რა აკავშირებს რუს ოლიგარქს დიმიტრი რიბოლოვლიევს დონალდ ტრამპთან და რამდენ მილიონად შეიძინა მან ციხესიმაგრე პალმ-ბიჩში
დიმიტრი რიბოლოვლიევი – „ურალკალიუმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ძირითადი აქციონერი, კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიის „ადურა ჰოლდინგის“ მფლობელი, რუსეთის მეწარმეთა და მოვაჭრეთა კავშირის ნამდვილი წევრი, „რუსი ოლიმპიელების დახმარების“ ფონდის საბჭოს წევრი და ჟურნალ „ფორბსის“ 2010 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია, რომელსაც ამავე ჟურნალის ყოველწლიურ რეიტინგში, 8,6 მილიარდი დოლარის კაპიტალით, 79-ე ადგილი უკავია მსოფლიოს მილიარდერებს შორის.
დიმიტრი ევგენის ძე რიბოლოვლიევი 1966 წელს დაიბადა ქალაქ პერმში. მომავალი მილიარდერი ექიმების ოჯახში იზრდებოდა – მისი მშობლები პერმის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე მუშაობდნენ. დიმიტრიმ ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა ექიმობა და სკოლის დამთავრების შემდეგ პერმის სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო. მეორე კურსიდან იგი კარდიოლოგიურ რეანიმაციაში ჯერ სანიტარი იყო, ხოლო შემდგომში – მედმუშაკი. 1990 წელს რიბოლოვლიევმა სამედიცინო ინსტიტუტში წარჩინებით დაამთავრა სწავლა „კარდიორეანიმაციის“ სპეციალობით, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო კარდიოლოგიურ რეანიმაციაში ექიმად, პერმის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში. იმ დროს ექიმი-ინტერნის შემოსავალი მწირი იყო და ოჯახის შენახვის მიზნით (რიბოლოვლიევი ჯერ კიდევ მე-3 კურსზე სწავლის დროს დაქორწინდა და შვილიც ჰყავდა) მეწარმეობას მიჰყო ხელი. მან დააფუძნა მცირე საწარმო „მაგნეტიქსი“, რომელიც მსხვილ საწარმოებთან დებდა ხელშეკრულებებს მათი მომსახურე პერსონალის ახალი მეთოდით მკურნალობაზე. მეთოდით, რომელიც დიმიტრის მამის, ევგენი რიბოლოვლიევის გამოგონება იყო, მაგნიტური ველის მეშვეობით ორგანიზმის გარკვეულ წერტილებზე ახდენდნენ ზემოქმედებას.
1992 წელს რიბოლოვლიევმა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ფასიან ქაღალდებთან მუშაობის უფლების ატესტატი მიიღო და იმავე წელს დააფუძნა საბროკერო-საინვესტიციო კომპანია „ინკომბროკი“ და საინვესტიციო ფონდი „კამენნი პოიას“. იმავე პერიოდში რიბოლოვლიევი საინვესტიციო კომპანია „ფინანსოვი დომის“ ხელმძღვანელიც გახდა. დროთა განმავლობაში რიბოლოვლიევი კონცენტრაციას ახდენდა ქიმიური მრეწველობის სფეროზე და ინვესტიციებს დებდა სხვადასხვა ნედლეულზე მომუშავე საწარმოებში. ის არ მოიცავდა ნავთობსა და გაზს. რიბოლოვლიევის თქმით, სანამ ის მოვიდოდა ბიზნესში, ეს ორი სეგმენტი უკვე სხვებს ჰქონდათ ათვისებული. თავის პარტნიორთან, ვლადიმირ შევცოვთან ერთად, დიმიტრი ინვესტიციას ახორციელებდა პერმის მხარის საწარმოებში და მათი უმეტესობის დირექტორთა საბჭოს წევრი ხდებოდა. 1994 წელს რიბოლოვლიევი რუსეთში უმსხვილესი, კალიუმის სასუქის მწარმოებელი სააქციო საზოგადოება „ურალკალიუმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. 