კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იშოვა ელდარ შენგელაიამ აკაკი ხორავას დახმარებით ათი მეგობრისთვის და რაზე დაითანხმა მან ანდრეი ტარკოვსკი ხუთ მანეთად


ის ყველასთვის საყვარელი ფილმების რეჟისორია, საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება განვლო. ტკივილიც ბევრი ნახა, თუმცა მაინც ღმერთის ნებიერა იყო... მემკვიდრეობით საქართველოში ძალიან ცნობილი ოჯახის შვილობა ერგო, „აცვენილმა“ ბიჭმა ჰიდროლოგობა გადაწყვიტა, თუმცა ცხოვრების მარშრუტი მალევე შეცვალა... მის ცხოვრებაში ყველაფერი იყო, თბილისური მეგობრობა, „გიკში“ გატარებული საუკეთესო წლები, დიდი კინო, ცნობილი ხელოვანები... ვერც პოლიტიკურ ქარტეხილებს გადაურჩა იოლად. ახლა, გადატანილი დიდი პირადი ტრაგედიის შემდეგ, მისი ცხოვრება მშვიდია. უკან დარჩა ბევრი რამ, თავადაც ბევრ რამეზე თქვა უარი. თუმცა, ბოლომდე ვერ შეელია საყვარელ საქმეს, რადგან ელდარ შენგელაია და ქართული კინო ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობს.


ელდარ შენგელაია: მეგობრებს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი ეკავათ. ახალგაზრდობაში ბევრი მეგობარი მყავდა. მათი უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, რის გამოც ხშირად ობლობის განცდა მიჩნდება. დავკარგე ისეთი ადამიანები, რომლებთანაც მთელი ცხოვრებით ვიყავი დაკავშირებული. მაშინ როცა ახალგაზრდები ვიყავით, ამ ქალაქში მეგობრობაც სხვანაირი იყო. თვითონ თბილისი იყო სხვანაირი, ტრამვაიც გვქონდა, ტროლეიბუსიც, მაგრამ ხალხი ფეხით დადიოდა. ჩემი სახლი ცხაკაიას ქუჩაზე, მთაწმინდისა და სოლოლაკის თითქმის საზღვარზე იდგა, პირველი მეგობრებიც ეზოსთან, უბანთან, სკოლასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჯერ მერვე შრომით სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც ჩემი სახლის წინ იყო, მერე პირველ ვაჟთა სკოლაში გადავედი.

– დედა აკონტროლებდა თქვენს სამეგობრო წრეს?

