რატომ ეშინია ჰოლივუდში დაბრუნების „დაკარგულების“ ვარსკვლავ ხორხე გარსიას და რის გამო ვერ დაესწრო იგი საკუთარი დის ქორწილს
დღეს, როდესაც ამ ხანგრძლივი სათავგადასავლო, მისტიკური და სუპერპოპულარული სერიალის მე-6, უკანასკნელი სეზონის ბოლო სერიების ტრანსლაცია მიმდინარეობს ამერიკული ტელევიზიით, რთულია იმის თქმა, თუ რომელმა გმირმა მოიპოვა გულშემატკივართა ყველაზე დიდი არმია მსოფლიოს მასშტაბით. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ, როდესაც ჯეი-ჯეი ამბრამსის მიერ სერიალ „დაკარგულების“ კონცეფცია იქმნებოდა, მასში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული პერსონაჟი სახელად ჰუგო. ანუ, ყველასთვის კარგად ნაცნობი ჰერლი რეინსი, რომლის როლს ამერიკელი კომიკოსი და დღესდღეობით სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი „სახე“, ხორხე გარსია ასრულებს. მისი გმირი არასდროს არ დადის ცხვირჩამოშვებული, მაშინაც კი როდესაც კუნძულის ბინადრებს საფრთხე ემუქრებათ. ის არ გამოირჩევა გარეგნობით და არც ინტელექტით, მაგრამ ის ყველასთან მეგობრობს და არავის არ ემტერება. ჰერლი, კეთილი გიგანტია, რომელიც მუდამ იგონებს არაორდინარულ გამოსავალს მძიმე სიტუაციებიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მეთიუ ფოქსის, ევანჯელინ ლილის და ჯოშ ჰოლოვეის მსგავსად, რომლებიც მუდამ იპყრობენ ჟურნალისტების ყურადღებას, ხორხე გარსია ყველაზე პოპულარულ მსახიობად ითვლება სერიალის მაყურებელთა შორის.
სერიალ „დაკარგულების“ სამსახიობო ანსამბლიდან ხორხე გარსია, ალბათ, ერთადერთია, რომლის პირადი ცხოვრების შესახებ ყველაზე ნაკლები იყო ცნობილი. მისი ბიოგრაფია ისეთივე მისტიკურია, როგორც „დაკარგულების“ სიუჟეტი. ხორხე 1973 წელს, ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში დაიბადა. მისი მშობლები, მამა – ამერიკის შეერთებულ შტატებში 60-იან წლებში ჩილედან ჩასული ექიმი უმბერტო გარსია და დედა – კუბელი პროფესორი დორა მეზრო იყვნენ. მოგვიანებით, გარსიების ოჯახი სამხრეთ კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხორხემ სან-კლემენტეს უმაღლეს სკოლაში განაგრძო სწავლა. პირველი როლი ხორხემ, რომელიც მაღალ კლასებში სწავლის დროს სკოლის რესტლერების გუნდის წევრი იყო და „მკვლელი ბავშვის სახით“ თიკუნით გამოდიოდა არენაზე, მე-7 კლასში, სკოლის თეატრის სამოყვარულო სცენაზე ითამაშა. მისი უარყოფითი გმირი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მღეროდა, რამაც მაყურებელი აღაფრთოვანა. წარმოდგენის შემდეგ ხორხემ, რომელსაც დღემდე არ აქვს გახსნილი საკუთარი პროფილები „მაისფეისზე“, „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“, მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობობა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ბევერლი ჰილზში, ერთ-ერთ დრამატულ თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც დღემდე მოღვაწეობს. აღსანიშნავია მისი პირველი როლები სპექტაკლებში: „შეყვარებული ვალენტინი“, „მევიოლინე სახურავზე“ და „ბიჭები და თოჯინები“. თეატრის მსახიობობის გარდა, სკოლაში სწავლის პერიოდში, ხორხე მუსიკითაც იყო გატაცებული და მეგობრებთან ერთად ხშირად აწყობდა კლასიკური როკის საღამოებს. ხორხეს კერპები იმ დროისთვის ტომ უეითსი და შეინ მაკგოუენი იყვნენ. განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, ფრჩხილებჩაშავებულ რომანტიკოსს ჰბაძავდა „დაკარგულების“ ვარსკვლავი. საინტერესოა, რომ სერიალში გადაღებების პარალელურად, გარსია პროფესიონალურ დონეზე მუზიცირებს და მეთიუ ფოქსის ჯგუფ „ლოსტ სოულსში“ უკრავს და მღერის. თუმცა, ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან, მისი თქმით, გადაღებების გრაფიკის გამო, თავისუფალი დრო მუსიკისთვის აღარ რჩება, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ მოკიდებს ხელს ხორხე თავის საყვარელ გიტარას. ცნობისთვის, გადაღებების გამო ხორხე საკუთარი დის ქორწილის ცერემონიალსაც კი ვერ დაესწრო.
„ჩვენ უნდა ავიყვანოთ ეს ბიჭი. მე არ ვიცი, რა როლს შევთავაზებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენთან ითამაშებს“, – ეს ფრაზა ეკუთვნოდა ჯეი-ჯეი აბრამს, „დაკარგულების“ ავტორს. ეს კი 2004 წელს მოხდა, როდესაც აბრამსმა შემთხვევით გადართო ტელევიზორი, იმ არხზე, სადაც გადიოდა კომედიური ტელესერიალი „დაამოკლე შენი ენთუზიაზმი“. მთავარ როლს ხორხე გარსია ასრულებდა. ქასთინგზე მისულ გარსიას, რომელსაც ცრურწმენების ისე სჯერა, რომ წინასწარ არავის ულოცავს დაბადების დღეს, უბედურების მომტანიაო და არ ხუმრობს გარდაცვლილ ადამიანებზე, გაცოცხლდებიან და ჩემთან მოვლენ ღამეო, თავდაპირველად, ჯოშ ჰოლოვეის მიერ განსახიერებული პერსონაჟის – სოიერის ტექსტი მისცეს წასაკითხად. მოგვიანებით კი აცნობეს, რომ მას დიდი ხნით მოუწევდა გადასაღებ მოედანზე დარჩენა, რადგან რეჟისორი და სცენარისტები მოიხიბლნენ მისი სამსახიობო ტალანტით. ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში გარსიამ, რომელსაც ხშირად ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმების პერსონაჟს – რუბეუს ჰარგრიდს ადარებენ, რომლის როლს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი რობი კოლტრეინი ასრულებს, გაიხსენა, რომ კონტრაქტზე ხელმოწერის მომენტში, ის გადაღებებზე კი არა, იმაზე ფიქრობდა, რომ ჰავაის კუნძულებზე დიდხანს მოუწევდა ცხოვრება. ეს მისი სანუკვარი ოცნება იყო, რადგან ხორხეს უსაყვარლესი ჰობი ხომ ცურვა და მზიან პლაჟზე ნებივრობაა. ჰავაის კუნძულები კი განთქმულია თავისი საოცარი სანაპიროებით. ხორხეს კიდევ ერთი გატაცება მუსიკალური კომპაქტდისკებისა და ფირფიტების შეგროვებაა. საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში, მას ერთი ოთახი სპეციალურად გადაკეთებული აქვს საწყობად, სადაც უნიკალური ფირფიტები ინახება. ერთ-ერთ ინტერვიუში გარსიამ განაცხადა კიდეც, რომ ზუსტად არ იცის, თუ რამდენი დისკი და ფირფიტა ინახება მის კოლექციაში. აღსანიშნავია, მისი კიდევ ერთი ჰობი. ცნობილია, რომ ხორხეს ძალიან უყვარს ზედმეტად კალორიული საკვები, განსაკუთრებით კი ფუნთუშები და პიცა. სკოლაში თანაკლასელებმა მას ასეთი თიკუნიც კი მოუგონეს – „რობინ-ბობინ ბარბექიუ.“ ხორხეს ეს არ სიამოვნებდა, სამაგიეროდ მოსწონდა სწრაფი კვების ობიექტები, სადაც ერთ ჭამაზე 3 მოზრდილი მამაკაცის ულუფას მიირთმევდა. ცნობილი ფაქტია, რომ კომპაქტდისკებთან ერთად ხორხე პიცის და სხვა ნუგბარის შესაფუთ ქაღალდის კოლოფებსაც აგროვებს.
ხორხე გარსია, რომელსაც საკუთარმა ძაღლმა, ტოი-ტერიერის ჯიშის ლეკვმა, მეტსახელად „ნუნუმ,“ კინაღამ ცხვირი მოაჭამა, დარწმუნებული არ არის, რა მოხდება მას შემდეგ, რაც სერიალი „დაკარგულები“ დასრულდება. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა კიდეც, რომ ეშინია ჰოლივუდში დაბრუნების. იმდენად მიეჩვია ჰავაიური ცხოვრების რიტმს, რომ ქაოსურ, ლოსანჯელესურ ცხოვრებაზე გადართვა რთული იქნებაო.