დეტალები არ ხმაურდება
აგათა კრისტი
ყველა თავგადასავალს შორის, რომელიც კი პუაროსთან ერთად გადამხდა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მკვლელობების უჩვეულო სერიის გამოძიება იყო, რომელიც ფარაონ მენ-ჰენ-რას სამარხის გათხრებს მოჰყვა. სერ ჯონ უილიარდი და ნიუ-იორკელი მისტერ ბლაინბერი, რომლებიც ქაიროსთან ახლოს, გიზის პირამიდების შემოგარენში გათხრებს აწარმოებდნენ, მოულოდნელად, სამარხს წააწყდნენ. აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გაირკვა, რომ სამარხი, მერვე დინასტიის ერთ-ერთ ყველაზე პირქუშ ფარაონს მენ-ჰენ-რას ეკუთვნოდა. მალე ისეთი რამ მოხდა, რომელმაც საზოგადოების უფრო ფართო ფენების ყურადღება მიიპყრო: სერ ჯონ უილიარდი მოულოდნელად, ინფარქტისგან გარდაიცვალა. ორი კვირის შემდეგ, სისხლის მოწამვლით მისტერ ბლაინბერიც დაიღუპა, ხოლო კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, ნიუ-იორკში მისმა ძმისშვილმა მოიკლა თავი. „მენ-ჰენ-რას წყევლა“ ყველას პირზე ეკერა. სწორედ იმ დღეებში პუარომ ლედი უილიარდისგან წერილი მიიღო. ქვრივი მისვლას სთხოვდა.
ლედი უილიარდს ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულდებოდა. იგი თავისი შვილის გამო ნერვიულობდა. როდესაც მისტერ უილიარდი დაიღუპა, ბიჭმა გადაწყვიტა, მამის საქმე გაეგრძელებინა და დედის თხოვნის მიუხედავად, ეგვიპტეში გაემგზავრა.
– თქვენ შეგიძლიათ სულელად ჩამთვალოთ, – უთხრა ლედი უილიარდმა პუაროს, – მაგრამ მეშინია, რომ ფარაონის სული ამით არ დაკმაყოფილდება. თქვენ ფიქრობთ, რომ სისულელეს ვლაპარაკობ?
– რა თქმა უნდა, არა, – სწრაფად წარმოთქვა პუარომ, – მეც მწამს ზებუნებრივი ძალების. არ იქნებოდა სწორი მათი უარყოფა.
პუაროს გაკვირვებით შევხედე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მას ასეთი რაღაცეების სჯეროდა. პუარო კი მშვიდად განაგრძობდა:
– ვიცი, რომ თქვენი ქმარი ყოველთვის ეგვიპტოლოგიით იყო გატაცებული, ხოლო მისტერ ბლაინბერი მოყვარული იყო, არა?
– დიახ. იგი ძალიან მდიდარი ადამიანი გახლდათ და სხვადასხვა იდეით ინტერესდებოდა. ჩემმა ქმარმა მოახერხა და იგი არქეოლოგიითაც დააინტერესა. ექსპედიცია სწორედ მისი ფულით დაფინანსდა.
– ექსპედიციის სხვა მონაწილეები ვინ იყვნენ?
– დოქტორი ტოკსვილი – ბრიტანეთის მუზეუმის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსპერტი; მისტერ შნაიდერი – მისი კოლეგა მეტროპოლიტენის მუზეუმიდან; მისტერ ბლაინბერის ახალგაზრდა ამერიკელი მდივანი – ჰარპერი; დოქტორი ეიმსი, ექიმი და ჰასანი – ჩემი ქმრის ერთგული მსახური.
იმით დავიწყეთ, რომ ტელეგრაფით ნიუ-იორკიდან ახალგაზრდა ბლაინბერის სიკვდილის დეტალებზე ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხი სწრაფი და ამომწურავი იყო. ახალგაზრდა რუპერ ბლაინბერი რამდენიმე წელი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა. ბოლოს ეგვიპტეში გასამგზავრებლად ფულს ეძებდა. ამბობდა, იქ კეთილი მეგობარი მყავს, ვინც ფულს მასესხებსო. თუმცა, ამ გეგმებს ასრულება არ ეწერა. ნიუ-იორკში რომ დაბრუნდა, ბიძამისს აგინებდა, რომელიც ფარაონების გახრწნილ ძვლებზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ ნათესავებზე. სერ უილიარდი მისი ეგვიპტეში ყოფნის დროს დაიღუპა. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ ბლაინბერი ძველებურად ქარაფშუტულ ცხოვრებას ეწეოდა და ერთ დღეს, ყველასთვის მოულოდნელად თავი მოიკლა. მის მიერ დატოვებულ წერილში ის საკუთარ თავს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა და აცხადებდა, რომ მისნაირები ცოცხლები არ უნდა იყვნენ.
პუაროს მოთხოვნით მეორე დღესვე ეგვიპტეში გავემგზავრეთ.
