როგორ წვრთნიდნენ ცივსისხლიან მკვლელებს „კაგებეში“, რომლებსაც ცოცხალ ადამიანებზე ავარჯიშებდნენ
გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან „დაუსრულებელი სპეცოპერაცია“. წიგნის ავტორი, კანადაში გაქცეული საბჭოთა უშიშროების პოდპოლკოვნიკი იური კოშელოვი, რომელიც 1996 წლის მარტში, მექსიკის კურორტ აკაპულკოში მოკლეს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს იყო „კაგებეს“ შურისძიება.
ნებისმიერი საშუალებით
„კაგებეში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მკვლელების აღზრდის საქმეს, რადგან, ყველაფერზე წამსვლელი, ცივსისხლიანი შემსრულებლის არსებობა ამ უწყების ერთ-ერთი ქვაკუთხედია და მის სიძლიერეს განაპირობებს. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ეგრეთ წოდებული ლიკვიდატორი (ასე უწოდებენ მკვლელებს სპეცსამსახურებში) მხოლოდ და მხოლოდ დაპროგრამებული რობოტია. არა! ხშირ შემთხვევაში ესაა საკმაოდ მაღალი ინტელექტისა და რამდენიმე პროფესიის მქონე ადამიანი, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია და შეუძლია, ყველა საფრთხეს დაუძვრეს. ლიკვიდატორს, პისტოლეტის და ცივი იარაღის ფლობის გარდა, ნებისმიერი საშუალების გამოყენება უნდა შეეძლოს მიზნის მისაღწევად. და ერთიც, მას სიბრალულის ნატამალიც კი არ უნდა გააჩნდეს, დავალების შესრულებისას მიზნის მიღწევაში რომ არ შეუშალოს ხელი. ეს პროფესიული უნარ-ჩვევა კარგად რომ გვქონოდა განვითარებული, ასეთ ვარჯიშებს გვიტარებდნენ. უშიშროების სკოლაში თითოეულ კურსანტს ახალშობილ ლეკვს გვაძლევდნენ და ექვსი თვის განმავლობაში გვაზრდევინებდნენ. ბოლოს კი, გვიბრძანებდნენ, რომ ეს ლეკვები სადისტურად დაგვეხოცა. მოგვეგლიჯა მათთვის ხელ-ფეხი, ამოგვეგლიჯა გული და შიგნეულობა. ბოლოს კი, ეს ყველაფერი ვირთხებისთვის ჩაგვეყარა უზარმაზარ რკინის გალიაში და გვეყურებინა, როგორ ჭამდნენ ისინი ჩვენი ლეკვების ნაგლეჯებს. ეს იყო სპეციალური საგანი, რომელსაც უშიშროების ინსტრუქტორები იბარებდნენ და გვაფასებდნენ. ვისაც ხელი აუკანკალდებოდა, თვალი აუხამხამდებოდა ან სხვაგვარ სისუსტეს გამოიჩენდა, ეს ჯოჯოხეთი თავიდან უნდა გაევლო...
მსგავსი გამოცდები ცოცხალი ადამიანების მიმართაც ხორციელდებოდა და ვარჯიშს სიკვდილმისჯილებზე ვატარებდით. ანუ, სპეციალურ ტერიტორიაზე გაშვებული ადამიანები უნდა აღმოგვეჩინა, შეგვეპყრო და ზუსტად ისე მოგვეკლა, როგორც ამას ინსტრუქტორი გვიბრძანებდა. მაგალითად, თუ გქონდა ნაბრძანები, რომ ადამიანისთვის გული ცოცხლად ამოგეგლიჯა და მერე თავი მოგეკვეთა, შენ კი პირიქით გააკეთებდი, ამას ექსპერტიზა ადგენდა და ყველაფრის გაკეთება თავიდან მოგიწევდა. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, საბჭოთა კავშირის საპყრობილეებში იმდენი სიკვდილმისჯილი იყო, რომ მათ ნაკლებობას არ განვიცდიდით...
უკვე გამოცდილი ლიკვიდატორი ვიყავი და ხელმძღვანელობაც სრულიად მენდობოდა, როდესაც მორიგი დავალება მომცეს. თავისთან გენერალმა გრიგორიევმა დამიბარა და ერთ-ერთი ავღანელი დისიდენტის ლიკვიდაცია დამავალა. ავღანელი შვეიცარიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არ იყო ჩაბმული. თუმცა, თავისიანებს იდეურად ეხმარებოდა და ისეთ პატრიოტულ, ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტურ მოწოდებებს ავრცელებდა, რომ საბჭოთა მთავრობამ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. დავალება ერთი შეხედვით ძალიან ადვილი შესასრულებელი იყო. მე და ჩემი მეწყვილე იმ ავღანელის სახლში უნდა შევპარულიყავით და ჯერ სასქესო ორგანოები მოგვეკვეთა, მერე – ხელები და ბოლოს – თავი... მეწყვილედ ახალბედა გამომაყოლეს და გრიგორიევმა მითხრა: „მსუბუქი დავალებაა, პრაქტიკა გაატარე და მომახსენე, როგორ იმოქმედებსო“. ერთი სიტყვით, იმ ავღანელის მოსაკლავად შვეიცარიაში ჩავფრინდით და მის სახლში შევიპარეთ. ის თავის კაბინეტში იჯდა და წერდა, როდესაც თავზე დავადექით. პირი ამოვუქოლეთ და ცივი იარაღები მოვიმარჯვეთ, რომ საქმეს შევდგომოდით.
– მე დავანაწევრებ, პირველად ვარ დავალებაზე და უარს ნუ მეტყვით, – მთხოვა 24 წლის მეწყვილემ და ჩემგან თანხმობა რომ მიიღო, ავღანელის დანაწევრება უნდა დაეწყო...
უცებ, ოთახში იმ ავღანელის ხუთიოდე წლის გოგონა შემოვიდა, რომელიც დიდი შავი თვალებით გაოცებული გვიყურებდა. ინსტრუქციისამებრ, გოგონაც უნდა მოგვეკლა. ამიტომ, ჩემმა მეწყვილემ ის შეიპყრო, პირზე ხელი ააფარა და ის იყო, კისერი უნდა მოეტეხა მისთვის... რომ მივხვდი, თუ რას ვემსახურებოდი, ჩემი მეწყვილე მაყუჩიანი პისტოლეტიდან თავში გასროლით მოვკალი. შემდეგ, მამა-შვილი გავათავისუფლე და მას მერე, რაც პოლიციაში დავრეკე, იქაურობას გავეცალე...
იმავე ღამეს, ჯერ გერმანიაში გადავედი, იქიდან კი კანადაში გავემგზავრე და მხოლოდ იქ ჩავბარდი ხელისუფლებას... გულწრფელად ვამბობ, იმ დღიდან იარაღისთვის ხელი არ მომიკიდია და ჩემი ერთადერთი იარაღი კალამია, რომლითაც საბჭოთა „კაგებეს“ ვებრძვი.