რისი ნოსტალგია არ აქვს მაკა ასათიანს და რა ენატრება მას ყველაზე მეტად
6 მაისს თბილისში „ფეშენ-ვიკი“ დაიწყო, რომლის გახსნაც ქართული ბომონდის მთავარ თავშეყრის ადგილად იქცა. წითელ ხალიჩაზე შემოდიოდნენ ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი, გლამურულად შემოსილი ქალბატონები. ვაკვირდებოდი მათ და დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, იყო თუ არა მათ შორის რომელიმე მაკა ასათიანზე ლამაზი. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ამის განსჯა მაინც მკითხველისთვის მიმინდია: მაკა ასათიანი დღემდე ყველაზე ლამაზი ქართველი ქალია, ყველაზე თვითმყოფადი, გამორჩეული.... როგორც არ უნდა ცდილობდეს, რომ უჩინრად დარჩეს, ყოველთვის, ყველასთვის შესამჩნევი ხდება... იმ დღეს მივხვდი, რომ მაკა თბილისს, მსგავს შეკრებებს, საოცრად აკლია. როგორც მან სატელევიზიო შოუებში თქვა, ამჟამად სულ სხვა გეგმები და ინტერესები აქვს. თუმცა, მომენტი ხელიდან არ გავუშვით და მისთვის საყვარელ თემაზე, მოდაზე ვესაუბრეთ.
– ამ ქაოსში და მოდურ ციებ-ცხელებაში ჩართულს, გაქვს თუ არა იმის ნოსტალგია, რომ პოდიუმის კედელზე დიდი ასოებით ეწეროს – „მაკა ასათიანი“?
– არ მინდა, მათ, ვინც ამას მეკითხება, გული დავწყვიტო და იმედი გავუცრუო, მაგრამ საერთოდ არ მაქვს ნოსტალგია. არის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც სხვა რაღაცის კეთება გინდა და გსიამოვნებს. ამ შემთხვევაში, ანუ თბილისის მოდის კვირეულში ჩართული ვარ, როგორც ჟიურის წევრი და ძალიან მიხარია ეს. ვნახავ, რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდის სფეროში, რას აკეთებენ ახალგაზრდა დიზაინერები. დიდი ხანია ქვეყნიდან წასული ვარ და თაობები ისე გაიზარდა, რომ არც ვიცნობ და არანაირი შეხება მათ შემოქმედებასთან არ მქონია.
– შეცვლილი დაგხვდა სიტუაცია?
– ნიჭიერი დიზაინერები და მხატვრები ჩვენთან ყოველთვის იყვნენ, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ნიჭიერები ვართ ეს ქართველები და რას ვიზამთ?! (იცინის) თუმცა, მხატვარს გაცილებით ნაკლები ფინანსები სჭირდება იმისთვის, რომ, ვთქვათ, დახატოს, ვიდრე – დიზაინერს, რომ კოსტიუმები შექმნას. ამ ჩამოსვლისას მივხვდი, რომ ეს სფერო უფრო ჩამოყალიბებულია, ყველაფერი გაცილებით პროფესიონალურად ხდება. კერძო კომპანიებსაც ესმით რაში დებენ ფულს. ცოტა ხნის წინ ეს საერთოდ არ ესმოდათ. იმედი მაქვს, რომ მთავარი ამოცანა, რაც ამ სფეროს მოქოქვას სჭირდება, ის შესრულდება, მოიქოქება მაშინ, თუ იქნება რეალიზება, ანუ სამოსი გაიყიდება. ყოველ წელს ოცი ცალი კოსტიუმი ვაკეთო და ისინი გავყიდო, რას მაძლევს?! არაფერს. მასობრივი წარმოება უნდა იყოს – ესა თუ ის პოდიუმზე ნაჩვენები პრეტ-ა-პორტე კოსტიუმი სხვადასხვა ზომებში წარმოდგენილი. უნდა არსებობდეს ტანსაცმლის ფაბრიკები, სადაც ყველაფერი გაკეთდება. უცხოელებთან სისტემატურად უნდა ჰქონდეთ კონტაქტი, რომ რომელიმე დიდმა მოდის სახლმა მათთან სამუშაოდ ან სტაჟირებაზე წაიყვანოს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ სწორი პროფესია აირჩია. ეს არ არის საქმე, სადაც უბრალოდ, მეგობრებისთვის ესკიზები უნდა დახატო, შემდეგ მან რომელიმე მკერავთან წაიღოს და შეაკერინოს. არ არის ეს მხატვრობა. მოდა გაყიდვებთან არის დაკავშირებული.
