რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ საქართველოს გზებზე – „ჯე“ კლასის „მერსედესის“ თუ „ტოიოტას ჯიპის“ – „ლენდ კრუიზერი 200-ის“. ორივეს დიზელის ძრავა აქვს და უფრო გამძლეობის მხრივ მაინტერესებს, ვიდრე სხვა კრიტერიუმებით.
პასუხი: ორივე ეს ავტომობილი იმდენად გამძლეა და იმდენად ამართლებენ თავის სახელს ანუ „ჯიპს“, რომ მათი შედარება ცოტა რთულია, მაგრამ, ორივეს თავისი განსაკუთრებული ღირსებები აქვს, ანუ, რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც ასპექტში – მეორე. სასურველია ყიდვისას აირჩიოთ ის, რომლის შენახვაც უფრო იაფი დაგიჯდებათ, რადგან ორივეს არაჩვეულებრივი გამძლეობა აქვს. უბრალოდ, სამომავლოდ „ტოიოტას“ შენახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე „მერსედესის“. „ლენდ კრუიზერი“ უფრო მარტივი და, თან, ნაკლები რაოდენობის დეტალებით არის აწყობილი, განსაკუთრებით – სავალ ნაწილში და მისი ნაწილებიც გაცილებით იაფია. მეორე ის, რომ „ტოიოტას“ სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, თუ რაღაც ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდით, მისი გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ ისეა მოწყობილი, რომ თავს არ იფუჭებს. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან – სავალი ნაწილის სამაგრების დახრა. „მერსედესში“ ის სწორკუთხოვნად არის განთავსებული და, მიუხედავად იმისა, რომ მას „ტოიოტაზე“ გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, მაინც უფრო ადვილად ფუჭდება. წარმოვიდგინოთ ჯოხი, რომლის გატეხვასაც შუა ნაწილში ვცდილობთ, ის ძალიან ადვილად გატყდება. „ტოიოტას“ შემთხვევაში კი, ეს „ჯოხი“ ისეა გადებული, რომ მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა და შესაბამისად, მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ, მაგალითისთვის გამოდგება. ანუ, „ტოიოტაში“ დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული, ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს“ სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებისგან არის აკრეფილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე, ანუ, იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება აქცევს მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად, თორემ, როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე ძალიან გამძლეა.
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი 12 000 დოლარის ფარგლებში. რომელ მოდელს მირჩევთ ამ მარკებიდან – „ჰონდა“, „მიცუბიში“, „ტოიოტა“ თუ „მერსედესი“? რომელია ყველაზე გამძლე?
პასუხი: ეს ძალიან ზოგადი შეკითხვაა. ავტომობილის შეძენისას ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა, თორემ, გამძლე მოდელები თქვენ მიერ ჩამოთვლილ ყველა მწარმოებელს ჰყავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მძღოლის ასაკს, მართვის სტილს, როგორ პირობებში აპირებთ მის მოხმარებას. კარგი იქნებოდა რამდენიმე პრიორიტეტზე გაგეკეთებინათ აქცენტი, მინიმუმ, ის მაინც მიგენიშნებინათ, მსუბუქი ავტომობილის შეძენა გსურთ თუ „ჯიპის“ და, თანაც, რა მიზნით. ოჯახთან ერთად გიწევთ სიარული თუ მარტო; მხოლოდ სამსახურში თუ ხშირად ქალაქგარეთ გადიხართ და სხვა.