როგორ გაატარა მამუკა გამყრელიძემ სამოთხეში 22 დღე
პოპულარული შოუს „ვის უნდა ოცი ათასის“ წამყვანი მამუკა გამყრელიძე ძალიან კომუნიკაბელური და ხალისიანი ადამიანია. მისი მთავარი სტიქია ცხოვრებით ტკბობაა, რაზედაც უკვე ცნობილი შოუმენი უარს არასდროს ამბობს. უყვარს ავანტიურაზე წასვლა, თუმცა არასდროს რისკავს იქ, სადაც საფრთხე არსებობს. ფიქრობს, რომ ბოლო წლებში მისი დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ შეიცვალა. ახლა მისთვის ყველაზე აქტუალური ცხოვრების ჯანსაღი წესია მავნე ჩვევების გარეშე. თუმცა, ჩვეული ხალისით იხსენებს იმ წლებს, რომელიც ამ ქალაქში გაატარა და რომელიც თავგადასავლებითაა სავსე.
მამუკა გამყრელიძე: ახალგაზრდობის წლებში პოპულარული ბიჭი არ ვყოფილვარ. ისეთი პოპულარული ბიჭი, ვისაც უბანში ყველა იცნობდა, სულ 2-3 იყო. ვაკეში დავიბადე, მაგრამ მერე საცხოვრებლად ბარათაშვილის ქუჩაზე გადავედით, სადაც „ჩვენი ეზოა“ გადაღებული. ეს იყო არაჩვეულებრივი ეზო, არაჩვეულებრივად კარგი ხალხით. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ნუგზარ შარია, ბიძია „სპორტსურიკა“ – მისი ორგანიზაცია სპორტულ ტანსაცმელსა და კოპლებიან ბურთებს კერავდა. ბავშვებს ხშირად გვჩუქნიდა ბურთებს. მერვე კლასამდე ბარათაშვილზე ვცხოვრობდი და პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მერე მამაჩემმა ბინები გაცვალ-გამოცვალა და ისევ ვაკეში დავბრუნდით. სასწავლებლად 51-ე სკოლაში გადავედი, სადაც ძალიან გამიმართლა. მყავდა არაჩვეულებრივი თანაკლასელები, რომელთა უმეტესობა დღემდე ჩემი მეგობრები არიან.
– როგორი ბიჭები იყვნენ თქვენს სამეგობროში?
– წესიერი ბიჭები. მე ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, არ მაინტერესებდა ასეთი მენტალიტეტი. ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში. არც მე ვჩაგრავდი არავის და არც ჩემი დაჩაგვრა უცდია ვინმეს. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მაგრად გამლახა ჩემმა კლასელმა, ისიც ჩემი ბრალი იყო. ძალიან მწარედ მახსოვს ის ამბავი. ახალი ტყავის ფეხსაცმელი მეცვა, არ ვიცი რატომ, მაგრამ, ამ ფეხსაცმლის გამო წავკამათდით. ჩიკორივით პატარა ბიჭი იყო ჩემი კლასელი, მაგრამ მაგრად მცემა. ეს ცემა იყო ბოლო, რაც მახსოვს (იცინის)... მე და ჩემი მეგობრები ვსწავლობდით კარგად. 4 წლის ასაკში ვისწავლე კითხვა. სულ წიგნი მეჭირა ხელში, მაგრამ სამაგიეროდ ყოფაქცევაში არ მქონდა კარგი ნიშანი. მასწავლებლებთან მომდიოდა ხოლმე ხშირად კამათი ჩემი უფლებების დასაცავად. კოდექსებით გველაპარაკება მასწავლებლებსო და ამის გამო გამომიშვეს კიდეც პირველი სკოლიდან. მთლად გარიცხვაც ვერ უწოდეს ჩემს გამოშვებას, თუმცა რეალურად ასე იყო.
– იმ წლებში ალბათ, ბევრი თავგადასავალი გადაგხდენიათ მეგობრებთან ერთად.
