ექიმის რჩევები
კითხვა: რამდენიმე წლის წინ ინტენსიურად ვეტანებოდი ალკოჰოლურ სასმელებს. ახლა თავი დავანებე, მაგრამ ცხვირი წითელი დამრჩა, რაც ძალიან მაწუხებს და მარცხვენს. გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ მოვიშორო ეს სამარცხვინო ნიშანი?
პასუხი: ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია სისხლძარღვთა პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმის ქსოვილთა პათოლოგიური გადაგვარების მიზეზი ხდება. ასეთი ცვლილებების კონკრეტული გამოვლინებაა ეგრეთ წოდებული „ალკოჰოლიკის ცხვირი“, რომელიც შემდგომში შესაძლოა, რინოფიმის განვითარების საფუძველი გახდეს. რინოფიმა ცხვირის ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს ხდება კანის ყველა ელემენტის ჰიპერტროფია, რის გამოც ცხვირი მახინჯდება. უკვე ჩამოყალიბებული რინოფიმისგან განკურნება მხოლოდ ოპერაციული ჩარევის გზით შეიძლება. მის საწყის სტადიაზე კი, როდესაც მხოლოდ სიწითლე და ქსოვილთა უმნიშვნელო ჰიპერტროფია აღინიშნება, შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობაც. უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელიც სათანადო პრეპარატებს დაგინიშნავთ.
კითხვა: უწამლოდ მაქვს გადატანილი B ჰეპატიტი. სამი თვის წინ ექოსკოპია გავიკეთე და ასეთი მდგომარეობა მაქვს: პარენქიმის ექოგენობა, ექოსტრუქტურა ღვიძლშიგა სისხლძარღვებში და ბილარულ სადინარებში ცვლილებები არ აღინიშნება. მარჯვენა ნაწილის კიდე ნეიტრალურ დონეზეა. გთხოვთ, მირჩიოთ რამე. ოპერაცია თუ შეიძლება ან შედეგი თუ იქნება?
პასუხი: ჩანს საკმაოდ შეშინებული ხართ, მაგრამ რის გამო – არ გვიმხელთ. საინტერესოა, რისთვის გაიკეთეთ ექოსკოპია. ტყუილად ცდილობთ, თვითონვე გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს პარენქიმის ექოსტრუქტურა ან ბილარული სადინარები. იმის მიხედვით, როგორი აღნაგობა აქვს ადამიანს, ღვიძლი შეიძლება ნეკნთა რკალის ზევითაც იყოს, მის დონეზეც და ეს პათოლოგიად არ ჩაითვალოს. მთავარი სხვა რამ არის – როგორია ღვიძლის ფუნქციები, როგორია სისხლში B ჰეპატიტის გამომწვევის აქტიურობის მაჩვენებელი, ხომ არ გაქრონიკულდა ჰეპატიტი. საგანგაშო არაფერი ჩანს, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ ღვიძლი გაწუხებთ, გირჩევთ, ჰეპატოლოგს მიმართოთ და ჩაიტაროთ სათანადო ანალიზები ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.
კითხვა: მყავს 16 წლის ვაჟი. სხვა მხრივ ჯანმრთელია, მაგრამ ბავშვობდან აქვს უნებლიე შარდვა ღამით. რას მირჩევდით? წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: უნებლიე შარდვის მიზეზი უმეტესად ფსიქოემოციური ფაქტორებია. ეს ხშირად აქვთ ბავშვებს, რომელთა მშობლები ზედმეტად ემოციურები, ნერვიულები არიან. არ არის გამორიცხული ამ სიმპტომის მიზეზი საშარდე გზების პათოლოგია იყოს. გირჩევთ, ბავშვი უროლოგს აჩვენოთ. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთებითი თუ ორგანული პათოლოგიები. ბავშვს სჭირდება მშვიდი გარემო, მშობლებთან სიახლოვე, თავდაჯერება, რომელიც მას უთუოდ აკლია. მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს.
კითხვა: შეიძლება თუ არა პურისა და ყურძნის ერთად ჭამა?
პასუხი: პურისა და ყურძნის ერთდროულად ჭამა ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგიძლიათ. თუ მეტეორიზმი გაწუხებთ, შესაძლოა, ჩივილები გაგიგრძელდეთ, მაგრამ ეს იმის ბრალი იქნება, რომ ნახშირწყლების მონელებისას კუჭ-ნაწლავში აირები გამოიყოფა და არა იმისა, რომ ყურძენი პურთან ერთად მიირთვით.
კითხვა: ჩვენს ოჯახში ყველას აქვს ალერგია მტვერზე. სოფელში მყავს ნათესავები, მათგან ალერგია არავის აქვს, თუმცა მთელ დღეს მინდორში საქმიანობენ. რატომ ხდება ასე?
პასუხი: ცნობილია, რომ სოფლად, სადაც ადამიანებს ბავშვობიდან აქვთ ურთიერთობა ცხოველებთან, დიდ დროს ატარებენ ბუნებაში, ალერგიის შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქალაქში. ორგანიზმი ალერგენებს მცირე დოზებით პატარაობიდანვე იღებს, მათ მიმართ ადაპტაციას განიცდის და გამოიმუშავებს დამცავ ანტისხეულებს. ორსულობის დროსაც საჭიროა ზომიერი კონტაქტი ბუნებასთან.
კითხვა: ჩემს 7 წლის ბიჭუნას ხშირად სტკივა მუცელი მარჯვენა მხარეს. ასე გრძელდება 6 თვეა. შეიძლება თუ არა, რომ ბრმანაწლავი ქრონიკულად არსებობდეს? ასეთ დროს მუცელი უნდა სტკიოდეს თუ არა?
პასუხი: თქვენ, ალბათ, აპენდიციტზე საუბრობთ. ქირურგები დღემდე დავობენ, შეიძლება თუ არა, აპენდიციტი ქრონიკული იყოს. დღეს აპენდიციტის დიაგნოზს სვამენ მაშინ, როცა პაციენტს მწვავე მდგომარეობა აქვს და სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. თუ პაციენტს დიდი ხანია აწუხებს მუცლის ტკივილი, მას სჭირდება გამოკვლევები გასტროლოგის მეთვალყურეობით. მუცლის ტკივილი შეიძლება სხვა ორგანოთა პათოლოგიის ბრალიც იყოს. მაგალითად, ქოლეცისტიტის, მხსვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ჭიებით ინვაზიისა და სხვა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია