სად გრძნობს თავს ინტიმურ სივრცეში ნატუკა ასათიანი და რა ენერგიას უშვებს „კოსმოსში“ რატი დურგლიშვილი
პირველი არხის მომხიბვლელი წამყვანი ნატა ასათიანი საკმაოდ კარგად ერკვევა მუსიკაში და არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნებაც აქვს. მომღერალმა რატი დურგლიშვილმა მასზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შედეგადაც, ჩვენმა ინტერვიუმ მხოლოდ და მხოლოდ მოიგო.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი
– ვიცი, რომ მუშაობა დაიწყე დილის გადაცემაში და ზუსტად ვიცი, ეს როგორი საშინელებაა. ძალიან მეცოდები, მთელი გულით.
– ექვსის ნახევარზე ვიღვიძებ, საერთოდ, აღარაფერი მინდა ცხოვრებაში. მაღვიძარა მაღვიძებს და ეგრევე „ავტოპილოტი“ ირთვება ჩემში. ჯერჯერობით ეს საქმიანობა ახალი დაწყებული მაქვს და დილასაც დიდი სიხალისით ვიღვიძებ. იმედი მაქვს, ამ საქმის ხალისით კეთება ბოლომდე გამყვება. საოცარი ადრენალინი აქვს პირდაპირ ეთერში მუშაობას, როდესაც იცი, მთელი საქართველო გიყურებს, საინტერესო გამოდის.
– ყოველდღე ხარ?
– კი, სამი წამყვანი ვართ ყოველდღე ათ საათამდე. მართალია, ეთერის შემდეგ მეორე დღის გადაცემაზე ვფიქრობთ, მაგრამ მართლა არაჩვეულებრივი პროდიუსერი მყავს, მარიტა ჯანაშია, რომელსაც საოცრად მძიმე სამუშაო აქვს და მართლა ძალიან მეხმარება აბსოლუტურად ყველაფერში. თერთმეტი წელი ვიმუშავე რადიოში და ტელევიზია სულ სხვა სამყარო აღმოჩნდა.
– თერთმეტი წლის განმავლობაში რადიო „უცნობთან“ ასოცირდებოდი და პირიქით.
– კი. „უცნობში“ დილის გადაცემით დავიწყე, მერე მუსიკალური წამყვანი ვიყავი, შემდეგ მუსიკალური პროგრამის წამყვანი. ამის შემდეგ გადავედი „ნიუსზე“, ანუ საინფორმაციო მიმყავდა. შემდეგ ერთი წლით წავედი სასწავლებლად, შევისწავლე ფიარი. ჩამოვედი და შემდეგ უკვე გავხდი რადიო „უცნობის“ და „ნაცნობის“ ფიარმენეჯერი, პარალელურად კი რადიო „უცნობის“ დილის გადაცემის წამყვანი. ახლა ყველა კერძო მედიასაშუალება კრიზისს განიცდის და „უცნობიც“ არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი.
– არ გაგიჭირდა იქიდან წამოსვლა?
– საშინლად. როდესაც წლები მუშაობ – ცამეტი წლიდან იმ კონკრეტულ ადგილას მუშაობ და შენი სამსახური საინტერესოცაა და სასიამოვნოც, იმის დატოვება ძალიან რთულია. თუმცა, ჩემმა მეორე სამსახურმა მოითხოვა ეს. გადავწყვიტე, დროებით მაინც დამენებებინა რადიოსთვის თავი. მაგრამ, ამის მიზეზი არა ტელევიზია, არამედ საქართველოს უნივერსიტეტია, სადაც ლექტორი ვარ. რაღაც ისე გამომივიდა, რეგალიების ჩამოთვლა...
– რადიო და სატელევიზიო მუშაობა აბსოლუტურად სხვადასხვა სპეციფიკისაა, არა?
– კამერებთან მუშაობაა სრულიად განსხვავებული და ყველაზე მეტად მიკვირს ის, რომ ერთ მონიტორზე საკუთარ თავს ვხედავ. რადიოში კი არის მხოლოდ მიკროფონი და ის წარმოსახვითი აუდიტორია, რომელსაც იმ წუთში წარმოიდგენ. რადიო გაცილებით უფრო ინტიმური და თბილია. წყნარად შეიკეტები სტუდიაში და საუბრობ, შენთვის მიმზიდველ და საინტერესო თემებზე. ადამიანები გისმენენ და შენი ხმით წარმოიდგენენ როგორი ხარ, რა მოგწონს, რა ფერის თმა გაქვს და სხვა. ეს წამყვანს დამატებით ხიბლს ჰმატებს და მის მიმართ მეტ ინტერესს აღძრავს.
