კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ქალი იჯდეს, ბედს ელოდესო...

35 წელს ისე მივუკაკუნე, ღრუბლებიდან ჩამოფრენა ვერ შევძელი. ბავშვობიდან საოცრად რომანტიკული ვიყავი და რაც წამოვიზარდე, მას შემდეგ დიდ და ლამაზ სიყვარულს ველოდი. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ეს რომანტიზმი მიხდებოდა კიდეც. მაგრამ, 30 წლის რომ შევსრულდი და, ლამაზი და დიდი კი არა, არანაირი არათუ სიყვარული, სერიოზული მომწონებელიც კი არ გამოჩნდა, მიწაზე კი არ ჩამოვფრინდი, დავენარცხე და, მართალია, ფიზიკურად გადავრჩი, მაგრამ სული ისე დამელეწა და დამისახიჩრდა, მოზაიკასავით ასაწყობი გახდა. მივხვდი, მთელი ახალგაზრდობა თოვლის ფიფქივით ჩამადნა ხელში და დავრჩი უსიყვარულოდ, უშვილძიროდ. მაშინ კი გამოვფხიზლდი, დავანებე თავი წუნიაობას და რაინდების ძებნასა და ლოდინს, მაგრამ საშუალო დონის კანდიდატურაც კი არ გაჩნდა. უსაქმურებთან, ეგრეთ წოდებულ „უბნის კოლორიტებთან“, ანუ სხვის კმაყოფაზე მყოფ ბირჟავიკ ლოთებთან ურთიერთობა კი ნიძლავზეც არ შემეძლო. ვიყავი ასე მარტო და როგორც ერთი ჩემი გაუთხოვარი, ხანდაზმული მეზობელი იტყოდა ხოლმე, დავდიოდი ცარიელი ტაქსივით. თან, საკმაოდ კარჩაკეტილად ვცხოვრობდი. არასდროს მყვარებია „ტუსოვკებზე“, დისკოთეკებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებზე სიარული, მხოლოდ ჩემს უახლოეს სამეგობროსთან მქონდა მისვლა-მოსვლა და თეატრში არ ვაცდენდი პრემიერებს. დანარჩენ დროს სამსახურსა და პირად წვრილმან საქმეებს ვანდომებდი. დაქალები სულ ჩამჩიჩინებდნენ, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ასე ცხოვრება არ შეიძლება, გათხოვება თუ არ გინდა, მოძებნე ვინმე ნორმალური კაცი და შვილი მაინც გააჩინე, თორემ, მერე ინანებო. მე მათ ამ რჩევაზე ჯერ მეცინებოდა, მერე გავბრაზდი – თავი დამანებეთ-მეთქი, მაგრამ იმდენ ხანს მიმეორებდნენ ერთსა და იმავეს, რომ თანდათან, ჩემდაუნებურად, მეც დავიწყე ამაზე ფიქრი. თავიდან ძალიან ვებრძოდი საკუთარ თავს – უკანონო შვილის გაჩენა ეკლესიურად ძალიან დიდი ცოდვაა-მეთქი, მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, ბავშვი რომ გაიზრდება და გაიგებს, არ დაკომპლექსდეს ან არ გაბოროტდეს-მეთქი. მოკლედ, საშინელ ფორიაქში ვიყავი, მაგრამ დიდი ორჭოფობისა და ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე, გამერისკა, რადგან მართლა მთელი ცხოვრება მარტოობა იქნებოდა ჩემი ხვედრი, მით უმეტეს, რომ არც მშობლები მყავდა და არც და-ძმა.

გადაწყვეტით კი გადავწყვიტე, მაგრამ დაქალებისთვის ამის თქმაც მრცხვენოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, გაუხარდებოდათ. მაგრამ, ისიც კარგად მესმოდა, რომ ასეთ საქმეში მარტო ჩემი გადაწყვეტილება და მეგობრების სიხარული არ კმაროდა. მთავარი იყო, მომეძებნა ეგრეთ წოდებული „ობიექტი“, ანუ მამაკაცი, ვინც ამ მიზნის განხორციელებაში დამეხმარებოდა.

