რატომ დასაჯეს სიკვდილით დემეტრე თავდადებული
სადუნ მანკაბერდელი დემეტრე მეორეს მეურვე გახლდათ, რომელმაც საკმაოდ კარგად ისარგებლა ამ სტატუსით და ბევრი ქართული ქალაქის მფლობელიც გახდა. სადუნის ვაჟი ყუთლუ ბუღა, მამამისზე არანაკლები გაიძვერა იყო. უფრო მეტიც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ადამიანის ამბიციასა და ძალისხმევას შეეწირა დემეტრე თავდადებულის სიცოცხლე 30 წლის ასაკში. თუ როგორ მოხვდა ეს ორი ადამიანი სამეფო კარზე და რა წყენა ჩაიდო გულში სადუნის ძემ, რის გამოც შური იძია დემეტრე მეორეზე, ამას ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.
ვაჟა კიკნაძე: მეცამეტე საუკუნე, ეს არის მონღოლობის პერიოდი, როდესაც მძლავრად იჩინა თავი მედროვეობამ, ინტრიგებმა და შემთხვევითი პირების დაწინაურებამ ქართულ სამეფო კარზე. ერთ-ერთი ასეთი პირი გახლდათ სადუნ მანკაბერდელი, ან „მანკაბერდცი“ სომხური გამოთქმით, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ბევრ რამეს მიაღწია. „ნიჭში“ ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ენების ცოდნა იგულისხმება. მან მრავალი ენა იცოდა: მონღოლური, სპარსული, ქართული, სომხური და ასე შემდეგ. სადუნ მანკაბერდელს შეეძლო ისე ეთარგმნა და წარმოედგინა საქმის ვითარება, როგორც საჭიროდ მიიჩნევდა. ამ პიროვნებამ ეს კარგად გამოიყენა, თუნდაც, ქართველ მეფეებთან დამოკიდებულებაში და ამ ნიჭის წყალობით ბევრ რამეს მიაღწია.
სადუნ მანკაბერდელის კარიერა იმით დაიწყო, რომ მცირეწლოვანი დემეტრე მეორე, შემდეგში დემეტრე თავდადებულად წოდებული, დამოკიდებული აღმოჩნდა მასზე როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. საქმე ისაა, რომ ობლად დარჩენილი დემეტრე მონღოლებმა სადუნის „მზრუნველობას“ მიანდეს.
სადუნი ოფიციალური მეურვე გახდა მეფე დემეტრესი და ამ მეურვეობას ის კარგად იყენებდა. საქმე ისაა, რომ მეფეს ძალიან ხშირად სჭირდებოდა ხოლმე ფული, რომლის სესხების სანაცვლოდაც, სადუნ მანკაბერდელი საკუთრებაში იგდებდა ქართულ ქალაქებს. ამ ხერხით სადუნის მფლობელობაში მოექცა თელავი, ბელაქანი, დმანისი, კარი. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში მოახერხა მან ამ ქალაქების ხელში ჩაგდება. ცნობილია, რომ მეტეხის ტაძარი დემეტრე თავდადებულმა მანკაბერდელისგან ნასესხები თანხით ააგო. გარდა იმისა, რომ ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა და ფინანსურად გაძლიერდა, სადუნ მანკაბერდელმა ქართულ სინამდვილეში პირველად შემოიტანა უკიდურესად უარყოფითი ტრადიცია. მან სამი ცოლი ერთად დაისვა და მომავალში დემეტრე მეორემაც მიჰბაძა ამაში თავის მეურვეს.
სადუნ მანკაბერდელი გახლდათ ამირსპასალარისა და ათაბაგის უმაღლესი ქართული სამეფო კარის ტიტულების მფლობელი. ვერაფერს აწყობდა მცირეწლოვანი და დაობლებული დემეტრე. ის სრულიად მარტო გახლდათ, რადგან დედამისი გვანცა, რომელიც კახაბერ კახაბერის ძის ასული და, ავაგ მხარგრძელის ცოლყოფილი იყო, მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს.
– რისთვის დაისაჯა დედოფალი გვანცა?
– დემეტრეს მამა, დავით ულუ აჯანყდა მონღოლების წინააღმდეგ მათი განუწყვეტელი პრეტენზიებისა და იმის გამო, რომ მუდმივად სთხოვდნენ უცხო ქვეყნებში ლაშქრობას. ულუმ ვერ მოახერხა ცოლ-შვილის დასავლეთ საქართველოში გადაყვანა, სადაც თვითონ შეაფარა მცირე ხნით თავი. მონღოლებმა ჯავრი იმით იყარეს ულუზე, რომ დედოფალი გვანცა სიკვდილით დასაჯეს. ასე დაობლდა დემეტრე. შემდეგში დავით ულუ მონღოლებს შეურიგდა. როდესაც ის გარდაიცვალა, დემეტრე ჯერ ისევ მცირეწლოვანი იყო.
