კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-16(486)


ერთი პრესტუპნიკი ძმაკაცი მყავდა, მუდმივად სახე ჰქონდა დაფხოჭნილი. რამდენჯერაც მიზეზი ვკითხე, იმდენჯერ რაღაც სულელური მითხრა. არადა, ტიპია ისეთი, ცოცხლად შეჭამს ადამიანს. რაღაც ეჭვი გამიჩნდა, მაგრამ როგორ ვკითხავდი. ფისოს თვალით არ უნახავს იმის დაფხოჭნილი სახე, მაგრამ დიაგნოზი ზუსტად ის დასვა, რასაც მე ვეჭვობდი – ცოლის ფრჩხილები. წლების მერე გაირკვა, რომ ზუსტად გამოგვიცნია.

ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე – ძლიერ მამაკაცებს, ძლიერი ქალები მოსწონთ, სუსტებს თავისნაირი სუსტები; ხოლო ვინც ოჯახში დესპოტია, ქუჩაში არარაობაა, კურდღელივით მშიშარა. ერთ დღეს რაღაცაზე ვიყავი აკრეფილი და სახლში რომ მოვედი, ფისო დავცოფე. ჯერ ისიც ამყვა, მაგრამ მერე უცბად მოკეტა და დამცინავად მკითხა:

– რა იყო, ქუჩაში დაგაჩმორეს?

– რა თქვი, გაიმეორე!

– რაც გაიგე. შენ არ თქვი, გარეთ დამცირებულები ოჯახში ცოლებზე იყრიან ჯავრსო? ცოლი ვარ თუ იხვი, რა მნიშვნელობა აქვს, ხომ მე მეცი?

ისე მაქვს ჩარჩენილი ეს ნათქვამი, როგორც ძაღლის ნაკბენი.

ლაგერში ერთი ხახოლი იყო, ტყეში რომ გავყავდით, წელს ზემოთ იხდიდა, ყინვაშიც კი. პირველად რომ დავინახე, გავოცდი, მთელი ტანი შრამებით ჰქონდა დაფარული. თურმე, ზაფხულობით ქურდობდა და მერე მთელი ზამთარი გულაობდა. ზაფხულში ისეთ სახლს შეიგულებდა დღისით, რომლის ეზოშიც ძაღლი დარბოდა. ტიპს შეუმჩნევია, რომ ასეთი სახლის ფანჯრები ზაფხულში ყოველთვის ღიაა, რადგან პატრონი აშვებული ნაგაზის იმედზეა. ეს გადაძვრებოდა გალავანზე და დაუსტვენდა. ძაღლი გამოექანებოდა ამისკენ, ანუ ერთი დაყეფება იყო, ტიპი დაითრევდა, გაგუდავდა და ფანჯრიდან ძვრებოდა საქურდლად. ძაღლი კნუტი ხომ არაა, უცბად მოახრჩო, კბენას ასწრებდა და ეს ჩვენი ხახოლიც იმიტომ ყოფილა ასე დასახიჩრებული. „კანვოი“ რომ გვაცილებდა აბა, მაშინ იყო ხოლმე გნიასი. რაღაცას ჩაიღრენ-ჩაიყმუვლებდა და რომ ატყდებოდნენ ძაღლები და ამისკენ იწევდნენ, ეს უარესად აქეზებდა. ძლივს აკავებდნენ ძაღლებს. „კანვოი“ აზრზე ვერ მოდიოდა, რას ერჩოდნენ ამ ერთ კაცს ლაგერის მთელი ძაღლები. რა ეკაიფებოდა ტიპს, ვერ გავიგე. არანაირი ადამიანი არ აღიზიანებდა, მაგრამ ძაღლებზე ჩაციკლული იყო. ხანდახან ხმამაღლა მსჯელობდა თავისთვის, რომ ვიცოდე, არ მესვრიან, სათითაოდ მოვგუდავდი მთელ ძაღლებსო. იცოდა, ადამიანზე დაგეშილი ძაღლები იყვნენ და არა თავისი „ხუტორის“ არიფები, მაგრამ თავს დებდა, რამხელა და რა ჯიშისაც უნდა იყოს, მოვგუდავო. ეგ კი არა და კავკასიელიაო, რომ გაიგებდა, ტვინს უჭამდა ყველას, სროკიდან რომ გავალთ, ჩამოვალ და დათვზე მანადირეო. მერე გამოირკვა, რომ გაგებული ჰქონია, დათვმა მაგარი ცემა იცისო და თვითონ უნდოდა, დათვი ეცემა. ბიჭო, ცემა კი არა, დატორვა იცის-მეთქი, მაგრამ ვერ გავაგებინე, მაინც თავისას გაიძახოდა, ისე არ მოვკვდები, დათვი არ ვატიროო.

რამდენი უცნაური ადამიანია ამ ქვეყანაზე...

ჩვენ რომ სხვანაირ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ჩემი უბნელი გოგო კაი ხნის გამომწყვდეული იქნებოდა ფსიქიატრიულში ან რომელიმე დახურული ტიპის კვლევით ინსტიტუტში. განათლებული, ნაკითხი გოგოა, მაგრამ მანიად აქვს ქცეული თავისი სისხლის წოვა. ფეხების ამბავი არ ვიცი, სულ შარვლით დადის, მაგრამ ხელებზე პატარ-პატარა შრამები აქვს, თვითონ გაიჭრის პატარაზე და სისხლს იწოვსო. ვამპირია ის ჩემისა!

***

– რა სახით შემოხვედი, რა მოხდა?

– შემეშვი.

– ვთქვა თუ არა?

ფისოს ეწყინა.

– ფისო, სახლთან იცი, ვინ გამეჩითა? აი, ის ქალი, „წამალი“ რომ გამიჩხირა. სანამ თვითონ არ გამახსენა, ვერ ვიცანი. დავიბენი, მაგრამ კორპუსს შემოვუარე და ისე შემოვედი. იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა, ვიღაცას ველოდებიო. ასეთი დამთხვევა კი, შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეჭვი ოხერია.