ერთ დღესაც, როგორღაც მოვახერხე და ჩემს დაქალებს გამოვუტყდი, რამაც საოცარი აჟიოტაჟი (კარგი გაგებით) გამოიწვია. მეორე დღიდან კი ყველა ერთად და ცალ-ცალკე, ჩემთვის კაცის ძებნას შეუდგნენ, მაგრამ სასურველი მამრის მოძებნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. თვით ყველაზე თამამები, დარდიმანდები, მარტოხელები და „უბეჟდიონნი ხალასტიაკებიც“ კი, როგორც კი გაიგებდნენ, რომ შვილი მინდოდა, მაშინვე უკანმოუხედავად გარბოდნენ. საღამოს, ძებნა-ძიებით დაღლილი ჩვენი საბჭო ისევ შეიკრიბა სათათბიროდ და გადაწყვიტეს, უპატიოსნო ილეთების გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთო. ამიტომ, დაადგინეს, რომ სასურველი მონაცემების კანდიდატის პოვნის შემთხვევაში, არ უნდა გავაგებინოთ, რომ მისგან შვილი მინდა, ჩვეულებრივ ინტიმურ ურთიერთობაზე კი, წესით, უარი არავის არ უნდა ეთქვა. ამ თათბირიდან მეორე დღესვე კვლავ განახლდა კაცის ძებნა. კანდიდატურები კი გამოჩნდნენ, მაგრამ არც ერთზე არ მიმდიოდა გული. ასე გადიოდა თვეები.

ერთ საღამოს თანამშრომელმა კაცებმა, რატომღაც, თავი მოიქაჩლეს და ქალები რესტორანში დაგვპატიჟეს. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ არ გამომივიდა უარის თქმა და მეც წავედი. თავიდან ცოტა მოწყენილი ვიყავი, მაგრამ მერე გოგონებმა დამაძალეს, ცოტა შამპანური დამალევინეს და ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი, რომ მშვენივრად მოვილხინე. მართლა ძალიან მაგარი დრო გავატარეთ, ასე კარგად სტუდენტობის მერე არ მიმხიარულია: კიდეც ვიმღერე, კიდეც ვიცეკვე და ლექსებიც წავიკითხე ხმამაღლა.

საკმაოდ გვიან დავიშალეთ. ისეთი მთვრალი ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ ვცდილობდი, არ შემემჩნია. მე ყველაზე ახლოს ვცხოვრობდი და ამიტომ გამოვაცხადე, გამცილებელი არ მჭირდება-მეთქი. ყველას გამოვემშვიდობე და ბანცალ-ბანცალით გავუყევი გზას სახლისკენ. კაცები მეხვეწებოდნენ, ნუ შეგვარცხვენ, რომელიმე ჩვენგანი გაგაცილებსო, მაგრამ მე ყურადღება არავის მივაქციე და წავედი. გრილ ჰაერზე გამოსვლამ კიდევ უფრო ამირია თავში რაღაცეები, მაგრამ სახლამდე მაინც მივაღწიე, ოღონდ ლიფტის გამოძახება ვერ მოვახერხე და სადარბაზოს წინ, სკამზე ჩამოვჯექი. უცბად, ისე მარტოსულად ვიგრძენი თავი, რომ გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე. ამ დღეში ვარ და, ვიგრძენი, გვერდით ვიღაც მომიჯდა. ჩემი თავი მკერდზე მიიხუტა და თმაზე ხელის გადასმა დამიწყო, თან, როგორც პატარა ბავშვს, ჩუმად, ყურში ჩაჩურჩულებით, დამშვიდება დამიწყო. უცბად, ვერც კი მივხვდი, ვინ იყო, მაგრამ, ამას ისე გულწრფელად აკეთებდა, მთლიანად მივენდე და ახლა მის მკერდზე ავსლუკუნდი. ოდნავ გონზე რომ მოვედი, შემკრთალმა ავხედე – ნეტა, ვინ არის ეს კაცი, საკუთარი სადარბაზოს წინ, საქვეყნოდ რომ ჩავხუტებივარ და ცრემლებით ვასველებ-მეთქი. კობა იყო, ჩვენი ყველაზე დინჯი, გაწონასწორებული და ინტელიგენტი თანამშრომელი. რაღა დაგიმალოთ და შემრცხვა, მაგრამ ეს დარცხვენა ისე ბუნებრივად გამიქარწყლა, გულში სულ მადლობებს ვუხდიდი. მერე მითხრა, უკან მოგყვებოდი, ისეთი მთვრალი იყავი, შემეშინდა შენი მარტო გამოშვებაო. მერე სახლში აცილება შემომთავაზა. დავთანხმდი, რადგან ამას მარტო ვერ მოვახერხებდი და დილამდე სკამზე მომიწევდა ჯდომა.

