როდის რჩება წაგებული ცოლი და როგორ იქცევიან „ჩუმჩუმელა“ ქმრები
ეჭვიანი ცოლები მამაკაცებს არ უყვართ. რა თქმა უნდა, არავის მოეწონება, როცა მის ყველა ნაბიჯს ამოწმებენ; როცა გულდასმით ჩხრეკენ და იქექებიან მის პირად ნივთებში; როცა „გამადიდებელი შუშით“ ამოწმებენ ტანსაცმელს, აქაოდა, ზედ სხვა ქალის თმის ღერი ხომ არ არის შერჩენილიო. ბუნებრივია, ოჯახი მეუღლეების ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ნდობის გარეშე, მათი თანაარსებობა ძალიან რთული და გაუსაძლისი იქნება. მაგრამ, როგორი უნდა იყოს ეს ნდობა – უსაზღვრო და ბრმა თუ არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის მიღმა უკვე ეჭვიანობაც საჭიროა.
საერთოდაც, იქ, სადაც სიყვარულია, არის ეჭვიც. მთავარია, მან პათოლოგიური, არაჯანსაღი ფორმა არ მიიღოს. თორემ შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანი და ერთხელ მაინც არ მოინდომო მისი გრძნობისა და ერთგულების შემოწმება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი რამ არ არსებობს, თუკი ადამიანი მართლაც დაცლილი არ არის ემოციებისგან.
მარიკა (43 წლის): ვერ ვიტყვი, რომ მშვიდი ბუნების ადამიანი ვარ. ყოველთვის შემეძლო, გაბრაზებულს მეყვირა, სკანდალი მომეწყო და ჭურჭელიც კი დამემტვრია. ვფიქრობდი, რომ ეს იყო სტრესზე ჩემი ბუნებრივი რეაქცია, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა ნამდვილი სტრესი.
– იქნებ დააკონკრეტოთ, ვის უწყობდით სკანდალებს, მეუღლეს?
– საქმეც ისაა, რომ იმაზე არ ვაწყობდი სკანდალებს, რაც თქვენ იფიქრეთ და იგულისხმეთ. ცოლები ჩვეულებრივ, ეჭვიანობის გამო აწყობენ სკანდალს. ჭურჭელსაც მოღალატე ან ღალატში შემჩნეულ ქმრებს ამტვრევენ თავზე. მე თოთხმეტი წელი ისე ვიცხოვრე ქმართან, რომ ერთი ეჭვიანობის სცენაც არ გვქონია.
– ეს კარგია თუ ცუდი?
– მთელი ამ თოთხმეტი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, სასტიკად ვცდებოდი. სამწუხაროდ, უკვე გვიანაა სინანული, ვეღარაფერს შევცვლი. იქნებ სხვა ცოლებმა მაინც ისწავლონ რამე ჩემს მაგალითზე. სკანდალებს სხვა რამეზე ვაწყობდი. მაგალითად, შემეძლო, მეჩხუბა არეული კარადის ან კომოდის უჯრის გამო. კიდევ, კბილის პასტის შხეფებით მოთხუპნული სააბაზანოს სარკისთვის, შემოსასვლელში დაყრილი ტალახიანი ფეხსაცმელებისთვის... ერთი სიტყვით, ყოვლად უმნიშვნელო წვრილმანების გამო. ახლა რომ გიყვებით, ნერვები მეშლება საკუთარ თავზე, რომ ამ სისულელეებს ქვეყნის აღსასრულად მივიჩნევდი.
– ეს სკანდალები აღმოჩნდა თქვენი ქმართან დაშორების მიზეზი?
– არა. ვერ ვიტყვი, რომ მიზეზი ეს იყო. ჩემი ქმარი საკმაოდ მშვიდად და წარბშეუხრელად იტანდა ამ ყველაფერს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ნერვიულობდა. ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვიჩხუბია, არასდროს – სერიოზულ ჩხუბს ვგულისხმობ. კამათი ყველა ოჯახშია. კამათის გარეშე არ არსებობს ადამიანური ურთიერთობა.
– თქვენი ურთიერთობა როგორი იყო?
