კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სპექტაკლი დადგა ეთერ კაკულიამ უნივერსიტეტში და როგორ იპოვა მან უნივერსიტეტის ეზოში დედა


ის თბილისში, ვერაზე დაიბადა. სტუდენტური წლები და ახალგაზრდობა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 102 ნომერში გაატარა, რომელიც მის მოგონებებს ყველაზე სასიამოვნოდ შემორჩა, ამიტომ სიცოცხლეც 102 წლამდე უნდა. ის არასდროს არავის უნახავს უხასიათოდ და გაბრაზებული. უყვარს ადამიანები, ცხოვრობს ხალისიანად და სხვის ცხოვრებაშიც დიდი ხალისი შეაქვს. მის დღიურში სევდიან ფურცლებს ვერ ნახავთ. ეთერ კაკულიამ 29 წლის წინ, შვილს საყვარელი უფროსი ძმის სახელი, ალეკო დაარქვა. გასტროლებზე წასვლის ნოსტალგია რომ მოერია, ქმარს გაშორდა, მაგრამ არაფერი უნანია. თუმცა, მოდით, მისი დღიური სულ თავიდან გადავფურცლოთ და უფრო მეტს შევიტყობთ.

ეთერ კაკულია: ვერაზე დავიბადე. დედაჩემმა ვერ მოასწრო სამშობიაროში წასვლა და სახლში იმშობიარა. ნაპოლეონიც სახლში დაბადებულა, იცი? ეტყობა, ნიჭიერი ადამიანები სახლში იბადებიან. მერე ფალიაშვილზე გადავედით, 102 ნომერში ვცხოვრობდით. მთელი სტუდენტობა და ახალგაზრდობა იქ გავატარე. არაჩვეულებრივი მეზობლობა გვქონდა, ნათესავებივით ვიყავით ერთმანეთთან. თავიანთი პურმარილით გადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ჩვენს სახლში სულ ქეიფი და დროსტარება იყო და ფიქრობდნენ – რა იშოვა ამისთანა, ამ ირაკლი კაკულიამ, სულ პურმარილი რომ აქვსო. მერე დოლიძეზე გადმოვედით. დედაჩემი არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. შეეძლო, ას კაცზე მარტოს გაეკეთებინა პურმარილი. მე ვის დავემსგავსე ასეთი ხელჩლუნგი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი მეუბნებოდა, მამიდაშენს ჰგავხარო. ერთი გაუთხოვარი ქეთო მამიდა მყავდა, რომელიც ქვეყანაზე არაფერს აკეთებდა. მთელი დღე კითხულობდა და ეძინა. მე კიდევ, სულ გასტროლებზე ვიყავი და როდის უნდა შევსულიყავი სამზარეულოში? მამა „გეპეის“ პროფესორი, კათედრის გამგე გახლდათ. დარეკავდა სახლში და დედას ეტყოდა: ლოლა, ბიჭები მოვდივართ და რაღაც გემრიელი მოგვიმზადეო. არ გაინტერესებს, ეს ბიჭები რამდენი წლისები იყვნენ? – ოთხმოცის. დედაჩემსაც მოსწონდა ეს ყველაფერი. შეიძლება, იღლებოდა, მაგრამ სიამოვნებით აკეთებდა. ჩემმა ძმამ, ალეკომ, ცეკაში, შევარდნაძესთან თექვსმეტი წელი იმუშავა. ცალკე მისი მეგობრები მოდიოდნენ, მათთვის კეთდებოდა პურმარილი და იყო ერთი ამბავი. მახსოვს, ცეკას ძალიან კარგი სასადილო ჰქონდა. ერთხელ ჩემმა ძმამ რვა გოჭი და თხუთმეტი ქათამი მოიტანა სახლში, ისეთი სიიაფე იყო. ხშირად დავდიოდი ჩემს ძმასთან სამსახურში, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა მათ სასადილოში შესვლა. ათ მანეთად ისე გამოიკვებებოდი, რომ ფეხზე ვერ ადგებოდი.

– როგორ გახსენდებათ სკოლის, სტუდენტობის პერიოდი? ალბათ, მაშინაც მხიარული იყავით.

– ფალიაშვილზე ქალთა სკოლა-გიმნაზიაში ვსწავლობდი. მერე ბიჭები და გოგონები შევერთდით და 55-ე სკოლაში გადმოვედი. ერთხელ სკოლიდან მრიცხავდნენ. შესვენება იყო. მასწავლებელი თავისთვის იჯდა, ახლოს ვედექი, რაღაცაზე ხელი ავწიე, ვიღაც მეცა, ხელში ჩამარტყა და მასწავლებელს არ მოხვდა თავში?