– რა ფეხებს მოგჭამს ამდენი ხნის შემდეგ?

– რა ვიცი, რა აქვს გუნებაში, მაგის დედაც... ქალები ხომ ყველაფერზე წამსვლელები ხართ, არ იცი?

– ნეტავ, წინასწარ რას გიჟდები, იქნებ, მართლა ვინმეს ელოდებოდა? რატომ არ უთხარი, ერთიც გავისწოროთო? – მაინც მიკბინა ფისომ.

– მოიცა, რა! ამის დედა ვატირე, რამდენი უცნობი ქალიც მანქანაში ჩავისვი, იმდენი შარი გამიჩინეს. მოდი და ეცი ამის შემდეგ პატივი ქალებს...

– ჟაბოიანი ქალი გაგახსენდა თუ პლანიანი...

– ორივე.

ახალი გამოსული ვარ, მანქანაც ახალი ნაყიდი მაქვს და ჭიას ვახარებ, დავყიალობ ქუჩებში. გავიხედე და ქალი ხელს მიქნევს. ღამეა, ნაწვიმარი. გავუჩერე მანქანა. წინა კარი გამოაღო და ისე უცერემონიოდ დაჯდა, რომ ისიც კი არ უკითხავს, საით მივდიოდი და გავიყოლებდი თუ არა. დავხედე და მინი აცვია. ისე გამომწვევად უდევს ფეხები, რომ ძალაუნებურად თვალი გამირბის, მაგრამ ვარიდებ, არ მინდა, რამე იფიქროს. ავაყოლე თვალი და თეთრი, ჟაბოიანი ბლუზა აცვია. მანქანა დავძარი და, რამის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ იტაცა ჟაბოზე ხელი და მოიგლიჯა. ღილები წკაპაწკუპით მიეყარა „პარპრიზს“. ე, რას აკეთებს-მეთქი! რომ მორთო უცებ ყვირილი, ეგრევე აზრზე მოვედი. შე ნაძირალა, ჩემი გაუპატიურება გინდოდა, არა? მე შენ გიჩვენებ სეირსო, ყვირის და გადახტომას აპირებს. ვეცი ცალი ხელით კისერზე, „სუკა“, ხმა ჩაიგდე, თორემ გადაგტეხავ სამ ნაწილად-მეთქი. პლეხანოვზე ვართ, იქვე „ძაღლობაა“. რაღაცას მიჩალიჩებს ეს ნაბოზარი ქალი. მივაჭირე გაზს ფეხი, სადღაც „პროტივზე“ შევვარდი, ოდნავ შევაჩერე და გააღე კარი-მეთქი! გააღო, კისრიდან ხელს არ ვუშვებ. დავუდე წიხლი თეძოში და გაფრინდა ნაწვიმარ გუბეში. გადავრჩი, მაგრამ ვისთანაც იყო შეკრული, ის რატომ არ გამოჩნდა, ამას ვერ მივხვდი.

მეორედ, ისევ ღამეა და ასაკოვანი ქალი ჩავისვი. რა ვიცი, ტრანსპორტი აღარ დადიოდა, ეს კიდევ ხელს უქნევდა ყველა მანქანას, მაგრამ არავინ უჩერებდა. ჩამიჯდა ესეც წინ და მადლობებით ამავსო. იქვე ახლოს მიდიოდა. ჩანთა გახსნა და ისევ დაკეტა. მე არაფერს ვამბობ. მივიყვანე, სადაც მითხრა და დავემშვიდობე. ცოტა აცივდა და ვიფიქრე, შუშას ბოლომდე ავწევ-მეთქი. გადავიხარე და ლამპიონის შუქზე დავინახე, რომ ასანთი გდია უკანა სავარძელზე. მე „ზაჟო“ მაქვს, ეს ასანთი როდიდან გდია, რატომ ვერ შევამჩნიე აქამდე-მეთქი. ავიღე – მსუბუქია, გავხსენი და პლანი არაა? ეგრევე გავისროლე ფანჯრიდან. სამასი მეტრი არ მექნებოდა გავლილი და საიდანღაც გამომძვრალმა მანქანამ გზა ჩამიჭრა. გავაჩერე და „ძაღლები“ არიან. შმონი დამირტყეს, მაგრამ რას იპოვიდნენ! ეტყობა, იმ ერთ ასანთს ატასავებდნენ და თან აღარ ჰქონდათ სხვა, თორემ მაინც ჩამიგდებდნენ. ვერ უყურებ იმ კუდიან ბებერს? რაღა უნდა ექნათ, შემეშვნენ, მაგრამ მე რა ნერვები ვითხარე?!.. ამის მერე ჩემს თავს ვუთხარი, ყველა ქალის დედაც, არავის აღარ შევიცოდებ-მეთქი, მაგრამ ბავშვის გამო მაინც გავუჩერე და, აჰა, კინაღამ საიქიოში ამოვყავი თავი. ახლა ეს ქალი რაღას დგას ჩემს სახლთან, იმაზე უნდა ვიმტვრიო თავი.

– ცხონებული „რიჟა“ კაიფში ზუსტად ასე იქცეოდა, მაგრამ ის წყვილებსაც უჩერებდა. ღამე გამოვიდოდა და ბარნოვზე დაბოდიალობდა მარტოკა. თუნდაც მარტო არ ყოფილიყო, მაინც უჩერებდა ყველა გაჭირვებულს, ოღონდ, ტიპებს – არა. მე პირადად სამჯერ გადავეყარე თუ გადამეყარა, – ნაღვლიანად თქვა ფისომ.

მე და ფისო ახალი შეხმატკბილებულები რომ ვიყავით, ერთ მომენტში მაგრად ჩავვარდი, საჭმელი კი არა, სიგარეტის ფულიც არ იყო. ფისოსაც არანაირი პრასვეტი არ ჰქონდა. იმ დროს „მოდაში“ იყო სიწმიდეების გატანა უცხოეთში. მკრეხელობაა, მაგრამ ნაკლებად მორწმუნე ხალხს რომ მოშივდა, ხატები გამოჰქონდათ სახლიდან და ყიდდნენ.

ერთ დღეს, ფისომ მაცხოვრის ხატი მოიტანა, შემახედა და ისევ შეფუთა. არც ერთს არ გაგვეგებოდა ხატებისა, მაგრამ რატომღაც ვიფიქრე, რომ ძვირფასი იყო.

– რას აპირებ, ფისო, უნდა გაყიდო?

– არა, კი არ გავყიდი, ეკლესიაში მივიტანოთ და ღმერთი შეგვეწევა.

– საიდან გაქვს, ან რა ხატია, ნამდვილია?

– ნამდვილია, მაგრამ გაძარცვული. რუსულია... რა მნიშვნელობა აქვს, მართლმადიდებლური ხატია, როსტოვის რომელიღაც ეკლესიიდან. ვახოს ნათესავი ლვოვში მუშაობდა უშიშროებაში თუ მილიციაში, აღარ ვიცი. მოკლედ, იქ მოხვდა უამრავი რამ, რაც კონტრაბანდულად გადაჰქონდათ საზღვარზე. გახსოვს, ლვოვი ერთ მომენტში რა მაგარი იყო? მათ შორის მოხვდა ხატებიც. ამ მაიმუნმა საბჭოთა მოხელეებმა, თავიანთი კომუნისტურ-ათეისტური გაგებით, რომელი ხატიც მოეწონათ, ის თავისთვის დაიტოვეს. მერე, ეს ტიპი საქართველოში ჩამოვიდა და თან წამოიღო, რაც იქ იშოვა. უამრავი ხატი ჰქონდა სახლში. ერთ მშვენიერ დღეს შუა ლხინში მოვიდა, ვახოს დაბადების დღე იყო. რომ გაიგო, რასაც აღვნიშნავდით, წავიდა და ეს ხატი მოუტანა საჩუქრად. გამოხდა ხანი. ჩვენთან ჩვენი ახლობელი მამაო მოვიდა და რომ დაინახა თვალსაჩინო ადგილზე ეს ხატი, არ მოგვიწონა. მისი თქმით, ხატის ადგილი იქ არ იყო. დაათვალიერა და მთლად გულს შემოეყარა, გაძარცვული, მაგრამ ძველი ხატია, ამის ადგილი ეკლესიაშიაო. ჯერ კიდევ კომუნისტების დრო იყო. ეკლესიაში შიშით ვინ წავიღებდით, შეგვეშინდა, რომ შარში გავეხვეოდით. ხატი კი ჩამოვხსენით, მაგრამ – რა! დაიწყო სიგიჟის ხანა საქართველოში. გაწყდა ყველაფერი გაზიან-შუქიანად, აირია ურთიერთობა რუსეთთან და დარჩა ვახოც თითივით გალოკილი, ისევე, როგორც ყველა მოქალაქე. დაიწყო თურქეთის ბუმი. ვიღაცას გაახსენდა ჩვენი ხატი და ვახოს ჩააწვეთა, რომელი მორწმუნე შენ ხარ, გაყიდეო. დაიწყო ამ ხატმა ხელიდან ხელში გადასვლა. ხატის სახლიდან გატანა იყო და ვახოს განსაცდელი განსაცდელზე დაატყდა, მაგრამ მაშინ ეს არავის გაგვხსენებია. ერთ ოჯახში, სადაც ხატი მოხვდა გასაყიდად, პირწმინდად გაკოტრდნენ, მეორე ოჯახსაც იგივე დაემართა, მესამეს გაკოტრებასთან ერთად ტრავმატოლოგიური პრობლემებიც დაერთო, მეოთხე ოჯახს ხანძარი გაუჩნდა და, აი, ახლა აქ მაქვს...

– ქალო, კიდევ დაქცევა მინდა?

– დაქცევა რომ არ მინდა, სწორედ იმიტომ მოვიტანე. ხომ ვხედავ, მეხუთე ოჯახიც რომ უბედურდება. არ ვიცი, რანაირად, მაგრამ ახლა ამეხილა თითქოს თვალი და ვფიქრობ, თუ ჩვენ ამ ხატს თავის სახლში წავაბრძანებთ, მადლობას დავიმსახურებთ.

– მე რომ დამბრალდეს? – ცოტა არ იყოს შემეშინდა.

– რა უნდა დაგბრალდეს. მივიტანოთ რომელიმე რუსულ ეკლესიაში და თუ გვკითხეს, გულახდილად მოვუყვეთ.

დამიყოლია ფისომ და ასეც მოვიქეცით. მამაოს არაფერი უკითხავს, გარდა იმისა, ვის სახელზე გინდათ, შესწიროთო. ფისომ და მე ერთხმად ვუთხარით „რიჟას“ გვარ-სახელი. არც ერთმა არ ვიცით, რატომ მაინცდამაინც „რიჟა“. მამაომ გვიჩვენა კედელი, სადაც ხატს დააბრძანებდნენ რესტავრაციის შემდეგ და გვითხრა, ნებისმიერ დროს მოდით, ის ყოველთვის აქ იქნება და შეძლებთ თქვენივე ხატის წინ ილოცოთო, თქვენ კი უფალი ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთო.

გავიდა სულ ცოტა ხანი და ისევ ფისომ აღმოაჩინა, რომ ხატის წაბრძანებიდან მეოთხე დღეს ერთბაშად გავიმართეთ წელში ორივე.

სანამ ეკლესიაში სიარულს დავიწყებდი მოძღვართან, ეს ყველაფერი დამთხვევები მეგონა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ქვეყნად უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, რომ შემთხვევითი არაფერია.

– ფისო, იმ ქალზე რას ფიქრობ, რატომ იდგა ჩემს კორპუსთან?

– რა ვიცი, არ შეიძლება, სიმართლე ეთქვა?

– შეიძლება, მაგრამ მაგრად კი ამაფორიაქა.

– ფორიაქი მაშინ უნდა დაგწყებოდა, სახლში აყოლა რომ გთხოვა.

– კარგი, რა, ფისუნია, ხომ დავისაჯე უკვე?