– ძალიან კარგი. მშვიდი. მე ვენდობოდი ჩემს ქმარს. ბრმად ვენდობოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იმ იშვიათი მამაკაცების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც არც შემოწმება სჭირდებათ და არც უკან დევნა. ჩემი მეგობრები რომ მიყვებოდნენ, როგორ აკონტროლებდნენ მალულად საკუთარ ქმრებს, თმა ყალყზე მიდგებოდა. ვეუბნებოდი, ხალხო, ასე როგორ შეიძლება, თუ არ ენდობით კაცს, მის გვერდით როგორ ცხოვრობთ-მეთქი. ისინი იცინოდნენ და მპასუხობდნენ – ნდობა კარგია, მაგრამ შემოწმება აუცილებელია. ყველა კაცი ერთნაირია და ერთ ნაბიჯზე არ არიან სანდოო.
– თქვენს მეგობრებს ღალატობდნენ ქმრები?
– ასე კონკრეტულად, არ ვიცი. ისინი საერთოდ ამ რეჟიმში ცხოვრობდნენ – შემოწმებისა და გაკონტროლების რეჟიმში. მე მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე ცხოვრებას მე ვერაფრით შევძლებდი. ჩემს ქმარსაც არ მოუცია ეჭვიანობის საბაბი. თუმცა, რა სისულელეს ვამბობ, საბაბიც იქნებოდა და თურმე მიზეზიც მქონია, მაგრამ მე არ ვიყავი ჩასაფრებული, რაც ჩემს მთავარ შეცდომად მიმაჩნია. ახლა უკვე აღარ მეცინება იმ ცოლებზე, რომლებიც ქმრებს უმეთვალყურეოდ არ ტოვებენ. მართლა არ შეიძლება კაცს ბრმად ენდობოდე.
– ქალის ნდობა შეიძლება ბრმად?
– ალბათ, არც ეგ შეიძლება. საერთოდ, სიბრმავე არ არის მომგებიანი პოზიცია. ბრმად შეიძლება, რამე აკეთო?! ხომ წარმოგიდგენიათ, საბოლოოდ რა გამოვა. სიყვარულზეც ხომ ამბობენ, ბრმა არისო, მაგრამ არც ეგ არის გამართლებული. ბრმებს ინტუიცია და სმენა უმახვილდებათ, რომ სადმე არ გადაიჩეხონ. ეს თქვენ შემთხვევითი მოვლენა ხომ არ გგონიათ?! კიდევ ისიც არის, რომ ქალებს უფრო გვაქვს ერთგულების უნარი. ყოველ შემთხვევაში, ერთგული ცოლები პოტენციურად გაცილებით მეტია ერთგულ ქმრებთან შედარებით. ძალიან ძნელად მოძებნით მამაკაცს, რომელსაც ცოლის ერთგულება შეუძლია, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით. იმათაც, ალბათ, ხელსაყრელი შემთხვევა არ მიეცათ და გარემო არ შეექმნათ შესაფერისი თორემ, დარწმუნებული ვარ, სული წასძლევდათ, აუცილებლად. მამაკაცებზე ისე გამიფუჭდა შთაბეჭდილება, მეეჭვება, ვინმემ საპირისპიროში დამარწმუნოს. ჩემი ქმრის წარმოუდგენელი ღალატის შემდეგ აღარავისი და აღარაფრის მჯერა, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ მომხდარში მეც ვარ დამნაშავე. როცა მამაკაცი ხვდება, რომ თავისუფლად მოქმედების საშუალება აქვს, ის აუცილებლად ისარგებლებს მომენტით. აბა, სცოდნოდა ჩემს ქმარს, რომ თვალებს ამოვკაწრავდი ღალატისთვის, თუ გამიბედავდა ამდენს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ კაცის შეშინება შეიძლება?
– როგორ არ შეიძლება, თუ ამას არ იმჩნევს, არ ნიშნავს, რომ მისთვის ცოლის რეაქცია სულერთია. მეტ-ნაკლებად ჭრის. შეგიძლიათ, მენდოთ. ცოლი ყველა ვარიანტში წაგებულია, როცა თავი მოსწონს იმით, რომ ქმარს ყველაფერში ენდობა. ბოლომდე საკუთარი თავის ნდობაც არ შეიძლება. მაინც, რა სისულელე დამემართა, რომ ასე „შევატოპინე“.
