რას არ მოაკლებს საყვარელ მამაკაცს ქეთი ფარცვანია და საიდან არ გამოდის ის დაღამებამდე
მომხიბლავი ქეთი ფარცვანია სულ ახლახან გადაიღეს ფილმში „ოცნების ქალაქი“, მანამდე ის მონაწილეობდა კონკურსში – „მის საქართველო“. ქეთი საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას ყველაზე დიდ დროს უთმობს. ის საკმაოდ მხიარული და ხალისიანი ადამიანია. მომავალში კი ბიზნესლედობას აპირებს.
ქეთი ფარცვანია: არასდროს არაფერს ვგეგმავ. ისეთი ხასიათი მაქვს, შეიძლება, ცუდ განწყობაზე ვიყო და ბოლო მომენტში ყველაფერი შევცვალო. კეთილი ადამიანი ვარ. ვინც მიყვარს, იმის მიმართ ძალიან თბილი ვარ. მიყვარს ჩემი მეგობრები. მრავალფეროვნება მიყვარს, მაგრამ თბილისში ასე ცხოვრება ცოტა რთულია. ძირითადად, ერთი და იგივე რაღაცეები ხდება, თითქოს გასაქანი არ გაქვს. თუმცა, რასაც ვაკეთებ, მიყვარს და შესაბამისად, ძალიან არ მბეზრდება. მაგრამ, თუ მაინც მომბეზრდება, ამ ყველაფერს მარტოობით ვშველი. მიყვარს მარტოობა, მაგრამ ვინ მტოვებს მარტო! 15-20 წუთში გადამივლის გაბრაზება და მერე აღარც მახსოვს, რატომ ვიყავი ცუდ ხასიათზე. ისე, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ჯობია, არავინ მომეკაროს და მარტო დამტოვონ. თუმცა, მარტოობისა და სიბნელის ძალიან მეშინია. ოთახში თუ მარტო მძინავს, ყველაფერი ჩართული მაქვს – კომპიუტერი, შუქი, ტელევიზორი...
– როგორც ვიცი, „მის საქართველოში“ მონაწილეობამდე მოდელობით არ იყავი დაკავებული.
– უბრალოდ, გადავწყვიტე და მივიღე მონაწილეობა. ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. კარგი დრო გავატარე, ბევრი მეგობარი შევიძინე, მომწონს ეს სფერო. მსიამოვნებს პოდიუმზე გამოსვლა, ფოტოსესიები – უფრო მეტად. მსახიობობაც ძალიან მომეწონა, თუმცა საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ და როდესაც ფილმს ვუყურე, ვიფიქრე, რომ უკეთესად შემეძლო თამაში. ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი.
– როგორ აღმოჩნდი „ოცნების ქალაქში“ მეძავის როლზე?
– დამირეკეს რეჟისორის დავალებით, ჩემი როლი გამაცნეს. დიდხანს არ მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი. ჩემთვის ეს საინტერესო იყო. გაშიშვლების კომპლექსი არ მქონია და არც ახლა მაქვს. ალბათ, ეს უფრო მოდელობის დამსახურებაა. თუმცა, მთლიანად შიშველი არსად გამოვსულვარ. მიუხედავად იმისა, რომ სიშიშვლის კომპლექსი არ მაქვს, მაინც გამიჭირდა გადაღება, კამერებთან ურთიერთობა. ფილმზე ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ. მე, როგორც გამოუცდელს, მეხმარებოდნენ. ძალიან ვნერვიულობდი, ვიტირე კიდეც, მაგრამ მერე ყველაფერი გადავლახე, შორენა ძალიან დამეხმარა.
– რომელი სცენის გადაღებისას გაგიჭირდა ყველაზე მეტად?
– ლამაზი სცენაა, ის ყველაზე მეტად მომწონს – მე და შორენა შიშვლები ჯაკუზთან რომ ვართ. ყველაზე მეტად სწორედ ამ სცენის გადაღება გამიჭირდა. ცხრა დუბლი გავაფუჭე და ბოლოს კარგი გამოვიდა.
– როგორც ვხვდები, ძალიან გიყვარს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, თავის მოვლა.
