როდის „უბერავენ“ „კომედი-შოუს“ გოგონები და რატომ უჩნდებათ მათ სახეზე ნაოჭები
მსახიობები მაშო მელქაძე და ეკა აბშილავა „ქლაბ-შოუს“ სცენაზე გამოჩენისთანავე გახდნენ იმ ერთიანი გუნდის ნაწილი, რომელსაც „კომედი-შოუ“ ჰქვია და რომელიც უკვე რამდენიმე წელია, თავის საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს და მაყურებლის აღტაცება არ მოკლებია. მიუხედავად იმისა, რომ მაშო და ეკა მომავალში საკუთარ თავს დრამატულ სპექტაკლებში ხედავენ, ამჟამად ამ საქმის კეთება დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.
ეკა აბშილავა: თეატრალურში ვსწავლობდით, ერთმანეთს იქ შევხვდით და დავმეგობრდით. ამჟამად, მაგისტრატურაში ვსწავლობთ, პირველ კურსზე.
მაშო მელქაძე: ისე მოხდა, რომ თეატრიდან წამოვედი. ეკას სპექტაკლიც არ იყო რეპერტუარში და საქმე არ გვქონდა. გავიგეთ, რომ იყო „კომედი-შოუს“ ქასთინგი და რადგან იმ დროს არაფერი ხდებოდა, გადავწყვიტეთ, მონაწილეობის მიღება. დრამის მსახიობი ვარ პროფესიით და საერთოდ არ ვფიქრობდი, თუ იუმორის ჟანრში მომიწევდა მუშაობა. შინაგანად, იუმორის გრძნობა ასე თუ ისე გვქონდა, მაგრამ ეს უფრო მეგობრების წრეში ვლინდებოდა და არა ისე, რომ ხუმრობები დაგვეწერა და სხვა. ამ მიმართულებით მუშაობას სულ სხვა რაღაცეები სჭირდება, „კავეენშიკი“ უფრო უნდა იყო, ვიდრე მსახიობი. თუ არ ვცდები, პროფესიით მსახიობი მხოლოდ ვახო ბიჭიკაშვილია.
ეკა: იქ რომ მივდიოდით, ბოლომდე გაცნობიერებული არ გვქონდა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნებოდა „შუტკის“ სწორად თქმა. თამაში იქ ნაკლებადაა და ამიტომ, ძალიან გაგვიჭირდა.
მაშო: პირადად მე, ახლაც ძალიან მიჭირს. ხუმრობის სწორად თქმა, რომ მაყურებელს სწორედ იმ მომენტში გაეცინოს. ძალიან რთულია. ბიჭების მხრიდან რჩევები, შენიშვნები სულ არის და ეს მხოლოდ და მხოლოდ საქმეს წაადგება. იყო მცდელობა, ხუმრობები დაგვეწერა, მაგრამ არც გვიფიქრია ამის გაკეთება. (იცინიან), მზამზარეულზე მივდივართ და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. ბიჭები სულ დაგვცინიან იმაზე, ექვსი და შვიდი თვე რაში სჭირდება სპექტაკლის დადგმასო. ძალიან ბევრს მუშაობენ და პროდუქტსაც მოკლე დროში ქმნიან.
– ბიჭებთან როგორ აეწყო მუშაობა? რთულია, მათთან მოიწყინო.
ეკა: ფანტასტიკურად ავეწყვეთ. პირველად ბათუმის კონცერტის დროს გამოვჩნდით. ერთ სასტუმროში დავბინავდით და აი, იმ პერიოდში სიცილისგან მართლა კინაღამ მოვკვდი, ერთი წუთი ვერ მოიწყენდი. ნაოჭები გამიჩნდა (იცინიან). საოცარი აურა ტრიალებს. მერე ამას ნელ-ნელა ეჩვევი და მათ ყველა ხუმრობაზე აღარ ხარხარებ. უბრალოდ, ცუდია, რომ კვირაში ერთ ან ორ დღეს ვატარებთ ერთად.
მაშო: ისე, ძალიან ბევრს არ ხუმრობენ. თუ ხუმრობენ, ის საქმეს უკავშირდება. ყველა დაკავებულია, თავიანთ საქმეს აკეთებენ. ყველა ოთახში ფუსფუსია, რაღაც ხდება.
– თეატრში ხომ არ ხართ დაკავებული?
– არა, სამწუხაროდ და ამას განვიცდი. „თავისუფალ თეატრში“ ვთამაშობდით, სადაც ჩვენი საკურსო სპექტაკლი გადავიტანეთ. „სულიერი არსებები, სულიერი პროცესები პლუს უსულო საგნები“, – ასე ერქვა სპექტაკლს. ჩვენი მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა, გარდაიცვალა და ამის გამო იმ სპექტაკლის ჩვენება აღარ გაგრძელდა. პარალელურად ვთამაშობდი – „ნაციონალური შოკი, ძმები“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე დეკრეტში იყო გასული და დროებით შევცვალე. რაც შეეხება ფილმს, ეპიზოდური როლი შევასრულე „იდიოტოკრატიის“ პირველ ფილმში, სულ ეს არის.
