კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დალიონ პირად ცხოვრებაში წარუმატებელმა ქალბატონებმა ძილის წინ „მარტოხელა ევა“, რა ვჭამოთ „პახმელიაზე“ და რატომ არის სალათა „დედაქალაქური“ საქმიანი ადამიანებისთვის მისწრება


ღვინის ქვეყანაში, სამწუხაროდ, ღვინის დალევის კულტურამ სტილი შეიცვალა. დღეს აღარავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ, ამა თუ იმ ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო შესაბამის კერძს შეუთავსოს, ამით სიამოვნება მიიღოს, საკვებიც კარგად შეირგოს და მეორე დღეს არც თავის ტკივილმა შეაწუხოს და არც ეგრეთ წოდებულმა „პახმელიამ“. როგორც სომელიე, ბატონი თეიმურაზ ბენიძე ამბობს, აუცილებელია, სანამ სუფრას მივუსხდებით, კარგად გადავავლოთ თვალი წარმოდგენილ საკვებსა და სასმელს, მათ მიღებამდე კარგად გავაანალიზოთ მათი მიღების შედეგები და სწორად შევუთავსოთ ისინი ერთმანეთს. ასევე, კარგია, თუ გვეცოდინება, როგორ მოვამზადოთ სწორად კერძები და ის სასმელები, რომლებიც ხელს უწყობს არა თრობას, არამედ, ადამიანის სასიამოვნო მოდუნებასა და დასვენებას მშფოთვარე დღის შემდეგ.


თეიმურაზ ბენიძე: ძველი ელინები ღვინის დოზებს ასე აყალიბებდნენ: პირველი ჭიქა ჯანმრთელობაა, მეორე ჭიქა – კმაყოფილება, მესამე – ტკბილი ძილი, მეოთხე – თავხედობა, მეხუთე – ალიაქოთი, მეექვსე – ტაკიმასხრობა, მეშვიდე – სიბრმავე, მერვე – დანაშაული და ასე შემდეგ. ღვინის თავისებურებები საქართველოშიც კარგად იცოდნენ და ეს ღვთიური სასმელი თრობის საშუალებად იშვიათად გამოიყენებოდა. ქართველი კაცი ღვინოს ოდითგანვე სულისა და სხეულისთვის მარგებელ სასმლად აღიქვამდა და, სხვა მრავალი დანიშნულების გარდა, სისხლნაკლებობის, სისუსტისა და უმადობის წამლად იყენებდა. ყანაში წასული გლეხი, სამწყემსოდ წასული მწყემსი, სამუშაოდ წასული ხელოსანი მძიმე შრომას ღვინით იმსუბუქებდნენ. მარხვაში მრევლიც და საეკლესიო პირებიც, ღვინოში ჩამბალ პურს მიირთმევდნენ. სხვათა შორის, ძველად ღვინოს ასმევდნენ მეძუძურ ქალებს და მცირე დოზებით ჩვილ ბავშვებსაც. შეძლებული გლეხი კი, აუცილებლად ღვინოში განბანდა ახალშობილს. ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტს, ძველ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმარსაც კი გარკვეული დოზით აძლევდნენ. მერწმუნეთ, ღვინის მადლსაც მხოლოდ მისი ზომიერი მიღების შემთხვევაში აქვს ძალა, ხოლო ზედმეტის დალევა ისეთივე მომწამვლელია, როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღება.

– ღვინის გადაჭარბებული რაოდენობის დალევის დროს ადამიანი რამდენიმე დღე ცუდ განწყობაზეა, აწუხებს ეგრეთ წოდებული „პახმელია“, თავს შეუძლოდ გრძნობს და ამბობს, თუ ამ მდგომარეობას დააღწია თავი, აღარასოდეს გაეკარება სასმელს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალებებს ხომ ვერ გაგვიმხელთ? რომელი საკვების მიღებაა ამ დროს სასურველი და სასარგებლო?