– არა, მაშინ არ იყო საჭიროება, რომ მშობელს შვილის მეგობრები გაეკონტროლებინა. თბილისში ქუჩის ბიჭი და ქურდი სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო. მათთან არ ვმეგობრობდი, სამაგიეროდ სკოლაში და ალექსანდროვის ბაღში ვთამაშობდით გამალებულები ყოჩობანას, წრეში ვარკვევდით, ვინ უფრო მაგარი იყო. მაშინ დანით არავინ დადიოდა, ვჩხუბობდით ხელით, ოღონდ არა მუშტით, ფეხით ჩხუბი ხომ საერთოდ გამორიცხული იყო. მე უფრო „აცვენილი“ ბიჭი ვიყავი და ბევრ პრობლემებს ვუქმნიდი მშობლებს, სამაგიეროდ, გამორჩეულები იყვნენ ჩემი ძმები, თენგიზი და გიორგი. ისინი ძალიან კარგად სწავლობდნენ. მე და ჩემი მეგობრების გასართობი იყო კინო, სამჯერ-ოთხჯერ ვნახულობდით ერთსა და იმავე ფილმს. ძალიან გვიყვარდა ოპერაში სიარული. იქ თავიდან მხოლოდ იმიტომ დავდიოდით, რომ გავმთბარიყავით. ოპერა, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები თბებოდა, ჩვენ კი გვციოდა ყველგან, ქუჩაშიც, სახლშიც. „გალიორკას“ ბილეთი 20 კაპიკი ღირდა. ვყიდულობდით ბილეთს და შევდიოდით, მერე ოპერა ისე მოგვეწონა, ზუსტად ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა. ლუდის და ლიმონათის დასალევად რომ გამოვიდოდით, როგორც კი არია უნდა დაწყებულიყო, ოპერის დიდი მცოდნეებივით და მელომანებივით, დარბაზში შევრბოდით (იცინის). მამას მეგობრებიდან ყველაზე გულისხმიერი იყო აკაკი ხორავა. ერთხელ მკითხა: თეატრში რატომ არ დადიხარო? მე ვუთხარი, ისე ხშირად არ დავდივარ, როგორც გვინდა რომ ვიაროთ-მეთქი. ვიაროთ, რას ნიშნავსო, მკითხა. ათი ამხანაგი მყავს და იმათთან ერთად მინდა სიარული-მეთქი, ვუპასუხე. შენ ოღონდ თეატრში იარეო, მითხრა და ამის შემდეგ მისი დახმარებით ათ მეგობართან ერთად დავდიოდი სპექტაკლებზე... საერთოდ, დედას არ უნდოდა, რომ კინოსთვის დამეკავშირებინა ცხოვრება. თუმცა, მაინც მიმიყვანა დოდო ალექსიძესთან და უთხრა: მე ვერ ვატყობ, რომ ეს ნიჭიერია და აბა შენ ნახეო. დოდომ თავიდან მსმენელად ჩამრთო თავის სტუდენტებთან, მერე ეტიუდებსაც მაძლევდა. როცა დედაჩემი მივიდა დოდოსთან, მან უთხრა: რას ერჩი ამ ბიჭს, ძალიან ნიჭიერია, წავიდეს მოსკოვში და ისწავლოსო.

როცა „ვგიკში“ მივდიოდი ჩასაბარებლად, ერთმა ჩემმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც ფრიადოსანი იყო, შემიგროვა და თან გამატანა შპარგალკები. კარგი შპარგალკები იყო, ძალიან წვრილად დაწერილი. მე შპარგალკების გამოყენების დიდოსტატი ვიყავი, რუსულში ისე კარგად დავწერე თემა „გორკი და სოციალისტური რეალიზმი“, რომ მასწავლებელი რუს ბავშვებს საყვედურობდა: სირცხვილი თქვენ, რუსეთის ქალაქიდან ჩამოსულებმა სამიანები მიიღეთ და ქართველმა თბილისში ისე ისწავლა რუსული და ისეთი რთული თემა დაწერა, ყველას გაჯობათო. რა იცოდა, რომ ჩემი მეგობრების შპარგალკებით გავედი იოლას. თუმცა, მარტო შპარგალკები არ იყო, თვეობით ვიჯექი ბიბლიოთეკაში. დედაჩემის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა... ჩვენ დიდი ბინა გვქონდა, ამიტომაც ჩემი მეგობრები სულ ჩემთან იკრიბებოდნენ. ვთამაშობდით ხოლმე, როცა წამოვიზარდეთ, სუფრებს ვშლიდით და ვქეიფობდით. დედაჩემი, როგორც კახელი ქალი, აიღებდა ხოლმე ჭიქას, დალევდა ჩვენს სადღეგრძელოს, მერე ღვინოს სუფრაზე გადაასხამდა: თქვენ გააგრძელეთ ქეიფიო. ჩემი მეგობრები იყვნენ ჯანუკი ჩარკვიანი, სკულპტორი გულდა კალაძე, კარლო კალაძის შვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ადრე გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ კინემატოგრაფისტთა ოჯახში გავიზარდე, ჩემი მეგობრების ხათრით ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე.იქ მივხვდი, რომ მშენებლობა ჩემი საქმე არ იყო და მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, მამაჩემის გზა გამეგრძელებინა.

– ალბათ, კინოს წყალობითაც ბევრი ადამიანი შეემატა თქვენს სამეგობროს.

