ირენ როზენფელდი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი ქალბატონია
კომპანია „კრაფტ ფუდსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ირენ როზენფელდი, ჟურნალ „ფორბსის“ მიერ შედგენილ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალბატონების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. 59 წლის როზენფელდი დღესდღეობით, 2009 წელთან შედარებით, სამჯერ მეტ ანაზღაურებას – 16,7 მილიონ დოლარს იღებს. შარშან ირენ როზენფელდი, რომელიც უკვე ოთხი წელია, ამერიკაში საკვების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის მმართველია, „ფორბსის“ რეიტინგში მესამე ადგილზე იყო. კომპანია „კრაფტ ფუდსის“ კაპიტალიზაცია 52 მილიარდ დოლარს აღწევს. როგორც „ფორბსი“ აცხადებს, ქალბატონები ამერიკის შეერთებული შტატების 500 უმსხვილესი ფირმის მხოლოდ 3 პროცენტს ხელმძღვანელობენ. ამერიკული ჟურნალის მიერ შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „რეინოლდს ამერიკანის“ პრეზიდენტმა სიუზან აივიმ დაიკავა, რომლის ხელფასიც 11,8 მილიონი დოლარია. მესამეა კეროლ მეიროვიცი, რომელიც სავაჭრო ქსელ „TJX კოსს“ ხელმძღვანელობს და რომლის ანაზღაურებაც 11,1 მილიონია. კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „ეივონის“ პრეზიდენტი ანდრეა ჯუნი, რომელიც შარშან რეიტინგში პირველი იყო, წელს მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა – მისი ანაზღაურება 9,1 მილიონი დოლარია. „ფორბსის“ მიერ შედგენილ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალბატონების რეიტინგში სულ 15 ხელმძღვანელი მოხვდა. ამერიკული გამოცემა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ამერიკელი ქალბატონები მამაკაც კოლეგებზე ნაკლებს გამოიმუშავებენ.