არსებობს თუ არა ადამიანებსა და ცხოველებს შორის ფსიქიკური კავშირი და რატომ უნდა დააკვირდეთ ოთხფეხა მეგობრების ქმედებებს ყურადღებით
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ შინაურ ცხოველებსა და არა მარტო შინაურს, ტელეპათიის თანდაყოლილი უნარი აქვთ, რომლის საშუალებითაც ისინი ადამიანის აზრებს იგებენ. უფრო მეტიც, როგორც დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი, ბატონი რეზო ამბობს, მათ მომავლის დანახვაც შეუძლიათ. ზოგი ადამიანი კი ფიქრობს, რომ ცხოველები, უბრალოდ, გარემო ფაქტორების ცვლილებას აღიქვამენ ჩვენზე უკეთ და ისინი ადამიანებზე გაცილებით მეტად მგრძნობიარეები არიან მოვლენების მიმართ.
რეზო: ცხოველებს რომ ადამიანებზე მეტად შეუძლიათ მომავლის აღქმა, დანახვა, წინათგრძნობა და გარემო ფაქტორებზე რეაგირება, ამას ფაქტებიც მოწმობს. ჩვენ გარემო ფაქტორების ცვლილებების აღქმა არ შეგვიძლია და ამიტომ ცხოველების მოქმედება ზებუნებრივად და სასწაულებრივად გვეჩვენება. სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით დავა უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ცხოველების პატრონებსა და სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს შორის. მე ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ყოველთვის მყავდა ისინი სახლში. მათთან ერთად ვთამაშობდი, ვსეირნობდი, მეძინა და, ერთი სიტყვით, ხშირი კონტაქტი მქონდა. სწორედ ამიტომ დავიწყე მათზე დაკვირვება უკვე წლებია და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე. რასაკვირველია, ამ ჩემს დასკვნებს ბევრი არ გაიზიარებს, მაგრამ, ბევრი, ალბათ, დაფიქრდება და თავად მიხვდება, რომ მართალს ვამბობ.
– კონკრეტულად რა დასკვნები გააკეთეთ ცხოველებზე დაკვირვების შედეგად?
– ჩემი აზრით და დაკვირვებით, ცხოველებს აქვთ ის უნარი, რომელიც ერთ დროს ადამიანებსაც ჰქონდათ და შემდეგ, წლების განმავლობაში, დაკარგეს. იმ დასკვნამდეც კი მივედი, რომ ცხოველებს სრულიად აუხსნელი მგრძნობელობა თუ გონიერება გააჩნიათ. ეს ყოველივე კი სამ კატეგორიად დავყავი: ტელეპათიად, მიმართულების გამოცნობის უნარად და წინათგრძნობად. ზოგიერთ ცხოველს, შესაძლოა, ჰქონდეს პატრონთან ფსიქიკურად ძლიერი და მჭიდრო კავშირი და სწორედ ამით იგებს, როდის ბრუნდება მისი მზრუნველი პატრონი სახლში. ეს ტელეპათიურად ხდება. რაც შეეხება მიმართულების გამოცნობის უნარს, ძაღლსა და მტრედს ორგანიზმში თითქოს კომპასი აქვთ ჩამონტაჟებული. ისინი დიდი მანძილით შორს წასვლის შემდეგაც იოლად აგნებენ პატრონს. ერთ ჩემს მეზობელს ძაღლი ჰყავდა. შემომჩივლა, ბევრს ჭამს, ვეღარ ვუვლით და უნდა მოვიცილო თავიდანო. წაიყვანა მანქანით ქალაქგარეთ და იქ დატოვა. არ გავიდა ერთი კვირა და იმ ძაღლმა პატრონის კართან ატეხა ყეფა. მერე მიყვებოდა ჩემი მეზობელი, გადავირიე კაცი, ვერ ვხვდები, როგორ მოაგნო სახლს ამდენი ხნის შემდეგ, ასე შორ მანძილზეო. რაც შეეხება მათ წინათგრძნობას, ალბათ, ყველასათვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ცხოველი ან ფრინველი წინასწარ გრძნობს მიწისძვრას ან სხვა მოვლენებს.
– სხვათა შორის, მე ისიც მსმენია, რომ ცხოველები უსიტყვოდ იგებენ პატრონის ფიქრებსა და აზრებს. ეს მათ შორის ტელეპათიური კავშირის ბრალია თუ გარკვეული დროის სიახლოვის შემდეგ ფსიქიკური მიჯაჭვულობის?