– რა თქმა უნდა, მოსკოვში სტუდენტობის დროს შევიძინე უახლოესი მეგობარი ალექსეი სახაროვი. მასთან ერთად გადავიღე პირველი ორი სურათი. სტუდენტობის დროს დავუმეგობრდი ანდრეი ტარკოვსკის. ჩვენი მშობლები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, მეგობრობდნენ, ამიტომაც მე და ანდრეისაც ახლო ურთიერთობა გვქონდა. იმ პერიოდში სტუდენტური ფილმის გადაღება დავიწყე, მონაწილეობა ანდრეისაც შევთავაზე. ამ როლში მან ხუთი მანეთი აიღო, რადგან მაშინ სტუდენტებს ასეთ ჰონორარებს აძლევდნენ. მეგობრული ურთიერთობა მქონდა მსახიობებთან: ფადეევასთან, მორდიუკოვასთან, რეჟისორებთან – კლიმოვთან, ხუციევთან. ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და დღემდე რჩება გია დანელია. დედამისი მერი ანჯაფარიძე იყო, ჩვენი, ქართველი ბიჭების მფარველი მოსკოვში. მივიდოდით მასთან სახლში, დაგვაპურებდა ხოლმე. გიასაც, ჩემსავით კინოში მოხვედრამდე, სხვა პროფესია ჰქონდა, არქიტექტორი იყო. ჩვენ, ახალგაზრდა სტუდენტები მთელ დროს ინსტიტუტში ვატარებდით. შაბათ-კვირას თუ გავიდოდით მოსკოვის ცენტრში, შევიდოდით რესტორან „არაგვში“. ხუთ-ხუთ პორცია ლობიოს მოვითხოვდით ხოლმე, რადგან ლობიო ყველაზე იაფი იყო. ლობიოს ბორჯომს ვაყოლებდით, თუ ცოტა მეტი ფული გვქონდა ერთ ბოთლ არაყსაც ვიღებდით, რომ თითოს თითო ჭიქა შეგვხვედროდა. საინტერესო ცხოვრება გვქონდა „ვგიკში“. ჩვენ სიამოვნებით ვესწრებოდით ყველა ლექციას. მერე იწყებოდა რეპეტიციები, ვმუშაობდით პავილიონებში, ვდგამდით სპექტაკლებს. მესამე კურსელი ვიყავი, როცა დავდგით „რიჩარდ მესამე“. ისეთი საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა, რომ კინოს სახლში დიდ საზოგადოებას აჩვენეს.

– ქალებთან მეგობრობდით? ვინ იყვნენ თქვენი მეგობრები ქართული კინოს ცნობილი სახეებიდან?

– მე ყველასთან ვმეგობრობდი, რა თქმა უნდა ქალებთანაც. გახსნილი ადამიანი ვიყავი, არ მქონდა ურთიერთობების პრობლემა. კინო ისე იცვლიდა სახეს, რომ რომანტიკული ეპოქა სხვა მიდგომებმა შეცვალა. ამიტომაც შეიცვალნენ სახეები კინოში. ჩვენ ყველა დიდ პატივს ვცემდით ლეილა აბაშიძეს, დოდო ჭიჭინაძეს, ლიანა ასათიანს. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, ეს არ იყო დიდი მეგობრობა.

– სოფიკოსთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– სანამ სოფიკო და გიორგი გაიყრებოდნენ, მე და სოფიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მერე, მე, უპირველესად, გიორგის ვუწევდი ანგარიშს, არ ვნახულობდი სოფიკოს. შინაგანად ძალიან ტრავმირებული ვიყავი. გიორგისთვის ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი. შემიძლია ვთქვა, რომ დედას მერე გიორგის არც ერთი ქალი ისე არ უყვარდა, როგორც სოფიკო. ის რაც მოხდა, მისთვის ცხოვრების ჩამონგრევის ტოლფასი იყო, მაგრამ ამქვეყნად თურმე ყველაფერი ხდება. რა ვქნა, მე არ მიყვარდა ის კაცი, სოფიკოს მეორე მეუღლე, მაგრამ სოფიკო სულ სხვა ადამიანი იყო... მე სოფიკოსთან მერეც აღვადგინე ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს ჩემი ძმისშვილების დედა, მათი შვილების ბებია იყო. ძალიან განვიცადე მისი სიკვდილი. იცით სიკვდილის წინ რას ამბობდა? რა ეშველებათ, ამ ჩემს შენგელაიებსო.