– ყოველთვის, როდესაც მანქანით სადმე მივდივარ, რადიო სულ ჩართული მაქვს და უფრო ხშირად დიჯეის და მის საუბარს ვუსმენ, ვიდრე მუსიკას.
– ეს ისეთ განცდას გაძლევს, თითქოს იმ წუთში შენს გვერდით ვიღაც არის, მარტო არ ხარ და ეს ძალიან სასიამოვნოა. სადაც არ უნდა იყო, რადიო სულ შენთანაა და უფრო მეტად არის შენი მეგობარი, ვიდრე ტელევიზია. ამ ათწლიანმა მუშაობამ, ათი საუკეთესო მეგობარი შემძინა, რომლებიც სწორედ რადიოთი დავუკავშირდით ერთმანეთს. ჯერ იყვნენ მსმენელები, მერე ერთნაირი მუსიკალური გემოვნება აღმოგვაჩნდა, მერე ერთმანეთს შემთხვევით სადღაც შევხვდით და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ამის გამო ათი და კიდევ ათი წელი ვიმუშავებდი რადიოში.
– ნატუკა, როგორ ფხიზლდები?
– იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა მუშაობა, რომ ის ძალიან მალე, იოლად მაფხიზლებს. თან, რომ ვიცი, რვის ნახევარზე იქ უკვე მოწესრიგებული, დავარცხნილი, გონებაგახსნილი და მუშაობისთვის მზად მყოფი უნდა ვიყო, ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ძალიან მეხმარებიან ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ჩემი დედამთილი, რომელიც ყოველ დილით ზრუნავს იმაზე, რაც შეიძლება, მალე გამოვფხიზლდე და კარგ განწყობაზე წავიდე სამსახურში.
– ვოცნებობ, ერთი მუსიკალური არხი გვქონდეს საქართველოში, ან ხარისხიანი და კარგი მუსიკალური გადაცემა მაინც, წამყვან არხებზე. ინფორმაცია კარგია, მაგრამ ამ დოზით, მართლა არ შეიძლება, უკვე ვზივარ და მულტფილმებს ვუყურებ, აღარ შემიძლია, ამდენი ინფორმაცია.
– ერთი მუსიკალური გადაცემა იგეგმება. დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, მაგრამ, გეტყვით, რომ მუსიკალური გადაცემა გექნებათ. გადაცემის წამყვანი ვიქნები და იმედია, პატარა წვლილს მაინც შევიტანთ ამ საქმეში.
– ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ შექმენი ოჯახი, მოგვიყევი ამის შესახებ.
– კი, ეს ცოტა ხნის წინ მოხდა და ამას ექსტრემალურ გათხოვებას დავარქმევდი. სამი თვის წინ გადავწყვიტეთ ეს ამბავი. ჩემი მეუღლე ბექა ნაცვლიშვილია, პროფესიით პოლიტოლოგი.
– ამ გრაფიკით ვინმეს გაცნობა როგორ მოახერხე?
– ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც თავს დასვენების უფლება მივეცი და ჯაზ-ფესტივალზე წავედი. გადავწყვიტე, სულისთვისაც მეკეთებინა რაღაც და არა მხოლოდ სამსახურისთვის. ერთმანეთი, „ქულ ენდ ზი გენგის“ კონცერტზე გავიცანით.
– ვაიმე, როგორ მიყვარს ეს ჯგუფი.
– საერთო მეგობრები კი, გვყავდა, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით. აღმოჩნდა, რომ სისტემატურად მისმენდა და ეს არ ვიცოდი. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და დავიშალეთ. თუ გახსოვთ ეს კონცერტი ოთხი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის გამო, იმავე საღამოს, ფოიეში კიდევ ერთხელ მოგვიწია ერთმანეთთან შეხვედრა. ისევ რაღაცაზე ვისაუბრეთ, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, მუსიკის და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით. ნომრები გავცვალეთ და ძალიან მალე ერთმანეთს შევხვდით. დაახლოებით, ერთ თვეში გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. ჩემთვის, ისევე როგორც ალბათ, მისთვის, ეს ყოვლად წარმოუდგენელი ამბავი იყო, სრული სიგიჟე. მით უმეტეს მე, რომელიც საკმაოდ რაფინირებული ვარ, მილიონჯერ ვფიქრობ, სანამ რაღაცას ვიტყვი, აღარაფერი ვამბობ იმაზე, როდის ვმოქმედებ, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება მიკვირს, მაგრამ გაამართლა და ამან მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო განცდები მომიტანა. დამერწმუნე, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე, ძალიან მალე, მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ეს აუცილებლად სწორი ნაბიჯი იქნება.