ბინაში შესვლისთანავე, კობამ, რასაც ჰქვია, ბოლომდე მომიარა: ჯერ მაგარი ყავა დამალევინა, მერე ლოგინში ჩამაწვინა და თვითონ იქვე მდგარ სავარძელში მოკალათდა. როდის ჩამეძინა, არ მახსოვს, თვალი რომ გავახილე, კობა სავარძელში აღარ დამხვდა და ძალიან დამწყდა გული. საშინელი „პახმელია“ მქონდა და ძლივს წამოვბოდიალდი, რომ ცივი ბორჯომი დამელია, მაგრამ დავინახე, რომ ბორჯომის ბოთლი საწოლის გვერდზე მედგა, ჭიქასთან ერთად. მოუთმენლად დავცალე და აბაზანაში შევბორიალდი, შხაპის მისაღებად, რომ ცოტა გონზე მოვსულიყავი. გრილმა შხაპმა მართლაც მიშველა – ბოლომდე გამოფხიზლებულმა და გამოცოცხლებულმა, მივაშურე სამზარეულოს მაგარი ყავის დასალევად. გაზქურა ავანთე და ყავის ასაღებად შევბრუნდი მაგიდისკენ, რომ ორთქლადენილი ყავიანი ფინჯანი დავინახე. თვალები მოვისრისე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. ხომ გახსოვთ, ზღაპრებში რომაა: „ოთახში არავინ ჩანდა, ანთებულ ბუხართან კი ტაბლა იყო გაშლილი...“ – რაღაც ამდაგვარი შეგრძნება დამეუფლა. არ შემშინებია, მივხვდი, კობას სიურპრიზები იყო, მაგრამ ის ვერ გავიგე, თვითონ სად გაქრა.

სიამოვნებით დავლიე უგემრიელესი ყავა და ისევ საწოლს მივაშურე. რატომღაც, კობას ძებნა არ დამიწყია, თითქოს არ მინდოდა, ეს ზღაპარი დასრულებულიყო. ყავის დალევის მიუხედავად, მაშინვე ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, უკვე საღამო იყო. მაშინვე კობა გამახსენდა და გული დამწყდა, რომ დილითვე არ მოვძებნე. მოწყენილი გავედი სამზარეულოში, რომ ერთი ლუკმა მაინც ჩამედო პირში, რადგან ისე საშინლად მშიოდა, საჭმლის სუნიც კი ვიგრძენი.

სამზარეულოს კარი რომ შევაღე, მაშინ კი მართლაც გავოგნდი. მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, შუაში იების თაიგული იდო თიხის პატარა ლარნაკში, გარშემო მზრუნველ ხელს ნაირ-ნაირი დელიკატესები დაეწყო. გაზქურასთან კი წინსაფარაფარებული კობა ტრიალებდა.

მე აღარ მახსოვს, ვივახშმეთ თუ არა იმ საღამოს, არც ის მახსოვს, მერე რა და როგორ მოხდა, მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, თვალი რომ გავახილე და თავი კობას მკლავზე მედო, ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი თავი უბედნიერეს ქალად.

დღეს კი მე და კობა ცოლ-ქმარი ვართ და ერთ თვეში ბავშვს ველოდებით.

ანა, 36 წლის



გათხოვილი ქალი შემიყვარდა

რამდენიმე წელია, თბილისის ერთ-ერთ უბანში ქირით ვცხოვრობ. მე თვითონ რაიონიდან ვარ და აქ ბინა არ მაქვს. სტუდენტი ვარ – წელს ვამთავრებ უმაღლეს სასწავლებელს და თან ვმუშაობ. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა, მოგწეროთ: ჩემს მეზობლად ცხოვრობს ახალგაზრდა ოჯახი – ცოლი, ქმარი და მათი 5 წლის შვილი, თამთა, რომელთანაც მთელი დღე ძიძა იმყოფება, რადგან მშობლები დილიდან საღამომდე მუშაობენ.

ბავშვი ხშირად მხვდება ჩვენი სახლის წინ, პატარა სკვერში, სადაც მას დილაობით ძიძა ასეირნებს, საღამოს 8-9 საათზე კი – დედა. მამა სულ ორ-სამჯერ მყავს შორიდან ნანახი და ძალიან არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა – რაღაცნაირი უცხვირპირო, ამპარტავანი და ღრჯუ ტიპები რომ არიან, ისეთის შთაბეჭდილება დატოვა. ეტყობა, გაღიმება არ უყვარს და ყველას ზემოდან დასცქერის. სიმართლე გითხრათ, ბავშვის დედაც, პირველად რომ ვნახე, არ მომეწონა – ინდიფერენტული და ცივსისხლიანი ქალის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მერე და მერე აღმოვაჩინე, რომ რაღაცნაირი იდუმალი სილამაზე აქვს. ჯერ მომეწონა, მერე ღამღამობით ფიქრი დავიწყე მასზე, მერე ვიგრძენი, რომ შემიყვარდა და ბოლოს ისე გავთავხედდი, მის ქმარზე დავიწყე ეჭვიანობა. საშინელი ინტერესი გამიჩნდა. ნეტავ, ერთმანეთში როგორი ურთიერთობა აქვთ-მეთქი. გამოგიტყდებით და, გულის სიღრმეში მინდოდა, ქმართან პრობლემები ჰქონოდა. ამის დასადგენად, თვალთვალი დავუწყე, მაგრამ ერთხელაც არ დამინახავს გარეთ გამოსული, თორემ რაღაც დასკვნას მაინც გამოვიტანდი. ისიც ვერ ვიკადრე, მეზობლებისთვის ან მაღაზიის გამყიდვლებისთვის (ამათ ხომ ყველაფერი იციან), ვითომ შემთხვევით, დამესვა კითხვები. არადა, ცალკე სიყვარული მკლავდა, ცალკე – ცნობისმოყვარეობა. ისე, კაცმა რომ თქვას, წესით, არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა. მაღალი წრის, ქმარ-შვილიანი, ლამაზი ქალაქელი ქალი, ჩემზე 7-8 წლით უფროსი, რატომ უნდა გადარეულიყო სოფლიდან ჩამოსულ უბინაო, ღარიბ სტუდენტზე, თანაც, ამდენი წლით უმცროსზე? მართალია, ჩემი თანაკურსელი გოგონებიც და ბიჭებიც მეუბნებიან, ლამაზი ბიჭი ხარო, მაგრამ მარტო ეს ძალიან ცოტას, თითქმის არაფერს ნიშნავდა. ბევრი ვიფიქრე და ჭკვიანური რამ მოვიფიქრე: გავიგე ზუსტი დრო, როდის გამოჰყავდა სკვერში სასეირნოდ თაკოს ბავშვი ძიძას და როცა სამსახურიდან თავისუფალი დრო მქონდა, მეც იქ ვხვდებოდი. ჯერ ბავშვს დავუძმაკაცდი, მერე ძიძას დავუახლოვდი და ტაქტიკური კითხვებით მათგან ისეთი წვრილმანები გავიგე თაკოს შესახებ, შეიძლება, მათთან სახლში რომ მეცხოვრა, ამდენი ინფორმაცია მაშინ ვერ მომეგროვებინა.