– მეეჭვება, თუ კაცს ღალატისკენ უჭირავს თვალი, სკანდალით და კონტროლით ის ამას გადააჩვიოთ.
– მე არ ვამბობ, რომ გადაეჩვევა, მაგრამ შეზღუდავს თავის სურვილებს. მამაკაცების უმრავლესობას, შეიძლება, დიდი სურვილი აქვს, ქალებში გაერთოს, მაგრამ ოჯახის დანგრევა მაინც არ უნდა. რაღაც ექსტრემალური და გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ან თავად ცოლმა თუ არ გააგდო.
– თქვენს შემთხვევაში რა მოხდა?
– არა, მე არ გამიგდია. ვერც გავაკეთებდი ამას, იმიტომ რომ არაფერი ვიცოდი. ჩემს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელმა ფაქტორმა ითამაშა საბედისწერო როლი, რადგან ჩემი პასიურობით ხელი არ შევუშალე მათი ურთიერთობის განვითარებას და ის უფრო ღრმა და სერიოზულ ფაზაში გადავიდა. მე ვიტყოდი, ძალიან საშიშ ფაზაში. ამან აიძულა ჩემი ქმარი, გაეკეთებინა არჩევანი ოჯახსა და საყვარელს შორის, სამწუხაროდ, საყვარლის სასარგებლოდ.
– ანუ, თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავდა?
– დიახ, მთელი რვა წელი. გეფიცებით, კიდევ ვერ ვიჯერებ ბოლომდე ასეთი ბრმა და გულუბრყვილო როგორ ვიყავი. რატომ ვიჯერებდი ჩემი ქმრის ყველა სიტყვას და ერთხელაც არ გამიჩნდა გადამოწმების სურვილი. შეიძლება, ქალი ასეთი შტერი იყოს?
– თქვენ ძალიან ენდობოდით ქმარს.
– საქმეც ეგაა. არ უნდა ენდო. დამიჯერეთ, როგორ ძალიანაც უნდა უყვარდეთ, როგორც არ უნდა შემოგციცინებდეთ თვალებში, როგორ ერთგულ ქმრადაც უნდა მოჰქონდეს თავი, მისი ნდობა მაინც არ შეიძლება. ყველა კაცი მაინც ერთნაირია, საბოლოოდ. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ გამონაკლისი ნიშნავს იმას, რომ ის ნორმიდან გადახვევაა.
– ნორმა რა არის, რომ ყველა კაცი მოღალატეა?
– თქვენ სხვანაირად ფიქრობთ? დრო იყო, როცა მეც მიმაჩნდა, რომ არსებობენ წესიერი, ოჯახზე გადაგებული კაცები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უღალატებენ ცოლს, არ ატკენენ გულს იმით, რომ სხვა ქალის მოხიბვლას შეეცდებიან. მაგალითად ყოველთვის ჩემი ქმარი მომყავდა. თავიც მომწონდა მე საწყალს. რვა წელი კაცს საყვარელი ჰყავდა და „მაბოლებდა“. უწყინარი, შინაური ძაღლივით აქიცინებდა კუდს. შოკში ვარ, როცა ვფიქრობ, როგორ მაყრიდა თვალში ნაცარს... მაგრამ არა, მე თვითონ ვიყრიდი საკუთარი ხელით.
– როგორ ხვდებოდა საყვარელს ისე, რომ თქვენ ვერაფერს ხვდებოდით. ერთხელ მაინც ვერავინ ნახა ისინი ერთად? ან სახლში არ აგვიანებდა?