უნივერსიტეტიდანაც მრიცხავდნენ. ჩემი ძმა ჩეხური ენის მცოდნეა. სხვათა შორის, თავისით ისწავლა. უკვე თორმეტი წიგნი აქვს ნათარგმნი. ისე, პროფესიით ინჟინერია. ლექსებიც დაუწერია ჩემთვის, თხუთმეტი სიმღერა მაქვს ჩაწერილი მის ლექსებზე. პირველი კურსის სტუდენტი ვარ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ჩემს ძმას ჩეხოსლოვაკიიდან გამოწერილი ჰქონდა ვითომ პორნოჟურნალები, მაგრამ მსგავსი არაფერი იყო იმაში – გოგონები იყვნენ ბიკინებში. უნივერსიტეტში წავიღე, რომ მეგობრებისთვის მეჩვენებინა. ერთი სამასი კაცი ზის, დეკანი – დათიკო ფანჩულიძე ჰიუგოს გვიხსნის, მაგრამ არავის აინტერესებს ეს შენი ჰიუგო. ოცი გოგო ვსხედვართ და თავი ამ ჟურნალებში გვაქვს ჩარგული. ნელ-ნელა მოგვიახლოვდა და მკაცრი ტონით გვეკითხება: რას უყურებთ, ვისია ეს ჟურნალებიო? – ჩემი-მეთქი. განრისხებული ხმით მეუბნება: ახლავე გადი აუდიტორიიდან, ხვალ მშობლები მოიყვანე, გარიცხული ხარო. ახლა, არ გინდა, მშობლებს ეს უთხრა? დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. არადა, ყველა უნივერსიტეტელი მასწავლებელი მამაჩემის მეგობარი იყო, ჩვენს სახლში ნაქეიფრები დედაჩემსაც კარგად რომ იცნობდნენ. მეორე დღეს გოგონები უნივერსიტეტის ბაღში ვდგავართ და ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ, ვინ მივუყვანოთ დეკანს. უცებ ვხედავთ, ვიღაც ქალი ბაღში ბავშვს ასეირნებს. დედაჩემი თეთრი, ლამაზი, პუტკუნა, 102 კილოგრამი ქალი იყო და ეს, ინდოეთიდან ჩამოსულს ჰგავდა, საშინელი გამხდარი, შავი, ასე, ოთხმოცი სანტიმეტრი სიმაღლის. მივედით და გოგონები ეუბნებიან: იცით, ქალბატონო, აი, ჩვენს მეგობარს, ეთერს რიცხავენ და გვიშველეთ, ვითომ დედამისი ხართო. რაო? როგორ თუ გრიცხავენ, აბა, წამომყევითო. ეს ბავშვი ვიღაცას დაუტოვა, თვითონ წინ მიდის და ოცი გოგო უკან მივყვებით. მივედით დათიკო ფანჩულიძის კაბინეტთან. კარი შევაღე და შეშინებული ხმით ვეუბნები: – იცით, თქვენ რომ მთხოვეთ, დედა მოვიდესო, მოვიდა-მეთქი. შემოვიდესო. დათიკომ ეს ქალი რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა და ჰკითხა: უი, ავად ხართ, ქალბატონო ლოლა, რა დაგემართათო და გაოცებული დავარდა სკამზე. ეს ქალიც გაოცდა, ნეტავ, რატომ მკითხაო და უპასუხა: ჰო, რა ვიცი, ცოტას ვავადმყოფობო. ქალბატონო ლოლა, – დაიწყო დეკანმა ახსნა. აი, მე ლექცია მაქვს, ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებას ვხსნი და ნახეთ, ამ დროს თქვენი ქალიშვილი რითი ერთობაო. უცებ ამ ქალმა დაიწყო: აჰა, დღე და ღამე რომ ტვინს მიჭამ, დედა ფული მომეცი, დედა, ფული მომეცი, იმიტომ გინდოდა ფული, რომ ეს ჟურნალები გეყიდაო. აიღო და სახეში ისე მაგრა მთხლიშა, რომ ვიღაც ქალი იჯდა იქ და კალთაში ჩავუჯექი. არ ვიცი, რა ჰქვია და მივმართავ: ქალბატონო დედა, დაწყნარდით-მეთქი. დათიკო სულ გაგიჟდა, რა, ქალბატონ დედას გაიძახის ეს გოგოო. იმხელა ხმით ყვირის, მთელ უნივერსიტეტს ესმის. გოგონები დერეფანში მიცდიდნენ, ცალკე ისინი გადაირივნენ. გამოვარდა კაბინეტიდან, თვითონ წინ გარბის, მე უკან მივდევ...

– წეღან თვითონაც თქვით და მეც ვიცი, რომ დიასახლისობა არანაირად არ გამოგდით და სამზარეულოში ხშირად ატარებთ სასწაულ ექსპერიმენტებს.