– შენ თუ მონაწილეობ იმ საქმეში, რომ უცხოური კომპანიები, „ბაერები“ ჩამოვიდნენ საქართველოში ან უბრალოდ, საქმის კურსში იყვნენ, რა ხდება აქ, ჩაერთვნენ ამ პროცესებში?
– ამ შემთხვევაში ნაკლებად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო არ ვიყავი. თაკომ და მისმა გუნდმა გადასარევად მოაბეს თავი ყველაფერს. თაკოს ვუთხარი, როგორც კი საჭირო გახდება ჩემი ამ მხრივ ჩარევა, მზად ვარ-მეთქი.
– რას ნიშნავს დღეს მათთვის სახელი – მაკა ასათიანი? ახსოვთ კიდევ?
– არა. რა დღიდანაც შენ აღარ მუშაობ, იმ დღიდან, მთავრდება შენი ბრენდის არსებობაც. ზოგადად, ისე აქტიურადაც აღარ ვარ ჩართული ამ სფეროში. რომ გითხრა, მოდის კვირეულს არ ვტოვებ-მეთქი, მოგატყუებ. სხვა რაღაცეებით უფრო ვარ დაკავებული. ბრენდის არსებობა მთავრდება-მეთქი ვთქვი, მაგრამ არ მთავრდება პირადი კავშირები, კონტაქტები, მეგობრობა, რომელიც სულ არსებობს და საერთოდ არ არის დაკავშირებული საქმიანობასთან. ცოცხალი ადამიანები ვართ და კომუნიკაცია ყველაფერს ნიშნავს. თან მათთან მჭიდრო ურთიერთობას იოლად ვინარჩუნებ, რადგან უფრო იქით ვარ, ვიდრე აქეთ. სანაცნობო წრე ფართოვდება, არიან მეგობრები, მეგობრების მეგობრები – ადამიანები, რომლებსაც იცნობ და შეგიძლია საქმესთან დაკავშირებით რაღაც ჰკითხო. კავშირები ყოველთვის, ყველა დროში მთავარი იყო და დღემდე ასეა.
– მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება თუ არა კვირეულზე რობერტო კავალის სტუმრობა?
– მოდის სფეროს განვითარებისთვის მისი სტუმრობა საერთოდ არაფერს ნიშნავს. შეიძლება, როგორც მოვლენა, პრესტიჟის თვალსაზრისით კარგია, რადგან თვითონ კვირეულს მეტი ყურადღება დაეთმობა, მაგრამ, ამ სფეროს განვითარებისთვის არაფერს ნიშნავს. განვითარება სხვა რაღაცას ჰქვია. ვიღაცეებმა თვალი უნდა გაახილონ და ამ სფეროში ფული ჩადონ. საქმე უნდა კეთდებოდეს. “ტუსოვკაზე” მივალ, ჩვენებას დავესწრები, – ეს არ არის ყველაფერი. მოდის კვირეულები იმისთვის კეთდება, რომ იმ ადამიანების ყურადღება მიიქციო, ვისზეც ქარხნის გახსნაა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ დაინახავენ ამ ყველაფერს.
– „ატელიე 10ა-ს“ კოლექციას როგორ შეაფასებთ როგორც ჟიურის წევრი და როგორც თეონას ნათესავი და მეგობარი?
– როგორც ნათესავი, თუ როგორც ჟიურის წევრი?! (იცინის) მართლა ერთნაირი შეფასება მაქვს და იმიტომ კი არ ვაფასებ კარგად, რომ თეონა და იკა ძალიან მიყვარს. საოცრად ნათელი კოლექციაა, ლაღი, მსუბუქი და რაც მთავარია, ძალიან ქალური, ზედმეტად ქალურიც კი. ეს ძალიან მომწონს, რადგან ამ ბოლო დროს თვალში ძალიან მოგვაკლდა. ქალურობა გვაკლია, რადგან სილუეტი, დეტალები, მოდა ცოტა გაუხეშდა. ამიტომ, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.
– ზოგად ტენდენციებში როგორ ჯდება? ადევნებ თვალყურს რა ხდება მოდის ტენდენციებში?