– შენ კი არა, მე დავისაჯე შიშის ფეთება რომ დამმართე...

საწყალი ფისო, რამდენჯერ გავაწამე... ამას ახლა ვხვდები და ისიც ბოლომდე ვერ გამიცნობიერებია. ამის მიზეზი ის არის, რომ, სანამ ენის გადაყლაპვამდე მივალ, მანამდე მერთმევა მეხსიერება, მე არც თავი მახსოვს, არც პროცესი და არც ბოლო. მდგომარეობიდან რომ გამოვდივარ და მოსულიერებულს ვგავარ, მაინც ვერაფერს ვხვდები, სანამ საქმე წამოდგომამდე არ მივა. აი, ფეხები რომ აღარ მემორჩილება, ღონე გამოცლილი მაქვს და ენაც ძველებურად არ სლიკინებს, მაშინღა ვხვდები, რაც შეიძლება მომხდარიყო. მე რომ ნამუსი მქონდეს, ფისოს რაღაც პრეტენზიებს კი არ უნდა ვუყენებდე, ხელისგულზე უნდა ვატარებდე, მაგრამ მე ხომ ჩვეულებრივი კაცი ვარ – ამბიციური, პატივმოყვარე, ეგოისტი, რომელსაც, როგორც ყველა კაცს, საკუთარი პერსონა, რადგან კაცია, ქალზე აღმატებული ჰგონია...

ფისოს დავაყვედრე, ჩემი ნეკნიდან ხარ შექმნილი-მეთქი და გამაქილიკა, შენ თუ ბიბლიურ ადამს ედრები, მაშინ, მოდი და, ჩემ, ჭკუაზე იარე, რასაც გეტყვი ცდუნდი, შენი ტვინი რაღა საჭიროაო... ჩემმა ძმაკაცმა რაღაცაზე შეუყვირა თავის მუშას, ჭკუა არ გაქვსო? მუშამ მიამიტური სახით მიუგო, უფროსო-ჯან, სამსახურში შენს ჭკუაზე დავდივარ, სახლში კიდევ ცოლის ჭკუაზე და მე რაღად მინდა ჭკუაო.

რა ვიცი, იქნებ, ქალის ჭკუაზე სიარული უფრო სასარგებლო იყოს ბევრ საკითხში. ყველა ქალი ხომ თავის ოჯახს კრუხივით ზედ ეფოფრება, როგორ შეიძლება მან ის მესაკუთრული გრძნობები გვერდზე გადადოს და თავის ბუდეს ავნოს?

უცნაურადაა მოწყობილი ადამიანის ბუნება. მეოცნებე მყისიერად შეიძლება მხვნელ-მთესველი გახდეს, თითქოს ჭუპრი იყოს და პეპლად ქცევას წინ არაფერი ედგას.

ო, როგორ მძულს მწერები! ლაგერში, ტყეში რომ მივყავდით, ზაფხულში ისეთი დამპალი კოღოები და ქინქლები იყვნენ, ნესტარი მახათივით ჰქონდათ, ტანსაცმელში ატანდა. გეგონება, ტილი არ კმაროდა... ფისოსაც მაგრად სძულს მწერები, ისე მაგრად, რომ, ბუზის გარდა, ვერაფერს კლავს, ბუზი უხმოდ კვდებაო. გაჭყლეტვის ხმაზე გული ერევა. რა ჩურჩუტია ფისუნია, ბუზის საკლავის ტკაცუნი ახშობს გაჭყლეტვის ხმას, ეს კიდევ ამბობს უხმოდ კვდებაო. თვითონ შაყირობს, ჭიანჭველასთვის ფეხი არ დამიდგამსო, ეგაა, „დიხლოფოსი“ და ცხელი წყალი არ ენანება.

არა, მაინც რატომ იდგა ის ქალი ჩემს კორპუსთან, ვითომ, მართლა შემთხვევით? მაგრამ შემთხვევით არაფერი არ ხდებაო და... გეგონება სხვა საფიქრალი არ მქონდეს, ამის დამატებაღა მინდოდა?

– ფისო, ისევ იმ ქალზე ვფიქრობ...

– მეც, – მოკლედ მომიგო ფისომ.

– რატომ, ფისო, შენ ტყუილად არაფერს ფიქრობ.

– ჰოდა, ჭკუით იყავი, თორემ, სამუდამოდ მოიტეხ კისერს.

– ნუ მაშინებ, რა!

– ნუ გეშინია, მეც მეშინია, – უაზრო გამომეტყველებით მიპასუხა ფისომ და თვალი სივრცეს გაუშტერა.

არ შემიძლია ჩაყუჩებული ფისოს ყურება, რაღაცნაირად მზარავს. ალბათ, იმიტომ, რომ თვალი მაქვს შეჩვეული მუდამ მოცინარზე.

– რა იყო, ფისო, იმ ქალზე ფიქრობ?

– იმ ქალზე კი არა, ჩემს თავზე ვფიქრობ.

– რა გაწუხებს, რატომ არ ამბობ?

– არ ვიცი, გითხრა თუ არა.

– ეგეთი საყოყმანო რა არის?

– საყოყმანო კი არა, არ ვიცი, შენ უნდა ჩაგაყენო საქმის კურსში თუ არა.

– რა სევდიანი მელაპარაკები, დაიცენტრე?

– რა ვიცი...

– ვინმე შეგიყვარდა? – გულმა რეჩხი მიყო.

– კაი, რა, რატომ იცით კაცებმა იმ წუთში სხვა კაცზე ფიქრი? – სახე დაებრიცა ფისოს.

– აბა, რას მალავ, ბანკი წაიღე?

– რას მეღადავები, მიდი, ჩემი ფაჩუჩი მომიძებნე, – ღიმილი გაურია სევდაში.

– მე რა ვიცი შენი ფაჩუჩი?

– მაინტერესებს, სად გაქრა, თორემ, სულაც აღარ მჭირდება. დავიჯერო, ორივე ისე დავბრმავდით, რომ აქ, სადღაც დევს და ვერც ერთი ვერ ვხედავთ?

