ფეხბურთელის ყველაზე ლამაზ მეორე ნახევარს სიმთვრალის გამო ჩადენილი ღალატი აპატიეს
სამი წლის წინ, როცა პიტერ კრაუჩი „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა და სოლიდური ხელფასიც ჰქონდა, სერიოზულ სკანდალში გაეხვია. მან თავისი საცოლე, აბიგაილ კლენსი და მისი დაიკო დასასვენებლად შუა სეზონში გაუშვა, აქაოდა ოკეანის სანაპიროზე გაირუჯეთ და გაერთეთ, მე კი, ბურთს გავაგორებო. ეს ყველაფერი კი, საინტერესოდ გაგრძელდა. აბიგაილსა და მის დაიკოს პაპარაცების არმია აედევნა და არცთუ უსაფუძვლოდ. ისინი არა მარტო ერთობოდნენ, ნარკოტიკებსაც არ იკლებდნენ და როცა თვრებოდნენ, ღამის ბარების მაგიდებზე სტრიპტიზს ცეკვავდნენ. მერე კი, ვისაც არ ეზარებოდა, სასტუმროს ნომერში მიათრევდა. პაპარაცებმა ამის ამსახველი ფოტოები გადაიღეს და ბრიტანულ გაზეთებში დაბეჭდეს. ნახევრად შიშველი და ნარკოტიკებით გაბრუებული საცოლის ფოტოების ნახვამ კრაუჩი გადარია და მან ხმამაღლა განაცხადა, კლენსის ვშორდები და მასთან საერთო არაფერი მაქვსო.
აბიგაილი ინგლისში მალე დაბრუნდა, თუმცა კრაუჩმა აღარ მიიღო. გოგონამ ჭკუა იხმარა, სამკურნალოდ წავიდა, ნარკოტიკებს შეეშვა და სიმთვრალის გამო ჩადენილი ღალატი კრაუჩმა დიდსულოვნად აპატია. ისინი კვლავ ერთად არიან.
გასულ კვირას, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა „ნატსმა“ იმ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მიზნად ფეხბურთელების ყველაზე მომხიბვლელი მეორე ნახევრების გამოვლენას ისახავდა – აბიგაილი პირველ ნომრად მოხვდა. პრინციპში, ასი საუკეთესოს ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ჩვენ საუკეთესო ათეულს გაგაცნობთ.
1. აბიგაილ კლენსი (პიტერ კრაუჩის მეგობარი, „ტოტენჰემი“, ინგლისი) – აბიგაილზე, პრაქტიკულად, ყველაფერი მოგახსენეთ და როგორც ექსპერტები ამბობენ, მისი პირველი ადგილი მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ მას ყველაფერი ბუნებრივი აქვს. ნარკომანი და ლოთი გოგოსგან კლენსი მეოჯახედ ჩამოყალიბდა და ახლა ამბობს, ერთი სული მაქვს, პატარა კრაუჩებს როდის გავაჩენო.
2. ბილენ როდრიგესი (მარკო ბორიელოს მეგობარი, „მილანი“, იტალია) – წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა და მერე მათი შერიგება მოხდა. ამჟამად ისინი კვლავ ცალ-ცალკე არიან, მაგრამ ინტერვიუებში აცხადებენ, რომ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ და შერიგებაც მალე მოხდება. ამასთან ერთად, ბილენი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება და ბორიელოს გარდა, თავს არაერთი მსურველი ახვევია.
3. კარლი ცუკერი (ჯო კოულის ცოლი, „ჩელსი“, ინგლისი) – მისი მკერდი ორი წლის წინ ყველაზე მომხიბვლელად აღიარეს და კოული ამით ძალიან ამაყობდა. ორი თვის წინ კარლიმ გოგონაც გააჩინა, თუმცა მშობიარობას მისი ფიგურისთვის სერიოზული დაღი არ დაუსვამს. ისე, ინგლისელი ჟურნალისტები ცუკერს „ბრიტანელ ბარბისაც“ ეძახიან და როგორც თავად ქალი ამბობს, ცნობილ თოჯინას საკუთარ თავს მართლაც ამსგავსებს.
