თოფის ლულიდან დალეული ღვინო, ვიაგრაგაკეთებული მაღალჩინოსანი და „დასაკლავად“ გამზადებული დეიდა
გია ბეროშვილი თბილისში ერთ-ერთ წარმატებულ ექიმად ითვლება. ის თავის სპეციალობაში, კერძოდ, სექსოლოგიაში, ნამდვილი პროფესიონალია. თუმცა, თბილისელების უმეტესობამ „ოთხი გიას“ წყალობით გაიცნო და მის მიერ თბილისზე ნამღერი სიმღერები ახლაც ძალიან პოპულარული და სასიამოვნო მოსასმენია. გია, რომ იტყვიან, ნამდვილი თბილისელია და ამ ქალაქთან ბევრი საინტერესო ისტორიაც აკავშირებს.
„დასაკლავად“ გამზადებული დეიდა და თავში ხელწამორტყმული თამადა
იყო დრო, როცა ჯგუფ „ოთხი გიას“ წევრები, ქალაქური სიმღერების რეპერტუარის გამო, ძალიან პოპულარულები ვიყავით. ერთხელ, ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ორი ახმახი კაცი მოვიდა და გვითხრა, წამოდით ბიჭებო, ჩავუსხდეთ, კარგად უნდა გაქეიფოთო. ვუთხარით, თქვენი ჭირიმე, დავიღალეთ, კი ბატონო, დავსხდებით, დავლევთ, მერე სიმღერას მოგვთხოვთ და ამდენი აღარ შეგვიძლიაო. გაშალეს ხელები, მაგაზე იკავებთ თავს, ოღონდ თქვენ წამოგვყევით, არ გთხოვთ სიმღერას, ძლივს მოგძებნეთ, სუფრასთან დასხედით, სვით და ჭამეთ, მეტი არაფერი გვინდაო, უარი არ გვითხრათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დეიდა ძლივს დავითანხმეთ „დასაკლავადო“. ისე სერიოზულად საუბრობდნენ, ვიფიქრეთ, მართლა არ აუტეხონ იმ ქალს რაიმე შარი, თან ასე გულით უნდათ ჩვენთან ქეიფიო და გავყევით. მართლაც, მაგარი სუფრა გაშალეს ალიკამ და ვატომ. ისეთი იმღერეს და იცეკვეს, იქ ხმას როგორ ამოვიღებდით. ჯემალ ბაღაშვილს უსწავლებია მათთვის დაკვრა. გავიხედეთ, ალიკამ, ანუ სუფრის თამადამ, აიღო ღვინის ბოთლი და ჩაიცალა პირში. გადაირია ვატო, წამოხტა, წამოარტყა ძმას ხელი თავში და გაბრაზებულმა უთხრა: ბიჭო, ხომ გითხრა ექიმმა, არ დალიო ბევრი, კუჭის წყლული გაქვს და გაგისკდება ეგ ოხერიო. ალიკაც წამოიმართა: მერე რას მირტყამ, ამ საპატივცემულო ხალხში თავში ხელსო. ვატომაც არ დაუთმო: გირტყამ, თორემ ახლა შენც ემალი არ აგცვივდეს მაგ თავიდანო.
