რას გვიქადის ჭარბი წონა და როგორ ვებრძოლოთ მას
სიმსუქნე – ეს არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, კანქვეშ ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბ დაგროვებას, არტერიულ წნევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ვენების გაგანიერებას, სასუნთქი სისტემის მძიმე გართულებებს, შაქრიან დიაბეტს, ნიკრისის ქარს და ასე შემდეგ.
სიმსუქნის განვითარებას ხელს უწყობს კვების რეჟიმის დარღვევა, მცირე ფიზიკური დატვირთვა, სისტემატურად გადამეტებული ჭამა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება. პირველი და მეორე ხარისხის სიმსუქნის დროს ავადმყოფს ჯანმრთელობის მხრივ ჩივილები არ აქვს, დისკომფორტი აქვს მხოლოდ კოსმეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ესეც საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, რა ჯობია: მსუნაგობით მიღებული სიამოვნება თუ გრაციოზულობა და სილამაზე. არჩევანი კი ნამდვილად ჩვენზეა.
სიმსუქნის მკურნალობის ძირითადი მეთოდია დიეტა. განსაკუთრებით ეფექტურია დიეტის პარალელურად ჩატარდეს სამკურნალო ვარჯიშები.
მათ, ვისაც გახდომა და, შესაბამისად, გამოჯანმრთელება და გალამაზება გსურთ, გირჩევთ:
1) ჭამეთ მანამ, სანამ ძალიან მოგშივდებათ;
2) კარგად დაღეჭეთ თითოეული ლუკმა;
3) საკვებს არ მიაყოლოთ წყალი (წყალი დალიეთ ან კვებამდე ნახევარი საათით ადრე, ან კვების შემდეგ – ნახევარი საათით გვიან);
4) მინიმუმამდე დაიყვანეთ შაქარი და ცომეული;
5) გამორიცხეთ მადის აღმძვრელი საკაზმები, მწარე და ცხარე საკვები;
6) მოერიდეთ საღამოს 18-19 საათის შემდეგ საკვების მიღებას;
7) შუალედები კვებასა და კვებას შორის უნდა იყოს 3-4 საათი, თითო ჯერის რაოდენობა – 250-300 გრამი (ან მილილიტრი);
8) დღის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლიტრი წყალი;
9) ხილი მიირთვით კვებამდე 1 საათით ადრე;
10) დილის საუზმე, სასურველია, შედგებოდეს უცხიმოდ მომზადებული ბურღულეულის ფაფისგან;
11) ბოლო კვებისას მიირთვით ხილი ან მაწონი;
12) სადილის პირველი კერძი აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულის სალათა, მეორე კერძი კი – ცილოვანი ან სახამებლით მდიდარი პროდუქტები;
13) აკრძალეთ კონსერვანტებიანი და რაფინირებული პროდუქტები, ასევე, ალკოჰოლი;
14) ჩაი მიირთვით მხოლოდ პიტნის, ჟასმინის, გვირილის ან ჟოლოს ფოთლების, ყავა კი – უკოფეინო და მსუბუქი (ორივე უშაქროდ).
დიეტური პროდუქტებიდან, შეგიძლიათ, თქვენი ფანტაზიით გაიკეთოთ კერძები და რეჟიმის გათვალისწინებით გამოიკვებოთ.