– მომიყევით, სად გაიზარდეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ?
ეკა: ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა. გადარეული ვიყავი ცეკვაზე, სიმღერაზე, დავდიოდი თეატრალურ წრეზე. ეზოში სულ კონცერტებს ვაწყობდით, სპექტაკლებს ვდგამდით. ძონძებს ვიცვამდით და ვმათხოვრობდით ეზოში. ხურდებს ვაგროვებდით და მერე იმ ლარი და ოცით ვქეიფობდით. ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. რა ნიჭიერი გოგო ხარ, აბა, ის გამიკეთე, აბა, ეს გამიკეთე – სულ იყო. მაგრამ, მეც არ მახსოვს, ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც სხვა პროფესიაზე მიფიქრია. სხვაგან არც ჩავაბარებდი, სულ რომ ათი წელი ვერ მომეხერხებინა ჩაბარება.
მაშო: ცნობილი სტუდია იყო „ბერიკები“, რომელმაც ძალიან სერიოზულად იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე. რვა წლის ვიყავი, იქ რომ შევედი და მას მერე თამაშის გარდა არაფერი მინდოდა. ჩვენ მოგვიწია პირველ ეროვნულ გამოცდებზე გამოსვლა და ხუთივე ფაკულტეტი თეატრალური ჩავწერე, რადგან თუ იქ არ მოვხვდებოდი, სხვაგან ჩაბარებას აზრი არ ჰქონდა. ჩამოწერილი მქონდა თეატრალური-სამსახიობო, თეატრალური-სარეჟისორო და სხვა. ძალიან რთული ხასიათი მაქვს და ვერ შევძლებდი ისეთი რამის კეთებას, რაც არ მსიამოვნებს.
– რა გატაცებები გაქვთ, რისი კეთება გიყვართ?
ეკა: ძალიან მიყვარს ქარგვა. მაშო მეღადავება ხოლმე ამაზე. სულ არ ვარ იმ ტიპის გოგო, რომელიც ქარგავს, მაგრამ მომწონს ეს საქმე (იცინიან).
მაშო: საყიდლებზე რომ ვართ გასულები, დაიწყებს წუწუნს, მოიცა ტილოები უნდა ვიყიდო, ძაფები, ის ფერი მაკლია... ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოსდის, ქარგვაც, კერვაც, ქსოვაც, დაწვნა, გამოწვნა...
ეკა: საკმაოდ დიდი ნაქარგები მაქვს და მინდა, ბევრი შევაგროვო, სხვადასხვა ტიპის.
– ხელმარჯვე გოგო ყოფილხარ და დიასახლისი როგორი ხარ?
– სადილებს უფრო მაშო აკეთებს, ამ მიმართულებით ის უფრო მაგარია. სულ რომ არაფერი იყოს, რაღაცას „გამოჩხლართავს“ და გემრიელს გააკეთებს. მე არასდროს მიცდია ასეთი რაღაცეები.
მაშო: სამაგიეროდ, ეკა დალაგების დიდოსტატია.
– ანუ, იდეალური ცოლისთვის ორივე ხართ საჭირო.
– (იცინიან) ზუსტად ასეა. დალაგებას ვერ ვიტან. ამ დროს ეკა ყველაფერს ფერების, ზომების, ზოლების, სიდიდის მიხედვით ალაგებს. ჩემს გარდერობში კი არ უნდა შეიხედო. ეკაც, ჩემი ოჯახის წევრებიც ხშირად მილაგებენ, მაგრამ ეს უარესია, მერე ვეღარაფერს ვპოულობ. ვთქვათ, მინდა კონკრეტული დახეული ჯინსის ჩაცმა, რომელიც ათი წელია არ მცმია. ზუსტად ვიცი, სად იქნება შეკუჭული. გადმოვყრი ტანსაცმლის გროვას, ვიპოვი ჯინსს და მერე ისევ შევტენი გროვად. რაც შეეხება საჭმელების კეთებას, კონკრეტულად ბორშჩი როგორ კეთდება, შეიძლება არ ვიცი, ანუ რამდენი რა უნდა, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ ბორშსაც და ჩალაღაჯსაც, რაღაც ჩემი მეთოდებით და თან, გემრიელი იქნება.
– ძნელია, საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ იქნებ, მაინც დამიხასიათოთ ერთმანეთი.
– შინაგანი იუმორისტული მახასიათებლები არც მე მაქვს და არც ეკას, მაგრამ ჩვენ ჩვენი იუმორი გვაქვს, ჩვენებური ხუმრობები, რომელიც ჩვენ გარდა ალბათ, არავის ესმის. ერთი სიტყვა შეიძლება ამოვიჩემოთ, ის ვიმეორეთ მთელი დღე და ამაზე ძალიან ბევრი ვიცინოთ.
