როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მკვლელობა და თვითმკვლელობა
ზოგიერთი ჩვენგანისთვის საშინელებათა ფილმშიც კი, ძნელი სანახავია ადამიანის გვამი, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი ექსჰუმაცია ხდება. თუმცა, ბუნებრივია, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც გვამთან შეხება ჩვეულებრივი სამუშაოა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის უფროსი, ქალბატონი რუსუდან ბერიაშვილი.
რუსუდან ბერიაშვილი: არის ქვეყნები, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ჰქვია „სამედიცინო გამოძიება“. ამიტომ, ჩემი საქმისადმი ინტერესი აღემატება სხვა უსიამოვნო მომენტებს, მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად მაქვს შეხება ლპობაში წასულ გვამთან. როცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება, ჩვენი დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც განაჩენს დაედება საფუძვლად და, შესაბამისად, ამისი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა გათავისებული გვაქვს და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჭირისუფალს, ამოიცნონ თავიანთი მიცვალებულები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი დიდი ხნის გარდაცვლილია და მისი ამოცნობა ძნელია. ამოცნობისთვის სპეციფიკური ნიშნების დადგენაა საჭირო და ამას ჩვენ ვაწვდით ხოლმე გამოძიებას, რადგან ხშირად შეუძლებელია გენეტიკური კვლევის ჩატარება, რომელიც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.
– უკვე ახსენეთ, რომ თქვენ საინტერესო პროფესია გაქვთ, თუმცა, გვამთან ურთიერთობა ბევრისთვის შიშთან და უსიამოვნო გრძნობებთან ასოცირდება...
– ვინც ამ პროფესიას ირჩევს, მათთვის მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ ექნებათ საინტერესო საქმე, მათი ცხოვრება ყოველდღიურ ძიებასთანაა დაკავშირებული და ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრებისგან ძალიან შორს იქნებიან. ელემენტარული წერტილებისგან ჩვენ ისეთი ინფორმაციის აგებას ვახერხებთ, რომელსაც არაპროფესიონალი წარმოუდგენლადაც კი მიიჩნევს. თავიდან რთული საქმეების გახსნა ზოგს შეუძლებლად ეჩვენება, ბოლოს კი ეს საქმე პროფესიონალის მიერ ისე ლაგდება, რომ ბევრს ნამდვილად უკვირს. რა თქმა უნდა, გვამთან მუშაობა ძალიან რთულია. არ იფიქროთ, რომ მასზე მიჩვევა შესაძლებელია, უბრალოდ, თავიდან არსებობს შიშის მომენტი, მაგრამ, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ახალგაზრდებს ამის გადალახვა უწევთ, რადგან სისხლთან, გვამთან და სხვადასხვა დაზიანებასთან შეხების გარეშე არ არსებობს ჩვენი მუშაობა. როცა პროფესიონალი ხდები და გვამთან ყოველდღიური შეხება გიწევს, შიშის კომპონენტი აღარ არსებობს. ჩვენთვის მიცვალებული არაა მხოლოდ კვლევის ობიექტი. ვიცით, რომ მის უკან დგას ოჯახი, ჭირისუფალი და ეს ხალხი ჩვენთვის „ვიღაცა“ არ არის. სტატისტიკურად, კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ შემთხვევების დაახლოებით 80 პროცენტი მოდის ცოცხალი ადამიანის კვლევაზე, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაციებით ექსპერტიზების ჩატარებაზე. ასე რომ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მხოლოდ მორგთან და მიცვალებულთან არ ასოცირდება.
– რომელი შემთხვევებია ყველაზე ძნელად გამოსაძიებელი?
– თქვენ ჩემგან ითხოვთ მთელი სასამართლო მედიცინის ახსნას. შევეცდები, ზოგადად გითხრათ, რომ ჩვენ მკვლელობას კი არ ვიძიებთ, არამედ, მაქსიმალურად ვეხმარებით გამოძიებას სამედიცინო თვალსაზრისით: რა ხანდაზმულობისაა კონკრეტული დაზიანება, რით არის მიყენებული ჭრილობა; ვადგენთ სროლის ტრაექტორიასაც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია ისეთი შემთხვევები, როცა მრავლობით დაზიანებას ვხვდებით. ესაა აფეთქებით გამოწვეული დაზიანება მასობრივი კოლიზიებისა თუ სატრანსპორტო შემთხვევის დროს. ასეთ ვითარებაში საჭიროა კომპლექსური შეფასება, სათითაოდ ყველა დაზიანება სკურპულოზურად უნდა აღიწეროს, თორემ, თვითონ სიკვდილის მიზეზის მიხედვით, სირთულეს პროფესიულად თუ მიუდგებით, ყველა შემთხვევა ერთნაირი სირთულის გახლავთ. რთულია, მაგალითად, არანაძალადევი სიკვდილის შემთხვევების გამოკვლევა, დაავადებით გამომწვევი სიკვდილის ფაქტებიც მოდის ჩვენთან და უნდა დავადასტუროთ, რომ ის არაა ნაძალადევი სიკვდილი, როგორებიცაა მკვლელობა, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევა.