– კი, თავგადასავალი საკმაოდ ბევრი იყო. პირველ სკოლაში გაუთავებელი დაკა-დაკა გვქონდა, მაგრამ ბავშვური ხასიათის – არ მახსოვს, ვინმეს დანა გამოეყენებინოს. ვუსმენდით ჯაზს, როკს. 30-მანეთიან დისკებს ვყიდულობდით, მერე ერთმანეთს ვუცვლიდით და ვიყავით ერთ ამბავში. ბიჭები ვიკრიბებოდით ვერის პარკში, რომელიც ჩვენს სკოლასთან იყო ახლოს. ხშირად ვთამაშობდით ფეხბურთს, „შვიდმეტრიანს“, რადგან მოედანზე შვიდმეტრიანი კარი იდგა. თამაში მიდიოდა სკოლა სკოლის წინააღმდეგ, ჩვენი გუნდი სუსტი იყო, 53-ე და 58-ე სკოლელები მაგრად გვჩაგრავდნენ. ძალიან ხშირად ვიდექით ბირჟაზე, ჩემი სახლის გვერდით, თაყაიშვილის ქუჩაზე. იმ ბირჟაზე ჩვენამდე უფროსი თაობის ცნობილი წარმომადგენლები – ტუგრიკა, თამაზ ტოგონიძე, კოსტა გიორგაძე იდგნენ. ჩვენი ბირჟა იყო ჯანსაღი, ვცხოვრობდით ნარკოტიკების გარეშე. ასეთი ამბავი ჩვენს ქვემო ბირჟაზე ხდებოდა (იცინის). ჩვენ ვეწეოდით სიგარეტს, ხანდახან „პლანსაც.“ ყველანი მელომანები ვიყავით და გვეგონა, მუსიკას ასე უკეთესად მოვუსმენდით, თუმცა „პლანს“ მალე დავანებეთ თავი (იცინის). ბირჟაზე გვერდს გოგონებიც გვიმშვენებდნენ. ჩემი ცოლიც ხშირად იყო ჩვენი ბირჟის წევრი (იცინის). საერთოდ, გოგონების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა. ბიჭი გოგოსთან ერთად რომ გაივლიდა, გამორიცხული იყო მისთვის ვინმეს რამე ეთქვა. ქართველებს გვიყვარს ტრადიციებზე საუბარი, ტრადიცია უნდა იცვლებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, კარგი ტრადიციები ქრება, ცუდი კი რჩება.
– მოდური ბიჭი იყავით?
– კი, შეძლებისდაგვარად. იყვნენ ისეთი ბიჭები, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება, უცხოეთიდან ჩამოტანილი ტანსაცმელი ეყიდათ, მაგალითად, ჩემი ოცნება იყო ჯინსის ასეთი მოდელის შარვალი, რომელიც ახლაც მაცვია. მეათე კლასში ვიყავი, როცა მამაჩემმა ჩემი საოცნებო შარვალი ას მანეთად მიყიდა. მიყვარდა „უშანკა“ ქუდი. ეს იყო სრული კატასტროფა. სიარულის დროს ხელით მეჭირა – რომ არ იცოდი, ვინ მოგტაცებდა, ვისაც „ნორკის“ „უშანკა“ ეხურა, ის ყველაზე მაგარი იყო. ასეთი ქუდი სულ ორ კაცს ჰქონდა. ვისაც არ გვქონდა საშუალება გვეყიდა უცხოური ტანსაცმელი, დავდიოდით მკერავთან – მაშინ არაფერი იშოვებოდა და ყველაფერს ვიკერავდით. მამაჩემმა მკერავ ვალიკოსთან მიმიყვანა, რომელიც ცეკას მდივნებს კოსტიუმებს უკერავდა. მეც ვალიკოს კლიენტი გავხდი. ჩაცმა იყო ჩემი სისუსტე. ვიკერავდი ჭრელ პერანგებს, რომლებიც როკმუსიკის მოყვარულებს ეცვათ, ისეთივე შარვლებს. ერთ ბიჭს ვიცნობდი, რომელიც თვითონ იკერავდა შარვლებს. იცით, როგორი „შლაქსები“ ეცვა? – ორმაგი ნაკერით, ამაზე ყველა გავგიჟდით. დავდიოდი ბაკენბარდებით. წარმოიდგინეთ, მეტრი და ოთხმოცდათხუთმეტი სანტიმეტრის სიმაღლის მამაკაცი, ვიდექი ძალიან მაღალ „პლატფორმებზე“, რომელიც დედაჩემმა ძლივს მიშოვა სადღაც საწყობში. ის „პლატფორმა“ ყვითელი, მწვანე და წითელი ფერის იყო – საშინელი დასანახი. მაგრამ, მოდა ასეთ „მსხვერპლს“ მოითხოვდა.