სასტუმროში დავბინავდით, თუ არა, მაშინვე გათხრების ადგილისკენ გავემართეთ. ადგილზე მისულებს მზისგან დამწვარი ჭაღარაწვერიანი კაცი შეგვეგება. ეს ტოკსვილი იყო, ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენელი.
– მესიე პუარო და კაპიტანი ჰასტინგსი? მივიღეთ თქვენი ტელეგრამა. გვაპატიეთ, რომ ქაიროში ვერ დაგხვდით. საშინელი ამბავი მოხდა, რომელმაც მთელი ჩვენი გეგმები არია.
პუარო გაფითრდა.
– კიდევ ერთი სიკვდილი? – იკითხა მან.
– დიახ.
– სერ გაი უილიარდი? – წამოიძახა მან.
– არა, ჩემი ამერიკელი კოლეგა, მისტერ შნაიდერი.
– მიზეზი?
– ტეტანუსი.
ბანაკი გავიარეთ და დიდ კარავთან მივედით. დოქტორმა ტოკსვილმა სერ გაის წინაშე წარგვადგინა. მან თავის მხრივ თავისი ორი კოლეგა – დოქტორი ეიმსი და მისტერ ჰარპერი გაგვაცნო. მალე კარავში მე, პუარო, სერ გაი და დოქტორი ეიმსი დავრჩით. გაირკვა, რომ მისტერ შნაიდერი სამი დღის წინ დაიღუპა. დოქტორი ეიმსი დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილის მიზეზი ტეტანუსი გახდა.
– არ შეიძლებოდა, ეს მოწამვლა ყოფილიყო, მაგალითად, სტრიქინინით? – ჰკითხა მას პუარომ.
– არა, მესიე პუარო. ეს ტეტანუსის ნათელი შემთხვევა იყო.
– ტეტანუსის სხვა შემთხვევაც იყო ბანაკში?
– არა, მისტერ ბლაინბერმა მუხლი გაიკაწრა, ინფექცია შეეჭრა და სეფსისი განვითარდა. შეიძლება, იურისტისთვის ეს ორი შემთხვევა ერთნაირი იყოს, მაგრამ მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.
– გამოდის, ჩვენ გარდაცვალების ოთხი ფაქტი გვაქვს, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული: ერთი – ინფარქტი, მეორე – სისხლის მოწამვლა, მესამე – თვითმკვლელობა და ერთიც – ტეტანუსი. დარწმუნებული ხართ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ? მაგალითად, ამ ოთხ ადამიანს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც მენ-ჰენ-რას სულს შეაწუხებდა?
– თქვენ უცნაურად ლაპარაკობთ, მესიე, პუარო, – უთხრა ექიმმა, – იმედი მაქვს მთელ ამ აბდაუბდას სერიოზულად არ აღიქვამთ.
– თქვენ არ გჯერათ, ამის მესიე დოქტორო? – ჰკითხა პუარომ.
– არა, სერ, არ მჯერა. მე მეცნიერი ვარ და მხოლოდ იმის მჯერა, რასაც მეცნიერება გვასწავლის.
სერ გაი წინ გაგვიძღვა.
– მართლაც, – ჩაილაპარაკა მან, – ამის დაჯერება შეუძლებელია... ეს ხომ აბსურდია! თუ მართლაც ასე ფიქრობთ, ეგვიპტეზე არაფერი გცოდნიათ.
პასუხის მაგივრად პუარომ ჯიბიდან პატარა წიგნი ამოიღო: „ეგვიპტელების და ქალდეველების მაგია“. შემდეგ კი მისტერ ჰარპერის გამოკითხვას შეუდგა:
– მომიყევით მისტერ ბლაინბერის ძმისშვილზე.
– აქ ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდა. სასიამოვნო ახალგაზრდა იყო. ვფიქრობ, დოქტორი ეიმსი და დოქტორი შნაიდერი მას ადრეც იცნობდნენ. მოხუცი მას არცთუ თავაზიანად ექცეოდა. ერთმანეთს მაშინვე წაეკიდნენ. „ცენტსაც ვერ მიიღებ! – უყვიროდა მოხუცი, – არც ახლა და არც ჩემი სიკვდილის მერე! მინდა, ჩემი ქონება მთლიანად ჩემი ცხოვრების საქმის დამთავრებას მოხმარდეს. ამის შესახებ დღეს მისტერ შნაიდერს ველაპარაკე“. ახალგაზრდა ბლაინბერი მაშინვე ქაიროში გაემგზავრა.
– მისტერ ბლაინბერმა ანდერძი დატოვა?
– არა, რამდენადაც ვიცი. პირადად მე, საქმეებს რომ მოვრჩები, აქედან აუცილებლად წავალ. არ მსურს მენ-ჰენ-რას სულის შემდეგი მსხვერპლი გავხდე. თუ დავრჩები, მეც მომწვდება.
პუარომ მას უცნაური ღიმილით მიუგო:
– ნუ დაგავიწყდებათ, იგი თავის ერთ-ერთ მსხვერპლს ნიუ-იორკშიც მიწვდა.