ვხვდები, ფისომ ლაპარაკს თავი აარიდა და რაღაცას მიედ-მოედება, მაგრამ რა აწუხებს სინამდვილეში, რატომ არ ამბობს? აზრი არ აქვს ჩაჯინებას, თუ არ უნდა, სიტყვას ვერ დააცდენინებ. არადა, ზოგიერთი კაცი რა ენაწაგდებულია, რომ ეხვეწო გაჩერდიო, ვერაფრით გააჩერებ. ჯერ ხომ იწუწუნებს იმდენს, რომ ტვინს გაბურღავს, მერე – მოყვება ისეთი დაწვრილებით, მიმიქარავს ბუნების აღწერა. რა ვქნა, ვერ ვიტან ბუნების აღწერას და, საერთოდ, ბუნებასთან დაკავშირებულ რაღაცეებს. ფისო მეწიკვინება, სილამაზის აღქმის უნარი არ გაქვსო, რომანტიკა არ გაქვს, პატარა სიხარულის დიდ მოვლენად გადაქცევის უნარი არ გაქვს... საიდან უნდა მქონდეს, ლაგერებიდან? ჭირივით მძულს ტყის დანახვა კი არა, გახსენებაც კი. გერმანულ ნაგაზზე გიჟდება ფისო, ნახე, რა ლამაზიაო, ატყდება ხოლმე, ქუჩაში რომ დაინახავს. ლამაზი კი არა, ეგეთი საზიზღარი ძაღლი ქვეყანაზე არ მგონია, ეს კიდევ რაღაცეებს არაკუნებს. ნორმალური ქალი გველზე იტყვის, ნახე, რა ლამაზიაო? სახლში ჰყავდა სამი გველი, თვითონვე დაიჭირა. ამ ჩურჩუტმა, ისიც არ იცოდა, რა სახეობა იყო და ბრმად შეჰხაროდა... რა ვქნა, მაინც მიყვარს, თან, ისე შემაღონებლად, რომ ზოგჯერ გულზე იმდენად მომიჭერს, სუნთქვა მიკავდება...

– ვახ, შენი!

– რა იყო!

– სიგარეტის ბოლი შემივარდა თვალში...

– მერე, ამხელა კაცი მაგაზე ტეხ პანიკას? – დამცინის ფისო.

– გოგო, ენა ჩაიგდე!

– რა უჯიშო ლაპარაკი იცი ხანდახან, – გაიბუსხა ფისო.

– აბა, ჰე, მიდი, გაიბუტე!

– გავიბუტო, არა! შე კაცო, „სუპერას“ ცალი თვალი აღარა აქვს და ხმა არ ამოუღია, შენ ბოლი შემივარდაო, მაგაზე ტირიხარ?

ეს ქალი ხომ ვალში არ დაგრჩება.

– სუპერა არ ვიცი, მაგრამ შენ თუ არ გაჩერდები, ჩაგაბოლებ მაგ დაჭყეტილ თვალებში.

ამას გააჩერებ?

– იცი, რა კაი ტიპია სუპერა? ავღანეთში ნაომარია. ექვსი თვე ტყვედ ჰყავდათ ორმოში. ორმოა, თურმე, იმდენად ღრმა, რომ დარაჯიც კი არ უყენიათ, იციან, იქიდან ადამიანი ვერ ამოვა და თუ სასწაული მოხდა და მაინც ამოძვრა, შორს ვერ გააღწევს, ისედაც მისავათებულს სული გასძვრება. იმდენი იჩალიჩა სუპერამ, იქიდანაც ამოძვრა და საბჭოთა რომელიღაც სამხედრო ნაწილამდეც მიაღწია... აფხაზეთში ეს უბედურება რომ ატყდა, ახლა იქ გაიქცა. ტამიშთან ხალხი რომ დაიხოცა, ეს ვერ მოაშორეს მიცვალებულებს, ექვსი კაცი მარტომ დამარხა. მერე იყო და, ვერტმფრენით დაჭრილები რომ გადმოჰყავდათ თბილისში, ესეც იქ მჯდარა. როგორია? ზის ტიპი, დაჭრილი არ არის, უბრალოდ, თვალზე აქვს ხელი აფარებული და ხმას არ იღებს. დაჭრილები კვნესიან. რაღაც მომენტში დაიყვირა, თურმე, გაჩუმდით, რა გაყვირებთო და დაჯდა. არავინ აზრზე არ იყო, ამ ტიპს რა უნდოდა ვერტმფრენში დაჭრილებთან ერთად. თბილისშიღა გაიგეს, რომ ბიჭს ხელში საკუთარი თვალი ეჭირა ბუდიდან გადმოვარდნილი და უხმოდ იტანდა იმხელა ტკივილს.

– კაი, კაცო, თვალი დაკარგა?

– ჰო, მგონი, რაღაც სითხე რომ დაიღვრება, აღდგენა ვეღარ ხერხდება.

– ვა!

– შენ კიდევ იძახი, სიგარეტის ბოლიო...

– კაი, რა, ხმა არ ამოვიღო?

– მეც გეხუმრები, რა იყო! – გამხიარულდა ფისო, – ე, შენ არ იცი, კიდევ რეები აქვს ჩატარებული, გინდა მოგიყვე?

– ფისო, ხომ ვიცი, რომ ტიკტიკის გუნებაზე დადექი, დავაი, შეუბერე!

– რა დრო იყო, ხომ გახსოვს, საავადმყოფოებში დატერორება რომ ხდებოდა ნარკოტიკების გამო. სუპერამ კატეგორიულად გამოაცხადა, ექიმის და ექთნის გარდა, ჩემს პალატაში არავინ შემოვიდეს, თორემ, გადავცხრილავო. იწვა თვალდაბინტული სუპერა ორი დატენილი ავტომატით და ავღანეთში მიჩვეულს მძინარესაც კი ეღვიძა. მერე შაყირობდა, რაც ცალი თვალი დავკარგე, ცალ ყურში სმენა მომემატაო. საშინელი დასანახი იყო საწოლზე, სამხედრო ფორმაში მიწოლილი, მეკობრესავით თვალახვეული, ორი ავტომატით შეიარაღებული, წვერმოშვებული, გაურკვეველი ასაკის კაცი. სხვათა შორის, სუპერას ნარკოტიკი არც ავღანეთში აკლდა და არც თვალის გამო დაუკლიათ, მაგრამ ისე გადაიარა „პანკისომანიამ“, არ განარკომანებულა.