– ერთად ნახა თუ არა ვინმემ, ეს ნამდვილად არ ვიცი. ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა. მაგრამ, რაც შეეხება სახლში დაგვიანებას, ხომ გითხარით, არ ვაკონტროლებდი-მეთქი. დაგვიანებით როგორ არ დაუგვიანია, მაგრამ იტყოდა, რაღაც მიზეზს და მეც ვიჯერებდი. მართლა არასოდეს გამივლია აზრად, რომ შეეძლო, მოვეტყუებინე. არც მისი მობილური „გამიჩითავს“ როდისმე, არც ჯიბეები გამიჩხრეკია და საერთოდ, მჯეროდა, რომ ერთგული ქმარი მყავდა. „ჩუმჩუმელას“ საათივით ჰქონდა საქმე აწყობილი. მარტო ჩემი კი არა, ჩემი ახლობლებისა და ჩვენი შვილის მოტყუებაც ძალიან კარგად მოახერხა. დედაჩემს დღესაც არ სჯერა, რომ მისმა სათაყვანებელმა სიძემ ოჯახი მიატოვა. რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რაღაც გაუგებრობა მოხდაო. ესეც ჩემი ბრალია.
– რა არის თქვენი ბრალი?
– ის, რომ ჩემს ქმარზე ყველას ასეთი წარმოდგენა აქვს. მთელი ეს წლები, საკუთარი თავი ხომ დავაჯერე, რომ ჩემი ქმარი უღალატო პიროვნება და ერთგულების განსახიერებაა, სხვებიც დავარწმუნე ამაში. ხომ ვარ მოსაკლავი! ნამდვილად ღირსი ვარ იმის, რაც გამიკეთა.
– როგორ გაიგეთ, რომ საყვარელი ჰყავდა?
– ვინ თქვა, რომ გავიგე, არაფერიც არ გამიგია. თვითონ მითხრა, მაშინ როცა უკვე წასვლა გადაწყვიტა. პირდაპირ ფაქტის წინაშე და.მაყენა. საერთოდ რომ არაფერი ვიცოდი, ერთ დილით, საუზმის დროს მითხრა – მე უნდა წავიდეო. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ჰო, ვიცი, რომ სამსახურში მიდიხარ-მეთქი. არა, მე სხვა რამეს ვამბობ, შენგან მივდივარო. ნუ გეშინია, ბინას და ყველაფერს გიტოვებთ, აქედან არაფერს წავიღებ ჩემი ნივთების მეტს, მაგრამ ვერაფრით დავრჩები. დიდხანს ვიფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, ვიცი, რომ შენთან დამნაშავე ვარ, მაგრამ ნაძირალა ვიქნები, თუ ფეხმძიმე ქალს ახლა ხელს ვკრავ, მე მის გვერდით უნდა ვიყოო. გაშტერებული ვუსმენდი და თავი სიზმარში მეგონა. გეუბნებით, ყურებს ვერ ვუჯერებდი. ლამის შევიშალე, მაგრამ ყველაზე ძალიან რამაც გამაოცა, ის გაურკვევლობის განცდა იყო, რომელიც დამეუფლა. ეტყობა, სტრესი იმდენად ძლიერი იყო, ემოციებისგან დამცალა. ჩემი ქმარი გაოცებული მიყურებდა. ალბათ, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ სკანდალს არ ავტეხდი, კივილს არ დავიწყებდი და ჭურჭელს არ დავამტვრევდი თავზე. მიყურა, მიყურა და ხელი ჩაიქნია... შენ ხომ არასდროს გაინტერესებდა, მე რას ვგრძნობდი და როგორ ვცხოვრობდიო... წარმოგიდგენიათ? – აი, რა მივიღე იმ სიმშვიდის და ნდობის სანაცვლოდ. ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ მე მისი ცხოვრება არ მაინტერესებდა, რომ ჩემთვის სულერთი იყო, ვისთან წავიდოდა. ვერ ავდექი. მუხლები მომეკვეთა. დამბლადაცემულივით ვიჯექი და ფანჯარაში უაზროდ ვიხედებოდი. მესმოდა, როგორ ფათურობდა კარადაში და იღებდა თავის ნივთებს, რაღაცის დავარდნის ხმაც გავიგონე... მინდოდა, მივსულიყავი მასთან, მივვარდნოდი და ყველაფერი მეთქვა. არ დამეშვა მისი წასვლა, მეტირა, მეყვირა, ფეხებზე შემოვხვეოდი, დამეხია მისი ტანსაცმელი... მართლა მინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ მთელი სხეული ისე დამიმძიმდა, ვერ მოვერიე... ჩემმა ქმარმა თავისებურად გაიგო. ჩვენს შვილსაც ასე უთხრა, დედაშენს არ ვჭირდებიო.
