კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევიდა სტალინის წყალობით ისტორიაში ავანტიურისტი და ტერორისტი კამო

1905 წელს, რევოლუციის დასაწყისიდანვე რუსეთში გახშირდა სახელმწიფო ხაზინიდან და კერძო ბანკებიდან ფულის გატაცება – ეგრეთ წოდებული „ექსპროპრიაციები“. ექსპროპრიაციას ახდენდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ფული სჭირდებოდათ როგორც პარტიული აპარატის შესანახად, ასევე ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. რევოლუციის პერიოდში რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტრო (პოლიციის დეპარტამენტი, ოხრანკა) ეფექტურად ვერ იბრძოდა ექსპროპრიაციების აღსაკვეთად. ამის გამო ფულის გატაცების ფაქტებმა იმატა. რუსეთის იმპერიაში იმ პერიოდში ყველაზე დიდი ექსპროპრიაცია განხორციელდა თბილისში 1907 წლის 13 ივნისს. გატაცებული იქნა რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი 250 ათასი რუბლი, ფულის ნიშნები და ბანკის საკრედიტო ბარათები. რუსეთში განხორციელებული რამდენიმე ექსპროპრიაციის შემდეგ, პოლიციამ გამტაცებელთა კვალს მიაგნო და ფული  ნაწილობრივ ან მთლიანად დაუბრუნა მფლობელს. თბილისელი გამტაცებლების კვალი კი პოლიციამ ვერ აღმოაჩინა. გამტაცებლებმა წარმატებით გაიტანეს ფული უცხოეთში. დიდი ხნის განმავლობაში, სრულიად დაუსაბუთებლად, ფულის გატაცებას მიაწერდნენ რუსეთის სოცილ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტს, ორგანიზატორად სახელდებოდა იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი, ხოლო უშუალო შემსრულებლად  – სიმონ ტერ-პეტროსიანი – კამო. ეს სიცრუე, მოგვიანებით, მაშინდელი ისტორიოგრაფიიდან გადავიდა კინემატოგრაფში და მხატვრულ ლიტერატურაშიც.

სანდო საარქივო დოკუმენტები და მასალები ერევანსკის მოედნიდან გატაცებული ფულის ისტორიას შემდეგნაირად წარმოგვიდგენენ: ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცეს არა სოცილ-დემოკრატებმა, არამედ სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა). ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ესერთა პარტიის წევრები: სარქის ოთაროვი და ვასილ პილეცკი. ეს უკანასკნელი ამიერკავკასიის რკინიგზის ფოსტის გადაზიდვის განყოფილების თანამშრომელი იყო და სწორედ მან მიაწოდა სარქის ოთაროვს ბაქოდან თბილისისკენ ფულის მოძრაობის მარშრუტი და ზუსტი დრო. სარქის ოთაროვმა და ესერმა ტერორისტებმა ფულის გატაცების ოპერაცია უნაკლოდ განახორციელეს. ფულით დატვირთული საფოსტო ეტლი, თბილისის რკინიგზის სადგურიდან მაშინდელი ერევანსკის, დღევანდელი თავისუფლების მოედნამდე მივიდა. მოედნიდან ეტლს უნდა აეხვია დღევანდელ ლეონიძის ქუჩაზე, სადაც მდებარეობდა ბანკის შენობა. სწორედ ქუჩის დასაწყისთან ტერორისტებმა ეტლს ესროლეს ფუჭი ბომბები, რომელმაც შექმნა კვამლის საფარი, განიარაღებულ იქნა დაცვა, ფული კი იქვე მდგარი მეორე ეტლით გაიტაცეს. ფულის გატაცების დროს მოხდა უბედური შემთხვევა: დამფრთხალმა ცხენებმა გაჭყლიტეს ჩვილი ბავშვი, რომელიც გამზრდელს საბავშვო ეტლით სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი. ესერებმა, ჟანდარმერიის დაბნევის მიზნით, მეორე ეტლი ამაღლების ქუჩის გავლით ოქროყანის მიმართულებით გაუშვეს. ჟანდარმერია სწორედ ამ ეტლს დაედევნა, ამასობაში კი ესერებმა ფულით დატვირთული ეტლით ავლაბარს შეაფარეს თავი. ცოტა ხნის შემდეგ, ჟანდარმერიამ შეიტყო ფულის ადგილსამყოფელი, მაგრამ თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის უფროსმა, პოლკოვნიკმა პასტრულინმა, ავლაბარზე იერიშის მიტანა ვერ გაბედა. აგენტურული მონაცემების მიხედვით, ფულს იცავდა ბომბებით შეიარაღებული ოცამდე ტერორისტი. მათი აფეთქება გამოიწვევდა ხანძარს და მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს. სამაგიეროდ, მთელი ავლაბარი ალყაში მოექცა, გააფრთხილეს ყველა საბაჟო, პირველ ყოვლისა – ფოთისა და ბათუმის პორტებისა, ასე რომ, ესერების შანსი თბილისიდან და შემდეგ ქვეყნიდან გაეტანათ ფული, თითქმის ნულამდე დავიდა.

მძიმე მდგომარეობაში ჩავადრნილი სარქის ოთაროვი დაუკავშირდა ასეთ საქმიანობაში საკმაოდ გამოცდილ ტერორისტსა და ავანტიურისტს კამოს. კამო იმდენად ბრიყვი არ იყო, რომ ასეთ სახიფათო საქმეში ჩარეულიყო, ამიტომ საქმის კურსში ჩააყენა სტალინი, რომელიც ფულის გატაცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბაქოდან თბილისში დაბრუნდა. სტალინმა ბრწყინვალედ დაგეგმა თბილისიდან ფულის გატანის ოპერაცია.