– საღოლ, მაგარი ნერვები ჰქონია!

– სამაგიეროდ, ქეიფში ვერ თოკავდა ნერვებს.

– რას აშავებდა?

ვიფიქრე, ძლივს ერთი კაცი მაინც გამოჩნდა, ვინც სიმთვრალეში ჩემზე მაგრად აფრენს-მეთქი.

– ერთ დღეს ქეიფობდნენ გოგო-ბიჭები. ადგა სუპერა სადღეგრძელოს სათქმელად, მაგრამ სუფრის წევრები არ ჩერდებიან, არადა, ამას ძალიან პატრიოტული სადღეგრძელოს თქმა უნდა. ერთი-ორჯერ შეუძახა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. სუპერამ ისინი რომ ვერაფრით გააჩერა, დანა ჩაირტყა მუცელში. იცოცხლე, გააქანეს საავადმყოფოში. არ მახსოვს, მაგრამ რაღაც ორი ორგანო ჰქონდა დაზიანებული. გაუკეთეს ოპერაცია. პალატაში რომ გადაიყვანეს, იქ ტიპი იწვა, რომელსაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და უსაშველოდ კვნესოდა. სუპერა ამხანაგების ანაბარადაა, იმ ტიპს თავზე ადგას დედა, რომელიც ხან ლიმონს უსვამს ტუჩებზე, ხან – სველ ტილოს. ეს ტიპი კიდევ მაინც ბავშვივით ჭირვეულობს, შეაღონა ქალი. სუპერამ რამდენჯერმე შეუძახა, თურმე, ტვინი ნუ შეჭამეო, მაგრამ ის არ ჩერდება. რაღაც მომენტში ის ქალი პალატიდან გავიდა. ადგა ახალი ნაოპერაციები სუპერა, განძრევა რომ არ შეიძლება, ისეთ მდგომარეობაში მყოფმა, ცემა ეს ტიპი და ექიმთან გავიდა – ან ის მომაშორეთ იქიდან, ან მე გადამიყვანეთ სხვა პალატაშიო. ექიმი კინაღამ შეიშალა, კიბორგი ხარ თუ ადამიანიო.

– ვა, რა იდეინი ყოფილა?

– იდეინი კი არა, იცი, რა კაი ბიჭია? ერთ დღეს ჩემი ბიძაშვილი და სუპერა მიდიან ავტობუსით და ტიპები გაიჩითნენ. რა მოხდა, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ სუპერას დანა ჩაარტყეს მუცელში და გაიქცნენ. მივიდნენ სუპერა და ჩემი ბიძაშვილი საავადმყოფოში, მაგრამ ექიმი ჯერ ფულს ითხოვს. ბიჭი სისხლისგან იცლება, ისინი კი დროს უწელავენ, რომ ამათ გადარეკონ და ფული მოიტანონ. ამათი დედა, სისხლისგან უნდა დამცალონო? მილეწ-მოლეწეს იქაურობა. სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია. ამასობაში ამხანაგებიც მივიდნენ. ჩემი ბიძაშვილი ავტომატით ედგა თავზე ექიმებს, რომ ვერ გადარჩეს, დაგცხრილავთ ყველასო. გადარჩა. შენ წარმოიდგინე, მილიციას კი არ გადაურეკეს.

– ფისო, გოთვერანი შეიძლება, ყველა იყოს, ექიმიც და კოსმონავტიც. ისე, რა გადამპლდა ცხოვრება, არა?

– ნუ იტყვი. ისე, დროს მოაქვს, ალბათ, ისეთი რაღაცეები, რაც ძველი თაობებისთვის მიუღებელია. გრძელდება ასე, უსასრულოდ და ბოლოს შემოქმედს მოთმინება რომ დაელევა, კიდევ ერთხელ მოსპობს კაცობრიობას. მერე ახლიდან დაიწყება ყველაფერი.

– აუ, რა ფილოსოფიაში გადავარდი!

– ფილოსოფიაში კი არ გადავვარდი, რაც არის, იმას ვამბობ. აგერ, ვიღაცა დედ-მამას კლავს, და-ძმას, შვილებს ყიდიან, კლავენ და მეტი რაღა უნდა იყოს...

რეზო პაპას ძმა მეცხვარე იყო, ზვავმა წაიღო და სად ჩაიმარხა, ვინ რას გაიგებდა. თოვლმა დნობა რომ დაიწყო, რეზო პაპა წავიდა საძებნელად, ვიპოვი, სანამ ნადირი გააფუჭებსო. ყადორის უღელტეხილი ორი მეტრი ხომ არაა, სად გინდა ნახო, მაგრამ იპოვა ხევში ჩატანილი. შენ არ ხარ ნამყოფი, მაგრამ ხომ აზრზე ხარ, ცხვრის გადასარეკი ტრასები რომ არსებობს. მოკლედ, ის გზა კახეთს აკავშირებს დაღესტანთან. ინწობის წყალი მეც დალეული მაქვს, ჰოდა, ჩავიდა ხევში. რეზო პაპა თვითონ ჯანიანი კაცი იყო, ცხვრის წვივის ძვალს ორი თითით ტეხდა შუაზე, მაგრამ ძმა უფრო ძლიერი იყო, თან – ბითაო...

– ბითაო, რა არის, რა სიტყვებს მოთხრი ხოლმე?