– რამდენი წლის არის ბავშვი?
– თორმეტის. გადაირია, რომ ნახა, როგორ ალაგებდა ტანსაცმელს ჩანთაში. ჩემთან გამოიქცა, დედა, მამა მიდისო. ლამის გული შემიღონდა, მაგრამ მაინც ვერ ავდექი. რა ვქნა, წავიდეს, რადგან ასე უნდა-მეთქი. მერე კი დიდი დრო დამჭირდა, რომ ბავშვისთვის ყველაფერი ამეხსნა. საერთოდ, დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელი, მოვრეოდი საკუთარ თავს და გამეგრძელებინა ცხოვრება. ისეთი განადგურებული ვარ, არ ვიცი, როდისმე გავთავისუფლდები თუ არა სიცარიელის ამ საშინელი განცდისგან. რვა წელი ტყუილში ვცხოვრობდი, რვა წელი ქმარს სხვა ქალს ვუყოფდი და ამის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა. საქმე იქამდე მივიყვანე, რომ დაორსულდა და ჩემმა ქმარმაც, როგორც „პატიოსანმა“ მამაკაცმა, ვეღარ მიატოვა. ხომ ვარ დებილი?!
– საბოლოოდ წავიდა მასთან?
– დიახ. დიდსულოვნება გამოიჩინა და ბინა, რომელიც ჩვენ ერთად შევიძინეთ, მე და ბავშვს დაგვიტოვა. მოდის და ჩვენი შვილისთვის ფულსაც ტოვებს. მის დანახვაზე ყოველთვის მიჩნდება იმის სურვილი, ვეცე და სახე ჩამოვკაწრო, მაგრამ ვერასოდეს ვახერხებ ამას. სურვილი სურვილად რჩება. ჩემი დაქალი მეუბნება, როგორ უნდა შერჩეთ იმ ორს ასეთი რაღაც. შეხედე, შენს თავს, ზომბს დაემსგავსე. მე მივუვარდები შენ ნაცვლად და იმ „თბილ ბუდეს“ ავურევო, მაგრამ, მე წინააღმდეგი ვარ. რაღა აზრი აქვს. აქამდე უნდა მეაქტიურა და გამომეჩინა სიფხიზლე. ახლა რა, ფეხმძიმე ქალი ვცემო? – რა სისულელეა. ჩემს ოჯახს საფრთხე თავად შევუქმენი, ჩემი იდიოტური ნდობით და სიმშვიდით. რატომ მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობა იდეალური იყო და მას საფრთხე არ დაემუქრებოდა. ცოლი, რომელიც ასეთი თავდაჯერებულია, ყოველთვის წაგებულია. მე წავაგე იმით, რომ ქმარს მეტისმეტად ვენდე.
– დარწმუნებული ხართ, რომ შეინარჩუნებდით ქმარს, მისთვის უკან რომ გედევნათ?
– შევინარჩუნებდი. თუკი დროულად ვამხელდი ღალატში და იმ ქალს დავაშორებდი, არ მივიდოდა საქმე ორსულობამდე, შეჩვევამდე. ხვდებით, რას ვგულისხმობ? რვა წლის განმავლობაში ჩემი ქმარი შეეჩვია იმ ქალს და იქაურობა მის მეორე ოჯახად იქცა, თორემ, ასე მარტივად ვერ ჩაალაგებდა და ვერ წავიდოდა. ფხიზლად უნდა იყო, თუნდაც შენი ქმარი ყველაზე პატიოსან კაცად გაჩვენებდეს თავს. არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული, მით უმეტეს, როგორ უნდა იყო დარწმუნებული კაცის ერთგულებაში. მე დიდი შეცდომა დავუშვი და ეს შეცდომა მძიმე შედეგით დასრულდა. სამწუხარო ის არის, რომ ვეღარაფერს შევცვლი.
– რომ მობრუნდეს, მიიღებთ?
– არ ვიცი. ახლა ამაზე ვერ ვფიქრობ. ემოციებისგან ისე ვარ დაცლილი, არაფრის თავი არ მაქვს.