როგორც გავარკვიე, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან საკმაოდ ცივი ურთიერთობა ჰქონია. ეს დასკვნა იქიდან გამოვიტანე, რომ თამთამ (თაკოს შვილმა) წამოაყრანტალა, ღამით, როცა ვიძინებთ, მამიკო დედიკოს ეხვეწება, შემომიშვი, მაგ ოთახში მინდა დაძინებაო, მაგრამ, დედიკო არ უშვებს და მამიკო ყვირილსა და გინებას იწყებსო. ძიძისგან კი გავიგე, რომ თაკოს ქმართან გაყრა უნდა, რადგან ვიღაც სხვა კაცს ხვდება, მაგრამ, როგორც კი ამ თემაზე ჩამოუგდებს ლაპარაკს, თაკოს ქმარი, თურმე, მაშინვე აბრეშუმივით ხდება და მუხლებზე დაჩოქილი სთხოვს პატიებას და უმტკიცებს, ძალიან მიყვარხარო. სინამდვილეში კი, ძიძის დასკვნით, ქმარმა ყველაფერი იცის, მაგრამ იმიტომ არ ეყრება, რომ ბინაც, ქონებაც, ბიზნესიც თაკოს საკუთრებაა და რომ გაეყაროს, ისევ ნაქირავებში მოუწევს ცხოვრებაო.

ჩემი მოკლე ჭკუით, მისი ოჯახური მდგომარეობა და ჩემი დიდი სიყვარული სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ თაკოს ქმარიც მიეტოვებინა, საყვარელიც და მე გამომკიდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც უტვინო ბიჭს შეუყვარდა.

ერთ დღესაც, თაკოს დავუდარაჯდი და საღამოს, სახლში რომ ბრუნდებოდა, სახლთან ახლოს დავხვდი. მივესალმე და მანაც მექანიკურად დამიბრუნა პასუხი სალამზე. მერე გავბედე და ვთხოვე, თქვენთან საქმე მაქვს და, თუ შეიძლება, ხუთი წუთი დამითმეთ-მეთქი. თუ მძარცველი ხარ, ტყუილად იღლი თავს, ძვირფასეულობა არ მიკეთია, ფული კი სულ ოცი თუ ოცდახუთი ლარი მაქვს და მოგცემო. ჩანთის გახსნა დააპირა, მაგრამ შევაჩერე – მე თქვენი მეზობელი ვარ და სალაპარაკო მაქვს თქვენთან-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა, მოგისმენო და სკვერში, სკამზე ჩამოვსხედით. მერე მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და ყველაფერი ვუამბე, რაც მასზე ვიცოდი, ბოლოს კი ვუთხარი, მიყვარხარ და ცოლად გამომყევი. მართალია, ახლა არაფერი მაქვს, მაგრამ შენ გამო შეუძლებელს შევძლებ, თავს მოვიკლავ და შენს შესაფერის ცხოვრებას შეგიქმნი-მეთქი. მეგონა, ატირდებოდა – უბედური ვარ ქმართან და მიშველე რამეო, მაგრამ მან დამცინავად შემომხედა და ზიზღით მომიგდო: როგორ მიბედავ, შე უდღეურო ლაწირაკო, შე მათხოვარო, ვინ გგონივარო. მეორე დღეს კი ვიღაც ორი ტიპი დამხვდა ეზოსთან და ერთი კარგად მიმბეგვეს. ყველაფერი ნათელი იყო – არ მიკადრა. ამიტომ, გადავწყვიტე, დიდი კაცი გამოვიდე, მილიონერი გავხდე და ჩემი „ლიმუზინით“ რომ ჩავუქროლებ, მერე შემეხვეწება, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

ირაკლი, 22 წლის.