ჩვენთვის განკუთვნილ კარავში მიგვიყვანეს. იქ ჰასანი დაგვხვდა, ჯონ უილიარდის ყოფილი მსახური. გამოგვიცხადა, რომ ახლა მის შვილს სერ გაის ემსახურებოდა და სურდა, ახალგაზრდა ბატონს, რაც შეიძლება, მალე დაეტოვებინა აქაურობა, რადგან ბოროტი სულებით იყო სავსე.
ვახშამმა დუმილში ჩაიარა. უკვე დაშლას ვაპირებდით, რომ სერ გაიმ პუაროს ხელი სტაცა და წინ გაახედა. კარვებს შორის შავი ფიგურა მოძრაობდა. ეს ადამიანი არ იყო: კარგად ჩანდა ძაღლის თავი.
– ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა პუარომ, – ეს ანუბისია, გარდაცვლილების ტურისთავიანი ღმერთი.
– იგი ჩვენი კარვისკენ გაემართა, ჰარპერ, – ჩაილაპარაკა გაფითრებულმა სერ გაიმ.
– არა, – შეეწინააღმდეგა პუარო, – დოქტორ ეიმსის კარვისკენ.
დოქტორმა მას უნდობლად შეხედა და შემდეგ წამოიძახა: ვიღაც გვასულელებს.! წამოდით, დავიჭიროთ! იგი პირველი გავარდა. მეც გავყევი, მაგრამ რამდენიც არ ვეძებეთ, ვერსად ვიპოვეთ. როცა დავბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ პუარო საკუთარი უსაფრთხოებისთვის საგანგებო ზომებს იღებდა. კარვის ირგვლივ სხვადასხვა ნიშანს და დიაგრამას ხატავდა. მისმა საქციელმა ექსპედიციის წევრების გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. როდესაც მე და პუარო მარტო დავრჩით, შევატყვე, საკუთარი თავით კმაყოფილი იყო.
– ახლა შეგვიძლია, წყნარად დავიძინოთ, – მხიარულად გამოაცხადა მან, – წავიძინებდი, მაგრამ თავი საშინლად მტკივა. კარგი იქნებოდა, რაიმე მცენარეული ნაყენის დალევა.
თითქოს მისი თხოვნის პასუხად, კარვის ფარდა გადაიწია და ჰასანი შემოვიდა. მას ხელში სავსე ფინჯანი ეჭირა. ეს გვირილის ნაყენი იყო. ჰასანი, რომ გავიდა, გავიხადე და კარვის შესასვლელთან დავდექი. უდაბნოს ვაკვირდებოდი. როცა მოვბრუნდი პუარო საწოლზე გარდიგარდმო გართხმული აღმოვაჩინე. კრუნჩხვებისგან კანკალებდა. გვერდით ცარიელი ფინჯანი ეგდო. მე სასწრაფოდ დოქტორ ეიმსის კარვისკენ გავიქეცი. ექიმი ჩვენ კარავთან თვალის დახამხამებაში გაჩნდა. პუარო ისევ საწოლზე ეგდო.
– საოცარია! – წამოიძახა დოქტორმა ეიმსმა, – ეს ეპილეფსიის შეტევას ჰგავს, თუმცა თქვენ თქვით, რომ მან რაღაც დალია, არა?
ექიმმა ცარიელი ფინჯანი აიღო.
– არაფერიც არ დამილევია, – მოგვესმა მშვიდი ხმა. გაკვირვებულები მოვბრუნდით. პუარო საწოლზე იჯდა და იღიმებოდა.
– არაფერიც არ დამილევია, ვიდრე ჩემი მეგობარი ჰასტინგსი უდაბნოს ხედებით ტკბებოდა, დრო მქონდა ეს ნაყენი პატარა ბოთლში ჩამესხა. ის ქიმიურ ანალიზზე გაიგზავნება.
ექიმმა სწრაფი მოძრაობა გააკეთა.
– არა, ექიმო, თქვენ ხომ გონიერი ადამიანი ხართ და იცით, ძალადობა აქ ვერ გიშველით. ვიდრე ჰასტინგსი თქვენ გეძებდათ, საკმარისი დრო მქონდა, რომ ბოთლი დამემალა. ჰასტინგს დაიჭირეთ!
მე პუაროს დასახმარებლად გავიქეცი, თუმცა ექიმმა დამასწრო, სწრაფად მიიტანა ხელი პირთან, რაღაც გადაყლაპა და ძირს დაენარცხა.
– კიდევ ერთი მსხვერპლი, – მწუხარედ წარმოთქვა პუარომ, – მაგრამ უკანასკნელი. ალბათ, ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მის სინდისზე სამი სიცოცხლეა.
– ექიმი ეიმსი? – წამოვიძახე მე, – თითქმის დავიჯერე, მეგონა, რომ თქვენ ზებუნებრივი ძალების გჯეროდათ.
– ჰასტინგს, თქვენ არასწორად გამიგეთ. ეს მას სჯეროდა ამის და ამის ნიადაგზე გაგიჟდა. ჩავთვალოთ, რომ სწორედ ის იყო ფარაონის მსხვერპლი. გამოძიების დეტალები არ ხმაურდება.
P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.