– სანამ ამას მოგახსენებთ, გეტყვით, რომ ღვინის დიდი რაოდენობით და ხშირად მოხმარება შლის უჯრედებს, ასუსტებს კუნთებს და ჰმატებს წონას. შემდეგ კი დალევა უკვე მოთხოვნილებაში გადადის. ღვინის ხშირი სმის გამო ორგანიზმში გროვდება ცხიმები, ქოლესტერინი და ცხიმოვანი მჟავები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი. ასევე, მოხდეს სხვა ორგანოების მოწამვლაც. დღეში ოთხ ჭიქაზე მეტი ღვინის დალევა იწვევს არტერიული წნევის პრობლემებს, ჰიპერტონიას, ცერებრალურ სისხლძარღვთა პრობლემებს, პოლინევრიტს, მეხსიერების დაქვეითებას, ტაქიკარდიას და ასე შემდეგ. ღვინის უარყოფითი გავლენა ძირითადად ეთანოლს, ანუ ალკოჰოლს უკავშირდება. ბიოლოგიური მიზეზების გამო, ალკოჰოლის გადამუშავებას ყველა ორგანიზმი ერთნაირად ვერ ახერხებს. ეს ორგანიზმში არსებული სითხის სხვადასხვა პროპორციაზე, წონაზე, გენეტიკასა და ინდივიდის ფიზიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ხოლო, რაც შეეხება „პახმელიას“, ამ მდგომარეობაში ჩავარდნა ადვილია, თავის დაძვრენა კი – რთული. უძველესი დროიდან, ქართველი მეფეები და თავადებიც კი, ცდილობდნენ უნიკალური ბახუსის საწინააღმდეგო საშუალების მოგონებას, მაგრამ, ყველას როდი უმართლებდა. მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრები თავადი გიორგი ციციშვილი, თავის მოურავს დაურწმუნებია, რომ, თუ ნაბახუსევზე ერთ კასრ ცივ, ძმარგარეულ წყალს გადაივლებდა ტანზე, მალევე გაუვლიდა თავის ტკივილი და „პახმელიის“ სინდრომი. თავადსაც დაუჯერებია და ნაბახუსევზე სისტემატურად ასე იქცეოდა თურმე. ეფექტიც მიუღია: ძმარგარეული წყლის გადავლების შემდეგ კარგ ხასიათზეც დგებოდა, არც თავი სტკიოდა და არც რამეს უჩიოდა. ერთ დილას კი, ძმრიანი წყლის გადავლების შემდეგ, თავადი ცუდად გამხდარა, რამდენიმე საათში კი სული დაულევია. ჩემი აზრით, ამ ამბის შემდეგ დამკვიდრდა ქართველებში გამოთქმა, რომ „პახმელიაზე“ ბანაობა საშიშია, ჯობია, ისევ თავის ტკივილმა „გამგლიჯოსო“. (იცინის). ცნობისთვის, ამ დროს კარგია, მიირთვათ ცხელი კერძები, კერძოდ: ხაში, ხარჩო, ჩიხირთმა, ოსტრი, რადგან ყოველი მათგანი სისხლძარღვების გაფართოებას უწყობს ხელს. „პახმელიის“ დროს კი თავის ტკივილის მიზეზი სწორედ სისხლძარღვების შევიწროებაა. ისე კი, ყველა ადამიანს პახმელიიდან გამოსვლის თავისი ინდივიდუალური მეთოდები აქვს და, თუ ის ერთზე დადებითად მოქმედებს, მეორისთვის, შესაძლოა, არ გამოდგეს ეფექტური.

– ბატონო თეიმურაზ, ახლა ის სეზონი დგას, როცა ადამიანს უნდა, მსუბუქი, ორგანიზმისთვის სასარგებლო საკვები მიირთვას და კუჭი ზედმეტად არ გადატვირთოს. იქნებ, შემოგვთავაზოთ ასეთი კერძების რეცეპტები?