4. კრისტინ ბლეკლი (ფრენკ ლამპარდის მეგობარი, „ჩელსი“, ინგლისი) – რომ არა ლამპარდის ცოლი, კრისტინის შესახებ, ალბათ, ცოტა ვინმე თუ გაიგებდა. ელენ რივესმა ხმამაღლა განაცხადა, ფრენკი აღარ მიყვარსო და საცხოვრებლად, შვილებთან ერთად, სხვაგან გადავიდა. ჰოდა, ლამპარდმა გული კრისტინს გადააყოლა და აგერ, მისი ახალი სიყვარული მეოთხე ადგილზე გავიდა. მართალია, დიდი მკერდის მოყვარული ფეხბურთელის ხათრით ბლეკლიმ საკუთარი სხეული სილიკონის მკერდით დაამძიმა, მაგრამ როცა საქმროს წლიური ანაზღაურება ათი მილიონია, სილიკონზე უარის თქმა დანაშაულის ტოლია.
5. დანიელა ლოიდი (ჯიმი ოჰარას მეგობარი, „პორტსმუთი“, ინგლისი) – დანიელა ფეხბურთელებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია. იგი თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუსაც კი ჰყვარობდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა განაცხადა, ბოლო დროს დანიელაში მხოლოდ მისი მკერდი მომწონსო, შეურაცხყოფილმა ქალმა მიატოვა და „კარიერა“ სხვა კლუბში განაგრძო. საბოლოოდ კი, ლოიდი ჯიმი ოჰარას „მიუგორდა“, მაგრამ სავარაუდოდ, მისგან წასვლა მოუწევს. ოჰარას გუნდი დაშლის პირასაა და მას ხელფასს არ აძლევენ. ჰოდა, ლოიდის დარი ქალი მილიონებს არის მიჩვეული და „ქართულ“ ხელფასს არ დათანხმდება.
6. ალიონა სერედოვა (ჯანლუიჯი ბუფონის მეგობარი, „იუვენტუსი“, იტალია) – მართალია, ალიონა ბუფონს ორ შვილს უზრდის, მაგრამ ცოლად არ მიჰყვება. აქაოდა, ჯიჯიმ ძალიან უნდა მოინდომოს, ცოლობაზე რომ დამითანხმოს და ხელი მინიმუმ, ორ მუხლზე დაჩოქილმა მთხოვოსო. სავარაუდოდ, ბუფონი „დაჩოქებას“ ამ ზაფხულს აპირებს და ჯვარსაც დაიწერენ. ორი შვილის გაჩენის მიუხედავად, რუსული ფესვების მქონე ჩეხი მოდელი სამოდელო სამყაროში ისევ აქტიურია და პოდიუმზეც დანარნარებს.
7. იულია ვორონინა (ანდრეი ვორონინის ცოლი, კიევის „დინამო“, უკრაინა) – ნამდვილად ვერ გეტყვით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს იულია, მაგრამ ანდრეი ვორონინის ცოლმა აშკარად საპატიო, მეშვიდე ადგილი დაიკავა. თანაც, იულიას დარი გოგონები უკრაინაში „კონა ერთ გრინვად“ არის და...
8. რუთ რეინოლდსი (ნაიჯელ რეო კოკერის ცოლი, „ასტონ ვილა“, ინგლისი) – ამ წყვილზე ამბობენ, ერთმანეთი მანამდე უყვარდათ, სანამ ნაიჯელი დიდ ფულს იშოვიდაო და როგორც ჩანს, ეს სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს. არც ერთი მათგანი ჯერჯერობით არანაირ სკანდალში არ გახვეულა და მშვიდად ცხოვრობენ.
9. კლაუდია კინი (რობი კინის ცოლი, „სელტიკი“, შოტლანდია) – იულია ვორონინასი არ იყოს, ჩვენი აზრით, ათეულში მოხვედრას არც კლაუდია იმსახურებდა. პრაქტიკულად არაფრით გამორჩეული ქალი საფეხბურთო სამყარომ რობი კინის ცოლობით გაიცნო.
10. იოლანდა რეინა (ხოსე რეინას ცოლი, „ლივერპული“, ინგლისი) – იოლანდა ხუთი წლის წინ ესპანეთის ულამაზეს ქალად აღიარეს. ესეც არ იყოს, „მის მსოფლიოზე“ მან მესამე ადგილი დაიკავა და ალბათ, ათეულში მოხვედრასაც იმსახურებდა.
P. S. ჩვენი აზრით, ათეულში კი არა, მინიმუმ სამეულში უნდა ყოფილიყო კლოდ მაკელელეს მეორე ნახევარი. ნოემი ლენოირმა პოდიუმზე სიარულს თავი ქმრის თხოვნით დაანება. თუმცა, ფოტოსესიებში მონაწილეობას კვლავ იღებს და საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალად ითვლება.