– ბატონო ელდარ, როგორ დაუმეგობრდით რობერტ რედფორდს, სად გაიცანით ის?

– 80-იან წლებში ჩაკეტილი საბჭოთა სივრცე ცოტა გაიხსნა. პირველად ჩვენთან ჩამოვიდა მარჩელო მასტროიანი. ცენტრალურმა კინოკავშირმა გამოგზავნა ის თბილისში. ყველა საპატიო სტუმარს საქართველოში უშვებდნენ. იცოდნენ, რომ კარგ მასპინძლობას გავუწევდით. რეზო თაბუკაშვილთან და მედეა ჯაფარიძესთან სახლში გავუმართეთ ნადიმი. ჩემთანაც იყო სახლში. შემდეგ წავიყვანეთ სერგო ფარაჯანოვთან. იქ ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ფარაჯანოვი მთაწმინდაზე, ისეთ ადგილზე ცხოვრობდა, სადაც დიდი მანქანა ბოლომდე ვერ ადიოდა. ჩვენ ჩამოვედით მანქანიდან და გზას ფეხით გავუყევით, ამ დროს ერთ-ერთი იტალიური ეზოდან გამოვიდა ქალი, რომელსაც ხელში ვედრო ეჭირა. მარჩელო რომ დაინახა, გაჩერდა, უცებ ვედრო ძირს დააგდო და ატეხა ყვირილი: მარჩელო ჩამოვიდაო, მარჩელო ჩამოვიდაო და ასე კივილ-კივილით შევარდა ეზოში. ჩვენ შევედით სერჟიკასთან, ის საოცარი ადამიანი იყო. ახლა მის ფილმებს კი აფასებენ, მაგრამ თვითონ იყო კაცი-თეატრი. როცა სერჟიკასგან გამოვედით, ქვემოთ უამრავი ხალხი დაგვხვდა ყვავილებით, ისინი მივიდნენ მარჩელოსთან. გაოცებული იყო მარჩელო: ასე თბილად ხალხი იტალიაში არ შემხვედრიაო, თქვა ცრემლმორეულმა. მერე სცენარიც კი გამომიგზავნა. ძალიან მინდოდა მასთან მუშაობა, მაგრამ სცენარი არ მომეწონა და მის გადაღებაზე უარი ვთქვი. მარჩელო მასტროიანის მერე თბილისში მოსკოვის ფესტივალიდან რობერტ დენირო ჩამოვიდა. დენირო შეხვდა ქართულ კინოსაზოგადოებას, მასტერკლასიც კი ჩაატარა თუმანიშვილის თეატრის მსახიობებთან. მე პარტერში ვიჯექი და მისი საუბრის ნახევარი არ მესმოდა. მერე წავედით სვანეთში, გვინდოდა, იქ აგვეყვანა დენირო, მაგრამ ქუთაისში ჩავრჩით – სვანეთში ფრენა არ იყო. სამაგიეროდ, დენირომ ნახა ბაგრატი, გელათი, იქაურობით ძალიან მოიხიბლა. მარჩელოსაც და დენიროსაც ქართული სუვენირები გავატანეთ.

– როგორც ვიცი, რედფორდს განსაკუთრებული მასპინძლობა გაუწიეთ.