– ლიტერატურული ქართულით რა ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ თუშები ბითაოს ეძახიან, როცა ადამიანს ნეკნები გაერთიანებული აქვს. ისეთი ღონიერი იყო, ცხენს სწევდა, თურმე. მოკლედ, რეზო პაპა ვერაფრით ამოიტანდა გვამს მარტოკა და ძმა შუაზე გადაჭრა. ერთი ნახევარი ისევ ჩაფლა, მეორე აიტანა მაღლა და დაბინდდა კიდეც. ამოიდო თავქვეშ გვამის ნახევარი, რამემ არ გამტაცოსო და დაიძინა ნაბადში გახვეულმა. როცა ინათა, ახლა ეს გვამი ჩაფლა და მეორე ნახევრის ამოსატანად ჩავიდა. ახლა მეორე ნახევარი ამოიტანა და ისევ ჩაფლა. ორი დღე ძმის გვამთან ეძინა და მერე ჩავიდა სოფელში ხალხის წამოსაყვანად, რომ საკაცის მსგავსი მოწყობილობით ჩაეტანათ ისევ შეერთებული ნაწილები და წესის მიხედვით დაეკრძალათ... შე კაცო, ახლა მუხათგვერდში ეზარება ჭირისუფალს ასვლა...

– ფისო, ყველა თუში ეგეთია თუ მარტო შენი ნათესავები უბერავენ? – ვეღადავები ფისოს, მაგრამ მართლა მაინტერესებს.

– პატარები როგორები არიან არ ვიცი, მაგრამ მე ვისაც ვიცნობ და გადმოცემით ვიცი, ყველა ეგეთია. ბიძაჩემი ტყის მცველი იყო ერთხანს. დაღესტნიდან დიდოები გადმოდიოდნენ და ხეებს უნებართვოდ ჭრიდნენ. გურამი დილას წავიდოდა, ხეზე ტელეგრეიკას ჩამოკიდებდა და იყო მთელ დღეს არხეინად, ახლომახლო ვინ იყო ცულის ხეზე შემომკვრელი, ისე ეშინოდათ იმის მუშტის. ერთ დღეს ფქვილის ტომარაში თაგვები აღმოაჩინა. სათითაოდ გადააბა ერთმანეთზე ოცამდე თაგვი, გადმოგვიგდო მე და ნინოს და ითამაშეთო. რას ჭყიოდნენ, იცი?

– კაი, რა, ფისო!

– რა იყო?

– რა უნდა იყოს, თაგვებთან და გველებთან ნათამაშები ქალი მიყვარს, მეტი რაღა უნდა იყოს? შე საცოდავო, თოჯინები არ გყავდა? – ვეკაიფები ფისოს.

– რამდენი თოჯინაც მომიტანა დედაჩემმა, იმდენჯერ თმა დავაგლიჯე და რა აზრი ჰქონდა? სამაგიეროდ, კახუნიკას ნაჩუქარ თვითნაკეთ ხის დამბაჩას ვინახავდი სათუთად, თან, ამ დროს უკვე კაი დიდი ვიყავი. რა ვქნა, არ მეფრონცკავებოდა და... მთელი ბავშვობა ხეზე და სპორტულ სექციებში მაქვს გატარებული და თოჯინებს გავუგებდი რამეს?

– იმიტომაა, ძნელად გასაგები რომ ხარ...

– სულაც არა, პირიქით. თუ ვინმეს ჩემთან ურთიერთობა გაუჭირდა, ეს მისი პრობლემაა და არა – ჩემი. სხვათა შორის, ერთი აღმოჩენა გავაკეთე – თუ კაცი ფარჩაკია, ან თუ ქალი არაფერს არ წარმოადგენს, ვერაფრით მიგებენ, აი, პირიქით შემთხვევაში კი – კაცებს ჭკუა ეკეტებათ, ქალები კიდევ მშვენივრად მეწყობიან.

– გამომიხვედი, რა, ათვლის წერტილი... – რატომღაც გავბრაზდი ფისოს ნათქვამზე.

– ჩემი აღმოჩენის ხმამაღლა გამოცხადება დანაშაულია?

– ეგ აღმოჩენა კი არა, ამბიციაა.

რამ გამაღიზიანა, არ ვიცი.

– რა არ მოგეწონა, კაცებს ჭკუა ეკეტებათ-მეთქი, რომ ვთქვი? – გაიცინა ფისომ, – შენ ხომ ზოგიერთებივით ეჭვიანი არ ხარ, რა დაგემართა?

– მაინც ვინ არიან ის „ზოგიერთები“ ან რამდენი ჭკუაგადაკეტილი კაცი გყავს, ჰა?

– ვაი, რა სასაცილოა ეჭვიანი კაცი! გაგიჟდი, ბიჭო?

ფისოს სიცილი უფრო მახელებს.

– არა, მიპასუხე, ერთი!

ვა, რა სერიოზულად აკრიფე?!

– ჭკუაგადაკეტილები იმდენია, ჩამოთვლა რომც დავიწყო, ვინმე გამომრჩება და „უხერხულია“, – იცინის ფისო, – აი, ზოგიერთებში, მაგალითად, ჩვენი „რომეო“ მშვენივრად ჯდება. იცი, რა ეჭვიანი ყოფილა? „ჯულიეტა“ ჭკუაზე არაა, მაგრამ ხომ იცი, რა ტიპშაა, თუ ძალიან არ გაუჭირა საქმე, არ ბრაზდება და რა ქნას? ორი კვირის წინათ მაგრად გაუფრენია, ძალიან ცუდი რაღაცეები უთქვამს. „ჯულიეტამ“ მომიყვა, ლამის მე „გავრეკე“. რა მიკვირს, იცი, ქალი თუ გიყვარს, ის რატომ უნდა ლანძღო და, თუ ლანძღავ, რაღა გინდა მის გვერდით?

– არის რაღაცეები რასაც ქალის ტვინი ვერ მოხარშავს!

– კაი, ერთი, რა! ქალის ტვინი რომ მოხარშავს, კაცის ტვინი იმას საერთოდ ვერ ჩაწვდება, – მომიჭუტა თვალები ფისომ, – „ჯულიეტა“ ერთი გულღია და ალალი ქალია, რომელსაც გულახდილობა წესი ჰგონია, ამიტომაც, თუ ახლოს არ იცნობ, მით უმეტეს, თუ კაცი რეგვენია, ეგონება, რომ „ჯულიეტა“ ქვეყნის დამაქცეველია. რამდენჯერ ვუთხარი, ნურასდროს მოყვები კაცთან სხვა კაცის შესახებ-მეთქი და ვერ გავაგებინე.