– ერთხელ, დედა ავად გახდა. იწვა და მთხოვა: მაცივარში ქათამია და მოხარშეო. ვიფიქრე, რა უნდა ქათმის მოხარშვას. ჩადებ, წყალი ადუღდება და მოხარშულია. ასეც მოვიქეცი. ცოტა ხანში ისეთი სუნი დადგა, ცუდად გახდებოდი. შემთხვევით მეზობელი შემოვიდა და მეკითხება: ეთერი, რა საშინელი სუნია თქვენთანო. რა ვიცი, ქათამი იხარშება-მეთქი. ახადა ქვაბს თავსახური და რას ხედავს – ქათამი თავისი ჩიჩახვით, კუჭით, ღვიძლით და ყველაფრიანად იხარშება. შემეშინდა, დედაჩემმა არ გაიგოს-მეთქი და ვთხოვე, ბაზარში წასულიყო, მოეტანა და გაეკეთებინა. როგორც იქნა, მოიხარშა და დედას შევუტანე. დედაჩემი ამბობს: რა ბედნიერი ვარ, ჩემმა შვილმა რაღაც გააკეთაო. რა იცოდა, რა გადავიტანე...

გასტროლებიდან ჩამოვედი, სახლში არავინაა, წყნეთში არიან დასასვენებლად. არადა, ძალიან მშია. ამ დროს დონარა კინწურაშვილი რეკავს და მეუბნება, ეთო, ისეთი კარგი ჭანჭურის ჯემი მოვხარშე, უნდა გაგასინჯოო. ვიფიქრე, მარტო ჯემს ხომ არ მაჭმევს, რაღაც კიდევ ექნება-მეთქი, ახალი გამოყვანილი მყავდა „06“, დავჯექი და წავედი. ვა, რა გემრიელია, დონჩიკ, მოდი, რა, მეც გავაკეთებ-მეთქი. არაფერი არ უნდა, კურკა გამოაცალე, შაქარი დააყარე და დადგიო. ვიფიქრე, რა ადვილი ყოფილა-მეთქი. წავედი ბაზარში და ათი კილო ჭანჭური ვიყიდე. რამ მაყიდინა ამდენი, ჯერ სახლამდე მიტანა არ გინდოდა? ცხელა, ოფლი მომდის, საშინელ დღეში ვარ. ვიეტნამის ომი გეგონებოდა, ისეთი წითელი იყო მთელი სამზარეულო. მე საერთოდ არ ვჩანდი. კურკაზე ფეხი დამისრიალდა, კარგად მოვჯექი. ბოლოს და ბოლოს, დავაყარე შაქარი და დავდგი, შუადღის სამი საათი იქნებოდა. ღამის თერთმეტი საათია, ჩაი დავისხი, პურზე კარაქი წავისვი, მივდივარ ჯემთან, მიხარია, რაღაც გავაკეთე-მეთქი და ვხედავ, არანაირი ჯემი არ არის. როგორც დავაყარე შაქარი, ისე დგას. ვეცი ტელეფონს და დონჩიკას ვურეკავ: კაცო, ეს რა მასწავლე, სად არის ჯემი-მეთქი. არ გადამრიო, რომელ საათზე დადგი ცეცხლზე, ხომ დაგეწვებოდაო. რა ცეცხლი, სამზარეულოში დავდგი მაგიდაზე-მეთქი. ყურმილი გაუვარდა ხელიდან. აივანზე გადადგა და მესმის, როგორ ეძახდა ვიღაცას, მოდი, რა გითხრაო...

– ხშირად მოგზაურობდით უცხოეთში. ალბათ, იქაც ვარდებოდით სასაცილო სიტუაციებში.

– გერმანიაში ვართ კონცერტებზე მე, ნიკო ჯადუგიშვილი, ვახო ცხადაძე და მისი ცოლი. ქართული კერძების დღეებია, წაყვანილი ჰყავთ აქედან ქართველი კულინარები და რამდენიმე მომღერალი, მათ შორის ჩვენც. შევამჩნიე, ერთი სიმპათიური კაცი დადის. მომიტანს თაიგულს და წინ დამიდებს. მერე მითხრეს, ძალიან მდიდარიაო. ერთ დღესაც გადაწყვიტა, თავისთან სახლში დავეპატიჟებინეთ. არაჩვეულებრივი მანქანით მოგვადგა სასტუმროში და სახლში წაგვიყვანა. რომ შევედით, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, აბაზანაც ისე ჰქონდა მოწყობილი, თურმე, შხაპს რომ იღებს, რიგოლეტოს და შოპენს უსმენს. მითხრეს, რომ ცოლი არ ჰყავს. მე მოვეწონე და ყველაფერს აკეთებს, რომ მეც მომეწონოს. თვითონ გაუკეთებია ტორტი და მოგვართვა. კარგა ხანს ვისხედით, ვისაუბრეთ, ვიმხიარულეთ, მოვდივართ, უნდა დავემშვიდობოთ და გვეუბნება, ერთი წუთით მომიცადეთო. გამოიტანა რაღაც ლამაზად შეფუთული კოლოფები და გვაძლევს. ნიკო მეუბნება: ალბათ ბრილიანტის კოლიეაო. წამოგვიყვანა სასტუმროში. ნომრებში შევედით და ცოტა ხანში მესმის სიცილი. კარზე კაკუნია, გავაღე კარი, ნიკო დგას კოლოფით ხელში და მეკითხება: გახსენი, იმ კაცის საჩუქარიო? არა-მეთქი. გეხვეწები, გახსენიო. ისეთი შეფუთული იყო, ერთი საათი მარტო იმის გახსნას მოვუნდი. ვხედავ, ცარიელი სადღესასწაულო ბარათები და ერთი კალმისტარი დევს. ბარათზე გერმანულად წერია: მინდა, ყოველდღე მომწერო წერილებიო.