– კი, ასე იყო. მან თავადაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. როცა ჩამოვიდა მითხრა: პატარა ნაწყვეტები მაინც მაჩვენეთ ქართული ფილმებიდან, რომ წარმოდგენა მქონდეს ქართულ კინოზეო. როცა ვაჩვენეთ ნაწყვეტები საუკეთესო ქართული ფილმებიდან, რედფორდმა თქვა: ეს სულ სხვა სამყაროა, ეს კინო მსოფლიოს უნდა აჩვენოთო. რედფორდი თბილისში თავისი პატარა რეაქტიული თვითმფრინავით ჩამოვიდა. მას თან ახლდნენ შვილები, რძალი. ისე დაემთხვა, რომ მისი ჩამოსვლის დღეს ფილარმონიაში ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის კონცერტი იყო. როცა მანქანაში ჩავსხედით რედფორდს ვუთხარი: დღეს ქართული ცეკვების კონცერტია, ხალხი გელოდებათ, ეს ისეთი სანახაობაა, უნდა ნახოთ, თუ არ მოგეწონებათ, მაშინვე წამოხვალთ უკან-მეთქი. კარგიო, დამეთანხმა, მე წამოვალ, მაგრამ ჩემი შვილები ისეთი დაღლილები არიან, სასტუმროში დავტოვოთო. ასე მოვიქეცით, ფილარმონიაში როცა შევედით, კონცერტი დაწყებული იყო, გასასვლელთან დავსხედით. ხალხმა რედფორდი ვერ დაინახა. უყურა რედფორდმა კონცერტს, უყურა და უცებ უთხრა თარჯიმანს: ძალიან გთხოვთ, გაგზავნეთ მანქანა და აქ ჩემი შვილებიც მოიყვანეთო. ცოტა ხანში მოიყვანეს მისი შვილებიც, როცა კონცერტი დამთავრდა, რედფორდმა მითხრა: იქნებ, ამიყვანო სცენაზე და ვინც ამ ცეკვებს დგამს, გამაცნოთო. ილიკო უკვე აღარ იყო ცოცხალი, ავიყვანეთ რედფორდი სცენაზე ნინო რამიშვილის გასაცნობად. მაშინ დაინახა ხალხმა რედფორდი, ატყდა ყვირილი, ტაში, აირია ყველაფერი. ნინო სცენაზე გამოვიდა მის შესახვედრად, რედფორდმა დაუწყო კოცნა ხელებზე, გადაეხვია. მერე ხალხს მიესალმა. რედფორდი ემოციებს ვერ მალავდა, ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდებაო, ამბობდა.

