როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ტიკურიშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია სახელი ტიკარა. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი ტიკთან უნდა იყოს დაკავშირებული – ტიკის გამომყვანი, გამკეთებელი, ესე იგი, ხელობა-საქმიანობის გვარი უნდა იყოს. ამავე ფუძითაა წარმოქმნილი ტიკარაძე, ტიკარიძე, ტიკაძე, ტიკიშვილი, ტიკურაშვილი.
ტიკურაშვილები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩანან დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთში. 1873 წლის აღწერით, მებატონე ანტონ ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხებად მოიხსენიებიან ანდრე, ზურაბ და გაბრიელ ტიკურიშვილები. გოლთეთში მოსვლისას ტიკურიშვილებს გვარი შეუცვლიათ, აქ მოსვლამდე მათი ადრინდელი გვარი ძერყორაშვილი ყოფილა. ძერ-ყორა-შვილები ახალგორის მხარიდან გადმოსულან.
ძერყორაშვილ-ტიკურიშვილებიდან გაჩენილი გვარებია: ბეკარიშვილი, მახარაშვილი, ხრიკული. მახარაშვილი არის დამოუკიდებლად გაჩენილი გვარიც.
ახალგორში 35 ძერყორაშვილი ცხოვრობს, თბილისში – 8, რუსთავში – 5.
33 ბეკარიშვილი: თეთრიწყაროში – 16, თბილისში – 14, ახმეტაში – 1.
283 ხრიკული: ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24.
სულაკაური
გვარში ფუძედ წარმოდგენილია საკუთარი სახელი სულა. სულას მოფერებითი ფორმაა სულაკა, სულაქა; საქართველოს მთიანეთში სუფიქსი ურ-ით ბევრი გვარია ნაწარმოები.
ამავე ფუძითაა ნაწარმოები გვარი სულაკაძე იმერეთში.
სულაკაურთა გვარის გამხმიანებლად და გამაძლიერებლად ბატონი არჩილ სულაკაური, ბატონი ვალერიან (ვალიკო) და მისი ვაჟიშვილებიც კმარა, თუმცა, ამ მცირერიცხოვან გვარს სხვა ბევრი სასახელო წარმომადგენელიც ჰყავს.
საქართველოში 45 სულაკაური ცხოვრობს: თბილისში – 26, ახმეტაში – 13, თელავში – 3.
ხმალაძე
ხმალა დაფიქსირებულია წყაროებში, როგორც საკუთარი სახელი. გადმოცემით ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული გვარია (ხმლების შემკეთებელ-მწრთობელი). ქუთაისელ ხმალაძეთა შესახებ კობერიძის სტატიაში ვკითხულობთ:
„აზნაურ ხმალაძეთა წინაპარნი იყვნენ ძველად ახალციხეს მცხოვრებნი და აბჯართა ათაბაგისათა მცველნი, რომლისა გამო ეწოდათ ხმალთა მცველნი, მოსულან როსტომ მეფის დროს 1635 წელს და მერე შემოვიდნენ ქართლსა და უწოდეს შვილთა მათთა ხმალაძე და გაუგვარდათ, რომელნიცა მოხსენიებულ არიან ტრაქტატსა შინაცა“ (იოანე ბაგრატიონი, „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“).
საქართველოში 2 529 ხმალაძე ცხოვრობს: თბილისში – 814, სიღნაღში – 146, ასპინძაში – 136.
თულიანი
თულიანი ეპონიმური ქართული გვარ-სახელია. თული მოიხსენიება ქართლის ცხოვრების მეორე ტომში; თულა გვხვდება ფშავში, თიანეთში.
საკუთარი სახელიდან თულა ნაწარმოებია გვარი თულაისძე, მოიხსენიება 1287-1288 წლებში.
ვახტანგ თულაისძე ყოფილა მეთემე აზნაური, ზარდახნისუხუცესი; თულასძე//თულაძე, თულაძე დემეტრე – ჭლაგონის აზნაურიშვილი; თულაშვილი – ბეჟან თულაშვილი 1630-1642 წლებში აზნაურიშვილი, მეღვინეთუხუცესი; ოსიყმე თულაშვილი – აზნაურიშვილი (მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნა).
საქართველოში 62 თულიანი ცხოვრობს: თელავში – 40, თბილისში – 11, გურჯაანში – 4.