ქუვეითში ვიყავი, ათკაციანი დელეგაცია იყო საქართველოდან. ჩემი დაბადების დღე დაემთხვა და საელჩომ უფლება მომცა, ერთი ყუთი შამპანური წამეღო. იქ ხომ „მშრალი კანონია“, დალევა არ შეიძლება. გადავიხადე დაბადების დღე, სასმელი დგას და რომ ხედავენ, გიჟებს ჰგვანან, დალევა უნდათ და ვერ სვამენ. დაღამდა და დავიშალეთ. ღამე კარზე კაკუნი მესმის. გავაღე კარი და ვიღაც ორი კაცი დგას, ერთი თარჯიმანია. გეხვეწებით, ერთი ბოთლი შამპანური მაჩუქეთ და რასაც გინდათ, იმას მოგცემთო. ყველამ გაიღვიძა ჩვენს ლაპარაკზე და ნომერში შემოვიპატიჟეთ. გავიხუმრე – ვიდეო კარგი იქნებოდა-მეთქი. გავიხედე და მართლა არ მოიტანა? ესე იგი, რაც არ უნდა მეთხოვა, ერთ ბოთლ შამპანურში ყველაფერს მიცვლიდა. ასეთი არაფერი გამიგია.

– მეუღლე, ალბათ, ვერ ეგუებოდა თქვენს აქეთ-იქით სიარულს.

– ჩემი მეუღლე რევაზ ვაჩიბერიძე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ძალიან კარგი კაცი იყო. ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობდით, მე ვეღარ გავძელი მასთან. გასტროლებზე რომ ვეღარ მივდიოდი, ამან კინაღამ გამაგიჟა. რა რთულია, არა, ხელოვანი ადამიანის ცხოვრება? ჯერ ერთი, რომელი ქმარი გაგიშვებს ორი-სამი თვით გასტროლებზე. სხვათა შორის, არაჩვეულებრივად აკეთებდა საჭმელებს. დამიძახებდა, ეთერ, ჩემო საყვარელო, მზად არის, მოდიო. რომ გავშორდი, საწყალი, ტიროდა. მეორე დღეს ბამზე, ციმბირში გავფრინდი, და ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხაროდა, რომ თავისუფალი ვიყავი (მაშინ ქალბატონი ეთერი „გეპეის“ ანსამბლ „რეროში“ მღეროდა – ავტორი). იყო ისეთი მომენტი, როცა შეიძლებოდა, ისევ ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ მე აღარ მოვინდომე, გადამიყვარდა. ხომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აღარ მიყვარს. აღარც მიცდია გათხოვება, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება, მეორედ და მესამედ გათხოვდე. მთლიანად ჩემი შვილის გაზრდაზე ვიყავი გადართული.

აზერბაიჯანში ვიყავით რამდენიმე კაცი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა. ძალიან კარგი ბანკეტი გაგვიმართეს. აზერბაიჯანელი იყო თამადა, დიდი ულვაშები ჰქონდა. ეტყობა, ძალიან კარგად განეწყო ჩემ მიმართ, ეთერ ხანუმს მეძახდა. ოთხი კაცი გამოაგზავნა, მეოთხე ცოლად არ წამომყვებაო? მერე სასტუმროში მომაკითხა დიდი თაიგულით. არ იცინოდა და ვიფიქრე, რატომ არ იცინის-მეთქი. რაღაცეებს ვყვები რუსულად, მინდა, რომ გავაცინო და მაინც არ იცინის. მერე რაღაც ვთქვი და გაიცინა. ოცდათორმეტივე კბილი ოქროსი ჰქონდა. რა დამემართა, ვერ წარმოიდგენ.


скачать dle 11.3