როდის და ვისი ხათრით იტანდა ნინო დარასელი დისკომფორტს და რატომ ვერ გახდა ის დედისთვის მოსაწონი
ნინო დარასელი: საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ, ისეთ სიტუაციებში, როცა ვხვდები, რომ პრობლემა მოგვარებადია, სიმშვიდეს ვინარჩუნებ. თუ სახლში რაღაც ფუჭდება, საკმაოდ სწრაფად ვრეაგირებ, რომ მალე მოგვარდეს. მაგრამ, ეს თუ ვერ მოხერხდა, შეიძლება, უკვე ვინერვიულო. მახსოვს, 31 დეკემბერს, საღამოს, გაგვიფუჭდა ელექტროგაყვანილობა. რაღაც მოხდა და შუქი გაითიშა. მარტო ჩვენთან არ იყო. ლამის გადავირიე, კინაღამ მოვკვდი ნერვიულობისგან (იცინის). კიდევ კარგი, სრული მობილიზაცია მალევე მოვახდინეთ და გავაკეთებინეთ, თორემ ახალ წელს შუქი რომ ჩაგიქრება, ეს უკვე დისკომფორტი კი არ არის, სრული კატასტროფაა.
– ექსტრემალურ გარემოში როგორი ხარ, მაგალითად ტყეში ღამეს გაათევ?
– გამითევია ღამე ღია ცის ქვეშ. ძალიან მიყვარდა ლაშქრობებში სიარული და ჩემს მეგობრებთან ერთად საკმაოდ ხშირად დავდიოდი ეგრეთ წოდებულ „პახოდებში“. მაშინ ჩემთვის მთავარი იყო, მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი და დანარჩენს მნიშვნელობა არ ჰქონდა. დისკომფორტსაც კარგად ვიტანდი ამის ხათრით. მაგრამ ახლა მირჩევნია, იქ დავისვენო, სადაც ყველაფერია (იცინის), ანუ, უკვე კომფორტი მინდა.
– საკუთარი ხელით რამეს შეაკეთებ?
– არა, ხელმარჯვე ნამდვილად არ ვარ. თან, რა არის, იცი? ჯერ არ დამჭირვებია საკუთარი თავი ხელმარჯვეობაში გამომეცადა. ჩვენს ოჯახში მამაკაცები თავის სიმაღლეზე დგანან და ჩემამდე ეს საქმე არ მოდის. თუმცა, კარგი ორგანიზატორი ვარ – ეს ვიცი.
– არც ბავშვობაში იყავი ჩხირკედელა? ხეებზეც არ დაძვრებოდი?
– არა, ხეზე ცოცვა ჩემთვის არავის უსწავლებია (იცინის), არც ჩხირკედელა ვყოფილვარ. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი.
– როცა საყიდლებზე მიდიხარ, ეტევი თუ არა განსაზღვრულ ბიუჯეტში?
– ამ ბოლო დროს ვისწავლე, ჩამოვწერო რა მაქვს შესაძენი და საყიდლებზე ისე წავიდე. ამან ცოტა გაამართლა, თუმცა, თვალი მაინც გამირბის ხოლმე და ბიუჯეტშიც ვეღარ ვეტევი. მაგრამ, ძირითადად სხვებისთვის ვყიდულობ საჩუქრებს და არა ჩემთვის, პირადი მოხმარების საგნებს. ისე მიყვარს, როცა ჩემს ახლობლებს საჩუქრებით ვახარებ, რომ ფულს ამაში დაუნანებლად ვხარჯავ. ამ ბოლო დროს, ჩემი შვილის ნივთებში მეხარჯება ყველაზე მეტი ფული. მგონი, მე უფრო მიხარია, როცა მისთვის რაღაცას ვყიდულობ. ჩემთვის ბოლოს რა ვიყიდე, მართლა ვერ ვიხსენებ.
რაც შეეხება ოჯახისთვის პროდუქტის შეძენას, ვერ ვიტყვი, რომ ბაზარში ხშირად დავდივარ. ყოველთვის ბაბუაჩემი დადიოდა ბაზარში, მაგრამ მე და ჩემი მეუღლეც მივდივართ ხოლმე მარკეტში. მეც მიყვარს და ნიკასაც, როცა ერთად ვყიდულობთ სახლისთვის რაღაცეებს და მოგვაქვს საჭირო პროდუქტების მარაგი, მაგალითად, მთელი კვირისთვის.
– „ცხელი ხაზით“ გისარგებლია?
– კი, როგორ არა, საკმაოდ ხშირად. არ შემიძლია, ვიყო ინფორმაციულ ვაკუუმში. „ანაბეჭდში“ რომ ვმუშაობდი, ჩემზე ხუმრობდნენ, ჯერ შუქი ჩამქრალი არ არის, რომ ნინომ უკვე მიზეზი იცისო (იცინის). მაშინ „ელიავას“ ბაზრობაზეც ძალიან ხშირად დავდიოდი. ძალიან ბევრ რამეს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით და მსიამოვნებდა კიდეც ეს პროცესი.
– სამზარეულოს დაუმეგობრდი?
– არა. თუ დამჭირდება, მოვამზადებ რამე კერძს, მაგრამ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სამზარეულოში ფუსფუსი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როგორც ჩემს ზოგიერთ მეგობარს. რომელი საქმეც კარგად არ გამომდის, იმ საქმეს ხელს არ ვკიდებ. მირჩევნია, სახლი დავალაგო – ეს საქმე უფრო მომწონს და ძალიან კარგადაც ვალაგებ. მიმაჩნია, რომ საკმაოდ მოწესრიგებული ადამიანი ვარ. ამაში, ალბათ, დედას დავემსგავსე. თუმცა, დედაჩემი მაინც არ არის ჩემით კმაყოფილი (იცინის). ის ისეთი მოწესრიგებულია, რომ მსგავსი არაფერი მინახავს. „შემოქმედებით არეულობასაც“ კი ვერ იტანს, გამორიცხულია.
– უცხოეთში ადვილად ახერხებ ადაპტაციას?
– ისე მიყვარს მოგზაურობა, რომ ადაპტაციაზე საერთოდ არც ვფიქრობ. დიდი სიამოვნებით დავიკარგებოდი კიდეც, მაგალითად, თბილ ქვეყნებში (იცინის), არ არის პრობლემა. უცხოეთში ყოფნისას დაკარგვაც კი სასიამოვნოა აუცილებლად რამე საინტერესოს წააწყდები.