– იცი რა, ადამიანი, რომელიც ხელოვნებას, მუსიკას, თეატრს, მხატვრობას სწორად აღიქვამს, უყვარს და აფასებს მას, შეუძლებელია, ცუდი იყოს. ამაში დარწმუნებული ვარ.
– მგონი, მეც ამით ვიხელმძღვანელე. მართალია, მას ძალიან უყვარს ჯაზი და მე უფრო – როკი, მაგრამ ამ ორი ჟანრიდან ერთმანეთს რაღაცეები გავუზიარეთ. ერთმანეთს დისკებს ვუცვლიდით და ერთ ამბავში ვიყავით. პროექტორი გვაქვს სახლში. კედელზე ზეწარს ვაკრავდით და პროექტორით ფილმს ვუყურებდით. ახლაც, როცა დრო გვაქვს ასე ვიქცევით. ეს რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. საკუთარი პატარა კინოთეატრი გვაქვს, ძალიან მყუდრო და ინტიმური.
– მთელი გულით მინდა, უდიდესი წარმატება გისურვო და მთელი შენი ოჯახი მოვიკითხო, განსაკუთრებით კი, დედაშენი, ქალბატონი ირმა.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნატუკა ასათიანი
– ირმა ახსენე და მინდა გითხრა, ისიც და მამაჩემიც აღფრთოვანებულები არიან თქვენი დუეტით. მამაჩემი სულ ამბობს ხოლმე, რა მოხდება ასეთი ბიჭები ბევრი გვყავდესო.
– ვაიმე, როგორი სასიამოვნოა ამის მოსმენა. ერთადერთი, რაც ამ ქვეყნიდან არ მიშვებს, ეს ხალხის სიყვარულია. არ ვიცი, რამდენს ვუყვარვარ, მაგრამ ყველა იმ ადამიანისგან, ვინც შემხვედრია მხოლოდ და მხოლოდ სითბოს ვგრძნობ. შვილო, შენ ჩემი ოჯახის წევრი ხარ, – ამას რომ მეუბნებიან, იცი, რა მემართება?! ვგიჟდები. სულ მინდა და მაქსიმალურად ვცდილობ, იგივე სითბო და სიყვარული გადავცე ადამიანებს.
– ეს ყოველთვის ჩანს, იგრძნობა. მიშა ცაგარელს ბევრი მაგალითი მოჰყავს ხოლმე, მაგრამ ერთი რაღაც, რასაც ყოველთვის იმეორებს და სულ მახსოვს, ეს არის – რა ენერგიასაც უშვებ, აუცილებლად უკან გიბრუნდება. რა ენერგიასაც გასტყორცნი კოსმოსში, იგივე დაგიბრუნდება. ზუსტად ასეა.
– ერთ რაღაცას მოგიყვები. როგორც იცი, კლუბში ვმღერით და როგორი უცნაური დამთხვევები ხდება ხოლმე, გაგიჟდები. დილით თუ ავდგები კარგ განწყობაზე, აუ, დღეს რა მაგარია, რა მაგრად უნდა ვიმღერო, ის დღე ყოველთვის წარმატებულია ხოლმე. განწყობა როგორიც მაქვს, ხალხიც ისე მოდის. ანუ, მარტო სიმღერის განწყობას კი არ ვგულისხმობ, რომელიც ხალხზე ისედაც გადადის და ენერგიების გაცვლა ხდება, აურის მოქმედებაზე ვამბობ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, დილიდან სიმღერის განწყობა არ მაქვს, კლუბში ხალხიც ცოტა მოდის. როცა მინდა, ყველაფერი მაგრად იყოს, დარბაზიც სავსეა. დავრწმუნდი, რომ როგორც გინდა, შენი ცხოვრება მართო, ზუსტად ისე მიდის ყველაფერი. დიდი სურვილია მთავარი.
– აბსოლუტურად გეთანხმები. ყველაფერში პოზიტივი უნდა დაინახო, ეს მთავარი პრინციპია.
– ადამიანები ძალით იქმნიან პრობლემებს. იფიქრონ კარგზე და ყველაფერი კარგად იქნება.