– როგორ ხდება გვამის შენახვა, რა ტემპერატურაზე და რამდენ ხანსაა ეს შესაძლებელი?
– გვამის შენახვა ხდება სპეციალურ მაცივარში, სადაც ტემპერატურა მინუს 9 გრადუსია. როგორც კი შემოიტანენ გვამს, მაშინვე ხდება მისი გამოკვლევა და მაცივარში მხოლოდ ამის შემდეგ ვათავსებთ. როცა კვლევა არაა დასრულებული ან გვამი პატრონს არ მიაქვს, მაშინ ვათავსებთ მაცივარში, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოხდეს მისი შენახვა და არ გაიხრწნას. გააჩნია იმასაც, რით არის მიცვალებული მკვდარი – ამის მიხედვით ლპობა სხვადასხვა ინტენსივობით მიდის, ამიტომ, არის შემთხვევები, როცა ადამიანი კარგა ხნის გარდაცვლილია, მაგრამ გვამი არც იმდენად გაფუჭებულია, ხოლო თუ ადამიანი ზაფხულშია გარდაცვლილი და ის ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა, ცხადია, გვამი მალე იხრწნება – 2-3 დღეში და, შესაძლოა, მასზე დიაგნოზის ჩატარებაც კი გაჭირდეს.
– როგორ უნდა გავარჩიოთ, მოკლული ადამიანი მკვლელობის მსხვერპლია თუ თვითმკვლელობა მოხდა, როცა ის ცეცხლსასროლი იარაღითაა გარდაცვლილი?
– სამედიცინო განათლება ამის გამოძიებისთვის საკმარისი არაა, ეს გამომძიებლების საქმეა. უბრალოდ, ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ განვსაზღვროთ, შეეძლო თუ არა გარდაცვლილს, თავად მიეყენებინა დაზიანებები. საბოლოოდ, მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, ეს სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია.
– უკვე ახსენით, რომ მიცვალებული ზოგ შემთხვევაში არ მიჰყავთ სახლშიო. რა შემთხვევაში ხდება მსგავსი ფაქტები და ვის ევალება უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა?
– არის ისეთი მომენტები, როცა მიცვალებულის პატრონის მოძიება ვერ ხდება ან გვამის ამოცნობა არ ხერხდება. ის გვამები, რომლებიც ამოუცნობია და შეუძლებელი გახდა მიცვალებულის პატრონის პოვნაც, დაიკრძალებიან სახელმწიფოს მიერ. ჩვენ მათ 10 დღე ვაჩერებთ მორგში, თუ არაა განსაკუთრებული შემთხვევები, ვთქვათ, როცა უცხოელი მოქალაქის გვამია.
– ქალბატონო რუსუდან, თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მიცვალებული მოუყვანიათ კლინიკური სიკვდილით და მერე გაცოცხლებულა?
– მორგში გვამები არ ცოცხლდებიან, ეს გამორიცხულია, თუმცა, ვიცი, რომ ბევრი ანეკდოტი დადის ამაზე. თუ ადამიანი საქმეში ჩახედულია, ის ამგვარ ჭორს არც დაიჯერებს. ჩვენთან გადმოსვენება ხდება მას მერე, რაც მისი გვამობის უტყუარი ნიშნები უკვე გამოხატულია. როცა მას აქვს გვამური ლაქები, გაშეშება, გაციება, ლპობის ნიშანი გამოხატული, იქ რა გაცოცხლებაზე უნდა იყოს ლაპარაკი?! თუმცა, ისეც მომხდარა, როცა შემთხვევის ადგილზე გაყვანის დროს გარეგნობის დათვალიერებისას ოჯახში მისულ ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს ეგონა, მიცვალებულის გამოსაკვლევად მიდიოდა, მაგრამ ის ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა. ამ დროს გამორიცხული არაა, რომ კლინიკურ სიკვდილთან გვქონოდა საქმე. მაგრამ, არსებობს ეგრეთ წოდებული ცრუ სიკვდილიც, რომელიც კლინიკურ სიკვდილს ჰგავს, თუმცა კლინიკური არაა. ზუსტად ამიტომაა საჭირო პროფესიონალი ექიმი, რომ დაადასტუროს სიკვდილის ფაქტი და განასხვავოს მიცვალებული ცოცხლისგან.