თოფის ლულიდან დალეული ღვინო და დილაარგათენებული უცხოელი სტუმრები
ოთხმოცდაათიან წლებში ძნელი იყო უცხოეთთან კონტაქტების დამყარება. მოკლედ, დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, „სიმენსის“ ფირმასთან დავამყარეთ ურთიერთობა და კლინიკისთვის ძვირად ღირებული აპარატურა შევიძინეთ. მაგრამ, ამ აპარატურას დამონტაჟება ხომ უნდოდა? ამიტომ, შესაბამისი სპეციალისტებიც მოვიწვიეთ გერმანიიდან. ქართველები ხომ მოგეხსენებათ, სტუმარი თუ არ გადარიეს თავისი ტრადიციული საჭმელ-სასმლით, აბა, ისე როგორ იქნება? ავდექი და სიღნაღთან ახლოს, სოფელი მაქვს, მაშინ ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა, იქ წავიყვანე ეს უცხოელი სტუმრები გასამასპინძლებლად. მოკლედ, გაიშალა სუფრა და დავხოცეთ საწყლები ღვინის სმით. არც ერთი სასმისი არ გამოგვიტოვებია და თუ რამეში ისხმებოდა სითხე, ყველაფერი მოვზიდეთ სუფრასთან – ვაზა, ჯამი, კრამიტი, ქვასანაყი, ტაშტი და ლამფის შუშა რომ ამოვწურეთ, თოფი გამოვიტანეთ. რომ დავუმიზნეთ უცხოელ სტუმარს, საწყალს ფერი წაუვიდა, წამოხტა, მაღლა ასწია ხელები და დაიყვირა – რა გინდათ, კაცო, ხომ ვჭამე და ვსვი და რაღაზე მკლავთ, რა დაგიშავეთო. რომ გავაღებინეთ პირი, გადავხსენით თოფი, ლულა ჩავუდეთ პირში და დავუშვით დოქიდან ღვინო, უნდა გენახათ მისი დაჭყეტილი თვალები. როგორც იქნა, დალია და დაშოშმინდა. მოკლედ, აგვყვნენ სმაში, მეტი გზაც არ ჰქონდათ და ბოლოს, როგორც იქნა, დავიშალეთ და დავწექით დასაძინებლად. საინტერესო ის იყო, რომ ჩვენს თანამშრომელს, გია მგალობლიშვილს ეს გერმანელები პირადად ჰყავდა ჩაბარებული, ანუ კურაციას უწევდა და დილით ადრე ჩამოაკითხა სტუმრებს. შევიდა მათ ოთახში და გადაირია, ასეთი გათიშულები რომ ნახა. რაღას იზამდა? გააღვიძა, მიესალმა. იმათ „გუთენო“ კი უთხრეს, მაგრამ „მორგენ“ ვეღარ დააყოლეს, თავები ბალიშზე დაყარეს და ასე ძილში გადააბეს რამდენიმე დღე. მერე ამბობდნენ, ეს რა გვიყავით, რა დაგვალევინეთ ასეთი ბომბი, ჩვენ ამ ქალაქში ფეხის დამდგმელი აღარ ვართ, სად არ ვყოფილვართ და თოფით და ტაშტით არავის შემოუთავაზებია სმაო. ჩვენ კი ვუპასუხეთ, ეგ რა არის, ქალი ვერ ვიშოვეთ, თორემ „ტუფლს“ რომ გავხდიდით, იმაში ჩავასხამდით ღვინოს და მოგაწვდიდით დასალევად, აი, მაშინ მართლაც არ დაგავიწყდებოდათ ჩვენთან სტუმრობაო.
ცოლთან შერცხვენილი მაღალჩინოსანი და სექსოლოგის გაკეთებული სამი ნემსი ვიაგრა
ერთხელ, მე და პაატა სოფრომაძე, რომელიც ასევე სექსოლოგი, კოლეგა და მეგობარია, ვსხედვართ კაბინეტში. უცებ, კარები გაიღო და ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა. შემოგვჩივლა, დელიკატური საქმე მაქვს და თუ შეიძლება დამეხმარეთო. მოკლედ, ხდება ხოლმე რომ პირველ ღამეს ცოლ-ქმარი ანუ შეყვარებული წყვილი, მოჭარბებული ემოციის, შინაგანი მღელვარებისა და ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხანდახან ვერ ახერხებს ერთად სექსუალურ ცხოვრებას. თურმე იგივე პრობლემა ჰქონდა ამ კაცსაც. ცოლთან ერთად სასტუმრო „აჭარაში“ დაბინავდა, ცოლი იქ დატოვა და თავად ჩვენთან მოვიდა კლინიკაში კონსულტაციისთვის. მაშინ, სასტუმროში ქალის შეყვანა ასე ადვილი არ იყო, ახლა რომ არის. მოკლედ, მოვიდა და გაგვანდო თავისი გაჭირვება. ადრე იყო ასეთი, მეთოდი: სასქესო ორგანოზე მამაკაცს უკეთდებოდა მასტიმულირებელი საშუალების ინიექცია, რომელიც გამოიწვევდა მამაკაცურ აღგზნებას, სასქესო ორგანო მწყობრში დგებოდა და მას გარკვეული დრო ჰქონდა საყვარელ ქალთან სექსუალური აქტის ჩასატარებლად. ეს შევთავაზეთ. მოგვისმინა, დაფიქრდა და დაგვთანხმდა. ჩავუტარეთ პროცედურა, გავუკეთეთ ნემსი, დავარიგეთ როგორ მოქცეულიყო, დრო რამდენი ჰქონდა და გავუშვით სასტუმროში თავის საყვარელ ცოლთან სექსუალური აქტის ჩასატარებლად. წავიდა. არ გავიდა ერთი საათი და უკან დაბრუნდა. ვიფიქრეთ, ეტყობა, თავისი საქმე წარმატებით ჩაატარა და მადლობის სათქმელად მოვიდა ჩვენთანო. გამოვკითხეთ, აბა, როგორ არის საქმეო. დაღონებულმა გაგვიმხილა: რა როგორ არის, ვერაფერი მოვახერხე, გაუვიდა წამალს მოქმედების ვადა, რომ მივედი სასტუმროში ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს ცოლია, ასე ხომ არ მივახტები-მეთქი, სუფრა გავშალე, ჭიქა მივუჭახუნე, აღვნიშნეთ ჩვენი შეუღლება, მერე ვაკოცე, მოვეფერე და საქმე რომ უნდა დამეწყო კარზე დააკაკუნეს. გავაღე კარი და ორი პოლიციელი შემრჩა. ვიფიქრე, კოლეგები ვართ, ნეტავ, რა მოხდა და ვკითხე, რა გნებავთ-მეთქი. მითხრეს, ინფორმაცია შემოვიდა, თურმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ერთად ხართ აქ მობრძანებულიო. ვუპასუხე, როგორ გეკადრებათ, ჩემი ცოლია, გამოვუტანე ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობები, თუკი რამე საბუთები მქონდა და სანამ ისინი დავარწმუნე და გავუშვი, წამლის მოქმედებამაც გაიარაო. გვთხოვა, იქნებ, ერთი ნემსი კიდევ გამიკეთოთ, ხომ იცით, ეს საქმე დღეს უნდა მოვაგვარო ცოლთანო. რაღას ვიზამდით, ისევ დავარჭვეთ ნემსი და გავუშვით სასტუმროში. გავიხედეთ, გავიდა ერთი საათი და ისევ მოგვადგა. ვიფიქრეთ, გამოვკითხავთ ერთი როგორ ჩააბარა გამოცდა ცოლთანო და გადავირიეთ. გვითხრა, ისევ ცუდი ამბავი დამემართა, ვერაფერი მოვახერხე, ისევ გაუვიდა წამალს ვადაო. დავჭყიტეთ თვალები, ვკითხეთ, ისევ პოლიცია დაგადგა თავს თუ რა მოხდაო. გვიპასუხა, არა, რა პოლიცია, მოფერება როგორც კი დავუწყე, კარებზე ბრახუნი ატყდა, ვიფიქრე, ისევ პოლიცია თუ არის-მეთქი, ქორწინების მოწმობა დავიჭირე და ისე გავაღე კარი, გავიხედე და... ორი სანტექნიკი არ დგას? მითხრეს, თქვენს სააბაზანოში ონკანია გაფუჭებული, ქვედა ნომერში წყალი ჩადის და უნდა გავაკეთოთო. მერე შენ რა უთხარიო, ვკითხეთ. დაღონებული ხმით გვითხრა: რა უნდა მეთქვა, შემოვუშვი, სანამ იმათ ის „კრანი“ გაარემონტეს, ჩემი „კრანი“ გაფუჭდა და იქნებ ერთი ნემსი ისევ გამიკეთოთო. უარი ვუთხარით, როგორ შეიძლება ამდენი აღმგზნების გაკეთება, ისევ რომ დაგადგეს ვინმე, ისევ აქ გამოიქცევიო? გაეღიმა, არა, ეს ბოლო ნემსია, მოვიფიქრე, ჩემი ოთახის კარის წინ „ეტაჟნიცას“ მაგიდა მოვაჩოჩე, იქ დავსვი სართულის მაყურებელი ქალი, ხელში ჩემი იარაღი მივეცი და გავაფრთხილე, ვინც ამ პერიმეტრს ათი მეტრით მოუახლოვდება, ესროლე პირდაპირ ფეხებშიო. მოკლედ, რაღას ვიზამდით? გავუკეთეთ ისევ ნემსი და გავუშვით. მერე აღარ დაბრუნებულა. ეტყობა, გაჭრა მისმა მეთოდმა.