– კიდევ რა ცდუნებებს ვერ უძლებდით?
– ჩვენს ასაკში ძალიან მიღებული იყო დალევა, ვსვამდით ღვინოს, თანაც ძალიან ბევრს. მე, გია ხურცია და ოთარ თოხაძე ვიყავით ამ მხრივ რეკორდსმენები. ოთარი მაგარი ბიჭი იყო, უვაჟკაცესი და ჯანიანი. როცა პატარები ვიყავით, პოპულარული იყო „ივერიის“ სახინკლე. მერე ძალიან შეგვიყვარდა „ინტურისტის“ ბარში შესვლა. იქ იაფი იყო ყველაფერი. დათვლილი გვქონდა, კარგი ქეიფისთვის კაცზე ათი მანეთი იყო საჭირო. ბარში ჩვენ დავდიოდით, იქვე რესტორანში კი ბაბუაჩემი ქეიფობდა ხოლმე მეგობრებთან ერთად. როგორც კი გვნახავდა ბიჭებს, სუფრასთან გვეპატიჟებოდა, რაც მე ძალიან მომწონდა (იცინის).
– როცა ვაკელი ბიჭი ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში წახვედით, მეგობრების ხუმრობის თემა არ გახდა თქვენი არჩევანი?
– ბიოლოგიურზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მათემატიკაში ვიყავი სუსტი, ჩემით ვერ ჩავაბარებდი. მამაჩემს ვუთხარი: მათემატიკაში დამეხმარე, დანარჩენს მე თვითონ მივხედავ-მეთქი. მან უარი მითხრა დახმარებაზე, ავდექი და ჩავაბარე ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში. მეუბნებოდნენ, კომკავშირში, პარტიაში წახვალ წინ, კარიერა გექნებაო და ასე გავხდი ზოოტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტი. ცუდად არ ვსწავლობდი, იდაყვამდეც კი ვარ შესული ძროხის საშვილოსნოში. (იცინის) გვყავდა ერთი ლექტორი, რომელიც რკინის მანეთიანს ტოვებდა ძროხის საშვილოსნოში და სტუდენტი თუ ხელით არ გამოიღებდა იმ მანეთიანს, ნიშანს არ უწერდა. ძალიან კარგი კურსელები მყავდა, ამაზე მაგრად ვხალისობდით. ყველას ეგონა, მეცნიერი გავხდებოდი, თუმცა მე არ მომწონდა ეს საქმე და კარგად არ ვსწავლობდი. მესამე კურსზე ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. რა ზოოტექნიკა, რის ზოოტექნიკა, დროს ვატარებდი, ვქეიფობდი, მეგობრებთან ერთად ჩოგბურთს ვთამაშობდი. მერე მამაჩემმა თეთრი „06“ მიყიდა. მე კი არა ჩემს ცოლს უყიდეს. ჩემთვის მანქანის ნდობა არ შეიძლებოდა. მეტი რა მინდოდა ახალგაზრდა ბიჭს?! დავდიოდი მანქანით, თუმცა მალე პირველივე ბოძზე „შევჯექი“ იმ მანქანით. ამით დავასრულე ჩემი მძღოლობა, კარგა ხანს მანქანის საჭეს ვეღარ ვეკარებოდი.
– თქვენ საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდით მოსკოვში, იმ დროს არ გენატრებოდათ თბილისური ცხოვრება, მეგობრები?