– გვამის გაკვეთის დროს თუ ხდება მიცვალებულის ორგანოს გადანერგვა ან მსგავსი უცნაური ფაქტი თუ მომხდარა?
– კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით, რადგან, საშუალება მომეცემა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ჩვენთან მოჰყავთ ისეთი მიცვალებულები, რომელთა გარდაცვალებიდან გასულია იმდენი დრო, რომ მისი არც ერთი ორგანო გადასანერგად აღარ ვარგა. ინპლანტაცია იმდენად რთული პროცესია, რომ მას სჭირდება სპეციალური გარემო ორგანოების ამოსაკვეთად: უნდა იყოს სუფთა, ანტისეპტიკური პირობები, რომ რომელიმე ორგანოს გადანერგვა მოხდეს, სხვა მიზეზებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ვინც არაა საქმეში ჩახედული, მათ მიერაა აგორებული მსგავსი ჭორები.
– ყველაზე ადრე რომელი ორგანო კვდება?
– გახრწნისთვის ყველა ორგანოს სხვადასხვა დრო სჭირდება: ზოგი ორგანო ნახევარ საათში კვდება, ზოგი – უფრო მოგვიანებით. ყველაზე ადრე კი ლპობა მსხვილი ნაწლავიდან იწყება და გადადის სხვა ორგანოებზე. დადგენილი გახლავთ, რომ გარდაცვალების მერე ხდება გვამის გამოშრობა, როცა სხეული სითხეს კარგავს, ამის გამო რბილი ქსოვილები მოცულობაში იკლებს და არარბილი ქსოვილი, როგორიცაა ფრჩხილი და თმა, უფრო ჩანს. ასეთ დროს ზოგს ჰგონია, რომ ის ზრდას განაგრძობს, სინამდვილეში, გარდაცვალების მერე ყველანაირი ზრდის პროცესი ჩერდება, მხოლოდ დაშლის პროცესებიღა მიმდინარეობს.
– არაერთხელ გაგვიგია, რომ მიცვალებულის ექსპერტიზა წლების მერე ხდება, როცა მას რბილი ქსოვილი აღარ გააჩნია და მხოლოდ მუმიადაა ქცეული. უტყუარია ასეთ დროს მასზე რაიმე ექსპერტიზის ჩატარება?
– სასამართლო მედიცინაში მუმიების გამოკვლევაც კი ხდება, რომლებიც ათასობით წლის წინათ გარდაცვლილი გახლავთ. როცა ხდება დამარხული გვამის ამოღება ან შენახულის ხელახალი გამოკვლევა, ის მონაცემები ფიქსირდება, რაც მასზეა შენახული. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია ახალი გვამის ექსპერტიზა, რადგან მასზე მეტი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. თუ რბილი ქსოვილები შენახულია, მეტ ინფორმაციას გამოვიტანთ მისგან; თუ მხოლოდ ძვლებიღაა დარჩენილი, მათი გამოკვლევაც ხდება, თუმცა, ამას თავად გამოძიება საზღვრავს, ღირს თუ არა დამარხული გვამის ექსჰუმაცია. ზოგჯერ ჩვენთან მოაქვთ მიცვალებულის ძვლები და ვიკვლევთ, არის თუ არა მასზე დაზიანების კვალი. შესაძლებელია, თვითონ ძვალი იყოს დაზიანებული ან, სულაც, მოტეხილი. მუმიების შემთხვევაში გაცილებით მეტი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. იქ კანი და რბილი ქსოვილები, მართალია, გამომშრალია, მაგრამ რაღაც ინფორმაცია მაინც არსებობს. ტუტანჰამონის მუმია ბოლო დროს გამოიკვლიეს. ამდენი ხანი ეგონათ, რომ ის ტრავმული სიკვდილით იყო გარდაცვლილი. მხოლოდ ახლახან დაადგინეს, რომ, თურმე, იგი მალარიით გარდაცვლილა. ასე რომ, ყველაფრის კვლევაა შესაძლებელი, რაც ზოგჯერ მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ზოგჯერ – ნაკლებს.