– როგორც გითხარით, ცხოველებსა და მათ პატრონებს შორის ძლიერი ფსიქიკური კავშირია და ტელეპათიის უნარიც აქედან წარმოიშობა. მეც ბევრი ისტორია გამიგია ცხოველების პატრონებისგან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები უსიტყვოდ იგებენ პატრონის ფიქრებს. ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ვერ ვიგებ, როგორ გრძნობს ჩემი ძაღლი, როდის ვაპირებ მის სუფთა ჰაერზე გასეირნებას. უკვე წელია, მყავს და საკმარისია მისი გასეირნება გავიფიქრო, რომ მაშინვე ცქმუტვას იწყებს, ადგილზე ხტის, ყეფს და თვალებში მიყურებსო. ისიც მითხრა, ეს რომ შევამჩნიე, პირველად გამიკვირდა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ვიფიქრე შეიძლება თვალებით გრძნობსო. მერე მთხოვა, იქნებ დამეხმარო და გამარკვიო, რა ხდებაო. რომ ვუთხარი, თქვენ შორის ტელეპათიური კავშირია-მეთქი, გაეცინა და არ დამიჯერა, მე უბრალო დამთხვევას მივაწერო, მითხრა. ავდექი და ექსპერიმენტი შევთავაზე.
– რა ექსპერიმენტი?
– რა და, თვალებით კონტაქტი რომ გამომერიცხა, ძაღლი ბაღში დავატოვებინე დაბმული და სახლის ფანჯრები დავახურინე. ძაღლი მშვიდად იჯდა და უყურებდა ქუჩაში გამვლელ-გამომვლელებს. როგორც კი ვუთხარი ჩემს მეგობარს, აბა, გაიფიქრე, რომ უნდა წაიყვანო სასეირნოდ-მეთქი, იმ წუთას ატეხა ძაღლმა ყეფა და ადგილზე ცქმუტვა. გადაირია ჩემი მეგობარი, მითხრა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, აბა, აწი ამის თანდასწრებით სიტყვა ვეღარ უნდა ვთქვა და ვეღარ უნდა გავიფიქრო, თუ ჩემს აზრებს კითხულობს, დავიღუპე კაციო (იცინის).
– გამიგია, წინათგრძნობა ყველაზე მეტად კატებს აქვთ განვითარებულიო. ამაზე რას იტყვით?
– თავად მყავდა კატა სახლში და, რომ ვაკვირდებოდი მის საქციელს, ვგიჟდებოდი, ისეთი ჭკვიანი, მგრძნობიარე და წინასწარმეტყველი ვინმე იყო. ყოველთვის ზუსტად გრძნობდა, როდის უნდა მოსულიყო სტუმარი, როდის უნდა დაერეკა ტელეფონს ან როდის უნდა შევეჩერებინე კარებში, რომ ხიფათი ამეცილებინა თავიდან. სანამ ჩემი ცოლი დარეკავდა სამსახურიდან, წუთით ადრე გრძნობდა ზარს, მივიდოდა ტელეფონის მაგიდასთან და იქ იწყებდა წრიალს. მის სახლში მოსვლამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი ჯდებოდა და ჯიუტად გასცქეროდა კარს – ასე ელოდებოდა. ეს მისი საქციელი კარგა ხნის შემდეგ შევნიშნე და უფრო აქტიურად დავიწყე მისი თვალყურის დევნება. მიწისძვრა რომ იყო ამ რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, გადარეულივით დაიწყო სირბილი სახლში, ჩვენც აგრესიულად შემოგვჩხაოდა. ასე რომ, მე ეჭვი არ მეპარება კატების წინათგრძნობაში და სხვისი რა გითხრათ.
– ამბობენ, ფრინველები გადაფრენის დროს ინსტინქტს იშველიებენ, ხოლო ცხოველები კი სუნით გრძნობენ იმ გზას, სადაც საფრთხე არ ემუქრებათო. ეს მართალია?