მეორე დღეს რედფორდი დილის შვიდ საათზე ალექსანდროვის ბაღში დარბოდა. ცხრა საათზე გავუარე სასტუმროში. ასე ვიყავით შეთანხმებულები. რედფორდმა მითხრა: ჩემი თავი შენთვის მომინდვია, სადაც გინდა იქ წამიყვანე, რაც გინდა ის მაჩვენე, მე მივხვდი, რომ ეს ქვეყანა რუსეთი არ არისო. წავიყვანე პურის სახლში. მაშინ იქ ბევრი თონე იდგა, პურს აცხობდნენ. რედფორდს თონე ისე მოეწონა, თვითონ მოინდომა პურის ჩაკვრა. გადაეყუდა თონეში, კინაღამ ჩავარდა შიგნით, ფეხებით მეჭირა. ამის მერე მცხეთაში წავიყვანე, ჯვრის მონასტერი ვაჩვენე. ბუნების მოყვარული ყოფილა. იქ ჩემთვის გაუგებარი მცენარეები და ყვავილები აღმოაჩინა, უი, ესეც ხარობს აქო? ამბობდა. სხვათა შორის, სანამ მცხეთაში წავიდოდით, „დეზერტირის ბაზარში“ გავიარეთ, მინდოდა, მისთვის ქართული ბაზარი მეჩვენებინა. რედფორდი სუნელების დახლს მიადგა, ყველაფერი უნდა ვიყიდოო, მითხრა. მართლაც ერთი პატარა ტომარა გაავსო. ფულის გადახდის დრო რომ დადგა, სუნელების გამყიდველმა მითხრა: ამ კაცს უთხარი, რომ სუნელს ვჩუქნი, მაგისგან ფულს არ ავიღებო. ეს რომ გაიგო, გადაირია რედფორდი. ამერიკაში ხომ არაა ეს მიღებული, ვინც არ უნდა იყო, რამეს რომ იყიდი, ფული უნდა გადაიხადო. გაგიჟდა რედფორდი სუნელების გამყიდველი ქალის საქციელზე, სულ „თენქ“, „თენქ“, – იძახა. ამერიკაში სუნელების შეტანა არ შეიძლებოდა, მაგრამ თავისი თვითმფრინავით იყო და შეიტანდა იმ სუნელს, აბა, რას იზამდა? მცხეთაში ხინკალიც ვაჭამეთ და ხაჭაპურიც. თანმხლები პირები ყველაფრის ჭამის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ თვითონ მაინც ყველაფერს ჭამდა. ფოტოს გადაღებაც არ შეიძლებოდა მისთვის, ჩუმად იღებდნენ ჩვენი ფოტოგრაფები. მერე უთხრა თანმხლებ პირებს: თავი დამანებეთო. ერთ დღესაც სუფრასთან ვისხედით, თემიკო ჩირგაძე იყო თამადა. თემიკომ თქვა: ნუთუ არ შეიძლება, რედფორდთან ერთად სურათი გადავიღოთო? კიო, თქვა და წამოხტა – ჯერ ქალებთან ერთად გადაიღო სურათი, მერე კაცებთან. ეს სურათები ყველას დაგვრჩა მოსაგონრად. სხვათა შორის, ჩვენი სტუმრებიდან რედფორდმა ყველაზე დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოს მიმართ. ხომ დიდი პატივი ვეცით მასტროიანსა და დენიროს, გადავყევით თან, მაგრამ რედფორდს მაინც სხვა განცდა დარჩა ქართველების მიმართ. როცა 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, რედფორდმა გამომიგზავნა წერილი, სადაც წერდა: ისეთი ხალხი, როგორც თქვენ ხართ, ამის ღირსი არ არისო. ამ თბილი დამოკიდებულების გამო, მე, ამ ადამიანის მიმართ დიდი სიყვარული დღემდე მაქვს. მერე ჩვენი ურთიერთობა შეწყდა. საქართველოში დაიწყო არეულობა, მე აღმოვჩნდი ჩართული ამ ყველაფერში.

– დღეს არ ნანობთ, რომ ყველასთვის საყვარელი რეჟისორი პოლიტიკაში ჩაერთეთ, რაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა დიდხანს არ გაპატიათ?

– ნამდვილად არ ვნანობ. 80-იან წლებს ვიგონებ როგორც განსაკუთრებულ წლებს. მე პოლიტიკაში ჩავერთე 9 აპრილის შემდეგ. ამით დაიწყო ჩემი კავშირი პოლიტიკასთან. 9 აპრილის გამომზეურებისთვის მე და კინემატოგრაფისტებმა ბევრი ვიშრომეთ. მერე ინტელიგენციამ განვიზრახეთ, შეგვექმნა „სახალხო ფრონტი“. მერე იყო ის რაც მოხდა. დღეს შემიძლია, გითხრათ, რომ პრობლემა პრეზიდენტების გვარ-სახელებში კი არაა, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ 20 წელია, ვერ გამოვეთხოვეთ რადიკალიზმს. ეს არის ჩვენი უბედურება...

– ახლა როგორ ცხოვრობთ?

– ახლა ჩემი ცხოვრება მშვიდად მიდის. გავხდი ეკლესიური კაცი. ადრეც დავდიოდი ხოლმე ეკლესიაში, სანთელს ვანთებდი დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, მაგრამ ეს სხვა რამ ყოფილა. ახლა ვარ სიონის მრევლში, მყავს შესანიშნავი მოძღვარი, მამა გიორგი ზვიადაძე. ის ობოლი იყო, ობოლ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მაგრამ ისე ფლობს ინგლისურს, ინგლისელები ეკითხებიან: ინგლისის რომელი კოლეჯი დაამთავრეთო? წირვის შემდეგ, ვუცდი ხოლმე მამა გიორგის ქადაგებას, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ გამეგრძელებინა ცხოვრება დიდი ტკივილის შემდეგ.


скачать dle 11.3