთის არმიის გენერალი, ალექსანდრე კორნილოვის „ველური დივიზიის“ მეთაური, მრავალი ჯილდოს მფლობელი და მამაცი მხედარი იყო. მათ შეეძინათ 3 შვილი: უფროსი – პავლე, მომდევნო – იური, ნიჭიერი პიანისტი საფრანგეთში ცხოვრობდა, მარინა კი ლონდონში დასახლდა და წიგნებს წერდა. მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. პავლე ორჯერ იყო საქართველოში. მოგვიანებით, მარია თავად ტრუბეცკოის გაჰყვა ცოლად და შვილებით ინგლისში გადასახლდა, ალექსანდრე კი რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1922 წელს ის მეორედ ოლგა სუხომლინაზე დაქორწინდა. ბოლშევიკებმა თავადი რამდენჯერმე დააპატიმრეს, 1930 წელს კი დახვრიტეს, როგორც კონტრრევოლუციური შეთქმულების ორგანიზატორი.
– როდის დაიბადა პავლე ჭავჭავაძე და რას საქმიანობდა ის?
– პავლე 1899 წელს დაიბადა, 1917 წელს დაამთავრა გიმნაზია. პეტერბურგიდან საქართველოში, წინანდალში მამასთან ორჯერ იყო ჩამოსული, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ინგლისში გადასახლდა. დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი, სადაც მეგობრობდა ვლადიმირ ნაბოკოვთან. პავლე 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილ ნინა რომანოვაზე. 7 წლის პავლემ და ნინამ რომში, საქველმოქმედო მეჯლისზე გაიცნეს ერთმანეთი, როცა ცეკვისას პატარა ნინამ პარტნიორად პავლე აირჩია. მერე მათი გზები დიდი ხნით გაიყარა, მხოლოდ 1922 წელს შეხვდნენ ხელახლა ერთმანეთს და ხანმოკლე რომანის შემდეგ დაქორწინდნენ. ნინას ბაბუა, მიხეილი, კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მიხეილის ოჯახს საქართველო უყვარდა და პატივისცემით ეპყრობოდნენ ქართულ კულტურას. მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა აღმაშენებლის გამზირს – „მიხეილის პროსპექტი“ და თბილისის ¹1 საავადმყოფოს – „მიხეილის საავადმყოფო“, „მიხაილოვს“ რომ ვეძახით. მიხეილის შვილები საქართველოში დაიბადნენ. უმცროს ვაჟს ქართულ ყაიდაზე „გოგის“ უწოდებდნენ და არა „გოგას“. იგი თეთრი წყაროში დაიბადა, სამხედრო კარიერას იმით გადაურჩა, რომ ფეხი მოიტეხა და, როგორც ისტორიკოსი, სანკტ-პეტერბურგში მუზეუმის დირექტორად დანიშნეს. საინტერესოა, რომ მისი პირველი სიყვარული ყოფილა პავლე ჭავჭავაძის დეიდა, ნინო, მაგრამ რომანოვებმა არ დაუშვეს ეს ქორწინება და გოგი ბერძენ პრინცესაზე დაქორწინდა. როგორც ჩანს, გოგიმ ქალიშვილს, პავლე ჭავჭავაძის მომავალ მეუღლეს, ნინას, რომელიც ბორჯომში დაიბადა, თავისი პირველი სიყვარულის სახელი დაარქვა. პავლემ მომავალი სიმამრის გაცნობა ვერ მოასწრო – 1919 წელს ის ბოლშევიკებმა უფროს ძმასთან ერთად დახვრიტეს, თუმცა მასაც მშვიდობიანი პროფესია ჰქონდა – ისიც ისტორიკოსი იყო.
1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ოჯახთან – ცოლთან და 1924 წელს დაბადებულ პატარა დავითთან ერთად, ამერიკაში გადასახლდა, მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და 1950-იან წლებში, როგორც „წითელი ჯვრის“ თანამშრომელი, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა.
მიუხედავად იმისა, რომ პავლე ჭავჭავაძე ძირითადად პეტერბურგში ცხოვრობდა და სრულიად ახალგაზრდა აღმოჩნდა ემიგრაციაში, ქართული არ დავიწყებია და ქართველებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ის იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს დაარსების მონაწილე. 1932 წლის 31 იანვარს, სათვისტომოს საზეიმოდ კურთხევის შემდეგ გამართულ ნადიმზე, რომელიც 12 საათს გაგრძელდა – დღის 3 საათიდან ღამის 3 საათამდე, თამადა უჩა დადიანის თანაშემწედ, დიდი ეროვნული მოღვაწისა და პატრიოტის, გიორგი მაჩაბლის გვერდით, პავლე ჭავჭავაძეც დაასახელეს.