– მართალია. ფრინველების გადაადგილებას ერთი და იმავე მარშრუტით მეცნიერები ინსტინქტს უწოდებენ. შესაძლოა, ისინი გზას დედამიწის მაგნიტური ველით, მზით, მთვარითა და ვარსკვლავების განლაგებით იკვლევენ, მაგრამ, მკვლევრებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ, როგორ აგნებენ დაკარგული ცხოველები სახლს. ჩემი აზრით, ეს მიწიდან აღებული სუნით ხდება, მაგრამ ამის დადასტურება ძნელია. ჩვენ სოფელში ვცხოვრობდით და მამაჩემს ფერმა ჰქონდა, რომელსაც ერთი დიდი ძაღლი იცავდა. უნდა გენახათ როგორ ეფერებოდა მას მამა და ისიც როგორი სიყვარულითა და კუდის ქიცინით პასუხობდა. ერთ დღეს მამა ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ის ფერმიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სასაფლაოზე დავკრძალეთ. მისი დასაფლავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ძაღლი დაიკარგა და ვეღარსად ვნახეთ. ეს უცნაურად გვეჩვენა, რადგან მას ფერმის ტერიტორია არასდროს მიუტოვებია, თავგამოდებით იცავდა იქაურობას. ერთ დღეს ფერმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სასაფლაოზე გაიარა თურმე და დაინახა, რომ ძაღლი მამაჩემის საფლავზე იწვა. ის ძაღლი თვეების იყო, მამამ რომ მიიყვანა ფერმაში და მას შემდეგ იქიდან ფეხი არ მოუცვლია. ყოვლად აუხსნელია იმის გაგება, თუ როგორ უნდა გაეგნო მას გზა, როცა ფერმიდან სასაფლაომდე მანძილი დაახლოებით ხუთი-ექვსი კილომეტრია. არადა, გზაზე არც პატრონის კვალი იყო, რომელსაც ის შეიძლებოდა სუნით გაჰყოლოდა, არც იმ სასაფლაოზე წაუყვანიათ ოდესმე. თან, რომ მივედით და ვნახეთ მისი ბაწარი, რომლითაც დაბმული იყო, სულ გავოცდით – დაუღრღნია და ისე გაუწყვეტია. მას შემდეგ ფერმაში აღარც დაბრუნებულა. მერე ვეღარ მოვუარეთ და გავყიდეთ კიდეც ფერმაც, სახლიც, მამულიც და ქალაქში გადმოვედით საცხოვრებლად.
– ადამიანის შესაძლო დაავადებასაც გრძნობენ მათი საყვარელი ცხოველები?
– ყველაზე კარგად ცხოველები იმას გრძნობენ, თუ როდის ეწყება მათ პატრონს ეპილეფსიური შეტევა. ამის უნარი ყველაზე მეტად აქვთ ძაღლებს, კატებსა და კურდღლებს. დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველები კარგად ხვდებიან, როდის უქვეითდება სისხლში შაქრის დონე დიაბეტით დაავადებულ პატრონს. ასევე, არის იმ კვლევების პასუხები, რომელმაც მე ძალიან დამაინტერესა და გამაოცა, კერძოდ, ცხოველები პატრონის ორგანიზმში სიმსივნის არსებობას დიაგნოზის დასმამდე გაცილებით ადრე იგებენ. რაც შეეხება მიწისძვრას, ზოგიერთ ცხოველს აქვს უნარი, იგრძნოს, როდის უნდა მოხდეს ის. მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე, ვირთაგვები, გველები, ცხენები და ფერმის ცხოველები მშობლიური ადგილებიდან გარბიან, ჩიტები კი დიდ ჯგუფად იკვრებიან და ისე დაფრინავენ ზეცაში. ახლა ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც თავს გადამხდა. ერთ დილას შევნიშნე, რომ ჩემი ძაღლი მეტისმეტად გაღიზიანებული იყო – ყეფდა, სახლიდან გასვლის საშუალებას არ მაძლევდა, მე კი სამსახურში მაგვიანდებოდა. ის კი წინიდან მახტებოდა და უკან მიბიძგებდა. ვიფიქრე, ალბათ, არ უნდა მარტო დარჩენა-მეთქი. არადა, ისეთი მშვიდი და მოსიყვარულეა, ვერ გეტყვით. ჩემი წასვლა-მოსვლის განრიგიც კარგად იცოდა და მსგავსი რამ არასოდეს უქნია. პირიქით, მაცილებდა და შემდეგ კარშივე მხვდებოდა შინ მობრუნებულს. იძულებული გავხდი, საძინებელში შემეყვანა, ჩამეკეტა და ისე წავსულიყავი სამსახურში. ასე მოვიქეცი და... სახლიდან გასვლის შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში, ისეთ ავარიაში მოვყევი, რომ იტყვიან, ექიმებმა თავიდან ამაწყვეს. მერე კი მივხვდი, რომ ჩემი ერთგული ძაღლისთვის უნდა დამეჯერებინა. არადა, სულ რამდენიმე წუთით გვიან რომ გავსულიყავი გარეთ, ტრაგედიას ნამდვილად ავიცილებდი თავიდან. დამიჯერეთ, ისინი უცნაურად მაშინ იქცევიან, როცა რაიმე უნდა მოხდეს და თუ, კარგად დააკვირდებით, მაშინ თავად მიხვდებით, როდის გელით საფრთხე და თავსაც ადვილად დაიცავთ.
ნონა დათეშიძე