„უოლ მარტს“ მილიონზე მეტი მომჩივანი უპირისპირდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარულ მაღაზიათა ქსელ „უოლ მარტს“ უახლოეს ხანებში, შესაძლოა, სერიოზული იურიდიული პრობლემები შეექმნას – მის წინააღმდეგ მზადდება ჯგუფური სარჩელი, რომლის უკანაც მილიონზე მეტი მოსარჩელე დგას. მოვლენათა ასეთ უპრეცედენტო განვითარებას საფუძველი სან-ფრანცისკოს ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუქმნა. ამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „უოლ მარტის“ სუსტი სქესის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება, კომპანიისგან მოითხოვოს კომპენსაცია, თითქოსდა სამსახურში სისტემატური დისკრიმინაციისთვის. ეს დავა დასაბამს 2001 წლიდან იღებს, როცა რამდენიმე ქალბატონმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი აცხადებდნენ, რომ სამსახურში არაერთხელ გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი თავისი სქესის გამო. მათი განცხადებით, ისინი მამაკაცებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ და მათ ბევრად უფრო იშვიათად აწინაურებდნენ. საქმის მასალების თანახმად, კომპანიის ქვედა რგოლში ქალბატონების რაოდენობა თანამშრომელთა 65 პროცენტს აღწევდა, ხელმძღვანელობაში კი – მხოლოდ 33 პროცენტს. ექსპერტების აზრით, თუ „უოლ მარტს“ მართლაც მილიონზე მეტი ქალბატონი თანამშრომელი დაუპირისპირდება სასამართლოში, შეიძლება, კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალოს. „უოლ მარტი“ სან-ფრანცისკოს ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასამართლოში ამზადებს აპელაციას.