– ორგანიზმისთვის სასარგებლო, კუჭისთვის სასიამოვნო, მსუბუქად მოსანელებელი და უგემრიელესი კერძია პოლონური „მოსოკო“. ის დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ და ისიამოვნოთ. მისი მთავარი ინგრედიენტებია: თევზი „კობრი“, სოკო და მაიონეზი. მოკლედ, მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კობრი, ქამა სოკო, ხახვი, მაიონეზი, სუნელები და ლიმონი. აიღეთ კობრი, გააცალეთ ქერცლი, გამოშიგნეთ გარეცხეთ და ამოავლეთ ლიმონის წვენში. წაუსვით სუნელები. ცალკე მოთუშეთ ხახვი, დაამატეთ ქამა სოკო და თევზი ამ მასით გამოტენეთ. მუცელი კარგად შეკარით ჩხირებით და ზურგი დაუსერეთ. წაუსვით მაიონეზი და შედგით ღუმელში. კარგად რომ გამოცხვება, გადმოიღეთ, გამოაცალეთ ჩხირები და დადეთ თეფშზე დაწყობილ სალათის ფურცლებზე. გვერდებზე მოუწყვეთ ლიმონის ნაჭრები და ზეთის ხილი. ამ უგემრიელეს გამომცხვარ თევზს მიაყოლეთ 9-11 გრადუსზე ჩაციებული თეთრი მშრალი ღვინო და ისიამოვნეთ. ასევე, სასარგებლო, მსუბუქი, ადვილი მოსამზადებელი და ამ სეზონის სალათაა „დედაქალაქური“, რომელიც ასე მზადდება: 200 გრამი საქონლის ან ქათმის ხორცი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ მაგრად მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხი, 400 გრამი კარგად გაცივებული, წვრილად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, 2 ცალი გათლილი, წვრილად დაჭრილი, გაწურული მჟავე კიტრი და 200 გრამი მწვანე ბარდა. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ 100 გრამი არაჟანი და 80 გრამი მაიონეზი, შეაზავეთ 2 კოვზი ლიმონის წვენით, მარილითა და შავი პილპილით და შეურიეთ გამზადებულ სალათას სუფრაზე მიტანის წინ. თუ საქმიანი ქალბატონი ხართ და დრო არ გრჩებათ სამზარეულოში საფუსფუსოდ და კერძების დასამზადებლად, მაშინ ეს სალათა თქვენთვის ზედმისწრებაა. არც ბევრ დროს წაგართმევთ, ადვილადაც მოამზადებთ და არც მაინცდამაინც ბევრი ინგრედიენტია მის მოსამზადებლად საჭირო. სამაგიეროდ, მსუბუქად, გემრიელად და სასიამოვნოდ დანაყრდებით.

– საქმიანი, მაგრამ მარტოხელა ადამიანებისთვის თუ არსებობს ისეთი სასმელი, რომელიც დაამშვიდებს და მარტოობას შეუმსუბუქებს მათ?

– რასაკვირველია, არსებობს და ამ კოქტეილს ჰქვია „მარტოხელა ევა“. სხვათა შორის, ეს კოქტეილი ძალიან კარგად ხსნის დაღლის შეგრძნებას და, თუ მას დაძინებამდე, დაახლოებით ერთი ან ორი საათით ადრე დალევთ, მშვიდი და ტკბილი ძილიც გარანტირებული გექნებათ. მოკლედ, ეს კოქტეილი მარტოხელა ქალბატონებისთვისაა გათვლილი. მის მოსამზადებლად კი საჭიროა: 200 გრამი რძე, 50 გრამი ნაღების ნაყინი და რომელიმე ხილის სიროფი გემოვნების მიხედვით; ისე, უმჯობესია მარწყვის ან ჟოლოსი. რძე და სიროფი ათქვიფეთ მიქსერით ფუმფულა მასის მიღებამდე, შემდეგ დაუმატეთ ნაყინი და კიდევ თქვიფეთ დაახლოებით 1-2 წუთი. ჩაასხით მაღალ ჭიქაში, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, მოკალათდით კომფორტულად და მიირთვით. ასე რომ, მარტოხელა ქალბატონი ამ კოქტეილის დალევის შემდეგ თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს მამაკაცის გარეშეც კი (იცინის).


скачать dle 11.3