რა მდგომარეობაში აგდებს ადამიანს საკუთარი იდეები და როდის უკავშირდება ის ბოროტ ძალას
სიცოცხლის, რელიგიის არსის გაგება თითოეული ადამიანისთვის იყო და რჩება უმთავრეს საკითხად. ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, იპოვოს ცხოვრების საზრისი, არსი. ზოგი ამას ახერხებს, ზოგს კი უჭირს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სიცოცხლის არსის შესახებ კითხვა თითოეულ ადამიანს აწუხებს, თუმცა, ყველას ძალუძს მასზე სერიოზული და საბოლოო პასუხის მიღება. ნებისმიერ ადამიანს აქვს შეუვალი მოთხოვნილება, იპოვოს ცხოვრების საზრისი და მისი გონივრული დასაბუთება. თანამედროვე ადამიანი გარემოცულია სხვადასხვა რელიგიითა და ცრურწმენებით, რომლებმაც, ერთი შეხედვით, შეიძლება თავი მოიყარონ ორ ძირითად მსოფლმხედველობაში – რელიგიასა და ათეიზმში. რელიგია გვთავაზობს ურიცხვ ფაქტს, რომლებითაც დასტურდება ღმერთის, სულის, ანგელოზებისა და დემონების – განსაკუთრებული ზებუნებრივი ძალების არსებობა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, გავიხსენოთ მრავალი წმიდანის საკვირველი სასწაულებით აღსავსე ცხოვრება – მათზე უთვალავი წერილობითი წყარო არსებობს. რაც მთავარია, რელიგია ყველა მართლმადიდებელ ადამიანს სთავაზობს საკუთარი რწმენის ჭეშმარიტების შემოწმების საშუალებას, კონკრეტულ გზებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სულიერი სამყაროს შემეცნება. არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ დამკვიდრდა სიტყვა „რელიგია“: რომაელ ოპერატორსა და მწერალს, ციცერონს, მიაჩნდა, რომ „რელიგია“ ნაწარმოებია ლათინური ზმნიდან – religio, რაც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს. ღვთისმოსაობას ან „რაიმესადმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას“, მოწიწებას. ასეთივეა ნეტარი ავგუსტინეს მოსაზრებაც. თუმცა მას მიაჩნია, რომ რელიგია წარმოიქმნება ზმნიდან reeligare, რაც ნიშნავს „ხელახლა შემოერთებას“. თვითონ რელიგია კი ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული კავშირის აღდგენა-განახლებაა. ნეტარი ავგუსტინე წერს: „ღმერთის ძიებას, ან უკეთ რომ ვთქვათ, ხელახლა ძიებისას, ჩვენ მისკენ სიყვარულით მივისწრაფით, რათა, როცა მივაღწევთ, დავმშვიდდეთ“. ამგვარად, სიტყვა „რელიგიას“ ორი მნიშვნელობა აქვს: შეერთება და ღვთისმოსაობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რელიგია არის ღმერთთან ადამიანის საიდუმლო კავშირი, ცხოველი, ღვთისმოსავი მოწიწებით-კრძალვით ერთიანობა.
რელიგია ენით გამოუთქმელი განცდების მთელ სპექტრს მოიცავს. ეკლესია ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. მღვდელი პავლე ფლორენსკი წერდა: „რელიგიის საიდუმლოებანი არ არის ის, რისი გამჟღავნებაც არ შეიძლება. ისინი არც შეთქმულთა პირობითი პაროლებია. ეს არის ენით გამოუთქმელი, ენით აღუწერელი განცდები, რომელთა სიტყვიერად გამოხატვა შეუძლებელია“. ჭეშმარიტ რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი ადგება, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღმერთს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს, აზრი რელიგიური განცდების მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა და მისი შეცნობაც ძალიან რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი. დიდი წმიდანი, ისააკ ასური, წერს, რომ უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ რელიგიური განცდებისა და სიყვარულის მდგომარეობაზე.
– მამაო, რა არის ქრისტიანობის არსი?
– ქრისტიანობა მთლიანად მოიცავს ერთადერთ სიტყვას – ქრისტე. ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ადამიანთა მოდგმისთვის გაიღო. ქრისტიანობის არსს შეადგენს ასევე ქრისტეს ჯვარი და მისი აღდგომა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობას, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საშუალება, ახლად შობილიყო, განახლებულიყო. მეორე უმთავრესი ასპექტი, რომელიც ქრისტიანობის არსს შეადგენს, არის ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორი წარმართვა. პირველი, რაც მხოლოდ ქრისტიანობას ახასიათებს, ეს არის მტკიცება – „ღმერთი სიყვარული არს“. ღირსი ანტონი დიდი ამბობს: „ღმერთი სახიერი, უვნებო და უცვალებელია, ის არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა, ვიფიქროთ იმაზე, რომ ღმერთი ადამიანების საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია. ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ, როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას, იმიტომ რომ, განვსხვავდებით მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები გვაგდებს ამ მდგომარეობაში და მტანჯველ დემონებთან გვაკავშირებს. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობას მოვიპოვებთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო, უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისკენ მოქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“. ამიტომ, ნურავინ იტყვის, რომ ის უფლისგან გამოიცდება, განიცდება, რამეთუ ღმერთი ბოროტებისგან შორს არის, გამოუცდელია და ის არავის განსცდის. ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის. შესაბამისად, ეს ორი ადამიანი აკეთებს არჩევანს, ისინი ან ქრისტეს ირჩევენ, ან – ანტიქრისტეს. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული: ან სულის ცხოვნება უნდა ავირჩიოთ, ან – წარწყმედა. ერთი რამ კი ნებისმიერ დროს უნდა გვახსოვდეს: სულში დაბუდებული ვნებებისგან ვერ გვიხსნის ვერც ვარდისფერი სათვალე და ვერც „სიბრძნე“ სირაქლემასი, გარდაუვალი საფრთხის მოახლოებისას თავს ქვიშაში რომ რგავს. მხოლოდ საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალებისადმი გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს, ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე. სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. მათ, ვინც განიწმიდებიან ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებენ, „სულიწმიდა მიიღეს“. დღეს ადამიანები ძალიან არიან დასნეულებულნი და, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. უცნაური სიბრმავე, რაც ჩვენშია, ეს არის საკუთარი სნეულების ვერდანახვა. არადა, ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, იმიტომ რომ, ადამიანი ამჩნევს თავის სნეულებას, მკურნალობას, მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს თავის სნეულებას, არ მკურნალობს და, შესაბამისად, ის უკვე მძიმე დაავადებად გადაიქცევა. მაგრამ, თუ ადამიანი სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება.