როგორ დაკარგა შვილმა მშობელი მამა და ვის ეძებენ ყაზახეთიდან ბორჯომში
25 წლის რენატ გელას ძე ბაკტიბაევი ეძებს 47 წლის გელა აბდუსამის ძე გელაშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 47 წლის გელა აბდუსამის (არ ვარ დარწმუნებული სახელის სისწორეში) ძე გელაშვილს. მამის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ის დაიბადა საქართველოში, ბორჯომში. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ყაზახეთში, ქალაქ ოკტიაბრსკში გაიცნეს 1985 წელს. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მამის პოვნაში, მე მის შესახებ მეტი ინფორმაცია არ მაქვს და დამოუკიდებლად მისი მოძებნა ვერ მოვახერხე.
– რენატ, როგორ მოხდა, რომ მამა-შვილმა ერთმანეთი დაკარგეთ და რატომ გადაწყვიტე მამის მოძებნა? რამდენი ხანია, რაც მას ეძებ?
– დედაჩემმა, ჟენია ბაკტიბაევმა (დაბადების წელი – 1954) მამაჩემი ყაზახეთში, ოკტიუბინსკის მხარის ქალაქ ოკტიაბრსკში გაიცნო, მას შეუყვარდა მამა და შედეგად მე გავჩნდი. დღემდე დედის გვარზე ვარ, რადგან ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან. თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ სამი წელია, რაც მამაჩემის ვინაობა გავიგე და მისი პოვნის სურვილი გამიჩნდა. დედა მიმალავდა მამის ვინაობას, რადგან ვერც კი წარმოედგინა, რომ მე მის ნახვას ან გაცნობას მოვინდომებდი. თუმცა, მას მამის შესახებ ცუდი ჩემთვის არც არასდროს უთქვამს. ჯერ კიდევ პატარაობაში, როდესაც, ჩემი თანაკლასელების შემხედვარე, ვეკითხებოდი დედას, რატომ არ მყავს მეც მამა, როგორც ჩემს კლასელებს-მეთქი, დედა მპასუხობდა: შენ გყავს ძალიან კარგი მამა, მაგრამ ის ჩვენგან შორს არისო. დედა მამის ვინაობასა და წარმომავლობაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბოდა. ის, გარკვეულწილად, თავს დამნაშავედაც გრძნობდა ჩემ წინაშე. თუმცა, პირადად მე, არც მას და არც მამაჩემს არ ვადანაშაულებ. ისე მოხდა, რომ მე დედის გვარზე ვარ და არასდროს მინახავს მამაჩემი. მშობლის მოძებნის სურვილი მაშინვე გამიჩნდა, როგორც კი მისი ვინაობა გავიგე. მაგრამ, მხოლოდ გვარით, სახელითა და წარმოშობით რას იპოვი ადამიანს ამ სიშორეზე.
– შენ ყაზახეთში ცხოვრობ და როგორ ფიქრობ, ღმერთმა ქნას, და მამაშენის პოვნის შემთხვევაში, როგორ უნდა გაიცნო ის ან თუ ფიქრობ, საქართველოში ჩამოსვლაზე?
– მამის ნახვის სურვილი ისე დიდია, რომ, თუ მართლა იპოვით და თუკი, რა თქმა უნდა, მასაც ექნება ჩემი ნახვისა და გაცნობის სურვილი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩამოვიდე და პირადად ვნახო. გავიცნო ის ადამიანი, რომელიც ჩემი ბიოლოგიური მამაა. შეიძლება და ყოვლად რეალურია, რომ მამას აქვს ოჯახი და ჰყავს შვილებიც, არ ვიცი, მათ რა რეაქცია ექნებათ ჩემს გამოჩენაზე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მინდა, იცოდნენ, რომ მე არაფერს ვითხოვ მამაჩემისგან, უბრალოდ, მსურს გავიცნო და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო. დედაჩემი ჩემს სურვილს არ ეწინააღმდეგება და მან თვითონვე მირჩია „ჟდი მენიას“ რედაქციაში წერილის მიწერა. ვიცი, რომ ჩემნაირი ისტორიები დღეში ათასობით მისდით, ამიტომ დიდ იმედს მხოლოდ ამ საიტზე ვერ დავამყარებდი. როცა გავიგე, რომ საქართველოში შეიძლება თქვენთან დაკავშირება, ძალიან გამიხარდა და იმედი მომეცა. სამწუხაროდ, მამის ფოტო არ მაქვს, მაგრამ დედა ამბობს, გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარო. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ მამა ბორჯომში ცხოვრობდა.
– შენ როგორ ფიქრობ, რა იყო შენი მშობლების დაშორების მიზეზი?
– ამაზე სრულ პასუხს ვერ გაგცემთ, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დაშორდნენ, მაგრამ, ძალიან მინდა, რომ ვიპოვო მამაჩემი. შეიძლება, მისგან უფრო მეტი ინფორმაცია გავიგო მათი დაშორების მიზეზზე, ვიდრე ეს დედაჩემისგან ვიცი. არც ის არის გამორიცხული, რომ მამამ არც კი იცის ჩემი არსებობის შესახებ, რადგან ის სწორედ 25 წლის წინ დაბრუნებულა თავის სამშობლოში და მეც 25 წლის ვარ. დედა კი, როგორც გითხარით, ბევრს არ მელაპარაკებოდა ამ თემაზე. მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც იყო. დედა მამაზე ცხრა წლით უფროსია.