30 თულოშვილი: ქარელში – 9, გორში – 6, თბილისში – 3.
მწყერაძე-ბერუკაშვილი
აზნაურ მწყერაძეთა გვარიდანაა გამოყოფილი ბერუკაშვილი. „აზნაურ მწყერაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსულნი, რომელნიც ესახლენ ლოსიათ ხევს, მწყერის ციხე ადგილსა წოდებულსა და ადგილისა გამო გაუგვარდათ მწყერაძეობა. არიან ესენიცა აზნაურნი და ცნობილნი ლუარსაბ მეფისა დროსა და მოხსენებულ ტრაქტატსა შინა“ (იოანე ბატონიშვილი, „შემოკლებითი აღწერა“).
მწყერაძე მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში.
საქართვლეოში 79 მწყერაძე ცხოვრობს: თელავში – 26, თბილისში – 24, გორში – 9.
მწყერაული – 432.
იონათამიშვილი
მცირერიცხოვანი ქართული გვარია.
აზნაური იონათამიშვილები არიან როგორც ციციშვილების, ისე ბარათაშვილთა შთამომავლობისანი.
„აზნაურ იონათამიშვილთა წინაპართაგანნი ვინმე იყო მონათესავე ციციანთა (ციციშვილთა), იონად წოდებული და პირველივე მოსახლენი, გვერდის ძირს მოსულა კონსტანტინე მეფის დროს, 1843 წელს. ცნობილნი მეფისა როსტომისავე დროსა და გაუგვარდათ იონათამისა გამო შვილთა მათთა იონათამის შვილობა და არიან ტრაქტატსა შინაცა მოხსენიებულნი“.
ბარათაშვილი (ქავთარისული, იონათამიშვილი) გიორგი მოიხსენიება 1969 წელს.
საქართველოში 42 იონათამიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 12, მცხეთაში – 1.
ობოლაძე
ობოლაძეები იყვნენ აზნაურები. არიან იმერელ აზნაურ აბულაძეთა შთამომავალნი. „აზნაურ ობოლაძეთა წინაპარნი იყვნენ იმერეთით აბულაძეთაგანნი მონათესავენი და მცირე აზნაურნი და ამათგანი ვინმე დაშთა ობლად და მოვიდა საქართველოსა შინა და დაესახლა, რომლის ობლობისა გამო გაუგვარდათ ობლიძეობა ვახტანგ მეფის დროს 1711 წელს და არიან გეორგიევსკის (1783 წელს) ტრაქტატსა შინა“.
ობოლაშვილ-ობოლისშვილებს უცხოვრიათ იმერეთში, 1840 წელს.
საქართველოში 1 579 ობოლაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 422, ტყიბულში – 364, თბილისში – 279.
ობლისშვილი – 91, ობოლაშვილი – 625.
გივიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გივი. ასევე, ამ საკუთარი სახელიდან არის ნაწარმოები გვარი გივიაშვილი.
1995 წელს სახელი გივი ერქვა 27 338 ადამიანს: თბილისში – 6 856-ს, ქუთაისში – 1 659-ს, გორში – 1 133-ს და ასე შემდეგ.
ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „სახელი გივის მნიშვნელობა გაურკვეველია. აქედანაა გვარი გივიშვილი. გივის მოფერებითი ფორმაა გიუნა, საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი. გეო ბერძნულია, ქართულში მიღებულია გიორგი-ს შემოკლებით და ნიშნავს „მიწას“.
დადგინდა, რომ გვარი გივიშვილი უწარმოებია რამდენიმე თავადაზნაურულ საგვარეულოს. ესენია: „თავადნი ამილახვარნი, მომდინარეობენ ზედგინიძეებიდან, 1465 წლიდან იწოდებიან თავად ამილახვრად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვადასხვა სახლად... გივისშვილებად“; „თავადი ჩოლოყაშვილი, კახეთის თავადნი... ესენი აწ არიან განაყოფით მოსახლენი გივისშვილები“; „თავადი ავალიშვილი – ამათნი წინაპარნი არიან მონათესავენი ავალიანთანი, ხოლო მოსახლეობენ ესენი კახეთს... გივისშვილები“.
საქართველოში 364 გივიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 91, სიღნაღში – 36, დედოფლისწყაროში – 28.
200 გივიაშვილი: თბილისში – 105, ქარელში – 52, გარდაბანში – 16.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
მოამზადა ნონა დათეშიძემ