ცოლის მოყვანა

ვერ გადამიწყვეტია

ვხვდები გოგონას, რომელიც ძალიან მიყვარს, ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს და მასთან თავს საოცრად კარგად ვგრძნობ, მაგრამ ხასიათში ერთი ძალიან დიდი ხარვეზი აქვს: საშინელი ეჭვიანია. სანამ ეს სენი მოუვლის (ამას სენის მეტს ვერაფერს ვუწოდებ), ნამდვილი ფრთაშესხმული ანგელოზია, მაგრამ, საკმარისია, დამინახოს, რომ ვინმე ქალს (ცხადია, ახალგაზრდას) ველაპარაკები ან ტელეფონით დამირეკა ვინმე მანდილოსანმა, რომ ეს ანგელოზი ნამდვილ ალქაჯს ემსგასება: იწყებს კივილს, ლანძღვას, ყვედრებას, რაც ბოლოს ტირილით მთავრდება. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა, ისე მომბეზრდა მისი სცენების მოსმენა და ატანა, რომ უკვე საგონებელში ვარ ჩავარდნილი – ღირს კი, მასთან ერთად ოჯახი შევქმნა? ახლა რომ ასე იქცევა, მერე რაღას იზამს?

იმასაც კი კადრულობს, მობილური მიქექოს და მერე იქ დაფიქსირებულ ნომრებზე რეკოს. ვაი, ჩემი ბრალი, თუ იმ ნომრის პატრონი ქალი აღმოჩნდა. იმასაც ხომ არ აკლებს, მაგრამ მე რა დღეში მაგდებს, ამას ენით ვერ გადმოსცემს კაცი. არაფერი არ გადის – არც მოფერება, არც დაყვავება, არც ჩხუბი. ყველაზე სასაცილო (თუ ამას სასაცილო ჰქვია) კი ის არის, რომ ვერც ერთი ჩემი „ლევი“ ურთიერთობა ერთჯერად ქალებთან ვერ დააფიქსირა. დააფიქსირა კი არა, ეჭვიც არ აუღია. შეიძლება, ვინმემ გამამტყუნოს, მაგრამ ჩემს შეყვარებულთან ინტიმური ურთიერთობა არ მაქვს, არადა, ახალგაზრდა, ჯანმრთელი კაცი ვარ და თვიდან თვემდე უქალოდ ხომ არ ვიქნები? ამას, რა თქმა უნდა, ეკას ვერც ვეტყვი და არც ვეტყვი, რადგან ვერ გამიგებს და ტყუილ და უშედეგო ახსნა-განმარტებას რა აზრი აქვს? ღალატი კი ნამდვილად არ გამივლია გულში. ეს მხოლოდ ელემენტარული ფიზიოლოგიური (თუ სექსუალური) მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო და სხვა არაფერი. რა თქმა უნდა, ცოლი რომ მეყოლება, ამ ლაწირაკულ სისულელეებს თავს დავანებებ, მაგრამ ჩემი მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ უკვე აღარ ვიცი, ღირს თუ არა, ცოლი შევირთო, მით უმეტეს, ასეთი ავადმყოფურად ეჭვიანი ქალი და მთელი დარჩენილი სიცოცხლე ჯოჯოხეთში გავატარო?

წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე, არადა, როცა არ ეჭვიანობს, იცით, რა საყვარელია?!

თემური, 27 წლის.