– საკუთარ თავზე გადამკვდარი ვარ. შუადღისას რომ შევალ სალონში, ღამე გამოვდივარ. ძალიან მიყვარს მასაჟი, სხეულის კარგი ფორმა რომ შევინარჩუნო. სალონებში, კოსმეტიკური საშუალებების ყიდვაში ფული არასდროს მენანება.
– გახსოვს, პირველად როდის შეგიყვარდა?
– მეცხრე კლასში ვიყავი, ბიჭი რომ შემიყვარდა, მაგრამ ეს უფრო გატაცება იყო. დღეს არც კი მახსოვს. ამჟამად არაფერი ხდება ამ მხრივ. სერიოზული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლახან დავამთავრე. ბევრი ვეცადეთ, ერთმანეთისთვის გაგვეგო, მაგრამ სხვადასხვა სტილის ადამიანები ვართ და გადავწყვიტეთ, ყველაფერი დაგვემთავრებინა. დაახლოებით ორი წელი ვიყავით ერთად, მაგრამ მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა რამის გაგრძელებას. მე არ ვარ ის გოგო, ჩემ გვერდით მამაკაცი იყოს და ის სხვა გოგონებისკენ წავიდეს. ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს ყველანაირ კომფორტს ვუქმნი. თუ მე არ მაფასებს, ესე იგი, ჩემი ღირსი არ არის და წავიდეს სადაც უნდა. ახლა მარტო ვარ, ვტკბები მარტოობით და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
– მამაკაცები თავის ტკივილს ხომ არ გიჩენენ?
– არა. მე უფრო ვუჩენ მათ თავის ტკივილს.
– რა მოთხოვნები გაქვს მამაკაცების მიმართ?
– შავგვრემანებს ვანიჭებ უპირატესობას, მიყვარს თავდაჯერებული მამაკაცები და არა ცანცარა. არ მომწონს ისეთი მამაკაცები, სხვისი ზურგით რომ იწონებენ თავს. თავის წარმოჩენა სხვისი დახმარებით რომ უნდათ, მაშინვე ნულდებიან ჩემს თვალში. ბევრი გოგონა ვიცი, ბიჭს მაგარი მანქანა ჰყავს და ამაზე გიჟდებიან. მე არ მესმის ასეთი გოგონების. ჩემთვის მთავარია, ადამიანთან როგორ ავაწყობ ურთიერთობას, როგორ გავუგებ, როგორ დამინახავს. რაც მთავარია, მამაკაცი უნდა იყოს ყურადღებიანი, თბილი, პატივს უნდა მცემდეს, სხვანაირი ვერ წარმომიდგენია ჩემ გვერდით.
– როგორია შეყვარებული ქეთი?
– თავს არ ვკარგავ, მაგრამ, როდესაც ადამიანი მიყვარს, მისთვის ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
– ცოლიანი მამაკაცები თუ ცდილობენ შენთან ურთიერთობის დამყარებას?
– კი. მაგრამ, რა აზრი აქვს ასეთ ურთიერთობას, დიდხანს მაინც არ გაგრძელდება. გართობა და თამაში არ მიყვარს. როცა მამაკაცი არ მომწონს, არც კი ვიკარებ, ხმასაც არ გავცემ. მომაბეზრებელი ხალხი არ მიყვარს.
– წარმოგიდგენია საკუთარი თავი ოჯახის დიასახლისის ამპლუაში?
– იდეალური მეუღლე ვიქნები, რასაც ყველა დიასახლისი აკეთებს სახლში, მეც შემიძლია, გავაკეთო.
– ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო.
– ვეთანხმები ამას და მიმაჩნია, რომ ჩემ გვერდით მყოფი მამაკაცი ამის ნაკლებობას ვერ იგრძნობს, მშიერს არ მოვკლავ. ძალიან ყურადღებიანი ვარ. დეტალებიც არ მრჩება, სიურპრიზების მოწყობაც მიყვარს და მე რომ მიწყობენ, ესეც მსიამოვნებს.
– მამაკაცისთვის გული თუ გიტკენია?
– მიტკენია, მაგრამ არ მახსოვს. ადამიანს გულიდან თუ ამოვიგლეჯ, მერე ის არც მაინტერესებს. მისი არაფერი მინდა, არც მენატრება, არაფერს აღარ ნიშნავს ჩემთვის.