ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვარ პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელში დღემდე, უკვე 30 წელია. მუშაობა არ შემიძლია. აქვს თუ არა უფლება, მთავრობას ან საერთო საცხოვრებლის მესაკუთრეს, დამატოვებინოს ბინა სხვა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების გარეშე ან არ მომცეს თანხა და დამტოვოს ღია ცის ქვეშ?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კანონიერი გზით ხართ შესული საერთო საცხოვრებელში, არავის არ აქვს უფლება, უპირობოდ გამოგასახლოთ.
კითხვა: ვცხოვრობ წარმოებასთან არსებულ საერთო საცხოვრებელში, 30 წელია, ჩაწერილი ვარ. 1981 წლიდან ვიხდი კომუნალურ გადასახადებს და ვარ აქციონერი. წარმოების ხელმძღვანელი წარმოების შენობა-ნაგებობას საერთო საცხოვრებლის შენობიანად დაეპატრონა. ეს იმ დროს, როცა მთლიანად ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფო საკუთრება იყო. აქვს თუ არა უფლება, სააქციო საზოგადოების მესაკუთრეს, 30 წლის განმავლობაში იქ მცხოვრებნი ღია ცის ქვეშ დატოვოს. ამ ხნის განმავლობაში ველოდები ბინას. ახლა სახლიდან მაგდებენ, კანონიერია თუ არა მათი ქმედება და შეიძლება, რომ, აღვძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პირებზე, რომლებიც ახდენენ ზეწოლას ჩვენზე – გვლანძღავენ, გვიკივიან, როგორც ფსიქიკურად შეშლილები. სამი წლის განმავლობაში ამ დღეში ვართ. ამას ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ გამოგვასახლოს დაკავებული ფართობიდან, სადაც კანონიერად ვართ შესახლებული. გთხოვთ გვიპასუხოთ, რადგან ამ საერთო საცხოვრებლის გარდა, საცხოვრებელი არ გამაჩნია.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ თქვენ მიმართ ხდება იძულება ფართის დაცლასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. იმ შემთხვევაში თუ საერთო საცხოვრებელში კანონიერი გზით ხართ შესახლებული, არ აქვთ იქედან თქვენი უპირობოდ გამოსახლების უფლება (მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე).
კითხვა: ვმუშაობ საჯარო სამსახურში. ჩემს სამსახურში სახელმწიფო მოხელეს შრომის შინაგანაწესის დარღვევისთვის დააკისრეს დისციპლინური პასუხისმგებლობა გაფრთხილების სახით. დისციპლინური პასუხისმგებლობის პერიოდში ჩვენმა ხელმძღვანელმა მისი კანდიდატურა უფრო მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენა. აქვს თუ არა ამის უფლება და რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას მისი მოქმედება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ შეიძლება, მოხელე დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში სამსახურებრივად დაწინაურდეს.
კითხვა: 2008 წელს საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება. მოსამართლემ პროცესზე მონაწილე მხარეებს განუმარტა გასაჩივრების ვადა და ორგანო, სადაც შეიძლებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანა. მხარემ, სასამართლო აქტის გამოტანიდან რვა თვის შემდეგ, შეიტანა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში და მოითხოვა მისი განხილვა. ვადის გაშვების საპატიო მიზეზად მხარემ მიუთითა ის გარემოება, რომ სასამართლო აქტით, მას არ განემარტა იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, მისამართი, სადაც შეიძლებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრება.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ მხარეს არ ეცნობა იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაშინ, მხარეს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
კითხვა: ადმინისტრაციულ ორგანოს მივმართე ადმინისტრაციული საჩივრით. აღნიშნულმა ორგანომ გამოიტანა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარის შესახებ ისე, რომ არ მომცა საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის შესაძლებლობა. ჰქონდა თუ არა ამის უფლება და თუ ჰქონდა, რის საფუძველზე?
პასუხი: არ ჰქონდა. რადგან კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე, მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
კითხვა: დავიქირავე საოფისე ფართი სამი წლის ვადით. მაქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მიჭირს ქირის გადახდა. რომ არ მოხდეს ქირის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების მოშლა, მინდა, 2-ოთახიანი მივაქირავო სხვა პირს. მაქვს თუ არა ამის უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დამქირავებელს არ აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი, გამქირავებლის თანხმობის გარეშე, გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).
კითხვა: ჩემმა დისშვილმა უარი განაცხადა დედის სამკვიდროს მიღებაზე, ჩემი დეიდაშვილის სასარგებლოდ. სამკვიდროს მიღების სურვილი განვაცხადე მეც ჩემი დის დანატოვარ ქონებაზე. ეს რომ ჩემმა დისშვილმა, შეიტყო, ცოტა ხანში, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის განცხადება უკან გამოითხოვა. უნდა გაიცეს თუ არა სამკვიდრო მოწმობა ჩემს დისშვილზე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის ძმაზე, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეზე, რადგან მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, შეუქცევადია.
კითხვა: 2005 წელს მამაჩემმა შეადგინა ანდერძი, რომლითაც თავისი ქონება მთლიანად მე დამიტოვა. 2007 წელს კი შეადგინა ახალი ანდერძი, რომლითაც მთელი ქონება უანდერძა ჩემს დას. ეს ანდერძი მამაჩემმა 2009 წელს გააუქმა ნოტარიუსთან განცხადების შეტანით. ექვს თვეში გარდაიცვალა მამაჩემი. მე მოვითხოვე სამკვიდრო მოწმობა, რაზეც ნოტარიუსისგან უარი მივიღე. სწორია თუ არა ნოტარიუსის მოქმედება?
პასუხი: ნოტარიუსის მოქმედება კანონიერია, ვინაიდან შემდგომში შედგენილი ანდერძის გაუქმება, არ იწვევს წინა ანდერძის აღდგენას.