1996 წელს კი, ამავე საწარმოს საბჭოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, რიბოლოვლიევი რიგი საწარმოების („სილვინიტი“, „ნეფტეხიმიკი“) აქციების საკონტროლო პაკეტების მფლობელი გახდა. იმავე წელს რიბოლოვლიევი და მისი პარტნიორი შევცოვი სკანდალურად დააპატიმრეს, ტექნიკური სპირტის მწარმოებელი საწარმოს „ნეფტეხიმიკის“ გენერალური დირექტორის ევგენი პანტელეიმონოვის მკვლელობის გამო. საგამოძიებო სტრუქტურები რიბოლოვლიევს პანტელეიმონოვის მკვლელობის ორგანიზებაში სდებდნენ ბრალს. რიბოლოვლიევის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მკვლელობის უშუალო შემსრულებელმა ოლეგ ლომკინმა. მისი თქმით, რიბოლოვლიევმა და პანტელეიმონოვმა ვერ გაიყვეს მოგება. თუმცა, მოგვიანებით, მან შეცვალა ჩვენება და უარყო რიბოლოვლიევის მონაწილეობა ამ მკვლელობის ორგანიზებაში. ძიების მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ რიბოლოვლიევის გარდა „ნეფტეხიმიკის“ მიმართ ინტერესი პერმის კრიმინალურ სტრუქტურებსაც ჰქონდათ და მკვლელობა მათ დაბრალდათ. 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რიბოლოვლიევი ერთი მილიარდი რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, პანტელეიმონოვის მკვლელობის ორგანიზატორის დადგენა გამოძიებამ დღემდე ვერ შეძლო. ამბობენ, პატიმრობაში მყოფ რიბოლოვლიევს გათავისუფლების სანაცვლოდ „ურალკალიუმის“ აქციების საბაზო პაკეტის დათმობას სთხოვდნენ. გათავისუფლების შემდეგ რიბოლოვლიევმა განაგრძო მუშაობა ქიმიური ნედლეულის სფეროში. არსებობს ვერსია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში მისი ბიზნესის დაპატრონებას პრიკამიეს გუბერნატორი ვლადიმირ იგუმნოვი ცდილობდა. იგი აიძულებდა დიმიტრის „ურალკალიუმის“ აქციები თავისი შვილის, ელენა არზუმანოვას სახელზე გადაეფორმებინა, თუმცა, სამთავრობო რეკეტმა რიბოლოვლიევზე ვერ გაჭრა.
2005 წელს დიმიტრი რიბოლოვლიევის „ურალკალიუმისა“ და ბელორუსის რესპუბლიკის უმსხვილესი კალიუმის სასუქის მწარმოებელი კომპანიის „ბელარუსკალიუმის“ თანამშრომლობის პაქტი გაფორმდა, რის შედეგადაც შეიქმნა მსოფლიოში უდიდესი კალიუმის სასუქის იმპორტიორთა კავშირი. ამბობენ, რომ ამ კავშირის შექმნაზე რიბოლოვლიევი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბელორუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან.
2008 წელს დიმიტრი რიბოლოვლიევმა ამერიკელი მილიარდერისგან დონალდ ტრამპისგან 100 მილიონ დოლარად პალმ-ბიჩში, შუა საუკუნეების ფრანგული სტილით ნაგები ციხესიმაგრე – „მეისონ დელ’ამიტე“ შეიძინა და იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლი, რომელიც სარეკორდო ფასად გაიყიდა. ვილა 1990 წელს არის აშენებული. ციხესიმაგრის ფართი 3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, მიწის ნაკვეთი – 2,5 ჰექტარია, ვილას ასევე ეკუთვნის 145-მეტრიანი პლაჟი. ციხესიმაგრეში 18 საძინებელია, რამდენიმე დარბაზი, ზამთრის ბაღი და დახურული აუზი. თავის დროზე დონალდ ტრამპს „მეისონ დელ’ამიტეს“ რემონტი 25 მილიონი დოლარი დაუჯდა.
დიმიტრი რიბოლოვლიევს ორი შვილი ჰყავს და ისინი შვეიცარიაში ცხოვრობენ. რაც შეეხება მის მეუღლეს, 2008 წელს ელენა რიბოლოვლიევამ განქორწინებაზე შეიტანა საბუთები და დიმიტრისგან ქონების გაყოფა მოითხოვა. საუბარი, დაახლოებით, 3-4 მილიარდ ამერიკულ დოლარს ეხება. განქორწინების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ელენას მოთხოვნით სასამართლომ დიმიტრის ქონებას რამდენჯერმე ყადაღაც კი დაადო, თუმცა რიბოლოვლიევის ადვოკატები ჯერჯერობით ახერხებენ ყადაღის მოხსნისთვის საჭირო ოპერაციების ჩატარებას.
დიმიტრი რიბოლოვლიევის პირადი გატაცებების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამბობენ, რომ მას ზამთრის მთიან კურორტებზე დასვენება და თხილამურებით სრიალი უყვარს. პრესასთან მას თითქმის არ აქვს ურთიერთობა, რის გამოც ჟურნალისტებმა მას „დიადი ჩუმჩუმელა“ უწოდეს.