– უამრავი კვლევის შესახებ წამიკითხავს. მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუკაფსულებია ქალს, რომელსაც უთქვამს, მინდა, ჩემი შვილის სკოლის დამთავრებას მოვესწროო და ათი წელი უცხოვრია. განწყობის ფსიქოლოგიაში ასეთი ფაქტები ხშირია.
– ღმერთი შენ ყველაფრის საშუალებას გაძლევს. ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი და დანარჩენი უკვე შენს სურვილებზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. უამრავი ადამიანი შემხვედრია – აგრესიული, ამბიციური, რომელთაც მართლა არაფერი უკეთებიათ და მათგან მხოლოდ სიბრაზე მოდის. არ უფიქრიათ იმაზე, რომ სხვაც მის მიმართ სულ გაბრაზებული იქნება?! ეს ერთგვარი კომპლექსიცაა ალბათ, რაღაც პოზა უჭირავთ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ადამიანს, სულ უბრალოდ, რომ გაუღიმოს, მას შემდეგ მისი დანახვა, მისთვის კარგის გაკეთება ენდომება.
– კარგი, შევცვალოთ თემა. ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ცოტა ხელჩაქნეული, ცუდ განწყობაზე მეჩვენე და საქართველოდან წასვლას ფიქრობდი. რას აპირებ ამ მიმართულებით?
– ისევ ვფიქრობ. ცუდად იმიტომ ვიყავი და ვარ, რომ მომღერლებს ელემენტარული პირობები არ გვაქვს, არ ეწყობა კონცერტები. შეუძლებელია ამ პროფესიით ცხოვრება. არადა, არ მინდა არც ბიზნესმენობა და არც სხვა რაიმე სამსახური, სხვა სფეროში წასვლა. არასდროს არც ერთი უცხოელი მომღერლის კონცერტს არ ვუყურებ, რადგან მერე დეპრესიაში ვვარდები. ხომ შეიძლება, იმის მეოცედი მაინც ხდებოდეს აქ. თუ კონცერტს საკუთარი ძალებით ჩავატარებ, მაშინ ძალიან დიდი ფასი უნდა დავადო ბილეთს, რასაც ვერ ვიზამ და პურის ფულს ვერ წავართმევ ადამიანს, ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს. მართლა არ შემერგება ეს. სიყვარულით არ შემიძლია სარგებლობა. დაბალანსებული არ არის ეს ყველაფერი, არ არსებობს კანონმდებლობა. „ემტივის“ დაჯილდოებას რომ ვუყურებდი, გავოგნდი. გული იმაზე დამწყდა, რომ მაქვს პოტენციალი, ეს ყველაფერი მეც გავაკეთო, ვიცეკვო, ვივარჯიშო, დავდგა შოუ. მაგრამ, პირობები ხომ უნდა იყოს ამისთვის ან უბრალოდ, სადმე ხომ უნდა მოვახდინო ამ ჩემი შესაძლებლობების რეალიზება. მხოლოდ ჩემი თავისთვის ხომ არ გავაკეთებ ყველაფერს?!
– ყოველთვის ვადევნებ თვალყურს აფიშას და როდესაც ვარჩევ, სად წავიდე შაბათ-კვირას, კონცერტი ამ არჩევანში არასდროსაა. რატომ არ ტარდება კონცერტები, არ ვგულისხმობ კლუბურ სიტუაციას, სადაც ვიღაც ჭამს, ვიღაც ცეკვავს და სხვა. უბრალოდ, საღამოს, რომ გამოიპრანჭო და სადმე, თუნდაც კამერულ სივრცეში კარგ მუსიკას მოუსმინო.
– ყველა ადამიანს, ვისაც ფული აქვს, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, მისთვის სასარგებლო რაღაცეებში ჩადოს ფული. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხელოვნებას მოფერება სჭირდება, რომ ეს მეცენატობაა, ქველმოქმედებაა, ამით კარგ საქმეს აკეთებს. უამრავი ნიჭიერი ბავშვი მოდის, მაგრამ რა მერე?! გაგრძელება, განვითარება არ აქვს. ჩვენ შემთხვევაში რა ხდება – მაქსიმალურის გამოწურვას ცდილობენ ჩვენგან, მინიმალური დანახარჯით. ვერ ვიგებ, რა ხდება.