მისი გვარი ქართულ ემიგრანტულ პრესაში შეგვხვდა 1935 წლის 26 მაისის დღესასწაულის აღწერისას. თუ მანამდე ამერიკელი ქართველები შინაურულად აღნიშნავდნენ ამ დღეს, 1934 წელს, ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირის მიღების შემდეგ, პირველად იზეიმეს ფართო მასშტაბით და ოფიციალური ხასიათიც მისცეს. მართალია, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველთა რიცხვი 60-ს არ აღემატებოდა, ნიუ-იორკში კი – 40-ს, მაგრამ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი და საერთო საქმეში ერთსულოვნებას იჩენდნენ. ნიუ-იორკის საუკეთესო ნაწილში მდებარე სვიმონ სიდამონ-ერისთავის რესტორან „კავკასიის არწივში“ გამართულ სადილზე 200-მდე სტუმარი იყო დაპატიჟებული, მათ შორის – კავკასიელები, ყოფილი რუსეთის იმპერიაში მყოფი ხალხების წარმომადგენლები, ამერიკელები, უცხოელები. ზეიმის ორგანიზატორებს ყველაზე მეტად აფიქრებდათ რუსების პოზიცია, მათი უმეტესობა ქართველებთან მეგობრობდა, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ იღებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ყველაფერი შესანიშნავად ჩატარდა. შეიძლება, იმიტომაც, რომ ზეიმზე მიწვეული ორი ყველაზე დიდი რუსული ორგანიზაციის დელეგაცია ქართველი ხელმძღვანელებით იყვნენ წარმოდგენილნი: რუს მხედართა საზოგადოებას გენერალი იმნაძე თავმჯდომარეობდა, შეერთებულ რუსთა ორგანიზაციებს – ნიუ-იორკის ქართული სათვისტომო, რომლის აქტიური წევრი პავლე ჭავჭავაძე იყო.
მეორე მსოფლიო ომის წლებში პავლე ჭავჭავაძე მაიორის ჩინით მსახურობდა ამერიკის არმიაში. მისი ვაჟი დავითი კი – სერჟანტად სამხედრო-საჰაერო ძალებში. ომის შემდეგ პავლე სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, დავითი კი 1948 წელს „ცეერუს“ აგენტი გახდა (1974 წელს გადადგა). არის რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკური და პუბლიცისტური ნაშრომის, მოგონებების, თარგმანების ავტორი, კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში.
პავლე ჭავჭავაძემ წერა მოგვიანებით დაიწყო. პირველი რომანი – „საოჯახო ალბომი“, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა: ერთ თავში აღწერილია მისი ცხოვრება წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი „მთები ალაჰისა“, რომელშიც აღწერილია მისი წინაპრების ისტორია, შამილის მიერ წინანდლიდან დავით ჭავჭავაძის გატაცება. რომანმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა. 1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში – „მამა ვიკენტი“, მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუიორკელ მრევლზე. 1966 წელს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ გამოცემული წიგნი კი – „რამეთ იდგა შავბნელი ღამე“ – ხუთი წლის შემდეგ ხელახლა გამოიცა. სხვათა შორის, თამაზ ნატროშვილის მიერ თარგმნილი ამ რომანის ერთი ნაწილი, რომელიც ნიკოლოზ მეორის ოჯახის დახვრეტის შესახებ მოგვითხრობს, დაიბეჭდა ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“. თავის საოჯახო ლექციაში მთარგმნელმა თამაზ ნატროშვილმა აღნიშნა: 1960-იან წლებში, როცა ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ნაბოკოვის რეკომენდაციით, მან თარგმნა სტალინის ქალიშვილის – სვეტლანა ალილუევას წიგნი „მხოლოდ ერთი წელიწადი“. წიგნზე მუშაობისას, როგორც თავად დავითი აღნიშნავდა, მასა და სვეტლანას შორის რაღაც გრძნობა გაჩნდა, რაზეც მისი კოლეგები იცინოდნენ – წარმოიდგინეთ „ცეერუს“ შეფის სახე, მისმა აგენტმა სტალინის ქალიშვილი რომ შეირთოსო.
პავლე ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1971 წელს, 85 წლის ასაკში. მისი ვაჟი, დავითი, ცხოვრობს ნიუ-იორკში. მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე ხშირად ჩამოდის წინაპრების სამშობლოში. ის არის საქართველოსთვის უმძიმეს ჟამს, 1994 წელს, ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერის – კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის მიერ დაარსებული „საქართველოს მეგობართა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.