დემეტრე უშედეგოდ ცდილობდა მისი „მზრუნველობისგან“ თავის დახსნას. რადგან სადუნს ვერაფერი მოუხერხა, მის შვილზე, ყუთლუ ბუღაზე მაინც მოახდინა გარკვეული ზეგავლენა, იმ მხრივ, რომ შეძლო ჩამოექვეითებინა იმ ორი თანამდებობიდან, რომელიც თავის დროზე მამამისს ეკავა, ყუთლუ ბუღას დემეტრემ ამირსპასალარობა ისევ უბოძა, მაგრამ ათაბაგობა სხვა მოქიშპე გვარის წარმომადგენელს, ტარსაიჭ ორბელს მიანიჭა.
– ვინ იყო ტარსაიჭ ორბელი?
– ტარსაიჭ ორბელი ამ ისტორიის შემდეგ აღარ ფიგურირებს ქართულ წყაროებში, მაგრამ სომხური წყარო სტეფანოზ ორბელიანის სახით, უცნაურ რამეს ამბობს ტარსაიჭის შემდგომი ნაბიჯის შესახებ.
– რას ამბობს სომხური წყარო მის შესახებ?
– სტეფანოზ ორბელიანი წერს, რომ ის ძალიან კარგი კაცი გამოდგა, იმიტომ რომ ქართული ხელნაწერები გადასინჯა და სადაც კი სომხური მონასტრები იყო და მათ გადასახადები ჰქონდა დაკისრებული სახელმწიფოსგან, ტარსაიჭ ორბელმა ყველა ამოშალა, ხოლო სადაც ვერ ამოშალა, ის ხელნაწერები დაწვა და გაანადგურაო. ასე კარგად გადაუხდია ტარსაიჭ ორბელს ქართული სახელმწიფოსთვის მეფის წყალობა.
– ალბათ, ყუთლუ ბუღა დემეტრეს გადაწყვეტილებამ თანამდებობიდან ჩამოცილებასთან დაკავშირებით გაანაწყენა.
– რა თქმა უნდა, ეს ასეც მოხდა, არადა, ყუთლუ ბუღა ისეთი ხასიათისა ყოფილა, რომ თუ წყენას ჩაიდებდა გულში, ყოველთვის გამონახავდა შესაფერის დროს და სამაგიეროს მიუზღავდა გამნაწყენებელს. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ის შესაფერის მომენტს დაელოდა, რომ სამაგიერო მიეზღო დემეტრე მეორისთვისაც.
ეს მოხდა, მაშინ როცა დადგა კრიტიკული ვითარება ამ პერიოდის ქართული სამეფო კარის ისტორიაში, ანუ როდესაც დემეტრე დაიბარეს მონღოლთა კარზე და ეს იყო ძალიან ცუდი ნიშანი, იმიტომ, რომ დემეტრეს ნათესაური კავშირი ჰქონდა ბუღა ნოინთან, რომელიც პირველი ნოინი გახლდათ ყაენის კარზე. 1288 წელს ბუღა ნოინს დაბრალდა შეთქმულება. ამიტომ, როდესაც ბუღა დასაჯეს სიკვდილით, ამის შემდეგ, მთელი მისი ნათესაობის მოკვლევა დაიწყეს. დემეტრე მეორეს ქალიშვილი რუსუდანი კი დაქორწინებული გახლდათ ბუღას ვაჟზე. ამიტომ, როდესაც დემეტრე ურდოში დაიბარეს, მას დარბაზმა ურჩია, არ წასულიყო და მთიულეთში გამაგრებულიყო. სწორედ აქ გამოჩნდა მეფის დიდბუნებოვნება და ამიტომ დაიმკვიდრა მან თავდადებულის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმოდა, რომ მისი ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო და მოეხსენებოდა, რა მოელოდა მას ურდოში, დემეტრე მეორემ უარი განაცხადა მთიულეთში გახიზვნაზე. მან თქვა, რომ არ ღირდა ხალხის აწიოკება, საკუთარი სიცოცხლს გადასარჩენად. თანაც მცირე იმედი მაინც ჰქონდა, რომ ურდოს კარზე, ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებდა, რადგან ნათესაობის მიუხედავად, იგი ბუღას პოლიტიკურ იდეებს არ იზიარებდა და მის შეთქმულებაში არ მონაწილეობდა.