– შეიძლება ეს კითხვა გაცვეთილია, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რას ცვლის ადამიანის ცნობიერებაში პოპულარობა? არაფერს ცვლისო, ამას ვერ ვიტყვით, რადგან ელემენტარულად პურის საყიდლად ვერ გახვალ ისე, რომ არ გიცნონ.
– იცი, რა, ხანდახან მავიწყდება რომ სახეზე მცნობენ ადამიანები. ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობდი და როგორც უნდა იცხოვროს ჩვეულებრივმა ადამიანმა, არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ძალიან დიდი სიხარულია ეს. მარკეტში შესვლა ახსენე და ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს. გული მეწვება, ვთქვათ სიგარეტს რომ ვყიდულობ და მჩუქნიან. არ მინდა ხოლმე გამორთმევა, ისიც ხომ მისი სამსახურია. პოპულარობას ჩემთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს. სიყალბეს არანაირად არ ჰმატებს ჩემს საქციელს.
– რატი, გავიგე, რომ მულტფილმებზე მუშაობ.
– კი. ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა. ამ ბოლო დროს გავიხსენე ეს, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. „მულწიაშკების“ გაკეთების სურვილი გამიჩნდა. ჯერჯერობით ჩემთვის ვაკეთებ, არ მიფიქრია, საჯაროდ გამოტანა. ხომ არის რაღაც, ძალიან ინტიმური და შენი, რის საჩვენებლადაც ჯერ მზად არ ხარ. მაგრამ, მოვა დრო და აუცილებლად გამოვიტან მზის სინათლეზე. დიდი სურვილი მაქვს, დუეტ „ჯორჯიას“ მეორე კლიპი ანიმაციური იყოს. ძალიან სასაცილო, „მაზალო“ გმირები მყავს. მომთაბარე ვარ, ერთი სიტყვით, ადგილს ვერ ვპოულობ.
– ძალიან კარგი. ეს არაჩვეულებრივი თვისებაა ახალი რაღაცეების აღმოსაჩენად, მათ შორის საკუთარ თავშიც. ამიტომ, ძალები სხვა ქვეყანაშიც უნდა მოსინჯო, იქ მეტი შესაძლებლობებია.
– ცოტა ხნით მაინც აუცილებლად წავალ. ორი მიმართულებით შეიძლება, ეს გამოვიდეს. ერთია მუსიკა, მეორე – ანიმაცია, მაგრამ სწავლას არ ვგულისხმობ...
– არა, სწავლა რა შუაშია. რაღა უნდა ისწავლო?! იქ უბრალოდ, უნდა გაგიმართლოს, პროდიუსერმა დაგინახოს და დაიწყოს შენთან მუშაობა.
– ორმოცდაათი ათასი საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიმეში ხომ მაინც გამიმართლებს?! (იცინიან).
– აუცილებლად.
– თუმცა, ეს ეტაპებიც არ მაქვს გასავლელი, იქ ისეთი სიტუაცია მხვდება. რვა დღეზე მეტი საქართველოდან არ წავსულვარ. აქ რომ ჩამოვდივარ, სიგიჟე მემართება, შემიძლია, მიწას ვაკოცო. რომ არ მრცხვენოდეს, ასეც მოვიქცეოდი.
– აბსოლუტურად მესმის ეს. ერთი წელი ვცხოვრობდი პრაღაში და რობიზონ კრუზოსავით ფურცელზე დღეებს ვითვლიდი. საშინლად მენატრებოდა თბილისი. ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობდი. თბილისში ვიყავი გონებით, ფიზიკურად კი – სხვაგან. მენატრებოდა ჩემი ქუჩა, ის ჟურნალების გამყიდველი ქალი, ჩემს სახლთან ახლოს რომ მუშაობს, უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც რაღაცეებს მინახავს.
– თბილისის მონატრება მაქვს, ხეების, ქუჩების, ხალხის, ზღვის, მთელი ქვეყნის.
– ხშირად საუბრობენ კაფეებში ქართულ მომსახურებაზე. მაგრამ, ქართული ხისტი მომსახურებაც კი ძალიან საყვარელია ჩემთვის, ვიდრე ჩეხი გალამაზებულ, გაბრდღვიალებული გოგო, რომელიც ზუსტად ვიცი, ძალიან დაღლილია და თან, არ ვუყვარვარ არანაირად, საოცრად არაბუნებრივად მიღიმის. მირჩევნია ისევ, რომ აქ ვიგრძნო გულწრფელი დამოკიდებულება.
– ვგიჟდები ამ ქვეყანაზე და, რა ვქნა?!