როგორ შეხვდა 12-წლიანი ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ თინათინ ჯაფარიძე მსოფლიო ლეგენდას, დეივ გრუზინს პირადად და რატომ დაინტერესდნენ მათი ურთიერთობით ამერიკასა და ინგლისში
მისი ცხოვრება თბილისში დაიწყო – აქ დაიბადა, ამღერდა, გაიზარდა... შემდეგ მოსკოვში გადავიდა და იქ მისი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ისტორია დაიწყო. სწორედ მაშინ გაიცნო, ოღონდ ელექტრონული ფოსტის დახმარებით, ცნობილი მუსიკოსი დეივ გრუზინი, რომლის შემოქმედებაზე საქართველოში და მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გაიზარდა. შემდეგ იყო ევროპა, იქაური წარმატებები, დაინტერესება ცნობილი პროდიუსერებისგან. ახლა კი, 26 წლის უნიჭიერესი კომპოზიტორი, მომღერალი და ჟურნალისტი, საოცრად თბილი ადამიანი – თინათინ ჯაფარიძე უკვე ნიუ-იორკში ცხოვრობს.
თინათინ ჯაფარიძე: წიგნი, რომელზეც ორი წელია, ვმუშაობ, როგორც იქნა, დავასრულე. დავწერე ეპილოგი. ასევე, ვასრულებ პროექტს ბროდვეიზე. როგორც კი წიგნის მასალას გადავუგზავნი ბროდვეის პროდიუსერებს, აქტიურად დაიწყებენ სპექტაკლის სცენარზე მუშაობას. რეპეტიციები კი დაგვეწყება ზაფხულში. მე და ჩემს გამომცემელს გვინდა, უპრეცედენტო რამ გავაკეთოთ, ანუ წიგნთან ერთად ამერიკასა და ლონდონში გაიყიდება სიდი, რომელიც წიგნის მუსიკალური გაფორმება იქნება – ჩაიდება წიგნში. ამ პროექტით ინგლისელებიც ძალიან დაინტერესდნენ. მათ იციან, რომ ორი წლის განმავლობაში ინგლისურ ჩარტებში მქონდა ორი ჰიტი და შესაბამისად, ჩემი სახელიც ცნობილია მათთვის, თან ძალიან ხიბლავთ ის ფაქტი, რომ ამერიკაში ვცხოვრობ.
– ნიუ-იორკს ოცნებების ასრულების ქალაქს უწოდებენ. შენი ოცნებები როგორ სრულდებოდა?
– მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს იყო თავისებური კლიშე, რომ ამერიკელებს ჰქონდათ გამოგონილი სლოგანი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს რეალობასთან ძალიან ახლოა. ზოგს ჰგონია, როგორც კი თვითმფრინავი ნიუ-იორკის აეროპორტში დაჯდება, ყველა ოცნება მაშინვე ხდება. პირადად მე, ხუთი-ექვსი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ ინგლისში მქონდა წამოწყებული, ბოლომდე მიმეყვანა. ახლა კი შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არაფერია შეუძლებელი, თუ შენც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, ოცნებების განსახორციელებლად. „გრინ ქარდი“ ნახევარ წელიწადში ავიღე. ნიუ-იორკში რომ ჩავედი, მეორე დღესვე მივიტანე ჩემი მასალები – სად გამოვდიოდი, რეცენზიები, წერილები, სხვადასხვა ვარსკვლავის მიერ დაწერილი რეკომენდაციები.
– ვინ არიან ისინი?