ჩემი მეზობლის მეშინია

16 წლის რომ ვიყავი, გვერდით სადარბაზოში ახალი მეზობლები გადმოვიდნენ საცხოვრებლად – ასაკოვანი ცოლ-ქმარი ჩემზე კარგა ხნით უფროსი შვილებით. კაცი 60 წელს გადაცილებული იქნებოდა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ეტყობოდა, თანამდებობის პირი იყო და არც უფულობას უჩიოდა, რადგან, გარდა იმისა, რომ ყველას თავ-თავისი მანქანა ჰყავდა, ამ კაცს მძღოლიც ემსახურებოდა. ეტყობოდა, ახალ სამეზობლოში თავისი სიმდიდრით უნდოდა თავის დამკვიდრება და ძალიან „მარიაჟობდა“. კარგი შესახედავი კაცი იყო, უზადოდ მოვლილი და უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულ-დახურული, მაგრამ, ამის მიუხედავად, გარეგნობაში ჰქონდა რაღაც უსიამოვნო – აი, ისეთი, რომელიც მის მიმართ უნდობლობას აღგიძრავდა. განსაკუთრებით თვალები ჰქონდა საშინელი: წყლისფერი, მოწკურული, ცინიკური და გამჭოლი, თან, რაც მთავარია – მრუში და ბილწი. რომ გიყურებდა, ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს მის წინ შიშველი იდექი. ყოველთვის ვერიდებოდი მასთან შემთხვევით შეხვედრასაც კი. დილაობით, მე რომ სკოლაში მივდიოდი, მას უკვე მძღოლი ელოდებოდა სადარბაზოს კართან. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ერთმანეთს ეზოში ვხვდებოდით. მე სასწრაფოდ ვესალმებოდი და სწრაფი ნაბიჯით გავეცლებოდი ხოლმე. ერთხელაც, რომ მივესალმე, შემომთავაზა, მანქანით მიგიყვან სკოლამდეო. ჩემი სკოლა იქვე იყო, ქუჩის გადაღმა, თანაც, არანაირი სურვილი არ მქონდა, მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი, რადგან ამ კაცის საშინლად მეშინოდა. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი. მან ირონიულად გაიღიმა და გამეცალა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, კერძო მასწავლებლისგან რომ ვბრუნდებოდი, შევნიშნე, მისი მანქანა შორიახლოს მომყვებოდა. გული გამისკდა, მაგრამ, არ შევიმჩნიე და, როგორ მივაღწიე სახლამდე, არ მახსოვს. ამის მერე ხშირად დამინახავს, როგორ მითვალთვალებდა და მანქანით უკან დამყვებოდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მშობლებს ვერ ვეუბნებოდი. ჯერ ერთი, დედაჩემიც და მამაჩემიც კი მე გამამტყუნებდნენ – ამ ხნის კაცს მეტი საქმე აღარ აქვს, შენნაირ ლაწირაკებს სდიოს კუდშიო; თან, ისეთი თანამდებობა ეკავა, მასზე ცუდის გაფიქრებაც კი გეუხერხულებოდა და აქეთ მომდებდნენ შარს, შენ გიტრიალებს თავში შავ-ბნელი აზრები ან თვითონ აძლევ საბაბს, „სხვანაირად“ შემოგხედოს ასეთმა პატივსაცემმა და ასაკოვანმა ოჯახის კაცმაო. კიდევ უარესი მოხდებოდა, თუ დამიჯერებდნენ. მამაჩემი, ყოფილი ვერელი ძველი ბიჭი, ამას ვერ მოითმენდა და ცემაში ამოხდიდა სულს და ნამდვილად არ მინდოდა, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იმ ამორალური ნაძირალას გამო ციხეში მოხვედრილიყო. თან, მიზეზად რა უნდა მეთქვა – თვალს მადევნებს და მანქანით სკოლაში მიყვანა შემომთავაზაო? ვინმეს ამაში ცუდიც რომ დაენახა, როგორ დავამტკიცებდი? ერთი სიტყვით, გაჩუმება ვარჩიე და მთელი ორი წელი შემიძლია, ვთქვა, შიშსა და სტრესებში გავატარე.

სკოლა რომ დავამთავრე, პირველივე წელს მოვეწყვე უნივერსიტეტში. ჩემი კარის მეზობელი გოგოც იქ სწავლობდა, ოღონდ, მეოთხე კურსზე და ერთად დავდიოდით. ორნი რომ ვიყავით, ბატონი თამაზი ვეღარაფერს მიბედავდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო საშველი. ხანდახან მეგონა, რომ ამ კაცისგან თავს ვერასდროს დავიხსნიდი.