ყაენ არღუნს დიდი ბჭობა გაუმართავს, როგორ გადაეწყვიტა დემეტრეს ბედი, მოეკლა, თუ სხვანაირად დაესაჯა. რადგან ყაენი იმას ჩიოდა, რომ თუ დემეტრე დავსაჯე, ვინ იქნება საქართველოს მეფე და ხომ არ გამომეცლება ხელიდან საქართველოო. ბევრი ფიქრის მიუხედავად, ის, დემეტრეს შემცვლელ კანდიდატს ვერ ხედავდა, რომელსაც უმტკივნეულოდ ჩააბარებდა საქართველოს. სწორედ აქ გამოჩნდა ყუთლუ ბუღა, რომელსაც მოუხსენებია ყაენისთვის, რომ გადავიდოდა დასავლეთ საქართველოში და დავით ნარინისგან, რომელიც უკვე კარგა ხანია იქ მეფობდა და ცალკე იმერეთის სამეფოც კი შექმნა, მიიღებდა პირობას, რომ ნარინის შვილს, ვახტანგს გადმოიყვანდა და გაამეფებდა აღმოსავლეთ საქართველოში. ეს იდეა ისე მოეწონა ყაენს, რომ მაშინვე მისცა ამის უფლება ყუთლუ ბუღას და ის გამგზავრებულა დასავლეთ საქართველოში. მოლაპარაკებია დავით ნარინს და ამ უკანასკნელმაც თანხმობა განაცხადა, რომ თავისი ვაჟი, ვახტანგი გამოეშვა აღმოსავლეთ საქართველოში სამეფოდ. ყუთლუ ბუღას ამ იდეის სისრულეში მოყვანამ დემეტრე მეორეს ბედი გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, დემეტრე თავდადებულს კარგად მოეხსენებოდა მის დასჯაში თუ რა როლი მიუძღოდა ყუთლუ ბუღას, მიუტევა დემეტრემ მას დანაშაული და სთხოვა, თუ შეგიძლია, მიშუამდგომლე ყაენთან, თუ არა, და ჩემს შვილზე მაინც იზრუნეო.
– ცნობილია თუ არა სად აღესრულა დემეტრე თავდადებული?
– დემეტრე თავდადებულის დასჯის სცენა მუღანის ველზე გაიმართა. ეს ის ადგილია, სადაც არაქსი მტკვარში ჩაედინება. განაჩენის სისრულეში მოყვანას ესწრებოდნენ მაღალი აზნაურობა, საეკლესიო პირები, მონღოლთა მოხელეები და აქვე იყო დემეტრეს უფროსი ვაჟი, დავითი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის ძლივს გადაურჩა მკვლელებს, რომელნიც ღამით აპირებდნენ მის მოკვლას. ეს მკვლელობა, როგორც ჩანს, იმისთვის იყო დაგეგმილი, რომ ტახტზე პრეტენდენტი არ ჰყოლოდა ვახტანგს. დავითი გადარჩა.
– ამის შემდეგ რა მოხდა?
– ამის შემდეგ ყუთლუ ბუღა გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში, დიდი ზარ-ზეიმით ჩამოიყვანა თბილისში ვახტანგი და აკურთხეს მეფედ. საინტერესოა, რომ ყუთლუ ბუღას მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ვახტანგი, ფაქტობრივად, იყო ერთ-ერთი მიზეზი, დემეტრეს სიკვდილით დასჯისა. მისი თანხმობა მეფობაზე ფაქტობრივად განაჩენი აღმოჩნდა დემეტრეს სიკვდილით დასჯის მიზეზისა. ფაქტია, რომ მანაც და მამამისმა – დავით ნარინმაც იცოდნენ, რომ ტახტი ცარიელი არ იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ჟამთააღმწერელი ვახტანგს კარგ პიროვნებად ახასიათებს. ამბობს, რომ იყო ძალიან კეთილი, არავის მიმართ არ იწყებდა ინტრიგებს და კეთილშობილური საქციელით გამოირჩეოდაო. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება, მისი გამეფება აღმოსავლეთ საქართველოში, საერთო მონღოლურ გეგმაში ჩაეწერა და ამით საქართველო დროებით, ფორმალურად გაერთიანდა. ფორმალურად იმიტომ, რომ ნარინი, მაინც ცოცხალი გახლდათ და ის არ დათმობდა თავის ტახტს. ასე, რომ სრულიად ნორმალური იყო ყუთლუ ბუღას მიერ მონღოლთათვის აღთქმული საქართველოს გაერთიანება. საინტერესოა, ყაენი არღუნი რას ეუბნება ყუთლუ ბუღას იმის ნაცვლად, როცა ის შეჰპირდა ორივე ტახტის გაერთიანებას: „აჰა, მოვსრენ (ესე იგი მოვსპე) ყოველნი მტერნი ჩემნი და მტერი შენი მეფე დიმიტრი.“ ესე იგი პირდაპირ ეუბნება მას, რომ შენი მტერი იყო მეფე დემეტრე და ამიტომაც გაწირე ისო. „ახლა, მეფე აღარაა და აღმისრულე როგორც აღმითქვი, მაშინ მოგითვალო საქართველო ყოველი და განაგებდი ვითარ გნებავსო“ – ჰპირდება არღუნ ყაენი ყუთლუ ბუღას. წარმოიდგინეთ, რამხელა დაპირებას იძლევა ყაენი. ანუ, იგი მთელ საქართველოსაც კი ჰპირდება მოღალატეს. ასე რომ, ყუთლუ ბუღას მხრიდან დემეტრეს გაწირვა არ იყო უბრალოდ შურისძიება, ეს იყო სარფიანი შურისძიება.