სტალინის გეგმის მიხედვით, გათამაშდა ქორწილის სცენა: ნეფე იყო კამო, პატარძლად კი ესერებმა შეარჩიეს თავიანთი პარტიის წევრი ტერორისტი გოგონა, რომლის მამაც პოლიციის პრისტავი იყო. პატარძალი ამ პრინციპით იმიტომ შეირჩა, რომ საბაჟოზე პოლიციის პრისტავის ქალიშვილის ბარგს არ გაჩხრეკდნენ. რაც შეეხება კამოს, მისი კანდიდატურა ამ საქმისათვის ზედმიწევნით ზუსტად იყო შერჩეული. სტალინს ავანტიურისტი ტერ-პეტროსიანი მსგავსი შავი საქმეების მოგვარებაში ბევრჯერ ჰყავდა გამოცდილი. მან საბაჟო გაიარა პასპორტით, რომელიც თბილისის გოგირდის აბანოში ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს თანამშრომელს, დიმიტრი მირსკის მოჰპარა. ნეფე-დედოფალმა, საქორწინო ეტლით მშვიდობიანად მიაღწია ავლაბრიდან თბილისის სადგურამდე და შემდეგ მატარებლით ბათუმის პორტამდე. უცხოეთში, გემიდან ჩასული კამო ოსტატურად დაუსხლტა ტერორისტ „მეუღლეს“ და მშვიდობიანად ჩააღწია ჟენევამდე, სადაც ესერების გატაცებული ფული მან, სტალინის გეგმის თანახმად, ლენინს ჩააბარა. თბილისიდან ფულის გატანის ოპერაცია წარმატებით კი განხორციელდა, მაგრამ, ძალიან მალე ეს ფაქტი გახმაურდა. ლენინის უახლოესი თანამებრძოლები: მაქსიმ ლიტვინოვი (საბჭოთა კავშირის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი), ნიკოლოზ სემაშკო (საბჭოთა რუსეთის მომავალი ჯანდაცვის მინისტრი), ვერა რავიჩი (ცნობილი ბოლშევიკის – გრიგორი ზინოვიევის მეუღლე) და სხვები დაიჭირეს თბილისში გატაცებული ბანკის საკრედიტო ბარათების გადახურდავებისას. საქმე ის იყო, რომ გადაზიდვისას ბანკის საკრედიტო ბარათების ნომრები სპეციალურ ჟურნალში ტარდებოდა. რუსეთის სახელმწიფო ბანკმა მსოფლიოს ყველა ბანკს აცნობა თბილისიდან გატაცებული საბანკო საკრედიტო ბარათების ნომრები. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა. ბოლშევიკებმა ამბავი რუსეთის სპეცსამსახურების შეთხზულად გამოაცხადეს და სასამართლოს პასუხისმგებლობიდან თავი დაიძვრინეს. როგორც ჩანს, ესერები და ბოლშევიკები ბოლოს და ბოლოს მორიგდნენ და ფულიც გაიყვეს, რადგან ურთიერთის მიმართ შემდეგ პრეტენზიები აღარ წამოუყენებიათ.

ჟენევაში ჩასული კამო თბილისში არ დაბრუნდა და ევროპაში მოგზაურობდა მოპარული პასპორტით, რომლის დაკარგვის ფაქტიც მის კანონიერ მფლობელს უკვე გაცხადებული ჰქონდა. კამო ბერლინის პოლიციამ დააპატიმრა. მას ორი ბრალდება წაუყენეს: ავსტრია-უნგრეთის მოქალაქის – დიმიტრი მირსკის პასპორტით ცხოვრება და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა, რომელიც ჯიბეში უპოვეს. გერმანიის მართლმსაჯულებას მისთვის თბილისიდან გატაცებულ ფულთან დაკავშირებით ბრალდება არ წაუყენებია. კამო გერმანელებმა რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს. თბილისში შემდგარ სასამართლო პროცესზე კი მან თავი მოიგიჟიანა და სამედიცინო კომისიამ იგი შეურაცხადად ცნო. კამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა პასტრულინმა, პეტერბურგში პოლიციის დეპარტამენტს აცნობა: კამო გიჟი არ არის და საავადმყოფოდან გაიქცევაო. მართლაც, რამდენიმე დღეში შეურაცხადად ცნობილი ტერორისტი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა.

1918 წელს ლევ ტროცკიმ სტალინს ოფიციალურად დასდო ბრალი თბილისსა და ბაქოში განხორციელბული ფულის გატაცებების ორგანიზებაში. ამ ფაქტმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ბოლშევიკური პარტია და მისი ლიდერი ლენინი. გადაწყდა, საქმე შეესწავლა პარტიულ სასამართლოს, რომლის თავმჯდომარეობა ვერავინ იკისრა. ბოლოს შეირჩა თავმჯდომარის კანდიდატურა. ეს გახლდათ ბოლშევიზმის, ლენინის, ტროცკისა და სტალინის შეურიგებელი იდეური მოწინააღმდეგე, იმხანად ემიგრაციიდან ახლად დაბრუნებული რუს მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი იული მარტოვი (ცედერბაუმი). სასამართლოს ვერდიქტი ასეთი იყო: სტალინს ფულის გატაცებასთან არც თბილისში და არც ბაქოში არანაირი კავშირი არ ჰქონია!

ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით მოამზადა

ანრი შავლაძემ


скачать dle 11.3