მეორე კურსზე რომ გადავედი, ჩემი კარის მეზობლის, იას დაბადების დღეზე, გავიცანი მისი თანაკურსელი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. მასაც ვუყვარდი და გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ცოლობა მთხოვა. მაშინვე დავთანხმდი. ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მოხდა – ნიშნობაც, ქორწილიც, მოგზაურობაც. ის პერიოდი ყველაზე მშვიდი და ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ბატონი თამაზი აღარ გამოჩენილა. თურმე, ოჯახი ამბობდა, უცხოეთში გაგზავნეს სამუშაოდო. მეზობლები კი ჭორაობდნენ, რაღაც მაქინაციების გამო დაიჭირეს და ციხეში ზისო. არ ვიცოდი, რომელი ამბობდა სიმართლეს, მაგრამ არც მაინტერესებდა. მე ქმართან გადავედი საცხოვრებლად და მალე თამაზის არსებობა სულაც დამავიწყდა.

გათხოვებიდან დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, ტყუპი ბიჭი შემეძინა. ჩემი მამამთილი ჭკუაზე აღარ იყო სიხარულით და რესტორანში დიდი ძეობა გადაიხადა. ასი კაცი მაინც იყო მოწვეული. უბედნიერესი ქალი ვიყავი, ყველა მე შემომციცინებდა თვალებში. სტუმრები მოდიოდნენ, მილოცავდნენ, საჩუქრებს მაძლევდნენ და ბედნიერებას გვისურვებდნენ. და, აი, ამ სიტუაციაში, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა მამამთილი ერთ-ერთ სტუმართან ერთად მომიახლოვდა და მითხრა – გაიცანი, თამარ, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი, ძმასავით ძვირფასი და უერთგულესი ადამიანია, თამაზი ბიძიაო. ერთმანეთის დანახვაზე ორივე შევკრთით, მაგრამ არ შევიმჩნიეთ. თამაზმა მომილოცა დედობა, ხელზე მაკოცა და თითზე ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი გამიკეთა, თან მომიბოდიშა, თქვენი ქორწილის დღეს საქართველოში არ ვიყავი და იმიტომ ვერ მოგილოცეთ გაბედნიერებაო. შიშით შევხედე თვალებში და ისევ ის მზაკვრობა და სატანური ღიმილი დავინახე. ისე შევშფოთდი, რომ ცუდად გავხდი და ჩემი ქმარი იძულებული გახდა, ერთ საათში სახლში წავეყვანე.

ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ეს ნაძირალა ხშირად მოდის ჩვენთან, ვითომ ბავშვების სანახავად. თან, სულ იმას გაიძახის, ჩემმა შვილებმა არ მაღირსეს ბაბუობაო. მოდის, საჩუქრები მოაქვს, საათობით ზის და ბავშვებს ეთამაშება. მე ვცდილობ, იმ ოთახში არ გავიდე ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.

სხვათა შორის, ერთხელ, ჩემმა დედამთილმა მითხრა, ამ კაცს გაცნობის დღიდან ვერ ვიტან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმრის უახლოესი ძმაკაცი და ჩვენი მეჯვარეაო. წამომცდა – მეც-მეთქი. ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ და ქალური ინტუიციით ორივე მივხვდით ამ სიძულვილის მიზეზს. მაგრამ, ხმამაღლა არაფერი გვითქვამს. ამ საუბარმა ის დადებითი შედეგი გამოიღო, რომ ჩემი დედამთილის მცდელობით, ბატონ თამაზს ჩვენს ოჯახში ისე „უპრაგონოდ“ სიარული აეკრძალა.

ახლა შედარებით მშვიდად ვცხოვრობ, მაგრამ, როდემდე გასტანს ეს სიმშვიდე, არ ვიცი.

თამარი, 35 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3