ეკა: მაგალითად, გუშინ ვღადაობდით ორ სიტყვაზე, ცოდო არ არის?! ყველაფერზე ვამბობდით, ცოდო არ არის და ამაზე ვსკდებოდით სიცილით. ხალხი ფიქრობდა, ესენი უბერავენ, ვერ არიან კარგადო.
მაშო: თუ ორი დღე ჩვენთან ერთად იქნები, მიხვდები ჩვენი ხუმრობის აზრს. მაგრამ, ისე არ არის, რომ თქვა – ეს გოგონები რა კარგად ხუმრობენ, მოდი, დაბადების დღეზე დავპატიჟოთო (იცინიან). რაც შეეხება ხასიათს, კანფეტები არც ერთი არ ვართ (იცინიან). არა, გააჩნია ადამიანს, ვიღაცისთვის ალბათ კანფეტებიც ვართ, ვიღაცისთვის – წიწაკა. ეკა საშინლად მოწესრიგებულია, რაც სულ მჭირდება. ყურადღებიანია და ურთიერთობაში საოცრად სუფთა და პატიოსანი.
ეკა: მაშოზე მინდა აუცილებლად ერთი რამ ვთქვა, ძალიან პირდაპირია და ეგრევე გეუბნება ყველაფერს. რას მიმაჩვია იცი?! რაღაც რომ არ მესიამოვნებოდა, შეიძლება, ამაზე თვალი დამეხუჭა, გამეტარებინა და ახლა ვსწავლობ, რომ ასე აღარ მოვიქცე. თუ რაღაც არ მომეწონა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მომეწონა და იქნებ აღარ გაიმეორო. უფრო მარტივად ვხედავ რაღაცეებს.
– სად ერთობით?
მაშო: ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს. ერთმანეთის ბავშვობის მეგობრებთანაც ვმეგობრობთ. სხვადასხვა წრეებია, სხვადასხვა ადგილებში ვიკრიბებით. პერიოდები გვაქვს, როდესაც კლუბური გართობა მოგვწონს. ამ ეტაპზე ოჯახში მეგობრებთან ერთად გართობაზე გადავდივართ.
– პოპულარობას როგორი გემო აქვს?
– გეტყვი, რა მჭირს. მთელი ცხოვრება მინდოდა, პოპულარული ვყოფილიყავი, მეთამაშა და უცებ, ჩემთან ეს პოპულარობა ძალიან მალე მოვიდა. თეატრში ორი ძალიან კარგი როლი შევასრულე, სადაც გულს, სულს, მთელ ენერგიას ვდებდი. სამი საათის შემდეგ სცენიდან აბსოლუტურად დაცლილი, მკვდარი გამოვდიოდი. მიმაჩნდა, რომ ეს იყო შემოქმედება. მოვიდოდა ერთი-ორი ადამიანი, კომპლიმენტს მეტყოდა, ავტოგრაფს მთხოვდა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ამას წინათ კი, მეგობრებთან ერთად კლუბში მივედი და ვიღაც ყვირის – ე, „კლაბ-შოუ“, არ ვიცი როგორ დაწერ დარბილებულ ლ-ს. ამაზე ძალიან ვერთობი. კი არ მაღიზიანებს, მაგრამ რაღაც უცნაური დამოკიდებულება მაქვს, ვერ ვხვდები რა მემართება ზუსტად. „მარშუტკით“ ოფიციალურად ვეღარ დავდივარ, სულ ტაქსებით მიწევს სიარული. ვერ ვიგებ, როგორ მიყურებენ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, დამოკიდებულებას ვერ ვიგებ. ერთი რაღაც მაღიზიანებს ძალიან, რეჟისორების დამოკიდებულება ჩვენდამი, ანუ, რაღაცეების მტკიცება გვიწევს, რადგან „კომედი-შოუს“ მსახიობები ვართ. არადა, ვინმემ რეალური შანსი რომ მომცეს, მოდი, დადექი სცენაზე და დამანახე, ამას შეძლებ? აუცილებლად შევძლებ. იყო რამდენჯერმე, ქასთინგის დროს – უი, რა კარგი გოგოები არიან, მაგრამ რატომ მეცნობიან? ა, „ქლაბ-შოუში“ მონაწილეობენ?! მაშინ, არ გვინდა, გაცვეთილი სახეები! რატომ იქცევიან ასე, მართლა არ მესმის.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, ხომ არ გეგმავთ სერიოზულ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში?
– შეყვარებული არ მყავს. სტაბილურად ერთი ადამიანი ჩემს გვერდით არ არის. ყურადღების ობიექტები არიან, სადღაც ვიღაცას რომ ეპრანჭები, ვიღაც გეპრანჭება. როგორც ხდება ხოლმე.
ეკა: ანალოგიურად! (იცინიან).