რა სარგებელი აქვს ეშმაკს ადამიანის დაღუპვის სანაცვლოდ
ღირსი ნიფონტი არცხვენს ეშმაკებს
ღირს ნიფონტს – კვიპროსის ეპისკოპოსს – ჰქონდა გამოცხადება, თუ როგორ დადიან ეშმაკები კაცთა შორის და უბიძგებენ განკითხვის, ცილისწამების, ლანძღვის ცოდვებისკენ; აგრეთვე, მრავალმხრივ მწუხარებას აყენებენ.
ერთხელ ნიფონტმა დაინახა კაცი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა; უცებ მასთან მივიდა ეშმაკი და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. მის სიახლოვეს მეორე კაციც იყო, ისიც თავისი საქმით გართული – ეშმაკმა მასაც რაღაც უჩურჩულა და, აი, მათ მიაგდეს თავიანთი საქმე და ჩხუბი დაიწყეს.
ნეტარი მამა წამოდგა და თქვა: „ო, ეშმაკის სიცრუევ, როგორ თესავ მტრობას ადამიანთა შორის!“
სხვა დროს ნეტარ მამას თავს დაესხა პატივმოყვარეობის ეშმაკი: „ამიერიდან შენ მოახდენ სასწაულებს და მთელ დედამიწაზე განდიდდება სახელი შენი, რადგან ღმერთის გული მოიგე“. ღირსმა ნიფონტმა შეაჩერა: „მოიცა, მე შენ წინაშე მოვახდენ სასწაულს“. მან ქვა დაინახა და უბრძანა: „შენ გეუბნები, ქვაო, მანდედან სხვა ადგილზე გადადი!“ მაგრამ ქვა უძრავად იდო. მაშინ წმიდანმა უთხრა ეშმაკს: „აი, შენ, ძღვენი, ავსულო!“ – და მიაფურთხა სახეში, შემდეგ ლოცვა წარმოთქვა და ეშმაკი გაქრა.
სხვა დროს ერთი ადამიანი დაინახა, ვისაც უკან ეშმაკი მოჰყვებოდა და ბინძურ, მკრეხელურ აზრებს უნერგავდა, მაგრამ ეს კაცი ხვდებოდა მის ხრიკებს, ამიტომ, ხშირად მოტრიალდებოდა ხოლმე და აფურთხებდა ავსულს.
ნეტარმა მამამ უთხრა ბოროტ სულს: „გაჩერდი, ეშმაკო, ნუ მოაბეზრე თავი უფლის მონებს! შენ რა სარგებელს ჰპოვებ, თუ ხელი დასაღუპავად გაიწირება?“ დემონმა უპასუხა: „აქედან სარგებელი საერთოდ არ გვაქვს, მაგრამ, ნაბრძანებია ჩვენი მეფისა და თავადებისგან, რომელთაც ჩვენზე აქვთ ხელმწიფება, ვებრძოლოთ ადამიანებს. თუ გვნახავენ, რომ არ ვასრულებთ მათ სურვილს, დაუნდობლად გვცემენ“.
ხატთა დევნა
შუადღე იყო და ღირსმოწამე თეოდოსია (მერვე საუკუნე) ლოცვად იდგა. უცებ გამოეცხადა ეშმაკი: „შენ ილაშქრებ ჩემ წინააღმდეგ? მეც სასტიკად აგიმხედრდები და არა მარტო შენ, არამედ ყველა ქრისტიანს, იმიტომ, რომ მე ვიპოვე კაცი, რომლის დახმარებითაც შემიძლია, შევებრძოლო ეკლესიას და ბევრი ჩამოვაშორო ქრისტეს ხატთა თაყვანისცემას: ისინი გამომყვებიან და ჩემს ნებას შეასრულებენ“.
წმიდა თეოდოსიამ გადაიწერა პირჯვარი და თქვა: „წყეულიმც იყავ, შენ, ეშმაკო, ქრისტიანთა მტერო! დაე, ყველა შენი ხრიკი განქარდეს ქრისტეს – ჩვენი ღმერთის ძალით“.
ეშმაკი გაქრა.
„სასწაულები და ხილვები“