რა შეცვალა ქალების ყოველდღიურ ჩაცმულობაში დონა კარანმა
მისი მამინაცვალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქუინსში, მკერავად მუშაობდა, დედა კი – მოდელი იყო და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ოჯახში დაბადებულმა დონა ფისკემ პროფესიად ტანსაცმლის დიზაინი აირჩია. მოდის სამყარო ძალიან ნიჭიერი ამერიკელი დიზაინერებით განებივრებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ ქალბატონმა კარანმა, რომელიც ახლა ორი ბრენდისთვის ქმნის სამოსს – „დონა კარანი“ და „დიქეიენვაი“. კარანი დონას მეუღლის გვარია, რომელთანაც მას უკვე მრავალი წელია მყარი ოჯახი აქვს. აღსანიშნავია, რომ დონა კარანი ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებაზე. მისმა ფონდმა ცოტა ხნის წინ ისრაელის სამედიცინო ცენტრში ერთი მილიონი დოლარი გადარციხა. ეს თანხა ცენტრში იოგის, არომათერაპიისა და მედიტაციის ზემოქმედების ტესტირებისთვის გამოიყენება, რომლითაც ექიმები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ქიმიური და რადიოთერაპიის ჩანაცვლებას აპირებენ.
რაც შეეხება „დონა კარანის“ 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, დიზაინერმა ის 2009 წლის 14 სექტემბერს ნიუ-იორკში წარმოადგინა. დონა კარანის ეს კოლექცია თითქოს ერთგვარი მზადება იყო შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის. რატომ ავურიოთ კარგი რაღაცეები ერთმანეთში? ქსოვილების დამუშავებითა და ფერთა პალიტრით დონა კარანმა წარმოადგინა ისეთი კოლექცია, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში იქნება გამოსადეგი. ქსოვილების დამუშავებითა და ფერთა გამით, მან შექმნა ულამაზესი, რბილი, მსუბუქი ქვედაბოლოები და ზედები, სხეულზე შეყვარებული, „დრაპირებული“ კაბები. როგორც კარანმა ახსნა, მისი შთაგონების მიზეზი და წყარო „ელემენტების ძალაუფლება“ იყო, უფრო სწორად კი – სტიქიური მოვლენების ძალაუფლება, მაგალითად, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ქარისა და გაზაფხულის წვიმის ვიზუალი: თხელი, ტანზე მომდგარი, ჟაკეტის ტიპის ქურთუკები ელვა შესაკრავით, ულამაზესად გამოიყურება რამდენიმე ფენა ქსოვილით შეკერილ, ტანზე მომდგარ ქვედაბოლოებზე, რომლებშიც სხვადასხვა ფერის, მაგრამ ტონალობებში ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგომი ფერთა გამა იყო გამოყენებული. ულამაზესი იყო ასევე ტანზე მომდგარ ნაცრისფერ, წყლისფერ ქვედაბოლოებთან „დაწყვილებული“ დეკოლტირებული ზედები, რაც განსაკუთრებით მოუხდა გამხდარ სხეულს. ამ სტილის სამოსზე დიზაინერს ძალიან ლამაზი, უცნაური სტილის ქუდები ჰქონდა მორგებული, რაც ანსამბლს განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და ელეგანტურობას ჰმატებდა. მართალია, კოლექციაში ნაცრისფერი დომინირებდა, მაგრამ, მაგალითად, ნაცრისფერ ქვედაკაბაზე, ულამაზესად გამოიყურებოდა ატმისფერი დახურული ბლუზა, რომელიც რბილი, ნაზი ქსოვილისგან იყო შეკერილი. ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია, ეგრეთ წოდებული მაისური-კაბები, რომლებიც რამდენიმე სერიოზულმა მოდის სახლმა წარმოადგინა. კაბა, რომლის ზედა ნაწილიც ბრეტელებიან მაისურს ჰგავს და ქვემოთ მომდგარია, ქვედაბოლოს ნაწილზე ტულის ულამაზესი ქსოვილი ისე აქვს შემოხვეული, თითქოს თოჯინის კაბა გაცვია. ულამაზესი იყო კორსეტზე გადაცმული, შავი, გამჭვირვალე, ნაზი და მსუბუქი ქსოვილისგან შეკერილი კაბა და მოსაცმელი, რომელიც ზაფხულის საღამოებისთვისაც არაჩვეულებრივი მოსასხამი იქნება. კოლექციის კაბებში გამოყენებული იყო მკვეთრი ნარინჯისფერიც, რომლისგანაც კლასიკური ვიწრო შარვალი და უსაყელო პიჯაკი იყო შექმნილი. რაც შეეხება თხელ, ჰაეროვან საზაფხულო სარაფნებს, „დონა კარანმა“ ის უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგან შექმნა. ბაცი იისფერი, რძისფერი, სპილოსძვლისფერი, თეთრი, ბერძნულ სტილში შესრულებული მოკლე კაბა-სარაფნები პრაქტიკული და თან ძალიან ქალური სამოსი იქნება. თუმცა, დონას არც ძალიან მოდური, თეთრი გველის ტყავი დავიწყებია და მისგან ულამაზესი ქვედაბოლო და პიჯაკი შექმნა, რომელიც თხელი ჟაკეტივით ეკვროდა სხეულს.