– ერთ-ერთია ძალიან წარმატებული და პრესტიჟული ფიარ-სააგენტოს event one-ის პრეზიდენტი, ჯეფ ჩეგვინი, „სიბიესის“ არხის ყველაზე ცნობილი ქალი პროდიუსერი – ლუსი ჯარვისი, ასევე, ენდი ქერმანი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტი ინგლისში და იმავდროულად, სტინგის ადვოკატია. ასევე, სელინ დიონის პროდიუსერი, რომელიც დღეს ჩემი პროდიუსერია, „ნილ ფოქსის“, ინგლისის ნომერ პირველი რადიოს დიჯეი, რომელიც აგრეთვე იყო – „ფოფ აიდოლის“ ერთ-ერთი პროდიუსერი და ჟიურის წევრი. მათ დაწერეს წერილები, რეცენზიები ჩემ შესახებ, მაგრამ მაინც მომიწია იმის დამტკიცება, რომ მე ამ ქვეყანას უფრო მაღალ დონეზე გავუკეთებ ბევრ რამეს, ვიდრე ამას ამერიკელი მოახერხებს. სამ თვეში გამომიგზავნეს „გრინ ქარდი“, ჩემმა იურისტმა მითხრა, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევააო, თანაც ინტერვიუზეც არ დავუბარებივარ, წელს უკვე პასპორტს ვიღებ. ის „გრინ ქარდი“, რომელიც მე მომცეს, განკუთვნილია ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომელთაც მიიჩნევენ, რომ ამერიკას ხელოვნების, კულტურის დარგში რამეს გაუკეთებენ.
– შენ ძალიან ბევრ მომღერალს უწერ სიმღერას. ბოლო დროს ვისთვის დაწერე?
– ერთი კვირის წინ დავამთავრე სიმღერა „ემტივისთვის“, ახალი პროექტისთვის, რომელიც უკვე განსახილველად გაიტანეს. ახალი გადაცემა იწყება ამ ზაფხულს. ჯერ უნდოდათ გადაცემისთვის ლაიტმოტივი გამეკეთებინა, მაგრამ როცა ჩანაწერი მოისმინეს, მოისურვეს ვრცელ მუსიკად დავწერო და არა მხოლოდ ლაიტმოტივი. ამჟამად სწორედ ამაზე ვმუშაობ ჩემს ამერიკელ პროდიუსერებთან ერთად და ამ სიმღერას მე თვითონ ვიმღერებ, რადგან მთხოვეს, იქნებ შენ შეასრულოო. ასევე ვიწყებ მუშაობას ახალ ბენდთან, ზაფხულში მაქვს რამდენიმე გალა-კონცერტი და გამოვალ სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად. ერთ-ერთი იქნება ბორისლავ სტრულევი, რომელიც რუსეთშია დაბადებული, მაგრამ ამერიკაში მოღვაწეობს. ძალიან ცნობილი ვიოლონჩელისტია, ვიოლონჩელზე უკრავს ფანტასტიკურად. „კარნეგი ჰოლში“ აქვს მაისში კონცერტი და დეივ გრუზინთან მუშაობს. სწორედ მისგან გავიცანი და ძალიან გვინდა, რომ მომავალში – მე, დეივ გრუზინმა, ბორისლავ სტრულევმა ერთად ვიმუშაოთ და რაც მთავარია, ამას დიპლომატიური დანიშნულება ჰქონდეს.
– შენ და დეივ გრუზინს ურთიერთობის საკმაოდ საინტერესო ისტორია გაქვთ. შეიძლება ითქვას, დაუჯერებელიც კი როგორც ვიცი, სულ ახლახან მას შეხვდი და პირადად გაიცანი.