– შენ რომ მე მიყვები?

– შენ ხომ „რომეო“ არ ხარ?

– „რომეო“, რა, სანქციაა? კაცია, რა!

– სუპერეჭვიანი კაცი.

– არ ვიცი, რა, თქვენი ქალუკური პრეტენზიები არ მესმის.

– კაცებს გაქვთ პრეტენზიები ქალის წარსულზე, ქალებს კი – არა. კაცო, ქალი სულ არ გიცნობდა, გათხოვდა, გასცილდა ქმარს, თუ გინდა ოცს, შენ ახლა გამოიჩეკე, რა გინდა, რას ედავები, რას კითხულობ, შენამდე რას აკეთებდა? ჯერ საერთოდ, რა უფლება გაქვს და, თუ მორიგებულები ხართ, რომ ერთმანეთზე რამე უფლება გაქვთ, აწმყო დროზე ილაპარაკე, რა!

– ფისო, რა ქადაგად დაეცი, რა იყო?!

– რა ვიცი, ნელ-ნელა ნერვები მომეშალა იმ ეჭვიან „რომეოზე“.

– შენ რა გეკითხება?

– „ჯულიეტას“ რომ აწამებს კაია?

– „ჯულიეტა“ თავის თავს როგორმე მიხედავს. ნუ გეშინია, არ დაიკარგება!

– დაიკარგება არა ისა, მაგრამ უყვარს ის კაცი და ის ბოროტად იყენებს ამ სიყვარულს. არა, მაინც რას გადაეკიდა ამ ქალს, რა სიყვარულის ქოთანი გაუსკდა?

– მე რომ შენ მიყვარხარ, რატომ იმას არ მეკითხები მე რა სიყვარულის ქოთანი გამისკდა? კი, მყვარებია, მაგრამ, თურმე, არ მყვარებია. უცნაურია, მაგრამ შენი სიყვარულის მერე მივხვდი, რომ შენსავით არასდროს არავინ მყვარებია და ასე მგონია, რომ არც შემიყვარდება.

– აი, ზუსტად იმავეს ამბობს, თურმე, „რომეოც“, მაგრამ მე რა მიკვირს, იცი? შენ – კაი, ქალის მიმართ სხვანაირი მოკრძალება გაქვს, მაგრამ „რომეო“ მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო და მოვლილი აქვს საქალეთი, რამ დაახამა?

– სიყვარულმა.

– კაცო, თავიდანვე ხომ არ უყვარდა, მერე შეუყვარდა.

– ეტყობა, კარგად ჟიმაობს.

– დებილო!

– რა დებილო, აბა, შენ რა გგონია, როდემდე ეყოფა კაცს საგზლად მარტო ლამაზი თვალები? ქალი შარვალივითაა, კარგად თუ არ მოგაჯდა, ერთი-ორჯერ ჩაიცვამ და მერე ან კარადაში შეაგდებ სამუდამოდ, ან ვინმეს აჩუქებ.

– ქალს აჩუქებ?

– ქალს კი არა, შარვალს...

– მერე...

– რა მერე, მერე ან იყრებიან, ან საყვარელი გამოჩნდება ჰორიზონტზე.

– შენ ერთი რამე გავიწყდება – ქართველი კაცების ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ცოლთან თავს იდებილებენ და საყვარელთან სექსი აქვთ. ცოლთან იმას როგორ გავაკეთებ, რასაც საყვარელთან, გაბოზდებაო. თავი კიტრად მოაქვთ და ის ვერ გაუგიათ, ცოლს რა აბოზებს, ან საერთოდ, გაბოზება რა არის.

– მიდი, მიდი, ერთი „გამიიასნე“!

– ზუსტად იმ კაცს უბოზდება ცოლი, რომელსაც ჰგონია, რომ თვითონ მაგარი ტიპია, ყველაფრის უფლება აქვს და ცოლი უუფლებო ვიღაცაა. კაცს რომ აინტერესებს ყველაფერი, ისევე აინტერესებს ქალსაც. თუ ქალი ფრიგიდული არაა, ეს ინტერესი მუდმივად ექნება და, თუ მომენტი ჩაუვარდა, დაიკმაყოფილებს კიდეც ინტერესს.

– აუ, მთელი საქალეთი არ გააბოზა?!

– მე კი არ გავაბოზე, როგორც ვამბობ, ისეა. ქალს საკუთარი თავი ამუხრუჭებს, თორემ, ვერანაირი კაცი ვერ დააკავებს. აი, ეს უნდა შეიგნოს კაცმა და არაფერი მოაკლოს ქალს, უპირველესად ყურადღება, რომელიც თავის თავშივე მოიცავს სექსს.

– გმადლობთ, ფისო, რომ გამანათლე...

– შენ კი არ განათლებ, მეკითხები და გპასუხობ... სულ იმ მაიმუნი „რომეოს“ ბრალია... ერთხელ, თურმე, ნიკორწმინდიდან ბუგეულში მიდიოდა ბიძამისთან ერთად. პატარა უღელტეხილივით ყოფილა, ლემანეური ჰქვია, ღრუბლებზე მაღლა ხარ მოქცეული და, რომ გაიხედავ, შაორის ტბაც ჩანს, ეკლესიაც, ღრუბლებიც, ლურჯი ცაც და მთლიანობაში ისეთი სილამაზე იყო, ნეტავ, ან ხატვა შემძლებოდა ან ლექსის წერა, რომ ეს სილამაზე აღვწეროო, ნატრობდა თურმე. რა საინტერესოა, ამის აღქმა რომ კაცს შეუძლია, ის როგორ უნდა იყოს ისეთი პროზაული, რომ საყვარელი ქალი უშვერი სიტყვებით შეამკოს და შანტაჟით დაემუქროს?!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3