– იცი რა, საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ტენდენციები და ის დიზაინერები, რომლებიც ტენდენციების მიხედვით მუშაობენ. არ ვგიჟდები მათზე. რაც ტენდენციებიდან რაღაცნაირად ამოვარდნილია, ის მირჩევნია. თუმცა, არა რაღაც ექსპერიმენტის სახით, რომელიც არცთუ ისე კარგად გამოდის. ძალიან დიდი გემოვნება და ჭკუა სჭირდება იმას, აქაოდა, ტენდენციებიდან ამოვარდნილი და განსხვავებული ვიყოო და რაღაც საშინელება არ გამოგივიდეს. მართლა, ძალიან რთულია ტენდენციებიდან განსხვავებული დარჩე დღეს, როდესაც ათასობით დიზაინერია და მარტივად მიგიწვდება ხელი ყველანაირ ინფორმაციაზე. ყველაფერი იცი, რა ხდება მოდის სფეროში. ეს ინფორმაცია იოლად ილექება გონებაში და ძნელია ახალი ინსპირაციის პოვნა. ამიტომ, ვინც მოცემული ტენდენციებით არ არიან ინსპირირებულები, ზუსტად ისინი არიან ყოველთვის საინტერესოები. არაერთი დიზაინერია, რომელიც ყოველ წელიწადს მეორდება. ის კი არა, რომ ერთი ხაზი და მიმართულება აქვს, პირდაპირ ერთსა და იმავე კაბას აკეთებს და ის ერთი და იგივე კაბა გენიალური და სულ აქტუალურია. ამ შემთხვევაში ვიგულისხმე აზედინ ალაიას კაბები. ეს არის დიზაინერი, რომელიც მართალია ახალსაც აკეთებს, მაგრამ ძალიან ხშირად მეორდება, ზუსტად იდენტურ, ერთსა და იმავე კაბას აკეთებს, ერთი და იმავე ქსოვილით. ამით აზედინ ალაიას გენიალურობას არაფერი აკლდება.
– დღეს ვის გამოარჩევ დიზაინერებიდან, რომელიც უბრალოდ, პოდიუმზე კი არ მოგწონს, სიამოვნებით მოიხმარდი მას, ადგილს უპოვიდი შენს გარდერობში.
– ძალიან მომწონს კლასიკაც და ახალგაზრდებიც. კლასიკოსების ჩამოთვლა ალბათ, საჭირო არ არის, რომ არსებობს „ჰერმესი“, „შანელი“, „პრადა“ და სხვა. რაც შეეხება ახალ ბრენდებს, ძალიან მომწონს „რიკ ოუენი“...
– ჰუსეინ ჩალაიანი?
– ჰუსეინ ჩალაიანი გენიოსია, არც მეტი, არც ნაკლები. ისევე როგორც, გენიოსი იყო ალექსანდრ მაკქუინი. თუმცა, ის წარმატებულების სიაში უფროა, ვიდრე გენიოსების. ჩალაიანი კი ჩემთვის უფრო გენიოსია. ეს ადამიანები, სამოსში თავიანთ დამოკიდებულებას აჩვენებენ სამყაროს, აჩვენებენ თავის სულს, იმას რასაც მხატვრობაში, მუსიკაში ან მწერლობაში გამოხატავენ. დღეს სამოსის კეთება, უკვე მხატვრობაა, რაც უფრო შემოქმედებითი და ღრმაა მით უფრო გენიალურია.
– საკუთარ ჩაცმულობაში თუ გიყვარს ექსპერიმენტები?
– ექსპერიმენტები ნაკლებად. რომ გითხრა, სულ ერთი ხაზი მიჭირავს-მეთქი, არა, რაღაცეებს სულ ვცვლი, მაგრამ არა გამიზნულად. რომ ჩავიცვამ, ვხვდები, მომწონს თუ არა, მიხდება თუ არა. ასე პოდიუმზე, ჟურნალში, ან მაღაზიაში დაკიდებულს თუ ვნახავ რამეს, ვერ ვხვდები, ჩემია თუ არა. აუცილებლად უნდა გავისინჯო, მოვირგო.
– დღეს რა გაცვია?
– ესე გინდა, პირდაპირ რომ დაწერო?! (იცინის) კარგი გეტყვი – „ბალმანი“, „ივ სენ ლორანი“, „შანელი“. ალბათ, ყველა ქალი ახერხებს სხვადასხვა ბრენდისგან კარგი ანსამბლის აწყობას. მთავარია, შეძლო სხვადასხვა დიზაინერის, სხვადასხვა მიმართულების სამოსი ერთმანეთს შეუხამო და კარგი ნაზავი შექმნა.
– დიდხანს რჩები თბილისში?
– არც ისე, ივნისის ბოლომდე. სულ მენატრება აქაურობა, სულ.