– დეივ გრუზინი ბავშვობიდან მიყვარდა. ის არის ჯაზის, პოპისა და კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი. მას რობერტ რედფორდის რვა ფილმი აქვს გაფორმებული. მას ეკუთვნის მუსიკა ფილმებისთვის: „ტუტსი“, „ჰავანა“. ბარბარა სტრეიზანდისთვის აქვს ძალიან ბევრი სიმღერა დაწერილი. 14 წლის ასაკში, შემთხვევით, დეივ გრუზინის ელექტრონული მისამართი მოვიძიე და მივწერე წერილი. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი მიწერ-მოწერა. 12 წელია, ერთმანეთს ვეკონტაქტებით. ყველაფერს დეტალურად ვუყვები, სიმღერებს ვუგზავნი. ისიც მეკითხება თავის აზრს, როდესაც ახალი დისკი გამოდის. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ შეხვედრა. ბოლო პერიოდში ჩვენი შეხვედრა სამჯერ ჩაიშალა. როგორც იცით, ჩემი წიგნიც და სიმღერებიც ჩვენს ურთიერთობას ეხება. მისით ბევრი დაინტერესდა, მაგრამ ბოლოს მითხრეს, თუ თქვენი შეხვედრა არ შედგება, ჩათვალე, რომ წიგნს დასასრული არ ექნებაო. ორი კვირის წინ ვკითხულობდი წიგნს, სადაც ეწერა, რომ ამერიკელი გოგონა წავიდა ინგლისში, რომ აესრულებინა ბავშვობის ოცნება და გაეცნო პრინცი. ამ ყველაფერს 20 წელი დასჭირდა. ბოლოს მოულოდნელად გაიცნო. დავხურე წიგნი, გავბრაზდი, რა დასაწერია ეს ისტორია. როგორი ისტორია გვაქვს მე და დეივს, როგორ ვერ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი-მეთქი. ავდექი და „გუგლში“ ჩავწერე დეივ გრუზინის ბილეთები და ეკრანზე დაიწერა – დეივ გრუზინის კონცერტი 16 აპრილი, 8 საათზე ნიუ-იორკში. არადა, 16 აპრილი თენდებოდა. დავურეკე ჩემს რედაქტორს, ჩაკ ტეილორს, რომელიც იმავდროულად, ჟურნალ „ბილბორდის“ რედაქტორია და ვუთხარი, რომ დეივი ხვალ ჩამოდიოდა. საღამოს მოვახერხეთ კონცერტზე მისვლა, ბროდვეიზე, ჯაზ-კლუბში. ძალიან ვნერვიულობდი. ჩემმა რედაქტორმა ვერ მოითმინა, შევიდა კულისებში, თან ისიც ძალიან ნერვიულობდა. იქ დაუნახავს ვიღაც სიმპათიური ხანშიშესული კაცი და უკითხავს, დეივ გრუზინი სად არისო. მე ვარო, – უპასუხია. ისე დაბნეულა ჩემი რედაქტორი, მხოლოდ ის უთქვამს, თქვენთან ჩამოვიდა მეგობარი ყოფილი საბჭოთა კავშირიდანო და გამოქცეულა. როდესაც დეივი გამოვიდა დარბაზში, სრული შოკი მივიღე და პირველად ხმა რომ ამოიღო, ცუდად გავხდი. მისი ხმა პირველად მოვისმინე, მთლიანად ვკანკალებდი. დაკვრა რომ დაიწყო, მაშინვე ცრემლები წამომივიდა. როდესაც პირველი განყოფილება დამთავრდა, უცებ უკნიდან ვიღაცამ დამადო მხარზე ხელი და მკითხა – შენ ის ხარ, ვინც მე მგონიაო? ხმა არ ამომიღია. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ისევ მკითხა, ესე იგი, შენ მართლა არსებობო? კონცერტის შემდეგ კულისებში შევედი, საოცრად თბილი შეხვედრა გვქონდა, ერთმანეთს ისტერიულად ვეხუტებოდით. ჩემი მშობლებიც მოიკითხა, აუცილებლად უნდა გავიცნოო. შემდეგ მთხოვა, იქნებ წიგნის ეპილოგი გამომიგზავნო, წელიწადზე მეტია, ამ წიგნს ველოდებიო. მე დეივ გრუზინს წლების განმავლობაში ვუყვებოდი, რას ნიშნავდა გრუზინი და რომ საქართველოში ლეგენდები დადიოდა მისი ქართული წარმომავლობის შესახებ. დეივმა თავის მუსიკოსებს ასეთი რამ უთხრა, ჩემმა მეგობარმა თავიდან მომწერა, რომ შენი გვარი რუსულად ქართველს ნიშნავსო. ახლა მეც ეჭვი მეპარება, რომ მართლა ქართველი ხომ არ ვარო.