– საკმაოდ რთულ დროს, ძალიან გამწარებული წავედი თბილისიდან. საშინელი და გაუსაძლისი პირობები იყო ჩვენთან იმ პერიოდში. მე და ჩემი მეგობრები ცოლებით, შვილებით ერთი თვე გემით სამოგზაუროდ წავედით. თბილისიდან ბაქომდე და მერე ოდესამდე ისეთი საშინელი გზა გავიარეთ, რომ, როდესაც გემზე ავედით, მივხვდი, რომ სამოთხეში მოვხვდი. 22 დღე ვიყავით გემზე. საოცარი დრო გავატარეთ, სასმლის ყველანაირი მარაგი ამოვწურეთ. უკან რომ ვბრუნდებოდით, გემზე სასმელი გათავდა. მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი, რომლებსაც ლურჯი პასპორტები გვქონდა, გემიდან გადმოვედით იუგოსლავიაში და ერთი დიდი ჩანთა სასმელი ვიყიდეთ. ჩვენს ფანტასტიკურ დროსტარებას წერტილი ბაქოს აეროპორტში დაესვა, სადაც ტუალეტიც კი არ იყო. ჩემს უმცროს გოგონას კი ჩანთაზე ეძინა. მერე როგორც იქნა წითელ ხიდამდე ჩამოვაღწიეთ, ახალი წლის წინა ღამე იყო. ლამის საზღვარზე შევხვდით ახალ წელს, ძლივს ჩამოვაღწიეთ თბილისამდე. კინაღამ „სლიოჰკიმ პარამ“ დაგვემართა (იცინის). მოგზაურობის შემდეგ აქ გაჩერება გამიჭირდა. მახსოვს ახალი წლის ღამეს, ორი საათით მოგვცეს სინათლე. ვთქვი, რაც იქნება, იქნება-მეთქი და წავედი მოსკოვში. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემგან დიდი ავანტიურა იყო. დღემდე ავანტიურისტი ვარ, თუმცა, არ მივდივარ ისეთ რისკებზე, რომელიც საფრთხესთან არის დაკავშირებული. რაც არ მაინტერესებს, იქ არ ვარ. მაგალითად, არასდროს ვყოფილვარ პოლიტიზებული.
– აბა, რა არის თქვენი სტიქია?
– მოგზაურობა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამოგზაუროდ წასვლა იოლი არ იყო, ვახერხებდი ხოლმე სადმე წასვლას. კურსის კომკავშირის მდივანი ვიყავი. კომკავშირისთვის შეგროვილი ფული მე და ჩემმა მეგობარმა წარმატებით დავხარჯეთ რესტორანში. ამას ვინ გვაპატიებდა? მართალია, დაჩქარებული წესით ვიყავი მიღებული კომკავშირში, მაგრამ იმ საქციელის გამო, სახელი გავიფუჭე და გერმანიაში არ გამიშვეს. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ჩემი მეგობრის მამა ვიზების სამსახურში მუშაობდა და მისი წყალობით წავიდა და წავიდა ჩვენი მოგზაურობები. ჯერ უნგრეთში წავედი – მოვიარე სოციალისტური ბანაკი, მერე დასავლეთ გერმანიაში მოვხვდი. როცა საზღვრები გაიხსნა, ძალიან ბევრი ქვეყანა ვნახე კაპიტალისტური სამყაროდან. ადრე ცოტა არ იყოს ცინიკოსი ვიყავი. ბოროტად არავის მოვქცევივარ, მაგრამ მიყვარდა ღადაობა. მერე, როცა მარტო ვრჩებოდი, ამას განვიცდიდი ხოლმე, სინანული სულ მქონდა... ახლა, ეტყობა, დავბერდი, ჩემი ჰორმონებიც ისეთი აღარაა, როგორიც იყო (იცინის). ვხვდები, რომ კეთილი ადამიანი ვხდები, ამ გადაცემამაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღირებულებები. კატეგორიულად არ ვთმობდი არაფერს, ახლა პირიქით, ყველას ყველაფერს ვუთმობ, რადგან მივხვდი, რომ სიცოცხლის ფასად ამქვეყნად არაფერი ღირს.